ბრძანება N 15182
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 15182
29.06.2023
ფ/პ ---------- (პ/ნ -----------)
(მის.:----------------)
2023 წლის 7 იანვრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 19 ივნისს გამართულ სხდომაზე (ოქმი №67) განიხილა ფ/პ ----------- (პ/ნ -----------) №77811/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 6 დეკემბრის №007-339 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხი:
მომჩივანი არ ეთანხმება შემოწმების მიერ საშემოსავლო გადასახადსა და დღგ-ში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. კერძოდ, ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი წინა წლების ზარალისა და ხარჯების შემცირებას. აცხადებს, რომ მის მიერ გაწეული ყველა ხარჯი დაკავშირებული იყო ეკონომიკურ საქმიანობასთან. ამასთან, აღნიშნავს, რომ შემოწმებას წარუდგინა ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები (მ.შ. ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტები). მიუთითებს, რომ შემოწმების მიერ არ უნდა მომხდარიყო 2022 წლის საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციის შემოწმება, რადგან არ იყო დამდგარი ანგარიშგების პერიოდი. ითხოვს ხელახალ საგადასახადო შემოწმებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეზე არსებული მასალებიდან დგინდება, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 30 მაისის №13369 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა ფ/პ ---------- (პ/ნ ----------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2019 წლის პირველი იანვრიდან 2022 წლის პირველ მაისამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 30 ნოემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2022 წლის 5 დეკემბრის №30652 ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და 2022 წლის 6 დეკემბრის №007-339 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 32 807 ლარი, მათ შორის გადასახადი 20 172 ლარი, ჯარიმა 8 783 ლარი და საურავი 3 852 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საჩივარში დასმულ სადავო საკითხთან დაკავშირებით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
ფ/პ ---------- შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში, ელექტრონული სასაქონლო ზედნადებითა და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით შეძენილი ჰქონდა სხვადასხვა სახის პროდუქცია (ძირითადად საკვები პროდუქტები), რომელიც შემოწმების მონაცემებით გადასახადის გადამხდელის საქმიანობის სფეროდან (იურიდიული/საბროკერო მომსახურება) გამომდინარე არ იყო დაკავშირებული შემოსავლების მიღებასთან. აღნიშნული და ასევე სხვა ხარჯები (სესხის პროცენტი, ამორტიზაცია, ძირითადი საშუალებების ხარჯი და სხვა) გადასახადის გადამხდელის მიერ ასახული იყო საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციების გამოსაქვით ხარჯებში. შემოწმების მონაცემებით, გადასახადის გადამხდელს საკუთრებაში არ უფიქსირდებოდა ძირითადი საშუალებები (ასევე, შემოწმების პროცესში წარმოდგენილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის მიხედვით პირის მიერ სესხი აღებული იყო პირადი მოხმარებისთვის).
შემოწმების მიერ, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა დეკლარირებული ხარჯები. ამასთან, გადასახადის გადამხდელის მიერ მიღებული ანგარიშ-ფაქტურების (ძირითადად საკვებ პროდუქტებზე) საფუძველზე ჩათვლილი ჰქონდა დამატებული ღირებულების გადასახადი. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე და 175-ე მუხლების შესაბამისად, შემოწმების მიერ დღგ-ის ჩათვლა დაექვემდებარა გაუქმებას. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა. ხოლო, მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ეკონომიკურ საქმიანობად განიხილება ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც ხორციელდება შემოსავლის ან კომპენსაციის მისაღებად, მიუხედავად ამ საქმიანობის შედეგისა, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება ყველა ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია მის მიღებასთან, გარდა იმ ხარჯებისა, რომლებიც ამ კოდექსის თანახმად გამოქვითვას არ ექვემდებარება.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 106-ე მუხლის მიხედვით, ერთობლივი შემოსავლიდან არ გამოიქვითება ის ხარჯები, რომლებიც არ არის დაკავშირებული ეკონომიკურ საქმიანობასთან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას. საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერულ) ოპერაციაზე გამოწერილ პირველად საგადასახადო დოკუმენტში საქონლის ღირებულების (მათ შორის, საქონლის ერთეულის ფასის) მითითება სავალდებულო არ არის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 121-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მეწარმე ფიზიკური პირის მიმართ გამოქვითვების გადამეტება ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ ერთობლივ შემოსავალზე, რომელიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან, არ გამოიქვითება ამ პირის მიერ მიღებული ხელფასის ხარჯზე. იგი გადაიტანება 5 წლამდე ვადით და დაიფარება მომავალი პერიოდების ერთობლივი შემოსავლის გამოქვითვებზე გადამეტების ხარჯზე, რომელიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველ ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება წარმოიშობა ჩასათვლელი დღგ-ის თანხის დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის (შესაბამისი ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის) მომენტიდან. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება აქვს მხოლოდ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ დასაბეგრ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს შემოწმებით დადგენილ გარემოებაზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში დოკუმენტით შეძენილი ჰქონდა სხვადასხვა სახის პროდუქცია, რომელიც გადასახადის გადამხდელის საქმიანობასთან არ იყო დაკავშირებული. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა დეკლარირებული ხარჯი და შესაბამისი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე მიღებული ჩათვლილი დღგ-ის თანხა.
ამასთან, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომელშიც 2022 წლის საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციის შემოწმებასთან დაკავშირებით, აღნიშნულია რომ შესამოწმებელ პერიოდად განსაზღვრული იყო 2019 წლის პირველი იანვრიდან 2022 წლის პირველ მაისამდე საანგარიშო პერიოდები, შესაბამისად, შემოწმებამ შეისწავლა მხოლოდ 2019, 2020 და 2021 წლების საშემოსავლო გადასახადის წლიურ დეკლარაციებში ასახული შედეგები, ხოლო 2022 წლის პერიოდი შესწავლილ იქნა მხოლოდ ყოველთვიური დეკლარაციების ჭრილში. ჩეკთან გათანაბრებულ დოკუმენტებთან მიმართებით, აღნიშნულია, რომ შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი გახარჯული ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტები იყო ხანდაზმული პერიოდის.
ამასთან, გადასახადის გადამხდელი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად, ხოლო დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მისი არგუმენტაციის რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების და მხარეთა არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნებთან, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. ფ/პ ---------- (პ/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანი არ ეთანხმება შემოწმების მიერ საშემოსავლო გადასახადსა და დღგ-ში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.ითხოვს ხელახალ საგადასახადო შემოწმებას.
ფაქტობრივი გარემოებები
მომჩივანს შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში, ელექტრონული სასაქონლო ზედნადებითა და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით შეძენილი ჰქონდა სხვადასხვა სახის პროდუქცია (ძირითადად საკვები პროდუქტები), რომელიც შემოწმების მონაცემებით გადასახადის გადამხდელის საქმიანობის სფეროდან (იურიდიული/საბროკერო მომსახურება) გამომდინარე არ იყო დაკავშირებული შემოსავლების მიღებასთან.
აღნიშნული და ასევე სხვა ხარჯები (სესხის პროცენტი, ამორტიზაცია, ძირითადი საშუალებების ხარჯი და სხვა) გადასახადის გადამხდელის მიერ ასახული იყო საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციების გამოსაქვით ხარჯებში. შემოწმების მონაცემებით, გადასახადის გადამხდელს საკუთრებაში არ უფიქსირდებოდა ძირითადი საშუალებები (ასევე, შემოწმების პროცესში წარმოდგენილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის მიხედვით პირის მიერ სესხი აღებული იყო პირადი მოხმარებისთვის).შემოწმების მიერ დღგ-ის ჩათვლა დაექვემდებარა გაუქმებას. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა.
გადაწყვეტილება
საჩივარი არ დაკმაყოფილდა;
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
136(1);61(3);9(1);73(9);105(1);106;72(1);121(3);174(1);175(1ა);176(1ა);