საბაზრო ფასი დღგ-ის მიზნისთვის N 11126

11126 საბაზრო ფასი დღგ-ის მიზნისთვის 18.03.2020
№ დოკუმენტი 11126
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი

📄 სრული ტექსტი

სიტუაციური სახელმძღვანელო

საბაზრო ფასი დღგ-ის მიზნისთვის N 11126

ფაქტობრივი გარემოებები

· სამშენებლო საწარმომ მშენებლობადამთვრებულ ერთ-ერთ კორპუსში არსებული ბინა 100 000 ლარად მიაწოდა მასთან ურთიერთდამოკიდებულ, გადასახადის გადამხდელად არარეგისტრირებულ ფიზიკურ პირს. მიწოდების მომენტისთვის მოცემული ბინის საბაზრო ღირებულება შეადგენს 150 000 ლარს.საწარმომ მიწოდებული საქონელი (ბინა) დღგ-ით დაბეგრა მიღებული/მისაღები საკომპენსაციო თანხის მიხედვით (100 000 ლარიდან). ამასთანავე, მას დღგ-ისგან გათავისუფლებული ბრუნვა არ გააჩნია.

· საწარმომ მიწოდებული საქონელი (ბინა) დღგ-ით დაბეგრა მიღებული/მისაღები საკომპენსაციო თანხის მიხედვით (100 000 ლარიდან). ამასთანავე, მას დღგ-ისგან გათავისუფლებული ბრუნვა არ გააჩნია.

შეფასება

· სსკ-ის 161-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის მე-18 მუხლის მე-11 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება საქონლის საბაზრო ფასით დღგ-ის გარეშე. სსკ-ის მე-18-ე მუხლის მე-11 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, გადასახადებით დაბეგვრის მიზნებისათვის გამოიყენოს საბაზრო ფასი თუ გარიგება განხორციელდა ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მათი ურთიერთდამოკიდებულება გავლენას არ ახდენს ასეთი გარიგების შედეგებზე. სსკ-ის 161-ე მუხლის 2 1 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის მიზნისათვის ითვლება, რომ პირთა ურთიერთდამოკიდებულება გავლენას ახდენს გარიგების შედეგებზე, თუ არსებობს ერთ-ერთი შემდეგი პირობა: ა) გადასახადის გადამხდელის მიერ დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის (გარდა გათავისუფლებული ოპერაციისა) განხორციელების შედეგად მიღებული/მისაღები საკომპენსაციო თანხა მის მიერ მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების საბაზრო ფასზე ნაკლებია. ამასთანავე, საქონლის ან/და მომსახურების მიმღებს აქვს დღგ-ისგან როგორც ჩათვლის უფლებით, ისე ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული ბრუნვა; ბ) გადასახადის გადამხდელის მიერ, ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული ოპერაციის განხორციელების შედეგად მიღებული/მისაღები საკომპენსაციო თანხა მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების საბაზრო ფასზე ნაკლებია. ამასთანავე, საქონლის/ მომსახურების მიმწოდებელს აქვს დღგისგან როგორც ჩათვლის უფლებით, ისე ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული ბრუნვა; გ) გადასახადის გადამხდელის მიერ, დასაბეგრი ოპერაციის (გარდა გათავისუფლებულიოპერაციისა) ან ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული ოპერაციის განხორციელების შედეგად მიღებული/მისაღები საკომპენსაციო თანხა მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების საბაზრო ფასზე მეტია. ამასთანავე, საქონლის/მომსახურების მიმწოდებელს აქვს დღგ-ისგან როგორც ჩათვლის უფლებით, ისე ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული ბრუნვა.

· "გადასახადების ადმინისტრირების შესახებ" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 29-ე მუხლის მიხედვით, ურთიერთდამოკიდებულების არსებობა მათ შორის არსებულ გარიგების შედეგებზე გავლენას არ ახდენს, თუ საქონლის/მომსახურების მიმღები პირის მიერ შესაძლებელია ანალოგიური საქონელი/მომსახურება სხვა არაურთიერთდამოკიდებული პირისგან შეიძინოს იმ ფასად, რომელიც ურთიერთდამოკიდებულ პირთან განხორციელებული გარიგების ფასს არ აღემატება 10%-ით.

· ზემოაღნიშნულის და იმის გათვალისწინებით, რომ მოცემულ შემთხვევაში გარიგების მხარეს წარმოადგენს დღგ-ის გადამხდელად არარეგისტრირებული ფიზიკური პირი. ამასთან, საბაზრო ფასი აღემატება გარიგების ფასს 10 და მეტი პროცენტით ითვლება, რომ პირთა ურთიერთდამოკიდებულებამ გავლენა იქონია გარიგების შედეგებზე. შესაბამისად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება საბაზრო ფასით დღგ-ს გარეშე (150 000 ლარიდან).

ღონისძიებები

· პირს დაერიცხება კუთვნილი დღგ და დეკლარაციაში გადასახადის შემცირების შემთხვევაში პირი დაჯარიმდება სსკ-ის 275-ე მუხლის მიხედვით.

სიტუაციური სახელმძღვანელო დამტკიცებულია 2019 წლის 12 დეკემბრისთვის მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის მიხედვით.

სიტუაციური სახელმძღვანელო არ ვრცელდება 2021 წლის შემდგომ წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. 2021 წლიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე იხელმძღვანელეთ დამატებული ღირებულების გადასახადის შესახებ მეთოდური მითითებით