ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსატრანსპორტო საშუალებებით მგზავრის გადაყვანისა და ბარგის გადაზიდვის წესის” დამტკიცების თაობაზე
📄 სრული ტექსტი
კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)
საქართველოს მთავრობის
დადგენილება № 4
2014 წლის 3 იანვარი
ქ.თბილისი
ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსატრანსპორტო საშუალებებით მგზავრის გადაყვანისა და ბარგის გადაზიდვის წესის” დამტკიცების თაობაზე
მუხლი 1
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 58-ე მუხლის მე-2 ნაწილის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-12 მუხლის, „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-18 პუნქტის, 53 მუხლისა და 61 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „ტექნიკური რეგლამენტი ავტოსატრანსპორტო საშუალებებით მგზავრის გადაყვანისა და ბარგის გადაზიდვის წესი.
საქართველოს მთავრობის 2024 წლის 21 მაისის დადგენილება №169 - ვებგვერდი, 22.05.2024წ.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2014 წლის 1 იანვრიდან.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
ტექნიკური რეგლამენტი
ავტოსატრანსპორტო საშუალებებით მგზავრის გადაყვანისა და
ბარგის გადაზიდვის წესი
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. ტექნიკური რეგლამენტი „ავტოსატრანსპორტო საშუალებებით მგზავრის გადაყვანისა და ბარგის გადაზიდვის წესი” (შემდგომში – წესი) შემუშავებული იქნა საქართველოს კანონმდებლობის, საერთაშორისო სტანდარტების, ნორმებისა და წესების შესაბამისად.
2. ეს წესი ადგენს საერთო სარგებლობის სამგზავრო ავტოსატრანსპორტო საშუალებებით მგზავრის მომსახურების პირობებს, საავტომობილო სამგზავრო გადაყვანის ნებართვის (შემდგომში − ნებართვა) პირობებს, ნებართვის მისაღებად საჭირო დოკუმენტების ჩამონათვალს, ნებართვის მოქმედების ვადას, სამგზავრო გადაყვანის პროცესში მონაწილეთა უფლებებს, ვალდებულებებსა და პასუხისმგებლობას.
3. წინამდებარე წესის მოთხოვნები ვრცელდება მხოლოდ კომერციული მიზნით განხორციელებულ სამგზავრო გადაყვანებზე.
4. დაუშვებელია არარეზიდენტი (უცხო ქვეყანაში რეგისტრირებული) გადამზიდველის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებულ ორ პუნქტს შორის კომერციული მიზნით სამგზავრო გადაყვანის განხორციელება, თუ იმ გადამზიდველის ქვეყანასთან საქართველოს მიერ დადებული „საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის შესახებ” სამთავრობათაშორისო შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.
საქართველოს მთავრობის 2024 წლის 21 მაისის დადგენილება №169 - ვებგვერდი, 22.05.2024წ.
მუხლი 2. წესის მიზანი
წესის მიზანია უზრუნველყოფილ იქნეს:
ა) სამგზავრო ავტოსატრანსპორტო საშუალებით მგზავრის გადაყვანისა და ბარგის გადაზიდვის პროცესში უსაფრთხოების, ადამიანთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, გარემოსა და საკუთრების დაცვა;
ბ) სამგზავრო ავტოსატრანსპორტო საშუალებით მგზავრის მომსახურების პირობების თანამედროვე მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა;
გ) სამგზავრო ავტოსატრანსპორტო საშუალებით მგზავრის გადაყვანისა და ბარგის გადაზიდვის განხორციელებისას მგზავრის, მძღოლისა და გადამზიდველის უფლებების, ვალდებულებებისა და პასუხისმგებლობის განსაზღვრა;
დ) გადამზიდველთა შესაბამისობა სანებართვო პირობებთან.
საქართველოს მთავრობის 2024 წლის 21 მაისის დადგენილება №169 - ვებგვერდი, 22.05.2024წ.
მუხლი 3. ტერმინების განმარტება
1. წესში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება:
ა) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანა – შესაბამისი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დადგენილი მარშრუტით მგზავრთა გადაყვანა; რუსთავი-თბილისის მარშრუტზე მგზავრთა გადაყვანა, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს ნორმატიული აქტით დადგენილი მარშრუტების გათვალისწინებით; შესაბამისი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დადგენილი მარშრუტით მგზავრთა გადაყვანა, რომელიც დაიწყო და დამთავრდა ერთისა და იმავე მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში, საგზაო ინფრასტრუქტურის თავისებურების ან/და რელიეფის გამო სხვა მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრის გადაკვეთით;
ა1) საერთაშორისო რეგულარული სამგზავრო გადაყვანა – მგზავრთა გადაყვანა საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების მონაწილე ქვეყნების (შემდგომში – პარტნიორი ქვეყნები) ტერიტორიებს შორის ან ამ ტერიტორიის გავლით, დადგენილი მარშრუტით, მოძრაობის განრიგით, ტარიფით, გადაზიდვების შესრულების პერიოდისა და რეგულარობის გათვალისწინებით, მგზავრთა ჩასხდომისა და გადმოსხდომის პუნქტებში გაჩერებით;
ა2) ქვეყნის შიდა რეგულარული სამგზავრო გადაყვანა – საქართველოს ტერიტორიაზე რეგულარული სამგზავრო გადაყვანა, გარდა მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანისა;
ბ) არარეგულარული გადაყვანა – მგზავრის გადაყვანა, რომელიც არ განეკუთვნება რეგულარულ გადაყვანას და გადაყვანის პირობები თითოეული კონკრეტული შემთხვევისათვის განისაზღვრება გადამზიდველსა და დამკვეთს შორის შეთანხმებით;
ბ1) საერთაშორისო არარეგულარული სამგზავრო გადაყვანა – საქართველოსა და პარტნიორი ქვეყნების ტერიტორიებს შორის ან ამ ტერიტორიის გავლით მგზავრთა გადაყვანა, რომელიც არ განეკუთვნება საერთაშორისო რეგულარულ სამგზავრო გადაყვანას. გადაყვანის პირობები თითოეული კონკრეტული შემთხვევისათვის განისაზღვრება გადამზიდველსა და დამკვეთს შორის შეთანხმებით და სრულდება საკონტროლო დოკუმენტის (მგზავრების სია) ან ავტორიზაციის ბლანკის თანხლებით;
გ) ბარგი – მგზავრისაგან განცალკევებულად გადასაზიდი ტვირთი (კონტეინერი), ზომით არა უმეტეს 100სმX50სმX30სმ, რომელიც, როგორც წესი, თავსდება სამგზავრო ავტოსატრანსპორტო საშუალების საბარგულში;
დ) მარშრუტი – პუნქტებს შორის სამგზავრო ავტოსატრანსპორტო საშუალების მიმოსვლისათვის წინასწარ დადგენილი გზასავალი;
ე) მგზავრი – ფიზიკური პირი, რომელიც მგზავრობს სამგზავრო ავტოსატრანსპორტო საშუალებით, გადაზიდვა-გადაყვანის ხელშეკრულების საფუძველზე;
ვ) მოძრაობის განრიგი – მარშრუტზე სამგზავრო ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობის დაწყება-დამთავრების დროის, მიმოსვლის ინტერვალისა და შუალედურ პუნქტებში გაჩერებების განმსაზღვრელი ცხრილი;
ზ) მსუბუქი ავტომობილი – მგზავრის გადასაყვანად და/ან ბარგის გადასატანად განკუთვნილი სამგზავრო ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომლის დასაჯდომი ადგილის რაოდენობა მძღოლის ადგილის გარდა არ აღემატება 8-ს (M1 კატეგორია) ;
თ) რეისი – მარშრუტზე შესრულებული (შესასრულებელი) სატრანსპორტო პროცესი;
ი) საბილეთო სალარო – ობიექტი, სადაც ხორციელდება მოქალაქეებზე სამგზავრო ბილეთების რეალიზაცია და მასთან დაკავშირებული მოსახურება;
კ) სამგზავრო ავტოსატრანსპორტო საშუალება:
კ.ა) ავტობუსი − ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელიც განკუთვნილია მგზავრთა გადასაყვანად და რომლის დასასხდომი ადგილების რაოდენობა, გარდა მძღოლის ადგილისა, 8-ს აღემატება (M2 და M3 კატეგორიები);
კ.ბ) მსუბუქი ავტომობილი-ტაქსი – დადგენილ მოთხოვნათა შესაბამისად აღჭურვილი მსუბუქი ავტომობილი, რომლითაც ხორციელდება მგზავრის გადაყვანა და ბარგის გადაზიდვა;
კ.გ) მინივენი − M1 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომლის დასასხდომი ადგილების რაოდენობა, გარდა მძღოლის ადგილისა, 5-ს აღემატება;
ლ) სამგზავრო ბილეთი – შევსებული ბილეთის ბლანკი, რომელიც ადასტურებს მგზავრის გადაყვანისა და ბარგის გადაზიდვის ხელშეკრულების არსებობას პირსა და გადამზიდველს შორის;
ლ1) მგზავრების აღრიცხვის ბარათი – ავტოსადგურის პასუხისმგებელი პირის და გადამზიდველის მიერ დამოწმებული დოკუმენტი, რომლითაც აღირიცხება კონკრეტულ რეისზე ბილეთის მფლობელი მგზავრების რაოდენობა და მათი მონაცემები (სახელი, გვარი და პასპორტის ან პირადი ნომერი);
მ) სპეციალური რეგულარული გადაყვანა – გარკვეული ჯგუფის მგზავრების რეგულარული გადაყვანა (დასაქმებულები, მოსწავლეები, სტუდენტები, სამხედროები და სხვა.);
ნ) ხელბარგი – მგზავრის მიერ პერსონალურად გადასატანი ნივთი ზომით არაუმეტეს 60სმX40სმX30სმ.
2. ამ წესში გამოყენებულ სხვა ტერმინებს გააჩნია საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მნიშვნელობები.
საქართველოს მთავრობის 2015 წლის 13 ოქტომბრის დადგენილება №531 - ვებგვერდი, 16.10.2015წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 7 ოქტომბრის დადგენილება №615 – ვებგვერდი, 08.10.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2024 წლის 21 მაისის დადგენილება №169 - ვებგვერდი, 22.05.2024წ.
საქართველოს მთავრობის 2025 წლის 30 მაისის დადგენილება №184 - ვებგვერდი, 30.05.2025წ.
მუხლი 4. ავტოსატრანსპორტო საშუალების მიმართ წაყენებული მოთხოვნები
1. მგზავრთა გადამყვანი სამგზავრო ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური და სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობა უნდა შეესაბამებოდეს მოქმედი საგზაო მოძრაობის წესებით, დამამზადებლის ინსტრუქციებით, სტანდარტებით, წინამდებარე წესითა და საქართველოს კანონმდებლობით მათ მიმართ დადგენილ მოთხოვნებს.
2. სამგზავრო გადაყვანებზე ავტობუსის ტიპის და კლასის შერჩევა ხდება მარშრუტის, აგრეთვე გზის ტექნიკურ-საექსპლუატაციო მონაცემების მიხედვით.
3. ავტობუსი და მინივენი ეკიპირებული უნდა იყოს:
ა) ქვეყნის შიდა რეგულარული სამგზავრო ან/და საერთაშორისო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას მარშრუტის საწყისი და ბოლო პუნქტების აღმნიშვნელი აბრით. ქვეყნის შიდა არარეგულარული სამგზავრო გადაყვანის განხორციელებისას თავსდება აბრა წარწერით − „დაკვეთით“, ხოლო საერთაშორისო არარეგულარული სამგზავრო გადაყვანისას − აბრა საბოლოო დანიშნულების პუნქტის აღნიშვნით. აბრა თავსდება სპეციალურად ამ მიზნისათვის განსაზღვრულ თვალსაჩინო ადგილზე ან ავტობუსის/ მინივენის სალონში, წინა საქარე მინის ზედა ან ქვედა მარჯვენა კუთხეში, წარწერით გარეთა მხარეს;
ბ) მძღოლის სახელისა და გვარის, გადამზიდველის დასახელების, მისამართის, ტელეფონის ნომრისა და მგზავრობის ღირებულების აღმნიშვნელი ტაბლოთი, რომელიც უნდა განთავსდეს ავტობუსის/მინივენის სალონში მგზავრისათვის თვალსაჩინო ადგილზე. მგზავრობის ღირებულების აღმნიშვნელი ტაბლო უნდა განთავსდეს იმ შემთხვევაში, როდესაც განრიგის საწყისი, შუალედური ან/და საბოლოო პუნქტი არ არის ავტოსადგური;
გ) ავარიული გასასვლელების მაჩვენებელი ნიშნებითა და მინის გასატეხი ჩაქუჩით (ავტობუსის შემთხვევაში);
დ) დასასხდომი ადგილების (სავარძლების) ნუმერაციის მაჩვენებლებით (ავტობუსის შემთხვევაში);
ე) ცეცხლსაქრობით, გამაფრთხილებელი სამკუთხედით, პირველადი დახმარების სამედიცინო სააფთიაქო ყუთით (ავტობუსის შემთხვევაში).
4. მსუბუქი ავტომობილი-ტაქსი (შემდგომში – ტაქსი) ეკიპირებული უნდა იყოს:
ა) ტაქსის ამოსაცნობი ნიშნით;
ბ) მძღოლის ფოტოსურათის, სახელისა და გვარის, გადამზიდველის დასახელების, მისამართისა და ტელეფონის ნომრის შემცველი ინფორმაციით, რომელიც უნდა განთავსდეს ტაქსის სალონში მგზავრისათვის თვალსაჩინო ადგილზე.
საქართველოს მთავრობის 2024 წლის 21 მაისის დადგენილება №169 - ვებგვერდი, 22.05.2024წ.
მუხლი 5. გადამზიდველის და მძღოლის უფლება-მოვალეობები
1. მგზავრის გადაყვანა დასაშვებია ავტოსატრანსპორტო საშუალების მწარმოებლის, საქართველოს კანონმდებლობის და საერთაშორისო ნორმებით დადგენილი შესაბამისი კლასის ავტობუსებით.
2. აკრძალულია:
ა) ავტოსატრანსპორტო საშუალების სალონის დაბინძურება-დანაგვიანება და ტექნიკური მოწყობილობების დაზიანება;
ბ) საავარიო მოწყობილობით სარგებლობა, თუ ეს საჭიროებით არ არის განპირობებული;
გ) ავტოსატრანსპორტო საშუალების დამამზადებლის მიერ დადგენილ მგზავრთტევადობაზე მეტი მგზავრების გადაყვანა;
დ) საქართველოს კანონმდებლობით აკრძალული საგნების გადაზიდვა;
ე) მგზავრების ჩასხდომა-გადმოსხმა ავტობუსისა და ტაქსის მარცხენა მხარეს განლაგებული კარებიდან;
ვ) საავტომობილო სამგზავრო გადაყვანა იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებით, რომელსაც წარმატებით არ გაუვლია პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება;
ზ) საერთაშორისო რეგულარული სამგზავრო გადაყვანა, საერთაშორისო არარეგულარული სამგზავრო გადაყვანა ან ქვეყნის შიდა რეგულარული სამგზავრო გადაყვანა საავტომობილო სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გარეშე;
თ) საავტომობილო სამგზავრო გადაყვანა იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებით, რომელიც არ არის გათვალისწინებული მგზავრთა გადასაყვანად;
ი) ნებართვის მფლობელი, მისი მენეჯერი, ხელმძღვანელი პირი არ უნდა იყვნენ ნასამართლევნი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილი მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის, ხოლო გადამზიდველთან დასაქმებული ნებისმიერი მძღოლი − საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილი მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე, აგრეთვე ამავე კოდექსის 273-ე, 2731 და 276-ე მუხლებით გათვალიწინებული დანაშაულისთვის;
კ) გადამზიდველთან დასაქმებულ ნებისმიერ მძღოლს უფიქსირდებოდეს ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტი;
ლ) საავტომობილო სამგზავრო გადაყვანაში ისეთი მძღოლის ჩართვა, რომელმაც წარმატებით ვერ გაიარა სავალდებულო პერიოდული სამედიცინო შემოწმება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
მ) მარჯვენასაჭიანი ავტოსატრანსპორტო საშუალებით საავტომობილო სამგზავრო გადაყვანა.
3. საერთაშორისო სამგზავრო გადაყვანისას ბარგის გადაზიდვა ხორციელდება ავტობუსის საბარგულით, ხოლო საქართველოს ტერიტორიაზე სამგზავრო გადაყვანისას დასაშვებია ბარგის სალონში მოთავსება, თუ ის არ ჩახერგავს ავტობუსის სალონში რიგთაშორის და საავარიო გასასვლელებს.
4. ხელბარგი თავსდება ავტობუსის სალონში მისთვის კონსტრუქციულად განკუთვნილ სათავსში (თაროზე) ან/და ისეთ ადგილზე, რომელიც არ ჩახერგავს ავტობუსის სალონში რიგთაშორის და საავარიო გასასვლელს და ხელს არ შეუშლის მგზავრების გადაადგილებას. ავტობუსის სალონში მოთავსებული ხელბარგის დაზიანების ან დაკარგვისათვის პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
5. დაუშვებელია ავტობუსის ძარაზე კონსტრუქციით გაუთვალისწინებელი საბარგულით ბარგის გადაზიდვა. გადამზიდველს ეკისრება სრული პასუხისმგებლობა ბარგის დაცვაზე მისი მიღების მომენტიდან ჩაბარებამდე.
6. მგზავრის გარეშე ბარგის გაგზავნის შემთხვევაში გამგზავნი ვალდებულია დაუდასტუროს მძღოლს ან სხვა უფლებამოსილ პირს ბარგის უსაფრთხოება.
7. შინაური ცხოველებისა და ფრინველების გადაყვანა უნდა მოხდეს მხოლოდ შესაბამისი აღჭურვილობის გამოყენებით (გალია, ყუთი და სხვა).
8. მგზავრის თანხმობით სამგზავრო ავტოსატრანსპორტო საშუალებით უფრო დაბალფასიანი მომსახურების შემთხვევაში მგზავრს უბრუნდება მგზავრობის საფასურებს შორის ფასთა სხვაობა.
9. ტაქსის მძღოლს ეკრძალება მგზავრთან შეთანხმების გარეშე სხვა მგზავრის გადაყვანა.
10. გადამზიდველი ვალდებულია:
ა) დროულად მიაწოდოს მარშრუტის საწყის პუნქტში, რეისში გასვლამდე არაუგვიანეს 20 წუთით ადრე, ტექნიკურად გამართული, დასუფთავებული, ამ წესითა და სხვა ნორმატიული აქტების მოთხოვნათა შესაბამისად აღჭურვილი ავტობუსი/მინივენი;
ბ) უზრუნველყოს მგზავრთა უსაფრთხო გადაყვანა;
გ) უზრუნველყოს მძღოლი:
გ.ა) შესაბამისი საგზაო სატრანსპორტო დოკუმენტაციით;
გ.ბ)საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული საბუთებით (საერთაშორისო გადაყვანის განხორციელებისას);
გ.გ) ინფორმაციით მარშრუტზე მოძრაობის პირობების შესახებ;
დ) იმ შემთხვევაში, როცა მგზავრის მიყვანა დანიშნულების ადგილამდე არ მოხერხდა გადამზიდველის (მძღოლის) მიზეზით (ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკური გაუმართაობა, საწვავის უქონლობა, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა და ა.შ.) უზრუნველყოს მგზავრის დანიშნულების ადგილამდე მიყვანა სხვა ავტოსატრანსპორტო საშუალებით ან დაუბრუნოს მგზავრს გადახდილი თანხა;
ე) აანაზღაუროს მისი ბრალით მგზავრისათვის მიყენებულ ზიანი;
ვ) დაიცვას კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები;
ზ) უზრუნველყოს, მძღოლის და ეკიპაჟის წევრების დახმარებით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის მგზავრობასთან დაკავშირებული აუცილებელი სერვისების (სამგზავრო ბილეთის შეძენის, ავტობუსში ჩასხდომა-გადმოსხდომის, ბარგის ავტობუსში განთავსების და ჩამოღების) ხელმისაწვდომობა, მგზავრობის მთელი პერიოდის განმავლობაში.
11. გადამზიდველს უფლება აქვს, შეცვალოს მარშრუტი ან გადადოს რეისი მისგან დამოუკიდებელი შემაფერხებელი გარემოების გამო, რომლის განსაზღვრა და აღმოფხვრა მას წინასწარ არ შეეძლო, ხოლო საერთაშორისო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას, აგრეთვე გამოიყენოს მესამე ქვეყნის ტერიტორია, პარტნიორი ქვეყნების შესაბამისი უწყებების შეთანხმების შემთხვევაში. აღნიშნულის თაობაზე გადამზიდველი ვალდებულია, შეფერხების შესახებ დაუყოვნებლივ შეატყობინოს გაჩერების ბოლო და შუალედურ პუნქტებში არსებულ ავტოსადგურებს.
12. გადამზიდველის ამ წესის მოთხოვნებთან შესაბამისობა დგინდება მის მიერ ამ წესის მოთხოვნებთან მომსახურების შესაბამისობის დეკლარაციის მიღებით და მასზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ნებართვის გაცემით.
13. მძღოლი ვალდებულია:
ა) უზრუნველყოს მგზავრის გადაყვანის უსაფრთხოება;
ბ) დაიცვას ავტობუსის ტევადობის ნორმები;
გ) (ამოღებულია - 13.10.2015, №531).
საქართველოს მთავრობის 2015 წლის 13 ოქტომბრის დადგენილება №531 - ვებგვერდი, 16.10.2015წ.
საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 ნოემბრის დადგენილება №504 - ვებგვერდი, 15.11.2016წ.
საქართველოს მთავრობის 2024 წლის 21 მაისის დადგენილება №169 - ვებგვერდი, 22.05.2024წ.
მუხლი 6. რეგულარული გადაყვანა
1. საავტობუსო მარშრუტზე რეგულარული გადაყვანის ორგანიზების მიზნით გადამზიდველის მიერ შემუშავებული და დამტკიცებული უნდა იქნეს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) მარშრუტის მომსახურებისათვის ავტობუსის/მინივენის ტიპისა და კატეგორიის შესახებ;
ბ) მარშრუტზე ავტობუსის/მინივენის მოძრაობის განრიგი (შედგენილი მძღოლთა შრომისა და დასვენების დადგენილი რეჟიმების გათვალისწინებით და შეთანხმებული საწყის, ბოლო და შუალედურ პუნქტებში მოქმედ ავტოსადგურებთან);
გ) სამარშრუტო სქემა (სახიფათო მონაკვეთებისა და შუალედურ გაჩერებებს შორის მანძილების და საშუალო სიჩქარეების ჩვენებით);
დ) სამგზავრო ბილეთი, რომელშიც აღნიშნული უნდა იყოს: მგზავრობის დაწყება-დამთავრების პუნქტები, მგზავრობის საფასური, რეისის შესრულების დრო და თარიღი, დასაჯდომი ადგილის ნომერი, გადამზიდველის დასახელება. საერთაშორისო რეგულარული გადაყვანისას ბილეთში ასევე იწერება ბარგის რაოდენობა, მგზავრის სახელი, გვარი და პასპორტის ნომერი.
2. ბილეთის შეძენა ხორციელდება საბილეთო სალაროში, ხოლო გაჩერების პუნქტებში, სადაც არ არის საბილეთო სალარო – მძღოლთან.
3. რეისზე დაგვიანების ან ბილეთის დაკარგვის შემთხვევაში მგზავრს ბილეთის საფასური არ უბრუნდება, თუ ბილეთის შეძენისას სხვა პირობა არ იყო დადგენილი.
4. ავტოსადგურში ავტობუსში/მინივენში მგზავრების ჩასხდომა იწყება რეისში გასვლამდე არაუგვიანეს 20 წუთით ადრე.
5. ამ წესის მე-5 მუხლის მე-10 პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულებასთან ერთად, გადამზიდველი ვალდებულია:
ა) უზრუნველყოს მარშრუტზე ავტობუსის/მინივენის მოძრაობის განრიგის დაცვა;
ბ) უზრუნველყოს მძღოლი ბილეთებით მგზავრებისათვის იმ შემთხვევაში, თუ განრიგით გათვალისწინებულ საწყის, შუალედურ ან/და საბოლოო გაჩერების პუნქტში არ არის ავტოსადგური;
გ) სულ მცირე, წელიწადში ერთხელ უზრუნველყოს მასთან დასაქმებული ყველა მძღოლის სავალდებულო პერიოდული სამედიცინო შემოწმება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
დ) სულ მცირე, 6 თვეში ერთხელ უზრუნველყოს მასთან დასაქმებული ყველა მძღოლის შესაბამის დაწესებულებაში შემოწმება ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტის დადგენის მიზნით;
ე) უზრუნველყოს მგზავრობის საფასურის შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობა ავტოსადგურისა და მგზავრებისთვის ამ წესით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
51. ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული განრიგის დარღვევა ჩაითვლება საპატიოდ, თუ განრიგით გათვალისწინებულ მარშრუტზე მოძრაობის დაწყება-დამთავრების დროის დარღვევა არ ცდება 10 წუთს თითოეულ 100 კილომეტრზე ან იგი გამოწვეულია ობიექტური მიზეზების გამო. გადამზიდველი ვალდებულია, განრიგის დარღვევის შესახებ დაუყოვნებლივ შეატყობინოს ბოლო და შუალედურ გაჩერების პუნქტებში მოქმედ ავტოსადგურებს.
6. წინამდებარე წესის მე-5 მუხლის მე-13 პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულებასთან ერთად მძღოლი ვალდებულია:
ა) მგზავრის რეგულარული გადაყვანა აწარმოოს მოძრაობის განრიგის შესაბამისად;
ბ) უზრუნველყოს ავტობუსის/მინივენის გაჩერება მხოლოდ მოძრაობის განრიგით განსაზღვრულ პუნქტებში;
გ) მოითხოვოს მგზავრისაგან ბილეთი.
7. მძღოლს უფლება აქვს უარი უთხრას მგზავრს გადაყვანაზე, თუ:
ა) მას არ გააჩნია ბილეთი და უარი განაცხადა მის შეძენაზე;
ბ) ის არღვევს სიმშვიდეს და საზოგადოებრივ წესრიგს, უქმნის დისკომფორტს სხვა მგზავრებს.
8. მგზავრი ვალდებულია:
ა) რეგულარულ მარშრუტზე მგზავრობისათვის და/ან ბარგის გადაზიდვისათვის იქონიოს ბილეთი;
ბ) შეინახოს ბილეთი მგზავრობის დამთავრებამდე და წარუდგინოს ის შესაბამის უფლებამოსილ პირებს მოთხოვნისთანავე;
გ) შეფუთოს გადასაზიდი ბარგი, რათა გადაზიდვისას არ იძლეოდეს გაფანტვის, დაღვრის ან სხვა ბარგის დაზიანება-დაბინძურების საშუალებას.
9. მგზავრს უფლება აქვს:
ა) მიიღოს სრულყოფილი ინფორმაცია გადამზიდველისაგან მგზავრობასა და მასთან დაკავშირებული მომსახურების პირობების შესახებ;
ბ) დააბრუნოს ბილეთი სალაროში და მიიღოს მგზავრობის სრული საფასური, თუ:
ბ.ა) ავტობუსის/მინივენის რეისში გასვლა გვიანდება თხუთმეტ წუთზე მეტი ხნით;
ბ.ბ) (ამოღებულია - 21.03.2024, №169);
ბ.გ) ვერ იქნა უზრუნველყოფილი ბილეთში აღნიშნული ადგილით;
ბ.დ) რეისი არ შედგა;
გ) ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში აღნიშნული შემთხვევების გარდა, გადამზიდველს უფლება აქვს, ბილეთის დაბრუნებისათვის სხვა დამატებითი პირობები დააწესოს. აღნიშნული ინფორმაცია უნდა გამოქვეყნდეს ავტოსადგურში;
დ) ბილეთის საფასურზე უფრო მაღალფასიანი მომსახურებით მგზავრობის შემთხვევაში იმგზავროს თანხის დამატების გარეშე, თუ ბილეთი შეძენილია ცვლილების შესახებ ინფორმაციის გამოცხადებამდე;
ე) უფასოდ წაიყვანოს 5 წლამდე ასაკის ბავშვი, თუ ის არ დაიკავებს ცალკე ადგილს.
საქართველოს მთავრობის 2024 წლის 21 მაისის დადგენილება №169 - ვებგვერდი, 22.05.2024წ.
მუხლი 7. სპეციალური რეგულარული გადაყვანა
1. სპეციალური რეგულარული გადაყვანის განსახორციელებლად გადამზიდველმა დამკვეთთან შეთანხმებით თითოეულ მარშრუტზე უნდა შეადგინოს მოძრაობის განრიგი.
2. ბავშვების სპეციალური რეგულარული გადაყვანა უნდა ხორციელდებოდეს დღეღამის ნათელ პერიოდში, ჩართული ახლო შუქის ფარებით.
3. ბავშვების სპეციალური რეგულარული გადაყვანისას მძღოლს ეკრძალება კაბინიდან გამოსვლა ბავშვების ჩასხდომის (გადმოსხმის) დროს.
მუხლი 8. საერთაშორისო სამგზავრო გადაყვანა
1. საერთაშორისო სამგზავრო გადაყვანა რეგულირდება:
ა) მრავალმხრივი კონვენციებითა და შეთანხმებებით;
ბ) „საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის შესახებ” სამთავრობათაშორისო შეთანხმებებით;
გ) წინამდებარე წესითა და იმ ქვეყნის ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად, რომლის ტერიტორიაზეც ხორციელდება გადაყვანა.
2. საქართველოში რეგისტრირებული გადამზიდველი, რომელიც ახორციელებს ან სურვილი აქვს განახორციელოს საავტომობილო სამგზავრო გადაყვანა, ვალდებულია, გააჩნდეს ნებართვა.
3. თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, საერთაშორისო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას მძღოლი, რომელიც საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადააადგილებს პარტნიორ ქვეყანაში რეგისტრირებულ სამგზავრო ავტოსატრანსპორტო საშუალებას (მათ შორის ცარიელს), ვალდებულია, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ დოკუმენტებთან ერთად, საბაჟო გამშვები პუნქტის უფლებამოსილ თანამშრომელს წარუდგინოს:
ა) ავტორიზაციის ბლანკი, რომელიც საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე მომზადებულია საქართველოს მხარის მიერ პარტნიორი ქვეყნის კონკრეტული გადამზიდველის სახელზე (კონკრეტული მარშრუტისათვის) და გაცემულია მასზე პარტნიორი ქვეყნის კომპეტენტური ორგანოს მიერ;
ბ) პარტნიორი ქვეყნების კომპეტენტური ორგანოების მიერ დამოწმებული:
ბ.ა) მარშრუტზე სამგზავრო ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის განრიგი;
ბ.ბ) ტარიფი;
ბ.გ) სამარშრუტო სქემა;
გ) გადამზიდველის მიერ სამგზავრო ავტოსატრანსპორტო საშუალების მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
დ) გადამზიდველთან მძღოლის დასაქმების დამადასტურებელი დოკუმენტი;
ე) მგზავრების აღრიცხვის ბარათი, გარდა ცარიელი სამგზავრო ავტოსატრანსპორტო საშუალების გადაადგილების შემთხვევისა.
4. თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, არარეგულარული საერთაშორისო სამგზავრო გადაყვანისას მძღოლი, რომელიც საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადააადგილებს პარტნიორ ქვეყანაში რეგისტრირებულ სამგზავრო ავტოსატრანსპორტო საშუალებას, ვალდებულია, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ დოკუმენტებთან ერთად, საბაჟო გამშვები პუნქტის უფლებამოსილ თანამშრომელს წარუდგინოს:
ა) ავტორიზაციის ბლანკი, რომელიც საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე საქართველოს მხარის მიერ გადაცემულია პარტნიორი ქვეყნის კომპეტენტურ ორგანოზე და გაცემულია მის მიერ კონკრეტული გადამზიდველის სახელზე;
ბ) გადამზიდველის მიერ სამგზავრო ავტოსატრანსპორტო საშუალების მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
გ) გადამზიდველთან მძღოლის დასაქმების დამადასტურებელი დოკუმენტი.
5. ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, საბაჟო გამშვები პუნქტის უფლებამოსილი თანამშრომელი ამოწმებს:
ა) ავტორიზაციის ბლანკისა და თანმხლები დოკუმენტების შევსების სისწორესა და ურთიერთშესაბამისობას;
ბ) ავტორიზაციის ბლანკის მოქმედების ვადას;
გ) საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებული სამგზავრო ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ ავტომობილის მართლზომიერი ფლობისა და გადამზიდველთან მისი დასაქმების ფაქტს;
დ) მარშრუტზე სამგზავრო ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობის განრიგის დაცვას, ორმხრივი ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, მხოლოდ საერთაშორისო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას;
ე) მგზავრების აღრიცხვის ბარათის არსებობას, მხოლოდ საერთაშორისო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას (გარდა ცარიელი სამგზავრო ავტოსატრანსპორტო საშუალების გადაადგილების შემთხვევისა).
51. საერთაშორისო სამგზავრო გადაყვანის განმახორციელებელი უცხო ქვეყანაში რეგისტრირებული სამგზავრო ავტოსატრანსპორტო საშუალების საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოსვლისას შესაბამისი ავტორიზაციის ბლანკის გარეშე გადაადგილების ან/და ასეთი ავტოსატრანსპორტო საშუალებით ტვირთის (ბარგისა და ხელბარგის გარდა) გადაზიდვის ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში, საბაჟო გამშვები პუნქტის უფლებამოსილი თანამშრომელი ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლს განუსაზღვრავს ნაკლოვანებათა აღმოფხვრის (შესაბამისი დოკუმენტის წარდგენის ან შემოსვლის ქვეყანაში უკან დაბრუნების ან ტვირთის სხვა ნებადართულ სატრანსპორტო საშუალებაში გადატვირთვის) 6 სამუშაო დღის ვადას, რომელიც აითვლება სასაზღვრო კონტროლის განხორციელების დასრულებიდან. განსაზღვრულ ვადაში ნაკლოვანებათა აღმოუფხვრელობის შემთხვევაში, მგზავრთა გადაყვანის ან/და ტვირთის გადაზიდვის წესების დარღვევისათვის დგება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, ხოლო ავტოსატრანსპორტო საშუალება ექვემდებარება შემოსვლის ქვეყანაში უკან დაბრუნებას.
6. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, როდესაც არარეგულარული საერთაშორისო სამგზავრო გადაყვანა შესაძლებელია განხორციელდეს შესაბამისი ავტორიზაციის ბლანკის გარეშე, მძღოლი, რომელიც საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადააადგილებს პარტნიორ ქვეყანაში რეგისტრირებულ სამგზავრო ავტოსატრანსპორტო საშუალებას, ვალდებულია, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ დოკუმენტებთან ერთად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს წარუდგინოს „მგზავრების სია“.
7. პარტნიორ ქვეყანაში რეგისტრირებული სამგზავრო ავტოსატრანსპორტო საშუალების საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადაადგილება, შესაბამისი ავტორიზაციის ბლანკის წარდგენის გარეშე, შესაძლებელია საქართველოს ორმხრივი და მრავალმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, საბაჟო გამშვები პუნქტის უფლებამოსილი თანამშრომელი ამოწმებს:
ა) საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ ავტომობილის მართლზომიერი ფლობისა და გადამზიდველთან დასაქმების ფაქტს;
ბ) შესაბამისი გარემოების დამადასტურებელი დოკუმენტების არსებობას.
9. ამ მუხლის მე-3, მე-4, მე-6 და მე-8 პუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტები უნდა ინახებოდეს სამგზავრო ავტოსატრანსპორტო საშუალებაში და მოთხოვნისთანავე წარედგინოს შესაბამისი მაკონტროლებელი ორგანოს წარმომადგენელს.
საქართველოს მთავრობის 2015 წლის 13 ოქტომბრის დადგენილება №531 - ვებგვერდი, 16.10.2015წ.
საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 ნოემბრის დადგენილება №504 - ვებგვერდი, 15.11.2016წ.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 10 აგვისტოს დადგენილება №386 – ვებგვერდი, 14.08.2017წ.
საქართველოს მთავრობის 2024 წლის 21 მაისის დადგენილება №169 - ვებგვერდი, 22.05.2024წ.
მუხლი 81. ნებართვის მისაღებად საჭირო დოკუმენტები
1. საავტომობილო სამგზავრო გადაყვანის ნებართვის მაძიებელმა ნებართვის მისაღებად საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს (შემდგომში − სააგენტო), ელექტრონული ან წერილობითი მიმართვის საფუძველზე უნდა წარუდგინოს:
ა) ინფორმაცია გადამზიდველის მფლობელობაში არსებულ ყველა ავტოსატრანსპორტო საშუალებასთან (ავტობუსი, მინივენი) დაკავშირებით (რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტისა და ამ სატრანსპორტო საშუალების (საშუალებების) მფლობელობაში არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლები), რომელიც ჩართულია საერთაშორისო რეგულარულ სამგზავრო გადაყვანაში ან/და საერთაშორისო არარეგულარულ სამგზავრო გადაყვანაში ან/და ქვეყნის შიდა რეგულარულ სამგზავრო გადაყვანაში;
ბ) ცნობა გადამზიდველის, მისი ხელმძღვანელის, მენეჯერისა და მასთან დასაქმებული ყველა მძღოლის ნასამართლობის შესახებ;
გ) მენეჯერსა და ყველა მძღოლთან გაფორმებული შრომითი ურთიერთობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
დ) მენეჯერის პროფესიული კომპეტენტურობის ან კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
ე) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრიდან;
ვ) ამ წესის 82 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფინანსური რესურსის არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ზ) წარმომადგენლის არსებობის შემთხვევაში, შესაბამისი წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო ფიზიკური პირის წარმომადგენლობის შემთხვევაში − სანოტარო წესით დამოწმებული წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი. სანოტარო წესით დამოწმება არ მოითხოვება, თუ განცხადება წარდგენილია ელექტრონული ფორმით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
თ) (ამოღებულია - 31.12.2025, №651);
ი) სანებართვო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;
კ) შესაბამისი დაწესებულების მიერ მასთან დასაქმებული ყველა მძღოლის სახელზე გაცემული ცნობა ნარკოლოგიურ აღრიცხვაზე არყოფნის შესახებ;
ლ) გადამზიდველის მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიღებული, საქმიანობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დეკლარაცია;
მ) ინფორმაცია იმ საავტომობილო სამგზავრო გადაყვანის სახეობაზე, რომლის განხორციელების სურვილიც გააჩნია.
2. საავტომობილო სამგზავრო გადაყვანის ნებართვის მაძიებელს, ქვეყნის შიდა რეგულარული და საერთაშორისო არარეგულარული სამგზავრო გადაყვანის განხორციელების მიზნით, ნებართვის მისაღებად სააგენტოს შეუძლია მიმართოს 2024 წლის 1 დეკემბრიდან.
3. მომსახურების გაწევისათვის ამ მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტების წარდგენა სავალდებულო არ არის, თუ აღნიშნული დოკუმენტები ან ამ დოკუმენტებში ასახული ინფორმაცია ელექტრონული სახით ინახება სააგენტოს ან სხვა პირების ელექტრონულ ბაზებში და სააგენტოსათვის აღნიშნული ინფორმაცია ხელმისაწვდომია.
4. გადამზიდველი ვალდებულია, მოთხოვნის საფუძველზე, სააგენტოს წარუდგინოს შესაბამის მარშრუტზე ავტობუსის/მინივენის მოძრაობის განრიგი, რომელიც შეთანხმებულია საქართველოში არსებულ საწყის, ბოლო და შუალედური გაჩერების პუნქტებში არსებულ ავტოსადგურებთან. აღნიშნულ მარშრუტზე წარმოდგენილი გადამზიდველის მფლობელობაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და მათი მძღოლების რაოდენობა შესაბამისობაში უნდა იყოს ამ მარშრუტისა და განრიგის შესაბამისი რეისების შესასრულებლად. ეს პუნქტი არ ვრცელდება საერთაშორისო არარეგულარულ სამგზავრო გადაყვანასთან დაკავშირებულ ოპერაციებზე.
5. მენეჯერის ნასამართლობის შესახებ ცნობის, პროფესიული კომპეტენტურობის ან კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლისა და მენეჯერთან შრომითი ურთიერთობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლის წარდგენის ვალდებულება გადამზიდველს გააჩნია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ წესის 82 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე სხვაგვარად ვერ ადასტურებს საკუთარ კვალიფიკაციას.
6. ნებართვის მოქმედების პერიოდში, მის მიერ წარდგენილ დოკუმენტებში არსებული ინფორმაციის ცვლილების შემთხვევაში, შესაბამისი ცვლილებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში აცნობოს სააგენტოს აღნიშნულის თაობაზე და წარადგინოს ცვლილების დამადასტურებელი დოკუმენტი.
საქართველოს მთავრობის 2024 წლის 21 მაისის დადგენილება №169 - ვებგვერდი, 22.05.2024წ.
საქართველოს მთავრობის 2025 წლის 30 მაისის დადგენილება №184 - ვებგვერდი, 30.05.2025წ.
საქართველოს მთავრობის 2025 წლის 31დეკემბრის დადგენილება №651 - ვებგვერდი, 31.12.2025წ.
მუხლი 82. სანებართვო პირობები
1. საავტომობილო სამგზავრო გადაყვანის საქმიანობის განხორციელებისას ნებართვის მფლობელი ვალდებულია, დაიცვას შემდეგი სანებართვო პირობები:
ა) გააჩნდეს სათანადო ფინანსური აქტივი (მათ შორის, ფულადი აქტივის ჩათვლით ან/და საბანკო ანგარიშები ან/და საბანკო გარანტია), რომლის მინიმალური თანხა ერთი ავტოსატრანსპორტო საშუალებისათვის განისაზღვრება 5000 ლარის ოდენობით, ხოლო ყოველი შემდგომი ავტოსატრანსპორტო საშუალებისათვის − 2500 ლარის ოდენობით, ამ წესის 81 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე წარდგენილი ავტოსატრანსპორტო საშუალების რაოდენობის შესახებ ინფორმაციის გათვალისწინებით. ნებართვის მფლობელის საკუთრებაში არსებული ან/და მისთვის ლიზინგის ფორმით გადაცემული ავტოსატრანსპორტო საშუალებები ჩაითვლება ფინანსურ რესურსად და ამ ავტოსატრანსპორტო საშუალებებთან დაკავშირებით არ ვრცელდება დამატებითი რესურსის არსებობის ვალდებულება. ამ ქვეპუნქტის მიზნებისათვის ფინანსურ რესურსად შესაძლოა გათვალისწინებულ იქნეს ნებართვის მფლობელის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება;
ბ) უნდა აკმაყოფილებდეს პროფესიული კვალიფიკაციის მოთხოვნას, რაც უნდა დასტურდებოდეს მასთან შრომით ურთიერთობაში მყოფი მენეჯერის სახელზე საავტომობილო ტრანსპორტის სფეროში გაცემული დიპლომით ან/და სერტიფიკატით ან ამავე სფეროში საქმიანობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილებით;
გ) ნებართვის მფლობელი, მისი მენეჯერი, ხელმძღვანელი პირი არ უნდა იყვნენ ნასამართლევნი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილი მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის, ხოლო გადამზიდველთან დასაქმებული მძღოლი − საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილი მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე, აგრეთვე ამავე კოდექსის 273-ე, 2731 და 276-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულისთვის;
დ) გააჩნდეს სტაბილური და მუდმივმოქმედი ოფისი;
ე) გადამზიდველის მიერ გამოყენებული უნდა იყოს მხოლოდ ის სატრანსპორტო საშუალება, რომელსაც წარმატებით აქვს გავლილი პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება;
ვ) გადამზიდველის მიერ გამოყენებული უნდა იყოს მხოლოდ ის სატრანსპორტო საშუალება, რომელიც აღჭურვილია ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობის პარამეტრების აღმრიცხველი საკონტროლო მოწყობილობით − ტაქოგრაფით და სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობით;
ზ) ქვეყნის შიდა რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას გამოიყენოს მხოლოდ ის სატრანსპორტო საშუალება, რომელიც აღჭურვილია:
ზ.ა) ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობის პარამეტრების აღმრიცხველი საკონტროლო მოწყობილობით − ტაქოგრაფით, 50 კილომეტრზე მეტი მანძილით დაშორებულ საქართველოში მდებარე შესაბამის დასახლებებს (ქალაქი, სოფელი, დაბა) შორის მოძრაობისას;
ზ.ბ) სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობით.
თ) დადგენილი წესით დაიცვას მარშრუტზე ავტობუსის/მინივენის მოძრაობის განრიგი;
ი) ქვეყნის შიდა რეგულარული სამგზავრო გადაყვანის განხორციელების მიზნით, უზრუნველყოს თითოეული მარშრუტისა და განრიგის სააგენტოში რეგისტრაცია;
კ) საერთაშორისო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის, საერთაშორისო არარეგულარული სამგზავრო გადაყვანის და ქვეყნის შიდა რეგულარული სამგზავრო გადაყვანის განხორციელების დროს ბორტზე გააჩნდეს ავტოსატრანსპორტო საშუალების ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტისა და ნებართვის ასლები;
ლ) დაიცვას ამ წესით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები.
2. პირის საქმიანობა ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საავტომობილო ტრანსპორტის სფეროში გამოცდილებად ითვლება, თუ, სულ მცირე, ბოლო 2 წლის განმავლობაში:
ა) პირი ფლობდა საავტომობილო სამგზავრო გადაყვანის ნებართვას; ან
ბ) პირი ფლობდა სააგენტოს მიერ კონკურსის საფუძველზე გაცემულ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით დადგენილ საერთაშორისო საავტომობილო სამგზავრო გადაყვანის მრავალჯერად ნებართვას; ან
გ) პირის სახელზე გაცემული იყო საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გამოყოფილი ან/და საქართველოსა და პარტნიორ ქვეყნებს შორის გაცვლილი, სულ მცირე, 1 სანებართვო დოკუმენტი საერთაშორისო რეგულარული ან არარეგულარული სამგზავრო გადაყვანის განსახორციელებლად.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სანებართვო პირობა ვრცელდება მხოლოდ იმ გადამზიდველზე, რომელზეც 2026 წლის 1 ივნისამდე არ იყო გაცემული საავტომობილო სამგზავრო გადაყვანის ნებართვა, ხოლო ამავე ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სტაბილურ და მუდმივმოქმედ ოფისად ითვლება უძრავი ქონება, რომელსაც გადამზიდველი ფლობს თავისი საქმიანობის განსახორციელებლად.
4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ვრცელდება მხოლოდ იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე, რომელიც ჩართულია საერთაშორისო რეგულარული სამგზავრო ან/და საერთაშორისო არარეგულარულ სამგზავრო გადაყვანაში.
5. ამ მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი არ ვრცელდება საერთაშორისო არარეგულარულ სამგზავრო გადაყვანასთან დაკავშირებულ ოპერაციებზე.
საქართველოს მთავრობის 2024 წლის 21 მაისის დადგენილება №169 - ვებგვერდი, 22.05.2024წ.
საქართველოს მთავრობის 2025 წლის 30 მაისის დადგენილება №184 - ვებგვერდი, 30.05.2025წ
საქართველოს მთავრობის 2025 წლის 31დეკემბრის დადგენილება №651 - ვებგვერდი, 31.12.2025წ.
მუხლი 83. ნებართვის გაცემა
1. ნებართვა გაიცემა ელექტრონული ფორმით, ხოლო დაინტერესებული პირის მოთხოვნის შემთხვევაში შესაძლოა გაიცეს ნებართვის ელექტრონული დოკუმენტის ასლი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ნებართვის ფორმას ამტკიცებს სააგენტოს დირექტორი.
2. ნებართვის გაცემისას მასში მიეთითება ის საავტომობილო სამგზავრო გადაყვანის სახეობა, რომელიც სააგენტოსთვის მიმართვისას მიუთითა გადამზიდველმა. თუ გადამზიდველი აკმაყოფილებს საერთაშორისო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისთვის ამ წესით დადგენილ სანებართვო პირობებს, ივარაუდება, რომ ის აკმაყოფილებს ქვეყნის შიდა რეგულარულ სამგზავრო გადაყვანასა და საერთაშორისო არარეგულარულ სამგზავრო გადაყვანასთან დაკავშირებულ სანებართვო პირობებს.
3. გადამზიდველი, რომელიც ახორციელებს:
ა) ქვეყნის შიდა რეგულარულ სამგზავრო გადაყვანას და აქვს სურვილი, განახორციელოს საერთაშორისო რეგულარული ან საერთაშორისო არარეგულარული სამგზავრო გადაყვანა; ან
ბ) საერთაშორისო არარეგულარულ სამგზავრო გადაყვანას და აქვს სურვილი, განახორციელოს ქვეყნის შიდა რეგულარული სამგზავრო გადაყვანა ან/და საერთაშორისო რეგულარული სამგზავრო გადაყვანა, ვალდებულია, აღნიშნულის თაობაზე განცხადებით მიმართოს სააგენტოს და იმ შემთხვევაში, თუ დააკმაყოფილებს შესაბამის სანებართვო პირობებს, სააგენტოს მიერ მოხდება საავტომობილო სამგზავრო გადაყვანის ნებართვაში შესაბამისი ცვლილების შეტანა.
საქართველოს მთავრობის 2024 წლის 21 მაისის დადგენილება №169 - ვებგვერდი, 22.05.2024წ.
მუხლი 84. ნებართვის მოქმედების ვადა
საავტომობილო სამგზავრო გადაყვანის ნებართვა გაიცემა გადამზიდველზე 3 წლის ვადით და არსობრივად არის დაკავშირებული მის მფლობელთან.
საქართველოს მთავრობის 2024 წლის 21 მაისის დადგენილება №169 - ვებგვერდი, 22.05.2024წ.
მუხლი 85. პასუხისმგებლობა უნებართვო საქმიანობისთვის
1. საერთაშორისო რეგულარული სამგზავრო გადაყვანა, საერთაშორისო არარეგულარული სამგზავრო გადაყვანა ან ქვეყნის შიდა რეგულარული სამგზავრო გადაყვანა, სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გარეშე, გამოიწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად.
2. უნებართვო საქმიანობად ჩაითვლება სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გარეშე მგზავრის გადაყვანა და ბარგის გადაზიდვა ნებისმიერი დანიშნულებითა და მიზნით, რაც გამოიხატება შესაბამისი ანაზღაურების საფუძველზე საავტომობილო სამგზავრო გადაყვანის მიზნით ავტობუსში/ მინივენში მგზავრების არსებობის ფაქტით, ან ავტობუსში/მინივენში იმ შესაბამისი ნიშნის განთავსებით, რომელიც სამგზავრო გადაყვანის განხორციელების მაიდენტიფიცირებელი იქნება (აბრა) ან სხვა ნიშნის განთავსებით ან შესაბამისი სამგზავრო გადაყვანის მომსახურების საჯარო შეთავაზების სხვა ფორმის გამოყენებით.
3. შესაბამისი ანაზღაურების საფუძველზე საავტომობილო სამგზავრო გადაყვანის მიზნით, ავტობუსში/მინივენში მგზავრების არსებობის ფაქტი ან ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე სამგზავრო გადაყვანის განხორციელების შესახებ აბრის ან სხვა ნიშნის განთავსება ან შესაბამისი სამგზავრო გადაყვანის მომსახურების საჯარო შეთავაზების სხვა ფორმის გამოყენება აღქმული იქნება საავტომობილო სამგზავრო გადაყვანის განხორციელებად.
საქართველოს მთავრობის 2024 წლის 21 მაისის დადგენილება №169 - ვებგვერდი, 22.05.2024წ.
მუხლი 86. შუალედური გაჩერების პუნქტი
1. ავტოსადგურებს შორის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიძლება მოეწყოს ავტობუსების შუალედური გაჩერების პუნქტები.
2. შუალედური გაჩერების პუნქტი შეიძლება იყოს:
ა) აეროპორტის მიმდებარე ტერიტორია;
ბ) ავტოსადგური;
გ) იმ დასახლებაში (ქალაქი, სოფელი, დაბა), სადაც არ არის ავტოსადგური, მარშრუტზე ავტობუსის/მინივენის მოძრაობის განრიგში მითითებული გაჩერების პუნქტი;
დ) „საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის მწარმოებელი სატრანსპორტო საშუალებების ეკიპაჟების მუშაობის შესახებ“ ევროპის შეთანხმების (AETR) საქართველოში იმპლემენტაციის სამოქმედო გეგმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 1 მარტის №209 განკარგულებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების მიზნით შექმნილი უწყებათაშორისო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, მხოლოდ ავტომაგისტრალზე სააგენტოს მიერ განსაზღვრული შუალედური გაჩერების პუნქტი.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შუალედური გაჩერების პუნქტს უნდა გააჩნდეს:
ა) გასაჩერებელი სივრცე, სულ მცირე, 30 ერთეული ავტობუსის/ მინივენის მიღებისათვის (მათ შორის, მისასვლელი ბაქნებით და გადახურული);
ბ) დაცვის სამსახურისთვის სივრცე;
გ) განათების სისტემა, რომელმაც უნდა მოიცვას შუალედური გაჩერების პუნქტის მთელი ტერიტორია;
დ) სახანძრო უსაფრთხოების სისტემა;
ე) 24-საათიანი უწყვეტი ვიდეომონიტორინგის სისტემა, რომელმაც უნდა მოიცვას შუალედური გაჩერების პუნქტის მთელი ტერიტორია;
ვ) სანიტარიულ-ჰიგიენური ბლოკი, რომელიც უნდა იყოს მოწყობილი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისი ნორმების გათვალისწინებით;
ზ) ავტობუსის შესამოწმებელი ორმო;
თ) ინტერნეტთან უფასო წვდომის შესაძლებლობა;
ი) ბავშვთა გასართობი ღია და დახურული სივრცე;
კ) მოსაცდელი სივრცე, სულ მცირე, 150 ადამიანზე გათვლილი;
ლ) სამედიცინო პუნქტი;
მ) სრული ტერიტორია აღჭურვილი შესაბამისი საგზაო ნიშნებითა და მონიშვნით;
ნ) საინფორმაციო სამსახური;
ო) უწყვეტი ელექტროენერგიის წყარო (გენერატორი);
პ) სსიპ − ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შესაბამის სფეროში აკრედიტებული ორგანოს მიერ სერტიფიცირებული უძრავი ქონების შეფასების უფლებამოსილების მქონე პირის მიერ გაცემული დასკვნა, რომლითაც დასტურდება შუალედური გაჩერების პუნქტის შესაბამისობა ამ წესით დადგენილ მოთხოვნებთან.
საქართველოს მთავრობის 2024 წლის 21 მაისის დადგენილება №169 - ვებგვერდი, 22.05.2024წ.
მუხლი 9. დარჩენილი ნივთების დაბრუნება
1. რეგულარული მიმოსვლის ავტობუსის სალონში ან/და საბარგულში დარჩენილი ხელბარგი ან/და ბარგი მძღოლმა უნდა ჩააბაროს მარშრუტის საწყის ან ბოლო პუნქტში ავტოსადგურის პასუხისმგებელ პირს.
2. არარეგულარული მიმოსვლის ავტობუსისა და ტაქსის სალონში ან/და საბარგულში დარჩენილი ნივთები მძღოლმა უნდა ჩააბაროს გადამზიდველს ან დაკარგული ნივთების ბიუროში.
3. დარჩენილი ხელბარგი ან/და ბარგი შენახული უნდა იქნეს ერთი თვის განმავლობაში (გარდა მალფუჭებადი პროდუქტებისა).
მუხლი 10. პასუხისმგებლობა
პასუხისმგებლობა ამ წესის მოთხოვნათა დარღვევისათვის განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
მუხლი 11. გარდამავალი დებულება
1. გადამზიდველს, რომელიც ახორციელებს საერთაშორისო არარეგულარულ სამგზავრო გადაყვანას ან/და ქვეყნის შიდა რეგულარულ სამგზავრო გადაყვანას, სამგზავრო გადაყვანის ნებართვის ფლობის ვალდებულება წარმოეშობა 2025 წლის 1 მარტიდან.
2. 2024 წლის 1 დეკემბრიდან 2026 წლის 1 ივნისამდე პერიოდში, საერთაშორისო არარეგულარული სამგზავრო გადაყვანის ან/და ქვეყნის შიდა რეგულარული სამგზავრო გადაყვანის განხორციელების მიზნით შესაბამისი ნებართვის მოსაპოვებლად, ნებართვის მაძიებელმა უნდა წარადგინოს:
ა) ინფორმაცია მფლობელობაში, სულ მცირე, ერთი ავტობუსის/ მინივენის შესახებ, რომელიც, ნებართვის სახეობის გათვალისწინებით, ჩართულია საავტომობილო სამგზავრო გადაყვანაში;
ბ) სანებართვო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;
გ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ყველა ავტობუსის/ მინივენის პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ანგარიში;
დ) გადამზიდველისა და მისი ხელმძღვანელის ნასამართლობის შესახებ ცნობა;
ე) გადამზიდველის მიერ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიღებული საქმიანობის სფეროში, მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დეკლარაცია.
3. მომსახურების გაწევისათვის ამ მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტების წარდგენა სავალდებულო არ არის, თუ აღნიშნული დოკუმენტები ან ამ დოკუმენტებში ასახული ინფორმაცია ელექტრონული სახით ინახება სააგენტოს ან სხვა პირების ელექტრონულ ბაზებში და სააგენტოსათვის აღნიშნული ინფორმაცია ხელმისაწვდომია.
4. მხოლოდ საერთაშორისო არარეგულარული სამგზავრო გადაყვანის ან/და ქვეყნის შიდა რეგულარული სამგზავრო გადაყვანის განხორციელების მიზნით, საავტომობილო სამგზავრო გადაყვანის ნებართვის მფლობელ გადამზიდველზე, 2026 წლის 1 ივნისამდე, ვრცელდება ამ წესის 82 მუხლის პირველი პუნქტის:
ა) „გ“, „ე“, „ვ“, „კ“ და „ლ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სანებართვო პირობები − საერთაშორისო არარეგულარული სამგზავრო გადაყვანის შემთხვევაში;
ბ) „გ“, „ე“, „თ“, „კ“ და „ლ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სანებართვო პირობები − ქვეყნის შიდა რეგულარული სამგზავრო გადაყვანის შემთხვევაში.
5. საერთაშორისო არარეგულარულ სამგზავრო გადაყვანასა და ქვეყნის შიდა რეგულარულ სამგზავრო გადაყვანაზე ამ წესის 81-82 მუხლები (გარდა 82 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ და „ი“ ქვეპუნქტებისა) გავრცელდეს 2026 წლის 1 ივნისიდან.
51. ქვეყნის შიდა რეგულარულ სამგზავრო გადაყვანაზე ამ წესის 82 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის:
ა) „ზ.ა“ ქვეპუნქტი გავრცელდეს თბილისსა და ბათუმს შორის მოძრაობისას − 2027 წლის 1 ივნისიდან, ხოლო საქართველოში მდებარე ყველა სხვა დასახლებას (ქალაქი, სოფელი, დაბა) შორის მოძრაობისას − 2027 წლის 1 დეკემბრიდან;
ბ) „ზ.ბ“ ქვეპუნქტი გავრცელდეს თბილისსა და ბათუმს შორის მოძრაობისას − 2027 წლის 1 მარტიდან, ხოლო საქართველოში მდებარე ყველა სხვა დასახლებას (ქალაქი, სოფელი, დაბა) შორის მოძრაობისას − 2027 წლის 1 დეკემბრიდან.
52. ქვეყნის შიდა რეგულარულ სამგზავრო გადაყვანაზე ამ წესის 82 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი გავრცელდეს 2027 წლის 1 ივნისიდან.“
6. გადამზიდველი, რომელიც ახორციელებს საერთაშორისო რეგულარულ სამგზავრო გადაყვანას, სამგზავრო გადაყვანის ნებართვის მოპოვების ვალდებულება წარმოეშობა 2024 წლის 1 ივლისიდან.
7. საერთაშორისო რეგულარული და საერთაშორისო არარეგულარული სამგზავრო გადაყვანის განხორციელების მიზნით, საქართველოსა და პარტნიორ ქვეყნებს შორის გაცვლილი სანებართვო დოკუმენტები საერთაშორისო რეგულარულ სამგზავრო გადაყვანაზე გაიცემა მხოლოდ ისეთ გადამზიდველზე, რომელზეც ამ წესის 81-82 მუხლების საფუძველზე გაცემულია სამგზავრო გადაყვანის ნებართვა ამავე წესით დადგენილი ვადების გათვალისწინებით.
საქართველოს მთავრობის 2024 წლის 21 მაისის დადგენილება №169 - ვებგვერდი, 22.05.2024წ.
საქართველოს მთავრობის 2025 წლის 30 მაისის დადგენილება №184 - ვებგვერდი, 30.05.2025წ.
საქართველოს მთავრობის 2025 წლის 31დეკემბრის დადგენილება №651 - ვებგვერდი, 31.12.2025წ.
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე