ამორტიზაციის ნორმის არჩევა N 0266

0266 ამორტიზაციის ნორმის არჩევა 30.12.2015
№ დოკუმენტი 0266
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი

📄 სრული ტექსტი

სიტუაციური სახელმძღვანელო

ამორტიზაციის ნორმის არჩევა N 0266

ფაქტობრივი გარემოებები

· საწარმომ დადგენილ ვადაში წარმოადგინა 2011 წლის მოგების გადასახადის დეკლარაცია, რომლის მიხედვით დგინდება, რომ ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითულია ამავე პერიოდში ექსპლუატაციაში გადაცემული ძირითადი საშუალებების საამორტიზაციო ანარიცხები სსკ-ის 111-ე მუხლით განსაზღვრული ამორტიზაციის ნორმის გათვალისწინებით

· 2013 წლის 31 მარტს საწარმომ წარმოადგინა 2011 წლის შესწორებული და 2012 წლის პირველადი დეკლარაციები, რომელთა მიხედვით შესაბამის საანგარიშო პერიოდებში ექსპლუატაციაში შესული ძირითადი საშუალებების ღირებულება სსკ-ის 112-ე მუხლის შესაბამისად სრულად გამოქვითა ამავე პერიოდების ერთობლივი შემოსავლიდან

შეფასება

· სსკ-ის 112-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს, სრულად გამოქვითოს აქტივების ღირებულება იმ საგადასახადო წელს, როდესაც ძირითადი საშუალება ექსპლუატაციაში შევიდა. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, ძირითადი საშუალებების ღირებულების სრულად გამოქვითვის შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს უფლება არ აქვს, არჩეული გამოქვითვის ნორმა შეცვალოს 5 წლის განმავლობაში. ამასთანავე, გამოქვითვის ასეთი ნორმის არჩევა უნდა მოხდეს იმ საგადასახადო წელს, როდესაც ძირითადი საშუალებები ექსპლუატაციაში შევიდა

· საწარმოს მიერ 2011 წლის (ექსპლუატაციაში შესვლის პერიოდის) პირველადი დეკლარაციის წარდგენისას ამორტიზაციის გამოქვითვის ნორმა 111-ე მუხლით არის განსაზღვრული, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ 2011 წელს არ ყოფილა არჩეული ამავე კოდექსის 112-ე მუხლით განსაზღვრული სრული გამოქვითვის ნორმა

· 2011 წელს ექსპლუატაციაში შესულ ძირითად საშუალებებზე უნდა გაგრძელდეს ამორტიზაციის დარიცხვა და ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითვა სსკ-ის 111-ე მუხლით განსაზღვრული ამორტიზაციის ნორმების მიხედვით

ღონისძიებები

· 2011 წლის შესწორებული დეკლაციით ერთობლივი შემოსავლიდან სრულად გამოქვითული ამორტიზაციის თანხა ექვემდებარება შემცირებას

· პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირების შემთხვევაში მის მიმართ გამოიყენება სსკ-ის 275-ე მუხლით გათვალისწინებული სანქცია

შემოსავლებისა და გამოქვითვების საკითხზე გამოცემული სიტუაციური სახელმძღვანელოები ვრცელდება მხოლოდ იმ პირებზე, რომლებიც მოგების გადასახადით არ იბეგრებიან სსკ-ის 97-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტების მიხედვით