ბრძანება N 5748

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 17.03.2026
№ დოკუმენტი 5748
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი

🏷️ თეგები

📄 სრული ტექსტი

N 5748

17 მარტი 2026

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „---ის“ (ს/ნ ---)

(----) 2026 წლის 25 თებერვლის და 27 თებერვლი

საჩივრების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 6 მარტის სხდომაზე (ოქმი №21) განიხილა შპს „----ის“ (ს/ნ ----) №101017/1/2026 და №32620/21 საჩივრები, რომლებიც ეხება შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2026 წლის 9 თებერვლის №2749 ბრძანებას.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი განმარტავს, რომ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2026 წლის 9 თებერვლის №2749 ბრძანებით დაინიშნა შპს „--- ის“ (ს/ნ ---) სასაქონლომატერიალური ფასეულობების ნაშთის ფაქტობრივი მდგომარეობის აღრიცხვა. მითითებული პროცედურა (ინვენტარიზაცია) ჩატარდა არსებითი დარღვევებით. კერძოდ, ინვენტარიზაციის განხორციელებისას შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლების ვიზიტის დროს, კომპანიის თანამშრომელმა ვერ უზრუნველყო სრულყოფილი და ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება არსებული საწყობების შესახებ, რომლებიც იჯარით აქვს დაქირავებული კომპანიას, რაც განპირობებული იყო ენობრივი ბარიერით (თანამშრომელი არ არის ქართულენოვანი). კომპანიის თანამშრომელმა შემმოწმებელ პირებს ენობრივი ბარიერის გამო მიაწოდა არასრული ინფორმაცია. მას ეგონა, რომ მაკონტროლებელი ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენლებს მიაწოდა სრული ინფორმაცია, ვინაიდან, როგორც ის განმარტავს, იგი აგრეთვე მიუთითებდა სხვა საწყობებზეც, რომელიც მდებარეობს: ---ის რაიონი, სოფელი ----. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ განხორციელდა მხოლოდ ერთი საწყობის აღწერა და არ მომხდარა სხვა საწყობების აღწერა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რომ სადავო ბრძანების საფუძველზე განხორციელებული პროცედურები ჩატარდა არსებითი დარღვევებით, არასრულად და კანონშეუსაბამოდ, მომჩივანი ითხოვს სადავო ბრძანების გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 6 თებერვლის №9264-21-14 სამსახურებრივი ბარათის საფუძველზე, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2026 წლის 9 თებერვლის №2749 ბრძანებით, დაინიშნა შპს „---ის“ (ს/ნ ---) (----) სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის ფაქტობრივი მდგომარეობის აღრიცხვის ჩატარება. სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის ფაქტობრივი მდგომარეობის აღრიცხვის დაწყებამდე ბრძანება ჩაბარდა შპს „----ის“ (ს/ნ ---) მინდობილ პირს ----ს (პ/ნ ---), მასვე ჩამოერთვა ხელწერილი, რომ ყველა ბუღალტრული საბუთი დამუშავებულია, მიღებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები აღებულია შემოსავალში, ხოლო რეალიზებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები ჩამოწერილია გასავალში. ასევე ჩამოერთვა ხელწერილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ადგილმდებარეობის შესახებ, სადაც ---მა აღნიშნა, რომ კომპანიის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები განთავსებულია ქ. ---- (2 საწყობი) და ასევე აღნიშნა, რომ გარდა აღნიშნული მისამართისა, სხვაგან კომპანიის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები არ ინახება.

გადასახადის გადამხდელის თხოვნის საფუძველზე აღწერის დაწყება გადაიდო შემდეგი დღისთვის, რის შემდეგაც აღნიშნული სასაწყობე მეურნეობა დაილუქა შემოსავლების სამსახურის ლუქებით. 2026 წლის 10 თებერვალს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტმა დაიწყო სასაქონლომატერიალური ფასეულობების ფაქტობრივი აღწერა, რა დროსაც ---ვმა მიმდინარე კონტროლის პროცედურის განმახორციელებელ პირებს სთხოვა, შეეწყვიტათ აღრიცხვის პროცესი შემდეგ დღემდე, ახლობელი ადამიანის გარდაცვალების გამო. 2026 წლის 11 თებერვალს გაგრძელდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ფაქტობრივი აღწერა, რა დროსაც გამოცხადდა გადასახადის გადამხდელის წარმომადგენელი, რომელმაც განაცხადა, რომ იყო კიდევ ერთი საწყობი, რომელიც კომპანიის მინდობილ პირს - ---ს გამორჩა ხელწერილების შედგენის დროს და სთხოვა მიმდინარე კონტროლის პროცედურის განმახორციელებელ პირებს, წაჰყოლოდნენ გამოტოვებულ საწყობში არსებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების აღწერის ჩასატარებლად, რაზეც ეთქვა უარი, ვინაიდან პროცედურის დაწყებიდან გასული იყო რამდენიმე დღე.

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ გაგრძელდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების აღწერა. ყოველი დღის დასასრულს მინდობილი პირი - --- ხელს აწერდა დანართ №16-ს (ოქმს ფაქტიური აღწერის შესახებ). გამონაკლისი მოხდა მხოლოდ მაშინ, როდესაც დასრულდა აღწერა. მინდობილმა პირმა უარი განაცხადა დანართ №16-ზე ხელის მოწერაზე, რის გამოც საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ კიდევ ერთი დღით დაილუქა საწყობი. 2026 წლის 18 თებერვალს მიმდინარე კონტროლის პროცედურის განმახორციელებელი პირები დაუკავშირდნენ ---ს და შეხვდნენ სასაწყობე მეურნეობის განთავსების ადგილზე (ქ. ----), მან კვლავ უარი განაცხადა დანართ №16-ზე ხელის მოწერაზე, ასევე უარი განაცხადა ლუქების ახსნის შესახებ ოქმზე ხელის მოწერაზეც, რის შემდეგაც ოფიცრებმა ახსნეს ლუქები გადამხდელის თანდასწრების გარეშე და დატოვეს ტერიტორია. სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის ფაქტობრივი მდგომარეობის აღრიცხვის მასალები გაეგზავნა აუდიტის დეპარტამენტს.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა აღნიშნული საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ, გამოიკვლიონ საწარმოთა, ორგანიზაციათა და მეწარმე ფიზიკურ პირთა საწარმოო, სასაწყობო, სავაჭრო და სხვა სათავსები, განახორციელონ საგადასახადო მონიტორინგი, ინვენტარიზაციით აღრიცხონ საქონლის მარაგები, ჩაატარონ დაკვირვება ქრონომეტრაჟის ან სხვა მეთოდის გამოყენებით და განსაზღვრონ დასაბეგრი ობიექტების რაოდენობა, ჩაატარონ საგადასახადო შემოწმება, უზრუნველყონ გადასახადის გადამხდელის მიერ საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვის კონტროლი და მათი დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი პირების მიმართ გაატარონ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომები;

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 491 მუხლის თანახმად:

1. საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია განახორციელოს ზოგადი ანალიტიკური პროცედურები.

2. ზოგადი ანალიტიკური პროცედურები გულისხმობს პირის შესახებ ინფორმაციის შეკრებას, ანალიზს და ამ ანალიზის საფუძველზე გადასახადების ადმინისტრირების ღონისძიებების დაგეგმვასა და ოპტიმიზაციას, მათ შორის, გადასახადით დასაბეგრი ობიექტის თაობაზე ინფორმაციის შეგროვებასა და ანალიზს, ასევე, საგადასახადო დავალიანებისა და ზედმეტობის წარმოშობის მიზეზების შესწავლას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 261-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფროსს უფლება აქვს, სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე გამოსცეს აქციზური საქონლის მფლობელი პირის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ან/და ძირითადი საშუალებების ინვენტარიზაციის ჩატარების ბრძანება (საგადასახადო ორგანოს უფროსს უფლება აქვს, არააქციზური საქონლის მფლობელი პირის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ან/და ძირითადი საშუალებების ინვენტარიზაციის ჩატარების ბრძანება გამოსცეს კალენდარული წლის განმავლობაში არა უმეტეს 2-ჯერ, ხოლო მე-3-ჯერ ინვენტარიზაცია შესაძლებელია ჩატარდეს შემოსავლების სამსახურის უფროსის/მისი მოადგილის ბრძანებით).

გადასახადის გადამხდელის ხელმძღვანელმა (დირექტორმა) ინვენტარიზაციის გონივრულ ვადაში ჩატარების მიზნით, ბრძანების ჩაბარებიდან 2 სამუშაო დღის ვადაში უნდა შექმნას საინვენტარიზაციო კომისია. საინვენტარიზაციო კომისიაში შეყვანილი უნდა იქნენ ის პირები, რომლებიც კარგად იცნობენ საინვენტარიზაციო ქონებას, იციან მისი ფასი და პირველადი აღრიცხვა, აგრეთვე საგადასახადო ორგანოს მოთხოვნის შემთხვევაში – საგადასახადო ორგანოს თანამშრომლები ან/და მის მიერ მოწვეული სპეციალისტები.

საინვენტარიზაციო კომისია ვალდებულია სრულად და დროულად აღრიცხოს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები ან/და ძირითადი საშუალებები წარმოებისა და შენახვის ადგილზე, შეუდაროს აღრიცხვის შედეგები ბუღალტრული აღრიცხვის შესაბამის მონაცემებს და ყოველივე ეს შეიტანოს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ან/და ძირითადი საშუალებების აღწერის ოქმში.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის №994 ბრძანების 26-ე მუხლის თანახმად:

1. ინვენტარიზაციის მიზანია დროის გარკვეული პერიოდისთვის მოხდეს გადასახადის გადამხდელის მფლობელობაში არსებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების (შემდგომში – სმფ), წარმოების და მათი შენახვის ადგილზე სამეურნეო საქმიანობის პროცესში გამოყენებული ნედლეულის, მასალების, ნახევარფაბრიკატების, მარაგ-ნაწილების, ტარისა და მზა პროდუქციის (საქონლის) ნაშთების ფაქტობრივი მდგომარეობის სააღრიცხვო დოკუმენტაციაში აღრიცხულ ნაშთებთან შედარება, აგრეთვე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე სმფ-ის (საქონლის მარაგების) ნაშთის ფაქტობრივი მდგომარეობის აღრიცხვა.

2. ინვენტარიზაცია ტარდება მხოლოდ ისეთი სმფ-ების სახეობების მიმართ, რომელთა დათვლა, აწონვა და აზომვა ფიზიკურად შესაძლებელია.

3. ინვენტარიზაციას ექვემდებარება:

ა) ის სმფ-ები, რომელიც მოცემული გადასახადის გადამხდელის მფლობელობაშია და იმყოფება მის ტერიტორიაზე;

ბ) ის სმფ-ები, რომელიც მოცემული გადასახადის გადამხდელის მიერ მიღებულია შესანახად, იჯარით სარგებლობისათვის, გადასამუშავებლად ან სხვა დანიშნულებით;

გ) ის სმფ -ები, რომელიც აღრიცხულია შესაბამის ბუღალტრულ ანგარიშებზე, როგორც გზაში მყოფი, გადატვირთული, სხვა გადასახადის გადამხდელთან გადასამუშავებლად ან/და საწყობებში შესანახად გადაცემული სმფ -ები.

4. გადასახადის გადამხდელის მფლობელობაში არსებული ძირითადი საშუალებების ინვენტარიზაციის პროცედურა განისაზღვრება ამ თავის შესაბამისად.

5. ინვენტარიზაცია იწყება გადასახადის გადამხდელისათვის/მისი წარმომადგენლისათვის სმფების ინვენტარიზაციის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაცნობისთანავე, რომლის შემდგომ, შესაბამისი პროცედურების დაწყებამდე, საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი უფლებამოსილია დალუქოს ის სათავსები, სადაც ინახება სმფ-ები, ძირითადი საშუალებები ან/და ბუღალტრული დოკუმენტები.

6. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, დროის გარკვეული პერიოდისთვის გადასახადის გადამხდელის მფლობელობაში არსებული, წარმოების და მათი შენახვის ადგილზე სამეურნეო საქმიანობის პროცესში გამოყენებული სმფ-ის (საქონლის მარაგების) ნაშთების ფაქტობრივი მდგომარეობის აღრიცხვა შემოსავლების სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის მიერ ხორციელდება საგადასახადო/სამართალდამცავი ორგანოს მიმართვის საფუძველზე ან საკუთარი ინიციატივით, ამ თავით გათვალისწინებული დებულებების შესაბამისად.

7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული სმფ-ის (საქონლის მარაგების) ნაშთების ფაქტობრივი მდგომარეობის აღრიცხვის პროცედურა სრულდება საინვენტარიზაციო კომისიის მიერ „სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების აღრიცხვის შესახებ“ ოქმის (დანართი №16) შედგენით და შესაბამის დოკუმენტებთან ერთად საგადასახადო/სამართალდამცავი ორგანოსათვის გაგზავნით.

8. საინვენტარიზაციო კომისიის მიერ „სააღრიცხვო დოკუმენტებში აღრიცხული სასაქონლომატერიალური ფასეულობების ნაშთის შესახებ“ ოქმის (დანართი №19) დადგენილ ვადებში შეუვსებლობის ან არასრულად შევსების შემთხვევაში, თუ საგადასახადო ორგანოში პირის მიმართ მიმდინარეობს საგადასახადო შემოწმება, ინვენტარიზაციის განმახორციელებელი შესაბამისი სტრუქტურული ერთეული უფლებამოსილია ამ წესის 30-ე მუხლის მე-9 პუნქტის გაუთვალისწინებლად შეწყვიტოს ინვენტარიზაციის პროცედურა და „სააღრიცხვო დოკუმენტებში აღრიცხული სასაქონლომატერიალური ფასეულობების ნაშთის შესახებ“ ოქმი (დანართი №19) შესაბამის დოკუმენტებთან ერთად გადაუგზავნოს საგადასახადო ორგანოს.

ამავე ბრძანების 30-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია საინვენტარიზაციო კომისიას წარუდგინოს ინფორმაცია სმფების დასახელების, რაოდენობის, ამ ფასეულობათა მიღების თარიღის, სასაქონლო ზედნადებების ელექტრონული რეესტრის (ასეთის ვალდებულების არსებობის შემთხვევაში) ან/და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის ან სხვა დოკუმენტაციის თარიღისა და ნომრების, პირვანდელი ღირებულების და სხვა მონაცემების ჩვენებით. საინვენტარიზაციო კომისია, საინვენტარიზაციო კომისიის შექმნის ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში გადასახადის გადამხდელთან ერთად ადგენს ამ ფასეულობების ნაშთების სააღრიცხვო (საბუღალტრო) მონაცემებს.

გადასახადის გადამხდელის არგუმენტებთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, შპს „---ის“ (ს/ნ ----) მინდობილ პირთან კომუნიკაცია ხდებოდა ქართულ ენაზე, რაც მის მიერ დადასტურებულია სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის ფაქტობრივი მდგომარეობის აღრიცხვის ჩატარების პროცედურების განხორციელებისას ქართულ ენაზე წარმოდგენილი ხელწერილებით. მათ შორის, სასაქონლომატერიალური ფასეულობების განთავსების შესახებ წარმოდგენილ ინფორმაციაში.

ასევე, საინფორმაციო ბარათში პროცედურის დაწყებამდე საიჯარო ობიექტად მითითებული იყო მხოლოდ ---, ხოლო ---- მითითებულია ინვენტარიზაციის დაწყების შემდეგ, 2026 წლის 10 თებერვალს 19:36 საათზე, ხოლო სასაქონლო ზედნადებებში მისამართი, --- და ----ნის რაიონი სოფელი ---ი მითითებულია 2026 წლის 21 თებერვლიდან.

ამასთან, გადამხდელს დღგ-ის კვალიფიციური გადასახადის გადამხდელის სტატუსის მინიჭების დროს (2025 წლის თებერვალში) ობიექტად მითითებული აქვს მხოლოდ --- და დართულია შესაბამისი იჯარის ხელშეკრულება.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადამხდელის საჩივრები დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო ბრძანება გამოცემულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ ექვემდებარება გაუქმებას.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე

 

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „---ის“ (ს/ნ ---) საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

გადასახადის გადამხდელი განმარტავს, რომ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ბრძანებით დაინიშნა სასაქონლომატერიალური ფასეულობების ნაშთის ფაქტობრივი მდგომარეობის აღრიცხვა. მომჩივანი ითხოვს სადავო ბრძანების გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით ირკვევა, რომ 2026 წლის 10 თებერვალს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტმა დაიწყო სასაქონლომატერიალური ფასეულობების ფაქტობრივი აღწერა. ყოველი დღის დასასრულს მინდობილი პირი - ხელს აწერდა დანართ №16-ს (ოქმს ფაქტიური აღწერის შესახებ). გამონაკლისი მოხდა მხოლოდ მაშინ, როდესაც დასრულდა აღწერა. მინდობილმა პირმა უარი განაცხადა დანართ №16-ზე ხელის მოწერაზე, რის გამოც საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ კიდევ ერთი დღით დაილუქა საწყობი.

2026 წლის 18 თებერვალს მიმდინარე კონტროლის პროცედურის განმახორციელებელი პირები დაუკავშირდნენ -მომჩივანს და შეხვდნენ სასაწყობე მეურნეობის განთავსების ადგილზე, მან კვლავ უარი განაცხადა დანართ №16-ზე ხელის მოწერაზე, ასევე უარი განაცხადა ლუქების ახსნის შესახებ ოქმზე ხელის მოწერაზეც, რის შემდეგაც ოფიცრებმა ახსნეს ლუქები გადამხდელის თანდასწრების გარეშე და დატოვეს ტერიტორია. სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის ფაქტობრივი მდგომარეობის აღრიცხვის მასალები გაეგზავნა აუდიტის დეპარტამენტს.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადამხდელის საჩივრები დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო ბრძანება გამოცემულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ ექვემდებარება გაუქმებას.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 49 1; 261 (1).

საქართველოს ფინანსთა მინისტრის №994 ბრძანების 26-ე მუხლი.