ბრძანება N 27513

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 08.11.2023
№ დოკუმენტი 27513
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 27513

08 ნოემბერი 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

სს „--------“ (ს/ნ "------")

(მის.:"------")

2022 წლის 26 და 27 იანვრის საჩივრების

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 12 ოქტომბრის სხდომაზე (ოქმი №106) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 21 ივლისის №16544/2/2022 გადაწყვეტილებით განსახილველად დაბრუნებული სს „--------“ (ს/ნ "------") 2022 წლის 26 იანვრის №67271/1/2022 და 27 იანვრის №14664/21 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 27 დეკემბრის №081-405 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ურთიერთდამოკიდებულ პირზე იჯარით გაცემული ფართის ღირებულების საბაზრო პრინციპით განსაზღვრას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 18 აგვისტოს №26820 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივანის (ს/ნ "------") გასვლითი სრული საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2018 წლის პირველი მარტიდან 2021 წლის პირველ ივლისამდე საანგარიშო პერიოდი. შემოწმების შედეგებზე 2021 წლის 24 დეკემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2021 წლის 27 დეკემბრის №41126 ბრძანება „გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ“ და ამავე თარიღის №081-405 „საგადასახადო მოთხოვნა“, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 741 824 ლარი, მათ შორის, გადასახადი 629 536 ლარი, ჯარიმა 87 955 ლარი და საურავი 24 333 ლარი.

ზემოაღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გადამხდელის მიერ გასაჩივრებულ იქნა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 26 აპრილის №10424 ბრძანებით საჩივრები არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული ბრძანება გადამხდელის მიერ გასაჩივრებულ იქნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2023 წლის 21 ივლისის №16544/2/2022 გადაწყვეტილებით ნაწილობრივ გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 26 აპრილის №10424 ბრძანება და საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს ურთიერთდამოკიდებულ პირზე იჯარით გაცემული უძრავი ქონების ქირის საბაზრო ფასით განსაზღვრის საკითხთან დაკავშირებით.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილებაში მითითებულია შემდეგი:

„შემოწმების შედეგად დადგენილია, რომ გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში ურთიერთდამოკიდებულ პირზე (დამფუძნებელი 100%), სს „-------- - ზე“, იჯარით აქვს გაცემული საოფისე ფართი. იჯარის თანხა განსაზღვრულია თვეში 10 000 ლარის ოდენობით (დღგ-ის გარეშე).

მომჩივანი აღნიშნავს, რომ საიჯარო მომსახურების მიმღებს წარმოადგენს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირი სს „-------“, რომელსაც გააჩნია სრულად დასაბეგრი და ჩათვლის უფლებით გათავისუფლებული ოპერაციები.

მითითებული სამართლებრივი ნორმების, საქმის ფაქტობრივი გარემოებებისა და მომჩივნის არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ სს „------ -ზე“ იჯარით გაცემული ფართის ღირებულების საბაზრო პრინციპით განსაზღვრის საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას, რისთვისაც საჩივარი აღნიშნულ ნაწილში ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.“

 

საჩივარში დასმულ სადავო საკითხთან დაკავშირებით საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:

გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში იჯარით აქვს გაცემული საოფისე ფართი ურთიერთდამოკიდებულ იურიდიულ პირზე, კერძოდ, დამფუძნებელ (100%) სს „------- ზე“, რომელიც 2016 წლიდან ფლობს ტურისტული საწარმოს სტატუსს. იჯარის თანხა განსაზღვრულია თვეში 10 000 ლარის (დღგ-ს გარეშე) ოდენობით. საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლის მე-11 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, გადამხდელის მიერ სს „-------- ზე“ იჯარით გაცემული ფართის ღირებულება განისაზღვრა საბაზრო პრინციპით, კერძოდ, სხვა იურიდიულ პირებზე იმავე შენობის და იმავე საანგარიშო პერიოდებში გაქირავებული ფართების კვადრატული მეტრის ფასი გავრცელდა სს „------ -ზე “ იჯარით გაცემული ფართის კვადრატული მეტრის რაოდენობაზე. აღნიშნულ სხვაობაზე გადამხდელს დაერიცხა კუთვნილი დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესაბამის პერიოდში მოქმედ საქართველოს საგადასახადო კოდექსის ნორმებზე, კერძოდ:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის თანახმად, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.

ამავე კოდექსის 161-ე მუხლის მუხლის პირველი ნაწილის „ა“ პუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა, რომლის დროსაც დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის გარეშე ამ კოდექსის მე-18 მუხლის მე-11 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

ამავე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიზნისათვის ამ კოდექსის მე-18 მუხლის მე-11 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ითვლება, რომ პირთა ურთიერთდამოკიდებულება გავლენას ახდენს გარიგების შედეგებზე, თუ არსებობს ერთ-ერთი შემდეგი პირობა:

ა) გადასახადის გადამხდელის მიერ დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის (გარდა გათავისუფლებული ოპერაციისა) განხორციელების შედეგად მიღებული/მისაღები საკომპენსაციო თანხა მის მიერ მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების საბაზრო ფასზე ნაკლებია. ამასთანავე, საქონლის ან/და მომსახურების მიმღებს აქვს დღგ-ისგან როგორც ჩათვლის უფლებით, ისე ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული ბრუნვა;

ბ) გადასახადის გადამხდელის მიერ, ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული ოპერაციის განხორციელების შედეგად მიღებული/მისაღები საკომპენსაციო თანხა მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების საბაზრო ფასზე ნაკლებია. ამასთანავე, საქონლის/მომსახურების მიმწოდებელს აქვს დღგისგან როგორც ჩათვლის უფლებით, ისე ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული ბრუნვა;

გ) გადასახადის გადამხდელის მიერ, დასაბეგრი ოპერაციის (გარდა გათავისუფლებული ოპერაციისა) ან ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული ოპერაციის განხორციელების შედეგად მიღებული/მისაღები საკომპენსაციო თანხა მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების საბაზრო ფასზე მეტია. ამასთანავე, საქონლის/მომსახურების მიმწოდებელს აქვს დღგ-ისგან როგორც ჩათვლის უფლებით, ისე ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული ბრუნვა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 171-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირი ვალდებულია შესაბამის საგადასახადო ორგანოში წარადგინოს დღგ-ის დეკლარაცია ყოველ საანგარიშო პერიოდზე არა უგვიანეს ამ პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ამავე ვადაში გადაიხადოს დღგ.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა.

ხოლო 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

ამავე კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით.

ამავე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის განხორციელებული დასაბეგრი ოპერაციის დროს დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასი, დღგ-ის გარეშე, თუ:

ა) დასაბეგრი ოპერაციის ანაზღაურების თანხა დაბალია მის საბაზრო ფასზე და საქონლის/მომსახურების შემძენს ამ კოდექსის შესაბამისად, ამ ოპერაციაზე არ აქვს დღგ-ის სრულად ჩათვლის უფლება;

ბ) დასაბეგრი ოპერაციის ანაზღაურების თანხა დაბალია მის საბაზრო ფასზე და საქონლის/მომსახურების მიმწოდებელს ამ კოდექსის შესაბამისად, არ აქვს დღგ-ის სრულად ჩათვლის უფლება და მიწოდება გათავისუფლებულია დღგ-ისგან ჩათვლის უფლების გარეშე;

გ) დასაბეგრი ოპერაციის ანაზღაურების თანხა მაღალია მის საბაზრო ფასზე და საქონლის/მომსახურების მიმწოდებელს არ აქვს დღგ-ის სრულად ჩათვლის უფლება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული დასაბეგრი პირი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს დღგ-ის დეკლარაცია არაუგვიანეს საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ამავე ვადაში გადაიხადოს გადასახადი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლის მე-11 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, გადასახადებით დაბეგვრის მიზნებისათვის გამოიყენოს საბაზრო ფასი შემდეგ შემთხვევებში თუ გარიგება განხორციელდა ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მათი ურთიერთდამოკიდებულება გავლენას არ ახდენს ასეთი გარიგების შედეგებზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ურთიერთდამოკიდებულ პირებად ითვლებიან ის პირები, რომელთა შორის განსაკუთრებულ ურთიერთობათა არსებობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს მათი ან მათ მიერ წარმოდგენილი პირების საქმიანობის პირობებზე ან ეკონომიკურ შედეგებზე.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, განსაკუთრებულ ურთიერთობებს მიეკუთვნება ურთიერთობები, რომელთა დროსაც:

ა) პირები არიან ერთი საწარმოს დამფუძნებლები (მონაწილეები), თუ მათი ჯამური წილი არანაკლებ 20 პროცენტია;

ბ) ერთი პირი პირდაპირ ან არაპირდაპირ მონაწილეობს მეორე პირ საწარმოში, თუ ასეთი მონაწილეობის წილი არანაკლებ 20 პროცენტია.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციაზე, რომლის მიხედვით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, გადასახადებით დაბეგვრის მიზნებისთვის გამოიყენოს საბაზრო ფასი, თუმცა ამავე კოდექსის 164-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, დღგ-ის მიზნებისთვის საბაზრო ფასი არ გამოიყენება, თუ გარიგების ორივე მხარე დღგ-ის გადამხდელია და მყიდველს უფლება აქვს ჩაითვალოს მიღებულ საქონელზე/მომსახურებაზე დღგ სრულად. განსახილველ შემთხვევაში კი ადგილი აქვს სწორედ ზემოაღნიშნულ პირობას - იჯარის მიმღებს თავისი საქმიანობის ფარგლებში სრული უფლება აქვს მიიღოს ჩათვლა სრულად. გადმომდინარე აქედან, შემოწმების პროცესში საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლით დადგენილი საბაზრო ფასის გამოყენების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა და ამ ნაწილში სრულად უნდა გაუქმდეს როგორც დარიცხული გადასახადი, ასევე, მასზე დარიცხული სანქცია. მომჩივანი ასევე აღნიშნავს, რომ 2021 წლის პირველ იანვრამდე მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის გარეშე ამ კოდექსის მე-18 მუხლის მე-11 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში. ხოლო, ამავე მუხლის 21 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით კი - ამ მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიზნისათვის ამ კოდექსის მე-18 მუხლის მე-11 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ითვლება, რომ პირთა ურთიერთდამოკიდებულება გავლენას ახდენს გარიგების შედეგებზე, თუ გადასახადის გადამხდელის მიერ დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის (გარდა გათავისუფლებული ოპერაციისა) განხორციელების შედეგად მიღებული/მისაღები საკომპენსაციო თანხა მის მიერ მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების საბაზრო ფასზე ნაკლებია. ამასთანავე, საქონლის ან/და მომსახურების მიმღებს აქვს დღგ-ისგან როგორც ჩათვლის უფლებით, ისე ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული ბრუნვა. საიჯარო მომსახურების მიმღებს წარმოადგენს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირი,სს „-------“, რომელსაც გააჩნია სრულად დასაბეგრი და ჩათვლის უფლებით გათავისუფლებული ოპერაციები. შესაბამისად, ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია საბაზრო ფასის ცვლილება ოპერაციაზე, რომლის მიხედვითაც მომსახურების მიმღებს გააჩნია დღგ-ის ჩათვლის უფლება. ასევე, გაუგებარია, შემმოწმებლის აპელირება, რომ სს "------" წარმოადგენს ტურისტული საწარმოს სტატუსის მქონე პირს, ვინაიდან საგადასახადო კოდექსის 172-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, ტურისტული საწარმოს სტატუსის მქონე პირის მიერ ამ სტატუსის ფარგლებში განხორციელებული საქმიანობა დღგ-ისაგან გათავისუფლებულია ჩათვლის უფლებით. შესაბამისად, სს"------" რომც სარგებლობდეს ტურისტული საწარმოს სტატუსით, არც აღნიშნულ შემთხვევაში იარსებებდა დღგ-ის ჩათვლის შეზღუდვის საფუძველი.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.

ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციაზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ ურთიერთდამოკიდებულ პირზე - „სს ------ -ზე“ იჯარით გაცემული ფართის ღირებულების საბაზრო ფასით განსაზღვრის/გამოყენების შესაბამისობა ზემოაღნიშნულ საქართველოს საგადასახადო კოდექსის ნორმებთან მიმართებაში და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. სს „-------“ (ს/ნ "------") საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2.სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ ურთიერთდამოკიდებულ პირზე იჯარით გაცემული ფართის ღირებულების საბაზრო ფასით განსაზღვრის/გამოყენების შესაბამისობა ამ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მითითებულ საქართველოს საგადასახადო კოდექსის ნორმებთან მიმართებაში და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქუჩა №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქუჩა №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, მისი ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ურთიერთდამოკიდებულ პირზე იჯარით გაცემული ფართის ღირებულების საბაზრო პრინციპით განსაზღვრას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში იჯარით აქვს გაცემული საოფისე ფართი ურთიერთდამოკიდებულ იურიდიულ პირზე, კერძოდ, დამფუძნებელზე რომელიც 2016 წლიდან ფლობს ტურისტული საწარმოს სტატუსს. იჯარის თანხა განსაზღვრულია თვეში 10 000 ლარის (დღგ-ს გარეშე) ოდენობით. გადამხდელის მიერ იჯარით გაცემული ფართის ღირებულება განისაზღვრა საბაზრო პრინციპით, კერძოდ, სხვა იურიდიულ პირებზე იმავე შენობის და იმავე საანგარიშო პერიოდებში გაქირავებული ფართების კვადრატული მეტრის ფასი გავრცელდა იჯარით გაცემული ფართის კვადრატული მეტრის რაოდენობაზე. აღნიშნულ სხვაობაზე გადამხდელს დაერიცხა კუთვნილი დღგ და ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ ურთიერთდამოკიდებულ პირზე იჯარით გაცემული ფართის ღირებულების საბაზრო ფასით განსაზღვრის/გამოყენების შესაბამისობა.სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

2(2),18,19,160,161,164,168,171.