მოგების გადასახადისაგან გათავისუფლებული საქმიანობის ნაწილში დივიდენდის სახით ზედმეტად გაცემული თანხა N 2660
📄 სრული ტექსტი
სიტუაციური სახელმძღვანელო
მოგების გადასახადისაგან გათავისუფლებული საქმიანობის ნაწილში დივიდენდის სახით ზედმეტად გაცემული თანხა N 2660
ფაქტობრივი გარემოებები
· საწარმომ, რომელიც ეწევა შერეული ტიპის საქმიანობას 2020 წლის ივნისში ფიზიკურ პირებზე გაანაწილა შუალედური დივიდენდი, კერძოდ: აზარტული კლუბის საქმიანობიდან - 500 000 ლარი, სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის მოწყობის საქმიანობიდან - 700 000 ლარი სამშენებლო საქმიანობიდან - 2 000 000 ლარი.
· საწარმოს 2020 წლის ფინანსური მოგება ასე განაწილდა: მოგების გადასახადისაგან გათავისუფლებული (აზარტული კლუბი) - 400 000 ლარი; სპეციალური რეჟიმით (7 %-იანი) დასაბეგრი (სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის მოწყობა) - 1 500 000 ლარი; ჩვეულებრივი წესით დასაბეგრი (სამშენებლო საქმიანობა) - 3 500 000 ლარი. აღმოჩნდა, რომ მოგების გადასახადისგან გათავისუფლებული საქმიანობის ნაწილში გაცემულია 100 000 ლარით მეტი შუალედური დივიდენდი, ვიდრე ეკუთვნოდა წლიური შედეგების მიხედვით.
· ვარიანტი I კომპანიის პარტნიორთა საერთო კრების გადაწყვეტილებით ზედმეტად გაცემული დივიდენდის კომპენსაცია უნდა მოხდეს მოგების გადასახადით ჩვეულებრივი წესით დაბეგვრას დაქვემდებარებული მოგებიდან. საწარმომ დააზუსტა ივნისის თვის მოგების გადასახადის დეკლარაცია და ზედმეტად გაცემული შუალედური დივიდენდი 100 000 ლარი (500 000 - 400 000) დაბეგრა მოგების გადასახადით.
· ვარიანტი II კომპანიის პარტნიორთა საერთო კრების გადაწყვეტილებით ზედმეტად გაცემული დივიდენდის კომპენსაცია უნდა მოხდეს სპეციალური რეჟიმით დაბეგვრას დაქვემდებარებული საქმიანობიდან მიღებული მოგებიდან. საწარმომ წარადგინა ივნისის თვის მოგების გადასახადის შესწორებული დეკლარაცია, სადაც განაწილებული მოგების და შეღავათის ოდენობა შეამცირა 100 000 ლარით.
შეფასება
· სსკ-ის 97(1)-ე მუხლის "ა" ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია განაწილებული მოგება. - ზემოაღნიშნული მუხლის მე-9 ნაწილის მიხედვით, პირის მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტი ტოტალიზატორის სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობის შემთხვევაში ამ საქმიანობის ნაწილში, განისაზღვრება ამ კოდექსის 309-ე მუხლის მე-16 ნაწილით, რომლის შესაბამისად ყოველი საანგარიშო თვის განმავლობაში მიღებული ფსონების ჯამი იბეგრება 7%-იანი განაკვეთით. - სსკ-ის 99(1) მუხლის "ს" ქვეპუნქტის შესაბამისად, მოგების გადასახადისაგან გათავისუფლებულია აზარტული კლუბის, სათამაშო აპარატების სალონის, ტოტალიზატორის მომწყობი პირების მიერ აღნიშნული საქმიანობიდან მიღებული მოგების (გარდა მათ მიერ სისტემურ-ელექტრონული ფორმით თამაშობის მოწყობიდან მიღებული მოგებისა) განაწილება; - საგადასახადო შეღავათის გამოყენების მიზნებისათვის მოგების განაწილების რიგითობას არეგულირებს სსკ-ის 99(3) მუხლი, რომლის თანახმადაც ამ მუხლის პირველი ნაწილით მოგების გადასახადისაგან გათავისუფლებული მოგების თანხის იდენტიფიცირებისათვის ითვლება, რომ საწარმოს მიერ დივიდენდის განაწილებისას პირველ რიგში ეს თანხა გაიცემა. - "მეწარმეთა შესახებ" საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებასა და სააქციო საზოგადოებაში შესაბამისად პარტნიორთა საერთო კრების ან აქციონერთა საერთო კრების გადაწყვეტილებით შეიძლება დადგინდეს წლიური მოგებისა და შუალედური მოგების დივიდენდების სახით განაწილება.
· ორივე ვარიანტში საწარმოს ქმედება მართლზომიერია.
ღონისძიებები
· I და II ვარიანტებში პირის ქმედებაში საგადასახადო სამართალდარღვევა არ იკვეთება.
თუ პარტნიორს კრების გადაწყვეტილებით დაეკისრება ზედმეტად გაცემული დივიდენდის დაბრუნების ვალდებულება, აღნიშნულთან დაკავშირებით იხილეთ N2643 და N2659 სიტუაციური სახელმძღვანელოები;
დამტკიცებულია 2021 წლის 15 დეკემბერისათვის მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის მიხედვით.