ბრძანება N 10720
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 10720
15.05.2023
შპს „-------------“ (ს/ნ -------------)
(მის: -----------------------)
2023 წლის 13 აპრილის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 5 მაისის სხდომაზე (ოქმი №49) განიხილა შპს „-----------------“ (ს/ნ ----------) №80378/1/2023 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2023 წლის 14 მარტის №EL202853 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს.
მომჩივნის არგუმენტაცია:
საჩივრის ავტორის განმარტებით, 2022 წლის 30 დეკემბერს პოლონეთიდან მიიღო 25 კგ. კვების არომატიზატორი (სეს ესნ 3302 10900) საქონლის მიწოდების DAP პირობით. ტვირთის ტრანსპორტირება განხორციელდა საფოსტო გზავნილით (-----------). ტვირთის თანმხლებ ინვოისში, რომელიც მომწოდებლის მიერ გამოიწერა პოლონურ ზლოტებში, ერთი კილოგრამის ღირებულება მითითებულია 435 პოლონური ზლოტი. ამასთან ჯამური 25 კილოგრამის ღირებულებაც, მომწოდებელის ტექნიკური ხასიათის შეცდომით, მითითებულია - 435 პოლონური ზლოტი, ნაცვლად 10 875 ზლოტისა.
აღნიშნული ტექნიკური შეცდომის გამო, ვინაიდან 435 პოლონური ზლოტი ნაკლებია 300 ლარზე, იმპორტის პროცედურების განხორციელებისას, არასწორად მოხდა საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „ო“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეღავათით სარგებლობა.
ხარვეზის აღმოჩენილი იქნა მას შემდეგ, რაც საქონელი მივიდა კომპანიის მისამართზე და გაიარა შესაბამისი სასაწყობე-სამეურნეო პროცედურები, მათ შორის საწყობის/წარმოების ნაშთის დოკუმენტურად აღწერა-დადასტურების პროცედურები. აღნიშნული ხარვეზის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტს. მიუხედავად იმისა, რომ კომპანია მოიქცა კეთილსინდისიერად, 2023 წლის 14 მარტს შედგა საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რითიც დაერიცხა ჯარიმა საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილით (7437,35 ლარი).
მომჩივნის განმარტებით, კომპანიის მიზანი არ იყო საბაჟო კონტოლის გვერდის ავლით საქონლის შემოტანა ან/და გადასახადების დამალვა.
აღნიშნულზე და საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილზე მითითებით, ითხოვს მოეხსნას დარიცხული ჯარიმა.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2022 წლის 29 დეკემბერს საფოსტო გადამზიდავის – შპს „-----------“ მიერ (ს/ნ ---------) განხორციელდა შპს „----------“ (ს/ნ ----------) კუთვნილი №----------- საფოსტო გზავნილის (საერთო წონა – 25 კგ, ღირებულებით 435 პოლონური ზლოტი) ზოგადი დეკლარირება, დეკლარირებას დაუქვემდებარებელი საფოსტო გზავნილების ნუსხა №1-ით.
2023 წლის 24 თებერვლის განცხადებით (რეგ. №35140/21-10, 01.03.2023) შპს „-------------“ (ს/ნ -----------) საბაჟო დეპარტამენტს აცნობა, რომ ზემოაღნიშნულ საფოსტო გზავნილში განთავსებული საქონლის (კვების არომატიზატორები, სასაქონლო კოდი – 2106) ღირებულება არასწორად ჰქონდა მითითებული (ნაცვლად 435 პოლონური ზლოტისა, უნდა მიეთითებინა 2 279.02 გირვანქა სტერლინგი), წარმოადგინა №---------- საქონლის ნასყიდობის დოკუმენტი (ინვოისი) და მის საფუძველზე მოითხოვა საქონლის დეკლარირება.
ვინაიდან შპს „------------“ კუთვნილ №---------- საფოსტო გზავნილში განთავსებულ საქონელზე არ იყო შესრულებული „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის შემოტანისა და ზოგადი დეკლარაციის წარდგენის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №3) მე-2 მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი ვალდებულებები და მისი მხრიდან ადგილი ჰქონდა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე არადეკლარირებული საქონლის შემოტანას, გაფორმების ეკონომიკურ ზონა „----------“ უფლებამოსილი პირის მიერ 2023 წლის 14 მარტს შედგენილ იქნა №---------- საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც შპს „-----------“ (ს/ნ ------------) დაეკისრა პასუხისმგებლობა საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა საქონლის საბაჟო ღირებულების 100 პროცენტის ოდენობით – 7 437.35 ლარი (საფოსტო გზავნილების ნუსხა №1-ის წარდგენის დღისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლით კურსზე გადაანგარიშებით). ასევე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის გათვალისწინებით, იმავე დღეს გამოცემულ იქნა საგადასახადო მოთხოვნა №---------- რომლითაც შპს „------------“ (ს/ნ -----------) დაერიცხა კუთვნილი იმპორტის გადასახდელი და საურავი – სულ 2 430.03 ლარის ოდენობით.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-5 მულის მე-2 ნაწილის მიხედვით, საბაჟო ორგანო ახორციელებს საბაჟო ზედამხედველობას, საბაჟო კონტროლს და საბაჟო ფორმალობებს.
საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-6 მუხლის მიხედვით:
საბაჟო კონტროლი არის საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის, აგრეთვე საქართველოს საბაჟო ტერიტორიასა და უცხო ქვეყანას შორის გადაადგილებული საქონლის შემოტანის, ტრანზიტის, გადაადგილების, შენახვის, მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებისა და გატანის, აგრეთვე უცხოური საქონლის და მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე განთავსებისა და გადაადგილების მარეგულირებელი სხვა სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა დაცვის უზრუნველსაყოფად საბაჟო ორგანოს მიერ განსახორციელებელი ცალკეული ქმედებები;
საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-13 მუხლის მიხედვით, პირის მიერ საბაჟო დეკლარაციის, დროებით შენახვის დეკლარაციის, საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციის, საქონლის გატანის ზოგადი დეკლარაციის, რეექსპორტის დეკლარაციის ან რეექსპორტის შეტყობინების წარდგენა, აგრეთვე ავტორიზაციის ან საბაჟო ორგანოს სხვა გადაწყვეტილების მისაღებად განაცხადის წარდგენა წარმოშობს აღნიშნული პირის ვალდებულებას:
ა) დეკლარაციაში, შეტყობინებაში ან განაცხადში ინფორმაცია ასახოს სწორად და სრულად;
ბ) უზრუნველყოს, რომ დეკლარაციისთვის, შეტყობინებისთვის ან განაცხადისთვის დართული დოკუმენტი იყოს ნამდვილი, სწორი და ძალაში მყოფი;
გ) შეასრულოს საქონლის საბაჟო პროცედურაში მოქცევასთან ან ნებადართული საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული მოთხოვნები.
ამავე კოდექსის 66-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია, რომ საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანამდე საბაჟო ორგანოს უნდა წარედგინოს საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაცია.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 213-ე მუხლის მე-9 ნაწილის მიხედვით, 2026 წლის 1 იანვრამდე ამ კოდექსის 66-ე მუხლით გათვალისწინებული საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციის წარდგენად მიიჩნევა საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანის შემთხვევაში საბაჟო გამშვებ პუნქტში დეკლარანტის ან მისი წარმომადგენლის მიერ საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტების საბაჟო ორგანოსთვის წარდგენა.
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის შემოტანისა და ზოგადი დეკლარაციის წარდგენის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №3) პირველი მუხლის პირველი პუნქტით დადგენილია, რომ საქონელი საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანის მომენტიდან ექვემდებარება საბაჟო ზედამხედველობას და, შესაბამისად, სავალდებულოა მისი წარდგენა..
ამავე ინსტრუქციის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ზოგადი დეკლარირება ნიშნავს საქონელზე იმ ზოგადი მონაცემების წარდგენას, რომლებიც აუცილებელია საბაჟო ზედამხედველობის, საბაჟო კონტროლისა და საბაჟო ფორმალობების განხორციელებისათვის.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.
ამავე კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით საქონლის (გარდა ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდისა) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა (გარდა ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა) საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად – იწვევს დაჯარიმებას საქონლის საბაჟო ღირებულების 100 პროცენტის ოდენობით ან საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევას.
დადგენილია, რომ 2022 წლის 29 დეკემბერს საფოსტო გადამზიდავის მიერ განხორციელდა მომჩივნის კუთვნილი საფოსტო გზავნილის (საერთო წონა – 25 კგ, ღირებულებით 435 პოლონური ზლოტი) ზოგადი დეკლარირება დეკლარირებას დაუქვემდებარებელი საფოსტო გზავნილების ნუსხა №1-ით.
დადგენილია ასევე, რომ 2023 წლის 24 თებერვლის განცხადებით მომცივანმა საბაჟო დეპარტამენტს აცნობა, რომ ზემოაღნიშნულ საფოსტო გზავნილში განთავსებული საქონლის (კვების არომატიზატორები, სასაქონლო კოდი – 2106) ღირებულება არასწორად ჰქონდა მითითებული (ნაცვლად 435 პოლონური ზლოტისა, უნდა მიეთითებინა 2 279.02 გირვანქა სტერლინგი), წარმოადგინა №---------- საქონლის ნასყიდობის დოკუმენტი (ინვოისი) და მის საფუძველზე მოითხოვა საქონლის დეკლარირება.
შესაბამისად, მომჩივნის მხრიდან ადგილი აქვს საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანას საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით, რაც არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, სადავო აქტით საქართველოს საბაჟო კოდექსის 168- ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ჯარიმის დაკისრება მართლზომიერია.
მომჩივნის მოთხოვნაზე, შემოსავლების სამსახურის მიერ საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილით მონიჭებული უფლებამოსილების გამოყენებასთან მიმართებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის მიხედვით, საბაჟო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, პირი გაათავისუფლოს ამ კოდექსით გათვალისწინებული საბაჟო სანქციისგან, თუ შესაბამისი საბაჟო სამართალდარღვევა ჩადენილია შეცდომით/არცოდნით.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილი პირის საბაჟო სანქციისაგან გათავისუფლებას ითვალისწინებს იმ პირობებში, როცა ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები იძლევა იმის საფუძველს, რომ მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩამდენი პირი ცდება, ან არ არის მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია. კანონმდებლის მიზანია, საბაჟო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ მომჩივანი ვერ უთითებს ისეთ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ პირი მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში და შესაბამისად, მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის გამოყენება. სადავო ადმინისტრაციული აქტი შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „------------“ (ს/ნ ------------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივნის განმარტებით, კომპანიის მიზანი არ იყო საბაჟო კონტოლის გვერდის ავლით საქონლის შემოტანა ან/და გადასახადების დამალვა. აღნიშნულზე და საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილზე მითითებით, ითხოვს მოეხსნას დარიცხული ჯარიმა.
ფაქტობრივი გარემოებები
მომჩივანის კუთვნილ საფოსტო გზავნილში განთავსებულ საქონელზე არ იყო შესრულებული „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის შემოტანისა და ზოგადი დეკლარაციის წარდგენის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №3) მე-2 მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი ვალდებულებები და მისი მხრიდან ადგილი ჰქონდა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე არადეკლარირებული საქონლის შემოტანას.რომლითაც დაეკისრა პასუხისმგებლობა საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა საქონლის საბაჟო ღირებულების 100 პროცენტის ოდენობით.ასევე,მომჩივანს დაერიცხა კუთვნილი იმპორტის გადასახდელი და საურავი.
გადაწყვეტილება
საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სადავო ადმინისტრაციული აქტი შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
5(2);13(1);213(9);2(4);163(1;11)168(1);
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის შემოტანისა და ზოგადი დეკლარაციის წარდგენის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №3) პირველი მუხლის პირველი პუნქტს.