დამფუძნებელ ფიზიკურ პირზე საბაზროზე დაბალი პროცენტით გაცემული სესხის დაბეგვრა N 2642
📄 სრული ტექსტი
სიტუაციური სახელმძღვანელო
დამფუძნებელ ფიზიკურ პირზე საბაზროზე დაბალი პროცენტით გაცემული სესხის დაბეგვრა N 2642
ფაქტობრივი გარემოებები
· შპს „X"-მა 100%-იანი წილის მფლობელ დამფუძნებელ ფიზიკურ პირზე, რომელიც არ წარმოადგენს შპს „X"-ის დაქირავებულ პირს, 2017 წლის 1 იანვარს გასცა სესხი 100 000 ლარი 9%-იანი სარგებლით. დამფუძნებელმა გაცემული სესხი დააბრუნა 2017 წლის 30 ნოემბერს, ასევე შპს-ს გადაუხადა სესხზე დარიცხული პროცენტი 8 250 ლარის ოდენობით. შპს „X"-მა იანვრის საანგარიშო პერიოდზე წარმოადგინა მოგების გადასახადის დეკლარაცია და გაცემული სესხი - 100 000 ლარი დაბეგრა მოგების გადასახადით. ამასთან, იმავე პერიოდში გადაიხადა მოგების გადასახადი 17 647 ლარის ოდენობით, ხოლო ნოემბრის საანგარიშო პერიოდის დეკლარაციით, დაბრუნებულ სესხის თანხაზე განახორციელა 17 647 ლარის მოგების გადასახადის ჩათვლა.
· შპს „X"-ს პროცენტთან დაკავშირებით მოგების გადასახადში საგადასახადო ანგარიშგება არ განუხორციელებია.
შეფასება
· საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა" ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია განაწილებული მოგება. ამავე კოდექსის 981 მუხლის მე-4 ნაწილის „ა" ქვეპუნქტის თანახმად, მოგების განაწილებად ითვლება საწარმოს მიერ ურთიერთდამოკიდებულ პირთან განხორციელებული ოპერაცია, თუ მათ შორის დადებული გარიგების ფასი განსხვავდება მისი საბაზრო ფასისაგან და მათი ურთიერთდამოკიდებულება გავლენას ახდენს გარიგების შედეგზე. ასეთ შემთხვევაში განაწილებული მოგების ოდენობა შეადგენს გარიგების საბაზრო ფასსა და მიღებულ/მისაღებ შემოსავალს შორის სხვაობას, თუ გარიგების საბაზრო ფასი აღემატება მიღებულ/მისაღებ შემოსავალს.
· ზემოაღნიშნული ნორმების გათვალისწინებით, მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტად ჩაითვლება გარიგების საბაზრო ფასსა და მიღებულ/მისაღებ შემოსავალს შორის სხვაობა. გაცემული სესხის/მომსახურების საბაზრო ღირებულება გამოანგარიშებული უნდა იქნას საბაზრო განაკვეთით და შესაბამისად, 16 500 ლარსა (100 000*18%/100*11/12) და 8 250 (100 000*9/100*11/12) ლარს შორის სხვაობა - 8 250 ლარი ექვემდებარება დაბეგვრას მოგების გადასახადით, იანვარნოემბრის საანგარიშო პერიოდებზე ყოველთვიურად (8250/11/0,85x15%=132).
ღონისძიებები
· პირს დაერიცხება კუთვნილი მოგების გადასახადი და, დეკლარაციაში თანხის შემცირებისათვის, დაჯარიმდება სსკ-ის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმით. დადგენილი წესის შესაბამისად.
სიტუაციური სახელმძღვანელო ეხება შემთხვევას, როდესაც შპს „X“ მოგების გადასახადით იბეგრება სსკ-ის 97-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტების მიხედვით
სიტუაციური სახელმძღვანელო არ მოიცავს შპს „X“-ის მიერ გაცემული სესხის ძირითადი თანხის გაცემისა და მისი დაბრუნების მოგების გადასახადით დაბეგვრის საკითხის შეფასებას
იგულისხმება, რომ სიტუაციურ სახელმძღვანელოში განხილულ შემთხვევაში საბაზრო განაკვეთი შეადგენდა 18%-ს