ფარმაცევტულ საქმიანობაში გამოყენებული ქონების დაბეგვრა ქონების გადასახადით N1428
📄 სრული ტექსტი
სიტუაციური სახელმძღვანელო
ფარმაცევტულ საქმიანობაში გამოყენებული ქონების დაბეგვრა ქონების გადასახადით N1428
ფაქტობრივი გარემოებები
· ფარმაცევტული საწარმოს სტატუსის მქონე პირის საქმიანობას წარმოადგენს ფარმაცევტული პროდუქციის წარმოება და მიწოდება.
· აღნიშნული პირი თვლის, რომ მისი საქმიანობა მიეკუთვნება სამედიცინო საქმინობას და აქედან გამომდინარე, სარგებლობს საგადასახადო შეღავათით ქონების გადასახადში. შესაბამისად, ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციის წარდგენისას მან ისარგებლა სსკ-ის 206-ე მუხლის პირველი ნაწილის "წ" და "ჭ" ქვეპუნქტებით.
შეფასება
· სსკ-ის 206-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, შესაბამისი დაბეგვრის ობიექტის მიხედვით ქონების გადასახადისაგან გათავისუფლებულია: წ) სამედიცინო საქმიანობისათვის გამოყენებული ქონება, გარდა მიწისა, რომელიც სამედიცინო დაწესებულებათა საკუთრებაშია ან ასეთ დაწესებულებებზე ლიზინგით არის გაცემული; ჭ) სამედიცინო საქმიანობისათვის გამოყენებული, სამედიცინო დაწესებულებებზე დამაგრებული მიწის ნაკვეთები; „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის ჩ1 ქვეპუნქტის მიხედვით, ცნება სამედიცინო საქმიანობა (სამედიცინო მომსახურება) არის საქმიანობა, რომელიც დაკავშირებულია დაავადებათა პროფილაქტიკასთან, დიაგნოსტიკასთან, მკურნალობასთან, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შენარჩუნებასთან, გაუმჯობესებასთან და აღდგენასთან (ფსიქიკურ, სოციალურ, სამედიცინო და ფიზიკურ რეაბილიტაციასთან), პალიატიურ მზრუნველობასთან, პაციენტის სამედიცინო მოვლასთან, პროთეზირებასთან, პაციენტის სამედიცინო ტრანსპორტირებასთან, პაციენტის სამედიცინო განათლებასთან, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზასთან, სასამართლო-ფსიქიატრიულ ექსპერტიზასთან, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ღონისძიებებთან და სამედიცინო დაწესებულებებში გაწეულ, სამედიცინო საქმიანობასთან დაკავშირებულ თანმხლებ მომსახურებასთან და ხორციელდება დადგენილი წესით. ამავე კანონის 64-ე მუხლით, ფარმაცევტული საქმიანობა არის მოსახლეობის ხარისხიანი, უსაფრთხო და ეფექტიანი ფარმაცევტული პროდუქციით უზრუნველყოფა, ფარმაცევტული პროდუქტის წარმოება, იმპორტი, დისტრიბუცია, რეალიზაცია.
· ვინაიდან აღნიშნული ნორმების თანახმად, ქონების გადასახადისგან გათავისუფლებულია სამედიცინო საქმიანობისათვის გამოყენებული სამედიცინო დაწესებულების ქონება ან მათზე დამაგრებული მიწის ნაკვეთები, ხოლო აღნიშნული პირი ახორციელებს მხოლოდ ფარმაცევტულ საქმიანობას, რომელიც "ჯანმრთელობის დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად არ წარმოადგენს სამედიცინო საქმიანობას, ფარმაცევტული საწარმო ვერ ისარგებლებს ქონების გადასახადში აღნიშნული შეღავათით.
ღონისძიებები
· პირს დაერიცხება ქონების გადასახადი და დეკლარაციაში თანხის შემცირებისთვის დაჯარიმდება სსკ-ის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმით.
სიტუაციური სახელმძღვანელო დამტკიცებულია 2021 წლის 15 დეკემბერისათვის მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის მიხედვით.