სსიპ-ის მიერ უსასყიდლოდ გაწეული მომსახურების მოგების გადასახადით დაბეგვრა N 2528
📄 სრული ტექსტი
სიტუაციური სახელმძღვანელო
სსიპ-ის მიერ უსასყიდლოდ გაწეული მომსახურების მოგების გადასახადით დაბეგვრა N 2528
ფაქტობრივი გარემოებები
· საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა, რომელიც უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებს მხოლოდ ფასიან მომსახურებებს, თავისი წესდებით (დებულებით) გათვალისწინებული საქმიანობის ფარგლებში/პირობებში უსასყიდლო მომსახურება გაუწია პირებს.
· სსიპ-მა პირებს გაუწია უსასყიდლო მომსახურება, რომლის გაწევის პირობები (მათ შორის, საფასურის გარეშე) განსაზღვრული იყო სამართლებრივი აქტით (კანონით, საქართველოს მთავრობის /ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს სამართლებრივი აქტით). სსიპ-მა უსასყიდლოდ გაწეული მომსახურების ღირებულება არ ასახა ერთობლივ შემოსავალში და არ დაბეგრა მოგების გადასახადით.
შეფასება
· სსკ-ის მე-9 მუხლის თანახმად, ეკონომიკურ საქმიანობად ითვლება ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც ხორციელდება მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მისაღებად, მიუხედავად ასეთი საქმიანობის შედეგებისა, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ეკონომიკურ საქმიანობას არ მიეკუთვნება, სახელმწიფო ხელისუფლების, ეროვნული მარეგულირებელი და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობა, რომელიც უშუალოდ არის დაკავშირებული მათთვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული ფუნქციების შესრულებასთან, გარდა ხელშეკრულების საფუძველზე ფასიანი მომსახურების გაწევისა; უსასყიდლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა ეკონომიკურ საქმიანობად ითვლება, თუ იგი განახორციელა საწარმომ. სსკ-ის 30-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საჯარო სამართლის იურიდიული პირები ითვლებიან ორგანიზაციებად. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ ორგანიზაცია ახორციელებს ეკონომიკურ საქმიანობას, მისი ქონებისა და საქმიანობის ნაწილი, რომელიც უშუალოდ დაკავშირებულია მის ეკონომიკურ საქმიანობასთან, ითვლება საწარმოს ქონებად და საქმიანობად, ხოლო იმ ნაწილში, სადაც ამის გამიჯვნა შეუძლებელია, ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული ქონებისა და საქმიანობის გამოანგარიშების მიზნით გამოიყენება ორგანიზაციის მიერ მიღებულ შემოსავალში ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლის ხვედრითი წილი. სსკ-ის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოგების გადასახადის გადამხდელია: რეზიდენტი საწარმო; არარეზიდენტი საწარმო რომელიც საქართველოში საქმიანობას ახორციელებს მუდმივი დაწესებულების მეშვეობით ან/და შემოსავალს იღებს საქართველოში არსებული წყაროდან. სსკ-ის მე-100 მუხლის შესაბამისად, რეზიდენტის ერთობლივი შემოსავალი შედგება საქართველოში არსებულიწყაროდან და საქართველოს ფარგლებს გარეთ მიღებული შემოსავლებიდან. ამავე მუხლის თანახმად ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავალი რომელიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან. სსკ-ის 102-ე მუხლის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავალი. საქონლის უსასყიდლოდ მიწოდებისას ერთობლივ შემოსავალში ასახვას ექვემდებარება ამ საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასი.
· ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე, სსიპ წარმოადგენს ორგანიზაციას. შესაბამისად, სსიპ-ის მიერ მისთვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით, უსასყიდლოდ გაწეული მომსახურება, არ განხორციელებულა შემოსავლის ან კომპენსაციის მისაღებად, არამედ იგი გაწეულ იქნა სსიპ-ისთვის კანონმდებლობით მინიჭებული ფუნქციების განსახორციელებლად. აღნიშნულიდან გამომდინარე, სსიპ, უსასყიდლოდ გაწეული მომსახურების ნაწილში, არ განიხილება საწარმოდ და მის მიერ უსასყიდლოდ გაწეული მომსახურება არ განიხილება მოგების გადასახადით დასაბეგრ ოპერაციად.
ღონისძიებები
· პირის ქმედებაში საგადასახადო სამართალდარღვევა არ იკვეთება.
სსიპ თავისი უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებს მხოლოდ ფასიან მომსახურებებს
მომსახურების მიმღებ პირთა წინასწარ იდენტიფიცირება შეუძლებელია
დღგ-ით დაბეგვრის მიზნებისათვის იხილეთ №1199 სიტუაციური სახელმძღვანელო