გადაწყვეტილება №21394/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№21394/2/2023
22 იანვარი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: --- (ს/ნ ---)
მოპასუხე: მომსახურების დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 1.12.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ფ/პ ---ის 22.11.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (№21394/2/2023).
დავის საგანი:
ქონების გადასახადის დარიცხვის მართლზომიერება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. მომსახურების დეპარტამენტის 10.11.2016 წლის №011-21980 საგადასახადო მოთხოვნა;
2. მომსახურების დეპარტამენტის 3.11.2017 წლის №011-3515 საგადასახადო მოთხოვნა;
3. მომსახურების დეპარტამენტის 6.11.2018 წლის №011-4988 საგადასახადო მოთხოვნა;
4. მომსახურების დეპარტამენტის 8.11.2019 წლის №011-37688 საგადასახადო მოთხოვნა;
5. შემოსავლების სამსახურის 3.11.2023 წლის №27160 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 888 ლარი.
მათ შორის:
2016 წლის ქონების გადასახადი - 222 ლარი
2017 წლის ქონების გადასახადი - 222 ლარი
2018 წლის ქონების გადასახადი - 222 ლარი
2019 წლის ქონების გადასახადი - 222 ლარი
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
მომჩივანს გადასახადის გადამხდელის პირადი აღიცხვის ბარათზე დაერიცხა 2011-2015 წლების ქონების გადასახადი, მის მიერვე ელექტრონულად წარდგენილი ფ/პ ქონების გადასახადის დეკლარაციების შესაბამისად. 2016-2022 წლების პერიოდზე გადასახადის დარიცხვა განხორციელდა პროგრამულად საგადასახადო კოდექსის 205-ე მუხლის მე-13 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე 2015 წლის დეკლარაციის მონაცემების მიხედვით, რაზეც გამოცემულია მომსახურების დეპარტამენტის 10.11.2016 წლის №011-21980 3.11.2017 წლის №011-3515, 6.11.2018 წლის №011-4988, 8.11.2019 წლის №011- 37688 საგადასახადო მოთხოვნები.
აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნები 17.10.2023 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 3.11.2023 წლის №27160 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შესაბამისი სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით და საქმეზე არსებული მასალების შესწავლის შედეგად, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომსახურების დეპარტამენტის მიერ საგადასახადო მოთხოვნები გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანი მიუთითებს, რომ თანხები, რომელიც შემოსავლების სამსახურის ბრძანებაშია ასახული, თავისი ოჯახის შემოსავლებთან მიმართებით, არასწორია და გადამეტებულადაა გაზრდილი. სადავო პერიოდის განმავლობაში, ოჯახში ყველა, გარდა მომჩივნის მამის, ---ისა, იყო უმუშევარი. --- დასაქმებულია ---ს სამინისტროში. მომჩივანი წარმოადგენს 2016 წლიდან დარიცხული ხელფასის ოდენობას წლების მიხედით, რომელიც წარმოადგენდა შემოსავალს ამ პერიოდის განმავლობაში:
1. 2016 წელი - 47 700 ლარი;
2. 2017 წელი - 30 450 ლარი;
3. 2018 წელი - 32 500 ლარი;
4. 2019 წელი - 35 995 ლარი;
5. 2020 წელი - 33 600 ლარი;
6. 2021 წელი - 36 176 ლარი;
7. 2022 წელი - 39 639 ლარი.
მომჩივანი მიუთითებს, რომ ამ თანხების გადამოწმება პრობლემას არ უნდა წარმოადგენდეს, სხვა შემოსავალი ოჯახს არ გააჩნია. ითხოვს, განხილულ იქნას აღნიშნული საკითხი და მიღებულ იქნას სამართლებრივად სწორი გადაწყვეტილება ქონების გადასახადის შემცირების თაობაზე.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, ქონების გადასახადის გადამხდელია ფიზიკური პირი: გ.ა) მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე (მათ შორის, დაუმთავრებელ მშენებლობაზე, შენობა-ნაგებობაზე ან მათ ნაწილზე), იახტებზე (კატარღებზე), შვეულმფრენებზე, თვითმფრინავებსა და საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 8703 კოდით განსაზღვრულ მსუბუქ ავტომობილებზე; გ.ბ) არარეზიდენტისაგან ლიზინგით მიღებულ ქონებაზე; გ.გ) ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში, მის ბალანსზე ძირითად საშუალებად აღრიცხულ აქტივებზე, დაუმონტაჟებელ მოწყობილობებზე, აგრეთვე მის მიერ ლიზინგით გაცემულ ქონებაზე. საგადასახადო კოდექსის 205-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ქონების გადასახადის საგადასახადო პერიოდად ითვლება კალენდარული წელი. ამავე მუხლის მე-12 ნაწილის თანახმად, ფიზიკური პირი ქონების გადასახადის დეკლარაციას საგადასახადო ორგანოს წარუდგენს არა უგვიანეს კალენდარული წლის 1 ნოემბრისა. დეკლარაციაში მონაცემები დასაბეგრი ქონების შესახებ შეიტანება გასული საგადასახადო წლის მიხედვით, ხოლო დასაბეგრი მიწის შესახებ – მიმდინარე საგადასახადო წლის მიხედვით.
საგადასახადო კოდექსის 205-ე მუხლის მე-13 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ფიზიკურ პირს უფლება აქვს, არ წარადგინოს ქონების გადასახადის დეკლარაცია, თუ: საანგარიშო წლის წინა პერიოდის 3 მიხედვით ქონების გადასახადის დეკლარაცია წარდგენილია ან დარიცხულია ქონების გადასახადი საგადასახადო ორგანოს მიერ. წინა საანგარიშო წლის მონაცემების მიხედვით საგადასახადო ორგანო გადასახადის გადამხდელს პროგრამულად არიცხავს ქონების გადასახადს. ამ შემთხვევაში ითვლება, რომ გადასახადის გადამხდელმა განახორციელა საგადასახადო ანგარიშგება, ხოლო საგადასახადო ორგანომ მას წარუდგინა საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვითაც, საგადასახადო ვალდებულება შესაბამისი პერიოდის მიხედვით ბოლო დეკლარირებულის (დარიცხულის) ტოლია. ამასთანავე, თუ დეკლარირება შემდგომ განხორციელდება აღნიშნული პერიოდების მიხედვით, იგი ჩაითვლება შესწორებულ დეკლარაციად.
საგადასახადო კოდექსის 206-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, შესაბამისი დაბეგვრის ობიექტის მიხედვით ქონების გადასახადისაგან გათავისუფლებულია ფიზიკური პირის დასაბეგრი ქონება (გარდა მიწისა), თუ ამ პირის ოჯახის მიერ მიმდინარე კალენდარული წლის წინა წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლები არ აღემატება 40 000 ლარს.
დადგენილია, რომ მომჩივანს 2016-2022 წლების პერიოდზე ქონების გადასახადი დაერიცხა პროგრამულად საგადასახადო კოდექსის 205-ე მუხლის მე-13 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, 2015 წლის დეკლარაციის მონაცემების მიხედვით, მომჩივანს უკანონოდ მიაჩნია მის აღნიშნული დარიცხვა და განმარტავს, რომ 2016 წლიდან მოყოლებული, მისი შემოსავალი არ აღემატება 40 000 ლარს.
სადავო საკითხზე წარმოდგენილია მომსახურების დეპარტამენტის 28.11.2023 წლის №120616-21-11 სამსახურებრივი ბარათი, საიდანაც ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების მიხედვით ფ/პ ---ის (ს/ნ ---) პირად ბარათზე დარიცხულია 2011-2015 წლების ქონების გადასახადები პირის მიერ ელექტრონულად წარმოდგენილი ფ/პ ქონების გადასახადების დეკლარაციების საფუძველზე.
2016-2022 წლების გადასახადების დარიცხვები განხორციელდა პროგრამულად საგადასახადო კოდექსის 205-ე მუხლის მე-13 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად 2015 წლის დეკლარაციის მონაცემების მიხედვით, რადგანაც გადამხდელის მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი გადაწყვეტილება დეკლარაციის არ წარდგენის თაობაზე, 2020-2022 წლების გადასახადები შემცირებულია პირის მიერ წარდგენილი შესწორებული დეკლარაციებით.
პირის მიერ წარმდგენილი 2015 წლის ქონების გადასახადის საოჯახო ტიპის დეკლარაციის მიხედვით ფ/პ ---ის (ს/ნ ---) ოჯახის წევრები არიან: --- - (პ/ნ ---), ---- (პ/ნ ---), --- - (პ/ნ ---) და --- - (პ/ნ ---).
მათი ოჯახის 2014 წლის შემოსავალის ოდენობა შეადგენს 40000 ლარიდან - 100000 ლარამდე და ქონების გადასახადის 0,2 % განაკვეთით დაბეგრილია 111000 ლარის ღირებულების სამი ერთეული უძრავი ქონება, გადასახადი შეადგენს 222 ლარს, გადამხდელი შემოსავლების სამსახურის ვებ-გვერდზე მომხმარებლად ავტორიზებულია 20.04.2011 წლიდან.
ზემოთ აღნიშნულ დარიცხულ ქონების გადასახადებზე გამოცემული საგადასახადო მოთხოვნებიდან: 2015 წლის მოთხოვნას გადამხდელი თავის ელექტრონულ გვერდზე გაეცნო 29.10.2015 წელს, ხოლო 2016-2022 წლების მოთხოვნებს - 17.10.2023 წელს.
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების მიხედვით ფ/პ ----ს (ს/ნ ---) და მისი ოჯახის წევრების 2014 წლის შემოსავალი შეადგენს - 82 754 ლარს, 2015 წლის შემოსავალი შეადგენს 102 166 ლარს, 2016 წლის შემოსავალი - 68 022 ლარს, 2017 წლის შემოსავალი - 47 255 ლარს, 2018 წლის შემოსავალი - 43 358 ლარს, 2019 წლის შემოსავალი - 44 000 ლარს, 2020 წლის შემოსავალი - 37 257 ლარს, 2021 წლის შემოსავალი - 53 364 ლარს, 2022 წლის შემოსავალი - 78 684 ლარს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან ფ/პ --- (ს/ნ ---) და მისი ოჯახი ქონების გადასახადის გადამხდელს წარმოადგენს 2016-2020 და 2022-2023 წლების პერიოდში და ქონების გადასახადის გადამხდელს არ წარმოადგენს მხოლოდ 2021 წლის პერიოდში, საბჭოს მიაჩნია, რომ მისი მოთხოვნა 2016-2019 წლების დარიცხული ქონების გადასახადების შემცირების თაობაზე უსაფუძვლოა.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
ქონების გადასახადის დარიცხვის მართლზომიერება.
ფაქტობრივი გარემოებები
მომჩივანს გადასახადის გადამხდელის პირადი აღიცხვის ბარათზე დაერიცხა 2011-2015 წლების ქონების გადასახადი, მის მიერვე ელექტრონულად წარდგენილი ფ/პ ქონების გადასახადის დეკლარაციების შესაბამისად. 2016-2022 წლების პერიოდზე გადასახადის დარიცხვა განხორციელდა პროგრამულად საგადასახადო კოდექსის 205-ე მუხლის მე-13 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე 2015 წლის დეკლარაციის მონაცემების მიხედვით, რაზეც გამოცემულია მომსახურების დეპარტამენტის 10.11.2016 წლის №011-21980 3.11.2017 წლის №011-3515, 6.11.2018 წლის №011-4988, 8.11.2019 წლის №011- 37688 საგადასახადო მოთხოვნები.
აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნები 17.10.2023 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 3.11.2023 წლის №27160 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საჩივარი არ დაკმაყოფილდა
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 201; 205; 206.