საქართველოში რეგისტრირებული ორგანიზაციის (ა(ა)იპ) მიერ მიღებული შემოწირულების ფიზიკურ პირზე გრანტის სახით გაცემა N 2426

2426 საქართველოში რეგისტრირებული ორგანიზაციის (ა(ა)იპ) მიერ მიღებული შემოწირულების ფიზიკურ პირზე გრანტის სახით გაცემა 23.02.2018
№ დოკუმენტი 2426
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი

📄 სრული ტექსტი

სიტუაციური სახელმძღვანელო

საქართველოში რეგისტრირებული ორგანიზაციის (ა(ა)იპ) მიერ მიღებული შემოწირულების ფიზიკურ პირზე გრანტის სახით გაცემა N 2426

ფაქტობრივი გარემოებები

· საქართველოში რეგისტრირებულმა ორგანიზაციამ (ა(ა)იპ), უმაღლესი განათლების განვითარების ხელშეწყობის მიზნით, მიიღო შემოწირულობა (ფულადი სახსრები). ამავე ორგანიზაციამ, გრანტის ხელშეკრულების ფარგლებში, მიღებული შემოწირულობიდან სწავლის საფასურის ანაზღაურების მიზნით გრანტის სახით დააფინანსა საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირი - უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტი.

· საქართველოში რეგისტრირებულმა ორგანიზაციამ (ა(ა)იპ) ფიზიკურ პირზე, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტზე, სწავლის საფასურის ანაზღაურების მიზნით გაცემული გრანტის ნაწილში, არ შეასრულა საგადასახადო აგენტის ვალდებულება.

შეფასება

· „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გრანტი არის გრანტის გამცემის (დონორის) მიერ გრანტის მიმღებისათვის უსასყიდლოდ გადაცემული მიზნობრივი სახსრები ფულადი ან ნატურალური ფორმით, რომლებიც გამოიყენება კონკრეტული ჰუმანური, საგანმანათლებლო, სამეცნიეროკვლევითი, ჯანმრთელობის დაცვის, კულტურული, სპორტული, ეკოლოგიური, სასოფლო-სამეურნეო განვითარებისა და სოციალური პროექტების, აგრეთვე სახელმწიფოებრივი ან საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროგრამების განხორციელებისათვის. აღნიშნული კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ" ქვეპუნქტის მიხედვით, გრანტის გამცემი (დონორი) შეიძლება იყოს საქართველოს ის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომლის ძირითადი საწესდებო მიზანია ქონების დაგროვება საქველმოქმედო, სოციალური, კულტურული, საგანმანათლებლო, სამეცნიერო-კვლევითი ან საზოგადოებრივად სასარგებლო სხვა საქმიანობის ხელშეწყობისათვის. ხოლო მე-4 მუხლის „ვ" ქვეპუნქტის შესაბამისად, გრანტის მიმღები შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე.

· სსკ-ის 154-ე მუხლით განსაზღვრულია, თუ რა შემთხვევაში ევალება საგადასახადო აგენტს გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება. სსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ" ქვეპუნქტის მიხედვით, საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისგან თავისუფლდება მიღებული გრანტი.

· იმის გათვალისწინებით, რომ სსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ" ქვეპუნქტის შესაბამისად, მიღებული გრანტი გათავისუფლებულია საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისგან და ამასთან, სსკ-ის 154-ე მუხლი არ ითვალისწინებს გრანტზე გადასახადის წყაროსთან დაკავებას, საქართველოში რეგისტრირებულ ორგანიზაციას (ა(ა)იპ), უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტისთვის ფულადი სახსრების გრანტის სახით გადარიცხვისას, საგადასახადო აგენტის ვალდებულება არ წარმოეშობა. შესაბამისად, გაცემული გრანტი არ დაექვემდებარება საშემოსავლო გადასახადით წყაროსთან დაბეგვრას.

ღონისძიებები

· პირის ქმედებაში საგადასახადო სამართალდარღვ ევა არ იკვეთება და გადასახადის გადამხდელისთვ ის საგადასახადო ვალდებულების დაკისრება არ ხდება.

სიტუაციურ სახელმძღვანელოში აღნიშნული შემოწირულების მიღების მიზანი (უმაღლესი განათლების განვითარების ხელშეწყობა) პირობითია და სიტუაციური სახელმძღვანელო ვრცელდება ყველა იმ შემოწირულებასთან მიმართებით, რომელიც გამოიყენება „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მიზნებისათვის

სიტუაციური სახელმძღვანელო დამტკიცებულია 2018 წლის 12 თებერვლისთვის მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის მიხედვით