N 799 - 24/12/2020 - „სასოფლო-სამეურნეო პესტიციდებისა და აგროქიმიკატების, სასოფლო-სამეურნეო კულტურების სათესი და სარგავი მასალების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 12 აპრილის №173 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
📄 სრული ტექსტი
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №799
2020 წლის 24 დეკემბერი
ქ. თბილისი
„სასოფლო-სამეურნეო პესტიციდებისა და აგროქიმიკატების, სასოფლო-სამეურნეო კულტურების სათესი და სარგავი მასალების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 12 აპრილის №173 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სასოფლო-სამეურნეო პესტიციდებისა და აგროქიმიკატების, სასოფლო-სამეურნეო კულტურების სათესი და სარგავი მასალების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 12 აპრილის №173 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 15/04/2011, 340120000.10.003.016333) შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 173-ე მუხლის „რ“ ქვეპუნქტის შესაბამისად:
1. დამტკიცდეს თანდართული „სასოფლო-სამეურნეო პესტიციდებისა და აგროქიმიკატების, სასოფლო-სამეურნეო კულტურების სათესი და სარგავი მასალების ნუსხა“.
2. დამატებული ღირებულების გადასახადისაგან გათავისუფლდეს ამ დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტით დამტკიცებული ნუსხით გათვალისწინებული საქონლის იმპორტი.“.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2021 წლის 1 იანვრიდან.
პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი, , გიორგი გახარია
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე