ბრძანება N 2718

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 14.02.2023
№ დოკუმენტი 2718
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 2718

14.02.2023

ი/მ "----------" (ს/ნ ----------)

(ფაქტ. მის.: ----------,იურ. მის.: ----------)

2021 წლის 17 ნოემბრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 16 იანვრის სხდომაზე (ოქმი №3) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2022 წლის 24 ივნისის №16352/2/2022 გადაწყვეტილებით განსახილველად დაბრუნებული ი/მ "----------"-ს (ს/ნ ----------) 2021 წლის 17 ნოემბრის №65192/1/2021 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 3 ნოემბრის №001-372 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში არ ეთანხმება სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების შედეგებს და განმარტავს, რომ საგადასახადო შემოწმების მიერ არ იქნა გაზიარებული სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებული სამართლებრივი დასაბუთება და მიღებულ იქნა უკანონო გადაწყვეტილება.

მომჩივანი არ ეთანხმება დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯების გამოსაქვით ხარჯებში გაუთვალისწინებლობას და განმარტავს, რომ საბაჟო დეკლარაცია იურიდიული მნიშვნელობის მქონე ხარჯის დამადასტურებელ დოკუმენტს წარმოადგენს. ამასთან, აღნიშნავს, რომ საბაჟო დეკლარაციის შედგენის დროს წარდგენილი იყო შესაბამისი ინვოისები, რომელიც ინახება საგადასახადო ორგანოში.

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2016 წლის 31 მარტის №8665 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა ი/მ "----------"-ს (ს/ნ ----------) საგადასახადო შემოწმება, რომლის შედეგებზე 2016 წლის 6 სექტემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2016 წლის 13 სექტემბრის №26122 ბრძანება და №001-278 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 180 801 ლარი, მათ შორის, გადასახადი 96 547 ლარი, ჯარიმა 41 106 ლარი და საურავი 43 148 ლარი.

აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გადამხდელის მიერ გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. ამავე სამსახურის 2016 წლის 14 ნოემბრის №31511 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ, გადამხდელს მიეცა წინადადება, აუდიტის დეპარტამენტისთვის წარედგინა ხარჯის გაწევის დამადასტურებული პირველადი დოკუმენტები. ხოლო აუდიტის დეპარტამენტს დაევალა შეესწავლა დამატებით წარდგენილი მასალები და შესაბამისი საფუძვლების არსებობის შემთხვევაში გაეთვალისწინებინა გადამხდელის ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვით ხარჯებში. ამასთან, აუდიტის დეპარტამენტს ასევე დაევალა, ერთობლივი შემოსავლიდან დოკუმენტურად დაუდასტურებელ გამოსაქვით ხარჯთან მიმართებაში ეხელმძღვანელა შემოსავლების სამსახურის 2012 წლის 2 თებერვლის №1162 ბრძანებით დამტკიცებული №0256 სიტუაციური სახელმძღვანელოს შესაბამისად დადგენილი 25%-იანი რენტაბელობის მაჩვენებლით და ერთობლივი შემოსავლიდან დამატებით გამოქვითვას დაექვემდებარებინა იმ ავტომობილების რეალიზაციით მიღებული შემოსავლის 75%, რომლის შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტიც ვერ იქნებოდა წარმოდგენილი.

შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 14 ნოემბრის №31511 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტის მიერ 2016 წლის 29 ნოემბერს შედგენილ იქნა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლითაც გადამხდელს შეუმცირდა საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები სულ 96 129 ლარით, მათ შორის, გადასახადი 64 086 ლარით და ჯარიმა 32 043 ლარით. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2016 წლის 5 დეკემბრის №001-373 საგადასახადო მოთხოვნა.

შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 14 ნოემბრის №31511 ბრძანება გადამხდელის მიერ გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2017 წლის 3 თებერვლის გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

ი/მ "----------"-მა (ს/ნ ----------) სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2016 წლის 13 სექტემბრის №001-278 საგადასახადო მოთხოვნის, შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 14 ნოემბრის №31511 ბრძანების და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის 3 თებერვლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ი/მ "----------"-ს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2016 წლის 13 სექტემბრის №001-278 საგადასახადო მოთხოვნა, შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 14 ნოემბრის №31511 ბრძანება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის 3 თებერვლის გადაწყვეტილება, ხოლო შემოსავლების სამსახურს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა კანონით დადგენილ ვადაში.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილებაში მითითებული იყო შემდეგი:

„კონკრეტულ შემთხვევაში საგადასახადო ორგანოს უნდა შეეფასებინა საბაჟო დეკლარაციის შევსების წესი, საბაჟო ღირებულების განსაზღვრის წესი და საფუძვლები, კერძოდ, მნიშვნელოვანია, რომ საბაჟო ღირებულება ემთხვევა გარიგების ფასს, რომელიც თავის მხრივ, შესაბამის ხელშეკრულებასა და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურაში, ინვოისში აღნიშნულ ფასს ემთხვევა, თუკი მისი გამოყენების გამომრიცხველი რაიმე გარემოება არ არსებობს. ხარჯის გამოქვითვა კი სწორედ გარიგების ფასის დადგენას უკავშირდება. ამდენად, მიუხედავად ინვოისის წარუდგენლობისა, საგადასახადო ორგანოს უნდა შეეფასებინა, რამდენად იძლეოდა საბაჟო დეკლარაცია ხარჯის ოდენობის განსაზღვრის შესაძლებლობას, ხოლო მისი გამოუყენებლობა უნდა დაესაბუთებინა სათანადო არგუმენტების მოყვანით, რატომ არ იქნა მიჩნეული, რომ საბაჟო ღირებულება სწორედ გარიგების ფასით განისაზღვრა. ამდენად, აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება დამატებით კვლევას და გათვალისწინებას საჭიროებს.“

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 31 ოქტომბრის განჩინებით უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით აუდიტის დეპარტამენტის მიერ 2021 წლის 4 ოქტომბერს შედგენილ იქნა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლითაც გადამხდელს არ შეუმცირდა საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 3 ნოემბრის №001-372 საგადასახადო მოთხოვნა.

აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გადამხდელის მიერ გასაჩივრებულ იქნა შემოსავლების სამსახურში. საჩივარი შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 15 მარტის №6403 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 15 მარტის №6403 ბრძანება გასაჩივრებულ იქნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2022 წლის 24 ივნისის №16352/2/2022 გადაწყვეტილებით საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2022 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილებაში მითითებულია შემდეგი:

„სასამართლოს გადაწყვეტილების და აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის შინაარსიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ არ არის აღსრულებული სასამართლო გადაწყვეტილება, რადგან აუდიტის დეპარტამენტის მიერ დასკვნაში მითითებული არ არის რაიმე ახალი გარემოება, რაც მანამდე შესწავლილი არ იყო.

საბჭო განმარტავს, რომ სასამართლო ცალსახად არ უთითებს საბაჟო დეკლარაციაში ასახული საქონლის საბაჟო ღირებულების გათვალისწინებას, ითხოვს დასაბუთდეს მისი გაუთვალისწინებლობის მიზეზები.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე (საქმე №3/1499-17) დაყრდნობით საბჭოს მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ თუ ვერ მოხდება ახალი ფაქტობრივი გარემოებების მოძიება და თუ არ არის დადგენილი და არ არსებობს რაიმე სახის საფუძველი (მტკიცებულება), რომ საბაჟო დეკლარაციაში მითითებული საქონლის (სატრანსპორტო საშუალების) საბაჟო ღირებულება არასწორია (არარეალურია), მითითებული მონაცემი უნდა დაექვემდებაროს გათვალისწინებას ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვით ხარჯში.

ამდენად, მხარეთა არგუმენტაციის შეფასების საფუძველზე, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები შედეგად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.“

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:

„საგადასახადო ვალდებულების ზუსტად განსაზღვრის მიზნებისათვის შესწავლილ იქნა ი/მ "----------"-ს მიერ გაფორმებული საბაჟო დეკლარაციები, მათი შევსების და ღირებულების განსაზღვრის წესები და საფუძვლები, კერძოდ, მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ საბაჟო დეკლარაციებში (ავტოსატრანსპორტო საშუალების დეკლარაცია) დაფიქსირებული ღირებულება არის მონაცემი, რომელიც მსუბუქი ავტომობილის განბაჟებისას გადასახადის გადახდაზე არ ახდენს გავლენას (ძრავის მოცულობისა და გამოშვების წლის მიხედვით იბეგრება აქციზის გადასახადით) და ამასთან, აღნიშნული მონაცემი ცალსახად არ წარმოადგენს მხარეთა შორის შესაძლო ანგარიშსწორების დამადასტურებელ მოცემულობას (ნასყიდობის ღირებულებას). ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო შემოწმების აქტით და შემდგომში გადაანგარიშების შედეგად დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა კორექტირებას.“

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.

ამავე კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლზე, რომლის თანახმად:

1. ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება ყველა ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია მის მიღებასთან, გარდა იმ ხარჯებისა, რომლებიც ამ კოდექსის თანახმად გამოქვითვას არ ექვემდებარება.

2. თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას. საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერულ) ოპერაციაზე გამოწერილ პირველად საგადასახადო დოკუმენტში საქონლის ღირებულების (მათ შორის, საქონლის ერთეულის ფასის) მითითება სავალდებულო არ არის.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქონლის დეკლარირებისას საქონლის საბაჟო ღირებულებას განსაზღვრავს დეკლარანტი, ხოლო დეკლარანტის მიერ განსაზღვრული საქონლის საბაჟო ღირებულების სისწორეს აკონტროლებს საბაჟო ორგანო.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 185-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, აქციზით დასაბეგრი ოპერაციის, აქციზური საქონლის იმპორტისა და აქციზური საქონლის ექსპორტის თანხა განისაზღვრება მსუბუქი ავტომობილისათვის (გარდა სპორტული დანიშნულების ავტომობილისა) და მოტოციკლისათვის (მოპედის ჩათვლით) – მათი წლოვანებითა და ძრავის მოცულობით.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში საბაჟო დეკლარაციაში მითითებული საქონლის (სატრანსპორტო საშუალების) საბაჟო ღირებულება არ წარმოადგენს მონაცემს, რომელზე დაყრდნობითაც განისაზღვრება საგადასახადო ვალდებულებები და გავლენას ახდენს გადასახადის გადახდაზე მსუბუქი ავტომობილის განბაჟებისას, ვინაიდან აქციზით დასაბეგრი ოპერაციის, აქციზური საქონლის იმპორტისა და აქციზური საქონლის ექსპორტის თანხა მსუბუქი ავტომობილისათვის განისაზღვრება წლოვანებითა და ძრავის მოცულობით. შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ ავტომობილების შემთხვევაში საბაჟო ღირებულების განსაზღვრის მიზანია საქონლის შეფასება საზღვრის გადაკვეთის მომენტისათვის, რომელსაც განსაზღვრავს დეკლარანტი და აღნიშნული მონაცემების გადამოწმება არ ხდება საგადასახადო ორგანოს მიერ, ვინაიდან მსუბუქი ავტომობილის განბაჟებისას მხედველობაში არ მიიღება მისი ღირებულება. ამასთან, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში მომჩივანი ვერ უზრუნველყოფს ხარჯის გაწევის დამადასტურებელი დოკუმენტების, კერძოდ, ინვოისების წარმოდგენას, შესაბამისად, საბაჟო დეკლარაციაში მითითებული მონაცემი (საქონლის ღირებულება) არ არის გამყარებული დოკუმენტურად და ცალსახად არ წარმოადგენს მხარეთა შორის შესაძლო ანგარიშსწორების დამადასტურებელ მოცემულობას (ნასყიდობის ღირებულებას).

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის ზეპირსიტყვიერ განმარტებაზე, რომლითაც ირკვევა, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებისას ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯი (ავტოსატრანსპორტო საშუალების ღირებულება) განსაზღვრულ იქნა არაპირდაპირი მეთოდით, შემოსავლების სამსახურის 2012 წლის 2 თებერვლის №1162 ბრძანებით დამტკიცებული 0256 სიტუაციური სახელმძღვანელოს გამოყენებით, გადამხდელის მიერ წარდგენილ საშემოსავლო გადასახადის წლიურ დეკლარაციებში მითითებული მონაცემების საფუძველზე, რომელიც აღემატება საბაჟო დეკლარაციაში მითითებული საქონლის (სატრანსპორტო საშუალების) საბაჟო ღირებულებას.

ამდენად, შემოსავლების სამსახური იზიარებს აუდიტის დეპარტამენტის პოზიციას და მიიჩნევს, რომ ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯის განსაზღვრის მიზნებისთვის საბაჟო დეკლარაციაში მითითებული საქონლის საბაჟო ღირებულების მონაცემი ვერ იქნება გათვალისწინებული.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნისა და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია, სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება აუდიტის დეპარტამენტის მიერ განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე. ამდენად, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. ი/მ "----------"-ს (ს/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქუჩა №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, მისი ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.