ბრძანება N 14387
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 14387
22.06.2023
შპს ----------- (ს/ნ ----------)
(მის: ----------)
2022 წლის 28 აპრილის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 12 აპრილის (ოქმი №39), 26 აპრილის (ოქმი №44) და 2 ივნისის სხდომებზე (ოქმი №60) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 24 თებერვლის №18269/2/2022 გადაწყვეტილებით ანალიტიკური დეპარტამენტის 2020 წლის 10 ივლისის №005-2421 ბრძანების ნაწილში ხელახლა განსახილველად დაბრუნებული შპს ----------- (ს/ნ -----------) №73615/21 საჩივარი.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადამხდელი საჩივარში განმარტავს, რომ 2001 წელს დაარსებული იქნა შპს ----------- წლების განმავლობაში ეწეოდა ბითუმის იმპორტს და რეალიზაციას, თუმცა დაახლოებით 2013-2014 წლიდან ფაქტობრივად აღარ ფუნქციონირებს, აღარ ეწევა სამეწარმეო საქმიანობას. წლების განმავლობაში კომპანიის დირექტორების მიერ ხდებოდა კომპანიისათვის ზიანის მიყენება, რის გამოც ----------- იძულებული გახდა გამხდარიყო დირექტორი, თუმცა ამ დროისათვის კომპანიას წარმოშობილი ჰქონდა არაერთი ვალდებულება მესამე პირების მიმართ, მათ შორის სახელმწიფოს მიმართაც.
ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მთელი ამ წლების განმავლობაში არ მომხდარა კომპანიისათვის არცერთი შეტყობინების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაგზავნა, ხოლო ----------- არ ქონდა წვდომა კომპანიის პირად გვერდზე, რათა მისთვის ცნობილი გამხდარიყო ჰქონდა თუ არა კომპანიას სახელმწიფოს მიმართ რაიმე დავალიანება. მას შემდეგ რაც მან შეძლო კომპანიის პირადი გვერდის გახსნა და მიიღო მასზე წვდომა, მისთვის ცნობილი გახდა, რომ კომპანიას ერიცხება საკმაოდ სოლიდური დავალიანება, რის გამოც დადებულია ყადაღა, როგორც კომპანიის ქონებაზე, ასევე მის საბანკო ანგარიშებზე. იმის გათვალისწინებით, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ მომხდარა მხარისათვის არცერთი შეტყობინების ჩაბარება, მათ შორის ჩაბარებას ადგილი არ ჰქონია არც პუბლიკაციის ფორმით, ამ ოდენობის საურავის დაკისრება არის უკანონო და გაკოტრებამდე მიიყვანს მხარეს. ყოფილი დირექტორის მიერ ხელოვნურად მოხდა კომპანიის ფაქტობრივად გაკოტრება, რის გამოც დღეის მდგომარეობით კომპანიას არ აქვს სახსრები, რომ აღნიშნული თანხა გადაიხადოს, ხოლო ადმინისტრაციულ ორგანოს არ განუხორციელებია არცერთი ქმედითი ღონისძიება, რათა კომპანიას ჯერ კიდევ 2013-2014 წლებში გადაეხადა მისთვის დარიცხული თანხა და ამ თანხის საურავით გაზრდა არ მომხდარიყო მთელი 8-9 წლის განმავლობაში. საჩივარში მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 44-ე და 264-ე მუხლებზე და ითხოვს გასაჩივრებული ბრძანების გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების თანახმად, შპს ---------- (ს/ნ ----------) 2013 წლის 7 ივნისის მდგომარეობით ერიცხებოდა აღიარებული საგადასახადო დავალიანება: გადასახადი 115306.08 ლარი, საურავი 115970.20 ლარი, ზედმეტობა 440.77 ლარი. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლის საფუძველზე შემოსავლების სამსახურის მიერ შპს --------- (ს/ნ ---------) მიმართ გამოცემულ იქნა „ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ“ №005-450 ბრძანება.
ვინაიდან შპს ----------- (ს/ნ ----------) 2020 წლის 10 ივლისის მდგომარეობით ერიცხებოდა დამატებით დარიცხული თანხები, რომელიც არ არის აღიარებული, 1149664.98 ლარის ოდენობით, შესაბამისად, გამოიცა 2020 წლის 10 ივლისის №005-2421 ბრძანება შპს ---------- (ს/ნ ----------) „ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ“ 2013 წლის 7 ივნისის №005-450 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ და ბრძანების პრეამბულა ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: „საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების მიზნით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 254-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით დამტკიცებული „მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალწარმოების წესის“ შესაბამისად“. ზემოაღნიშნული, 2020 წლის 10 ივლისის №005-2421 ბრძანება გადასახადის გადამხდელმა შემოსავლების სამსახურში გაასაჩივრა 2022 წლის 28 აპრილის №73615/21 საჩივრით. გადასახადის გადამხდელს შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 12 აგვისტოს №21524 ბრძანებით აღნიშნულ ნაწილში უარი ეთქვა საჩივრის დაკმაყოფილებაზე. აღნიშნული ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 24 თებერვლის №18269/2/2022 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. საბჭომ მიუთითა, რომ განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა. შესაბამისად, საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები. ნაწილობრივ გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 12 აგვისტოს №21524 ბრძანება და საჩივარი 2020 წლის 10 ივლისის №005-2421 ბრძანების ნაწილში ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.
ამასთან, ვინაიდან შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით შპს ---------- (ს/ნ -----------) 2022 წლის 18 მაისის მდგომარეობით ერიცხებოდა აღიარებული საგადასახადო დავალიანება (გადასახადი 173169.69 ლარი, ჯარიმა 201236.14 ლარი, საურავი 538195.13 ლარი), გამოიცა 2022 წლის 18 მაისის №005-1 ბრძანება შპს --------- (ს/ნ ----------) „ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ“ 2013 წლის 7 ივნისის №005-450 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ და ბრძანების პრეამბულა ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: „საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების მიზნით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლის საფუძველზე, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N994 ბრძანებით დამტკიცებული „მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალწარმოების წესის“ შესაბამისად“.
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების თანახმად, 2023 წლის 2 ივნისის მდგომარეობით შპს ----------- (ს/ნ ---------) ერიცხება აღიარებული საგადასახადო დავალიანება: გადასახადი 173169.69 ლარი, ჯარიმა 201236.14 ლარი, საურავი 538195.13 ლარი.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა აღნიშნული საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, აღიარებულია საგადასახადო დავალიანება თუ:
ა) დარიცხვის საფუძველია საგადასახადო დეკლარაცია/საბაჟო დეკლარაცია;
ბ) პირს გაშვებული აქვს საგადასახადო ორგანოს მიერ მისთვის წარდგენილი საგადასახადო მოთხოვნის ან/და დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრების ამ კოდექსით დადგენილი ვადა:
გ) მისი შემცირების მიზნით შემოსავლების სამსახურსა და გადასახადის გადამხდელს შორის გაფორმდა საგადასახადო შეთანხმება;
დ) დარიცხვის მართლზომიერების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში;
ე) პირი წერილობითი/ელექტრონული განცხადებით უარს აცხადებს საგადასახადო დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრებაზე.
ვ) პირს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით საგადასახადო ორგანოში წარდგენილი აქვს წერილობითი განცხადება საგადასახადო მოთხოვნის გასაჩივრებაზე უარის თქმის შესახებ. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად ყადაღა დაადოს გადამხდელის ქონებას. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე დაადოს ყადაღა პირის საკუთრებაში არსებულ ან/და მის ბალანსზე რიცხულ (გარდა ლიზინგით მიღებული ქონებისა) ნებისმიერ ქონებას, აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის მოცულობის ფარგლებში.
ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ- სამართლებრივ აქტს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 254-ე მუხლის შესაბამისად:
1. ამ მუხლის მიზნებისათვის სადავო საგადასახადო დავალიანება არის პირის მიმართ დარიცხული გადასახადის ან/და სანქციის (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხა, რომელიც აღიარებული არ არის და ამ კოდექსით დადგენილი წესით არის გასაჩივრებული.
2. სადავო საგადასახადო დავალიანების გადახდის ვალდებულება შეჩერებულად ითვლება საგადასახადო დავის დაწყების დღიდან მის დასრულებამდე.
3. სადავო საგადასახადო დავალიანების უზრუნველსაყოფად საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, ყადაღა დაადოს: ა) პირის ქონებას; ბ) პირის საბანკო ანგარიშებს სადავო საგადასახადო დავალიანების ფარგლებში, ამ კოდექსის 241-ე მუხლის მე-7 და მე-8 ნაწილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში და იმავე ნაწილებით დადგენილი წესით.
საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ ანალიტიკური დეპარტამენტის 2020 წლის 10 ივლისის №005-2421 ბრძანებით შპს --------- (ს/ნ --------) ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ 2013 წლის 7 ივნისის №005-450 ბრძანებაში განხორციელდა ცვლილება და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლის საფუძველზე გავრცელებული ყადაღა გადაკვალიფიცირდა ამავე კოდექსის 254-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლით.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებიდან და ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო დავის პერიოდში, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის გავრცელება (საქართველოს საგადასახადო კოდექსის 254-ე მუხლის თანახმად) შესაბამისობაშია საგადასახადო კანონმდებლობასთან. ამდენად, გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა დაუსაბუთებელია და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს ---------- (ს/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანი ითხოვს გასაჩივრებული ბრძანების გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები
2020 წლის 10 ივლისის №005-2421 ბრძანება გადასახადის გადამხდელმა შემოსავლების სამსახურში გაასაჩივრა 2022 წლის 28 აპრილის №73615/21 საჩივრით. გადასახადის გადამხდელს შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 12 აგვისტოს №21524 ბრძანებით აღნიშნულ ნაწილში უარი ეთქვა საჩივრის დაკმაყოფილებაზე. აღნიშნული ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 24 თებერვლის №18269/2/2022 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.საჩივარი 2020 წლის 10 ივლისის №005-2421 ბრძანების ნაწილში ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.
გადაწყვეტილება
გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა დაუსაბუთებელია და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
8(5);238(1გ);241(1);254;241(7,8);