გაცვლის (ბარტერული) ოპერაციისას საფ-ის გამოწერა და დღგ-ის ჩათვლა N 11120

11120 გაცვლის (ბარტერული) ოპერაციისას საფ-ის გამოწერა და დღგ-ის ჩათვლა 04.06.2019
№ დოკუმენტი 11120
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი

📄 სრული ტექსტი

სიტუაციური სახელმძღვანელო

გაცვლის (ბარტერული) ოპერაციისას საფ-ის გამოწერა და დღგ-ის ჩათვლა N 11120

ფაქტობრივი გარემოებები

· შპს X-ს და შპს Y- ს შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე განხორციელდა გაცვლის (ბარტერული) ოპერაცია. კერძოდ, შპს X-მა 2018 წლის იანვრის თვეში შპს Y- ს გადასცა 199 000 ლარის (საბაზრო ღირებულების) მიწის ნაკვეთი, რომლის სანაცვლოდაც ამავე წლის მაისის თვეში შპს Y- საგან ღებულობს 200 000 ლარის (დღგ-ს გარეშე) საბაზრო ღირებულების ბინებს

· შპს X-მა კუთვნილი ბინები გამოიყენა დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციებში და შპს Y-საგან მიღებული საფ-ის საფუძველზე განახორციელა მასში მითითებული დღგ-ის თანხის 36 000 (200000*18%) ლარის ჩათვლა

შეფასება

· სსკ-ის 175-ე მუხლის 31 ნაწილის თანახმად, საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერულ) ოპერაციაზე საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა არ გამოიწერება. ამ შემთხვევაში ჩათვლის მიღების საფუძველია მიწოდებულ საქონელზე/გაწეულ მომსახურებაზე გადასახდელი დღგ-ის თანხის საგადასახადო ორგანოში წარდგენილ დღგ-ის დეკლარაციაში ასახვა. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირი ვალდებულია (გარდა საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერული) ოპერაციის შემთხვევისა, როდესაც თითოეული ოპერაცია იბეგრება დღგ-ით) საქონლის/მომსახურების მიმღების მოთხოვნისას მოთხოვნიდან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღისა გამოწეროს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა და წარუდგინოს იგი საქონლის/მომსახურების მიმღებს ამ მუხლის მე-2 ნაწილის პირობების დაცვით. სსკ-ის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის "გ" ქვეპუნქტის შესაბამისად, დღგ-ის ჩასათვლელი თანხა არის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ პირებს შორის საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერული) ოპერაციის შემთხვევაში − თითოეული მხარისათვის მიწოდებულ საქონელზე/გაწეულ მომსახურებაზე გადახდილი ან/და გადასახდელი დღგ-ის თანხა, თუ თითოეული ოპერაცია იბეგრება დღგ-ით

· იმის გათვალისწინებით, რომ განსახილველ შემთხვევაში გაცვლის (ბარტერული) ოპერაციის ფარგლებში ერთერთი ოპერაცია (მიწის ნაკვეთის მიწოდება) არ იბეგრება დღგ-ით, მოცემულ შემთხვევაში არ გავრცელდება სსკ-ის 175-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილების რეგულაცია. შესაბამისად, შპს Y ვალდებულია შპს X -ის მოთხოვნის შემთხვევაში, დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების (ბინების გადაცემის) საანგარიშო პერიოდის (მაისის) მიხედვით გამოწეროს საფ-ი მის მიერ მიწოდებული საქონლის (ბინების) საბაზრო ფასზე და შპს X უფლებამოსილია მიღებული ბინების ჩათვლის უფლების მქონე ოპერაციებში გამოყენების შემთხვევაში, შპს Y-ის მიერ გამოწერილი საფ-ის საფუძველზე, ჩაითვალოს მასში მითითებული დღგ-ის თანხა, მოცემულ შემთხვევაში 36 000 (200000*18%)

ღონისძიებები

· პირების ქმედებაში საგადასახადო სამართლდარღვევა არ იკვეთება დღგ-ის ნაწილში დამატებითი საგადასახადო ვალდებულება არ დაეკისრება

გადაცემული მიწის ნაკვეთი დღგ-ის მიზნებისათვის არ ჩაითვლება გაცემულ/მიღებულ ავანსად.

სიტუაციური სახელმძღვანელო ეხება ისეთ შემთხვევას, როდესაც არ არსებობს სსკ-ის 73-ე მუხლით გათვალისწინებული ოპერაციისათვის კვალიფიკაციის შეცვლის საფუძველი.

სიტუაციური სახელმძღვანელო დამტკიცებულია 2019 წლის 15 მაისისთვის მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის მიხედვით.

სიტუაციური სახელმძღვანელო არ ვრცელდება 2021 წლის შემდგომ წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. 2021 წლიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე იხელმძღვანელეთ დამატებული ღირებულების გადასახადის შესახებ მეთოდური მითითებით