გადაწყვეტილება №18785/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№18785/2/2023
10.03.2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ --------)
მოპასუხე: საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 10.03.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „---------ს“ 4.02.2023 და 15.02.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივრებზე (რეგისტრაციის №18785/2/2023; №18875/2/2023).
დავის საგანი:
დღგ-ის დარიცხვის მართლზომიერება. გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2022 წლის 29 ნოემბრის №236-11 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 26 იანვრის №1035 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 9 223 ლარი.
მათ შორის:
დღგ - 9 029
საურავი - 194
ფაქტების აღწერა
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტმა შეისწავლა მომჩივნის 2022 წლის სექტემბრის თვის საანგარიშო პერიოდის დოკუმენტები, კერძოდ, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები: ეა-76 ------, ეა-76 ------, ეა-76 ------, ეა-76 ------, ეა-76 ------,;რომელიც იდენტიფიცირებული იყო როგორც „დაუბეგრავი“. შესწავლილი იქნა აღნიშნული პერიოდის საგადასახადო დოკუმენტები, ანგარიშ-ფაქტურები და ამავე პერიოდის დღგ-ის დეკლარაციები. შედეგად, გამოვლინდა სხვაობა სექტემბრის თვეში, დღგ-ის თანხა 9 029 ლარი. სექტემბრის თვის დღგ-ის დეკლარაციაში (№------) ბიუჯეტში გადასახდელმა დღგ-ის თანხამ შეადგინა 0 ლარი. 2022 წლის ნოემბრის თვეში გადასახადის გადამხდელთან განხორციელდა სატელეფონო კომუნიკაცია, ასევე გაეგზავნა წერილობითი შეტყობინება. განემარტა დასაბეგრი სხვაობის შესახებ და მოთხოვნილ იქნა დეკლარაციის დაზუსტება, რაზეც მომჩივანმა განაცხადა, რომ დააზუსტებდა დეკლარაციას განსაზღვრულ ვადაში. თუმცა, გადასახადის გადამხდელმა დეკლარაცია არ დააზუსტა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, 2022 წლის 29 ნოემბერს №001697 ბრძანების შესაბამისად, კომპანიას დაერიცხა 9 029 ლარი და გამოიცა №236-11 საგადასახადო მოთხოვნა.
აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2022 წლის 27 დეკემბერს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2023 წლის 26 იანვრის №1035 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, 158-ე, 159-ე, 43-ე, 61-ე მუხლებზე, „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 54-ე მუხლზე და საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე, რომლითაც ირკვევა, რომ მიმდინარე კონტროლის პროცედურის განმახორციელებელი უფლებამოსილი პირების მიერ შესწავლილ იქნა 2022 წლის სექტემბრის თვის საანგარიშო პერიოდზე გამოწერილი საგადასახადო დოკუმენტები და ამავე პერიოდის დღგ-ის დეკლარაცია. შედეგად გამოვლინდა, რომ მომჩივანს შესაბამისი პერიოდის დღგ-ის დეკლარაცია წარდგენილი ჰქონდა დასაბეგრი ბრუნვის მითითების გარეშე, ხოლო აღნიშნულ პერიოდში დღგ-ის თანხა შეადგენდა 9 029 ლარს. მიმდინარე კონტროლის პროცედურის განმახორციელებელი უფლებამოსილი პირების მხრიდან მიუხედავად გადასახადის გადამხდელთან კომუნიკაციისა, მომჩივნის მიერ არ მომხდარა ზემოაღნიშნული თანხის შესაბამისი პერიოდის დღგ-ის დეკლარაციაში ასახვა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომსახურების მიმღებთან უნდა მოხდეს ანგარიშ-ფაქტურების კორექტირება.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ − დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
ამავე კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია:
ა) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება;
ბ) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა;
გ) საქონლის იმპორტი.
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 54-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის მონაცემები შეიტანება საგადასახადო ორგანოში წარსადგენ დღგ-ის დეკლარაციაში.
საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტების თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია:
ა) შეასრულოს საგადასახადო ვალდებულებები საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით.
გ) საგადასახადო ორგანოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით წარუდგინოს საგადასახადო დეკლარაციები, გაანგარიშებები და სააღრიცხვო დოკუმენტები;
ე) შეასრულოს საგადასახადო ორგანოს და მისი უფლებამოსილი პირის კანონიერი მოთხოვნები საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის გამოვლენილი დარღვევების აღმოფხვრასთან დაკავშირებით, აგრეთვე ხელი არ შეუშალოს ამ უფლებამოსილ პირს სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებაში.
ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ შესწავლილ იქნა 2022 წლის სექტემბრის თვის საანგარიშო პერიოდზე გამოწერილი საგადასახადო დოკუმენტები და ამავე პერიოდის დღგ-ის დეკლარაცია. შედეგად გამოვლინდა, რომ გადასახადის გადამხდელს შესაბამისი პერიოდის დღგ-ის დეკლარაცია წარდგენილი ჰქონდა დასაბეგრი ბრუნვის მითითების გარეშე, თუმცა აღნიშნულ პერიოდში დღგ-ის თანხა შეადგენდა 9 029 ლარს. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლების მხრიდან მომჩივანთან კომუნიკაციის მიუხედავად, გადასახადის გადამხდელის მიერ არ მომხდარა ზემოაღნიშნული თანხის შესაბამისი პერიოდის დღგის დეკლარაციაში ასახვა. აღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივანს მართლზომიერად დაერიცხა დღგ და შესაბამისი საურავი.
გადასახადის გადამხდელი აღნიშნავს, რომ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები უნდა დაკორექტირდეს მომსახურების მიმღებთან. მომჩივნის არგუმენტთან დაკავშირებით, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი განმარტავს, რომ მიმდინარე მდგომარეობით, ზემოაღნიშნული ანგარიშ-ფაქტურები, რომლის საფუძველზეც განხორციელდა კუთვნილი დღგ-ის დარიცხვა, არ არის დაკორექტირებული/გაუქმებული.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.