ბრძანება N 28972
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 28972
30 დეკემბერი 2025
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
სს „-----“ (ს/ნ -----) (მის.: ----- )
2025 წლის 2 დეკემბრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 17 დეკემბრის სხდომაზე (ოქმი N 105) განიხილა სს „-----“ (ს/ნ -----) N 192401/21 საჩივარი (ფოსტაში წარდგენილია 2025 წლის პირველ დეკემბერს), რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2025 წლის 31 ოქტომბრის N EL 299396, N EL 299397 და N EL 299400 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმებს.
მომჩივნის არგუმენტაცია:
საჩივრის ავტორი საბაჟო დეპარტამენტის N EL 299397 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმთან დაკავშირებით განმარტავს, რომ ნებისმიერი საბაჟო პროცედურის პირობა, რაც წინამდებარე საქმეში, პოტენციურად შეეძლო დაერღვია კორპორაციას, როგორც საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელს, არსობრივად წარმოადგენს საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 სექტემბრის N 455 დადგენილების მე-8 მუხლის „ა“ ქვეპუნქტში მითითებულ, საბაჟო საწყობის საქმიანობის სანებართვო პირობას. მოცემული ვალდებულებების შეუსრულებლობისთვის (ანუ მე-8 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის დარღვევისთვის) სხვა, შესაბამისი პასუხისმგებლობა დადგენილია საბაჟო კოდექსის 176-ე მუხლით. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში საქმე გვაქვს საბაჟო კოდექსის 171-ე მუხლის შენიშვნაში მითითებულ გარემოებასთან, რაც გამორიცხავს კომპანიისთვის 171-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის გამოყენებას.
საბაჟო დეპარტამენტის N EL 299396 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმთან დაკავშირებით განმარტავს, რომ საბაჟო კოდექსის 170-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრება იმის გამო, რომ საბაჟო საწყობმა ვერ უზრუნველყო იმის გამორიცხვა, რომ შესაბამისი კონტროლის გარეშე, კერძოდ საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე, საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფ საქონელს არ დაეტოვებინა საბაჟო კონტროლი. აღსანიშნავია, რომ მოცემული დარღვევა წარმოადგენს ინსტრუქციის მე-8 მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული, საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელის (კორპორაციის) მხრიდან შემდეგი ვალდებულების დარღვევას - ვალდებულების, რომ ნებართვის მთელი ვადის განმავლობაში მოაწყოს საბაჟო საწყობი ისე, რომ გამოირიცხოს საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის გატანა კონტროლის გვერდის ავლით. აღნიშნული სპეციფიური ვალდებულების, უშუალოდ საბაჟო საწყობის ნებართვის მფლობელი სუბიექტის მხრიდან (რასაც ამ საქმეში წარმოადგენს კორპორაცია).
დარღვევისთვის, პასუხისმგებლობის დაკისრებას ითვალისწინებს საბაჟო კოდექსის 176-ე მუხლი, რომელიც უდავოა, რომ მოცემულ შემთხვევაში წარმოადგენს უფრო სპეციალურ ნორმას 170-ე მუხლთან შედარებით. მხოლოდ ის გარემოება, რომ პირის მიერ ჩადენილი სამართალდარღვევა შინაარსობრივად ექცევა სხვადასხვა ნორმის დისპოზიციაში, არ წარმოადგენს იმის არათუ საკმარის, არამედ არანაირ საფუძველს, რომ პირს ერთი სამართალდარღვევის ჩადენისთვის დაეკისროს სხვადასხვა ნორმით გათვალისწინებული სანქციები კუმულაციურად.
ხოლო N EL 299400 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმთან დაკავშირებით განმარტავს, რომ კომპანიის მიერ ჩადენილი ქმედების იდენტური ქმედების ჩადენას კომპანიის მხრიდან არათუ 2025 წლის 31 ოქტომბრიდან წინა 12 თვის განმავლობაში, არამედ აქამდე არასდროს არ ჰქონია ადგილი.
საბაჟო საწყობის ტერიტორიაზე, ტრანზიტის რეჟიმით შემოსული კონტეინერები მებაჟე - ოფიცერმა მიიჩნია, როგორც ტვირთი და გამოწერა აღრიცხვის მოწმობა, რეალურად კონტეინერები საბაჟო საწყობის ტერიტორიაზე შემოვიდა და დატოვა ტერიტორია სრულიად ცარიელ მდგომარეობაში. საბაჟო მოთხოვნებისა და დადგენილი შიდა პროცედურის შესაბამისად, კონტეინერების საბაჟო საწყობში შემოსვლისთანავე კომპანიამ განახორციელა მთელი რიგი პროცედურები/მოქმედებები: საბაჟო საწყობის სველი ბეჭდით დამოწმებული აღრიცხვის მოწმობები გადაეცა გადამზიდი კომპანიის წარმომადგენელს/ავტომობილის მძღოლს საზღვაო ხაზისთვის გადასაცემად. აღნიშნული მოწმობები საზღვაო ხაზს უნდა წარედგინა საბაჟო ორგანოში კონტეინერების გაფორმების მომენტში. შესაბამისად კონტეინერების საბაჟო გაფორმების უზრუნველყოფა ან აღრიცხვის მოწმობების შეცვლა/გაუქმება წარმოადგენს საზღვაო ხაზის პასუხისმგებლობას.
გემზე დატვირთვის მიზნით კონტეინერების საბაჟო საწყობიდან გატანის პროცესში, კომპანია მოქმედებს საზღვაო ხაზის დავალებით, რომელსაც საზღვაო ხაზის აგენტისგან კონტეინერების გემზე დატვირთვის დავალება, რომელშიც კონტეინერების სტატუსად მითითებული იყო „ცარიელი“. საზღვაო ხაზისგან დამატებით ინსტრუქცია, რომ კონტეინერები გაფორმებულიყო ტვირთად (სტატუსით „სავსე“) კომპანიას არ მიუღია. შესაბამისად, კონტეინერების საბაჟო საწყობიდან გავიდა ცარიელი, კონტეინერისთვის დადგენილი პროცედურების დაცვით, რაც არ საჭიროებს საბაჟო გაფორმებას. სისტემის ტექნიკური შესაძლებლობის არარსებობის გამო, კომპანიის თანამშრომელმა ვერ შეძლო გამოევლინა, რომ საზღავო ხაზის მიერ მოწოდებული დოკუმენტაციის მიხედვით „ცარიელი“ სტატუსი ჰქონდა მინიჭებული იმ კონტეინერს, რომელიც საწყობში საბაჟო დოკუმენტაციით „ტვირთის“ სტატუსით იყო დაფიქსირებული. შესაბამისად, ვერ მოხერხდა ზომების მიღება უზუსტობაზე რეაგირების მიზნით, ცარიელი კონტეინერისთვის დადგენილი პროცედურების დაწყებამდე. მომჩივანი თვლის რომ, ადგილი ჰქონდა შეცდომას და აღნიშნულ ქმედებას არ გამოუწვევია არანაირი მატერიალური და ფინანსური ზიანი სახელმწიფოსთვის.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით და საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის საფუძველზე მომჩივანი ითხოვს სადავო აქტების ბათილად ცნობას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2025 წლის 30 აგვისტოს ----- ფედერაციის მხრიდან საბაჟო გამშვები პუნქტი „-----“ გავლით საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოვიდა N ----- სატვირთო სატრანსპორტო საშუალება, რომლითაც გადაადგილდებოდა ტრანზიტული საქონელი – 2 კონტეინერი ----- -----. აღნიშნულ სატრანსპორტო საშუალებაზე და მასზე განთავსებულ საქონელზე გამოიწერა აღრიცხვის მოწმობა -----
სს „-----“ მიმდინარე წლის 28 ოქტომბრის N ----- განცხადებით საბაჟო დეპარტამენტს ეცნობა, რომ ზემოაღნიშნული აღრიცხვის მოწმობით საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული საქონელი საბაჟო საწყობში გამოცხადდა 2025 წლის 31 აგვისტოს. 2025 წლის 12 სექტემბერს N ----- კონტეინერი, 2025 წლის 13 სექტემბერს კი N ----- კონტეინერი გატანილ იქნა საბაჟო კონტროლის ზონიდან გემზე დატვირთვის მიზნით, სპეციალური ელექტრონული კონტროლის საშუალებით რეგისტრაციის გარეშე.
ვინაიდან ტრანზიტის პროცედურაში დეკლარირებული საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონელი (კონტეინერები: ----- ------) სს „-----“ საბაჟო საწყობიდან გატანილ იქნა საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე და საბაჟო საწყობის მხრიდან დაირღვა საბაჟო საწყობის საქმიანობის სანებართვო პირობები, გამოვლენილი სამართალდარვევის ფაქტებზე, გაფორმების ეკონომიკური ზონა „-----“ უფლებამოსილი პირის მიერ 2025 წლის 31 ოქტომბერს შედგენილ იქნა N EL 299396, N EL 299397 და N EL 299400 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმები, რომლებითაც სს „-----“ (ს/ნ ----- ) დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილით, 171-ე მუხლის პირველი ნაწილით და 176-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი შემოტანისთანავე ექვემდებარება საბაჟო ზედამხედველობას და შეიძლება დაექვემდებაროს საბაჟო კონტროლის პროცედურებს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, საქონელი მისი საბაჟო სტატუსის განსაზღვრამდე რჩება საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ და საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე მისი საბაჟო ზედამხედველობიდან გატანა ან განკარგვა არ შეიძლება.
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს N 257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ ინსტრუქციის“ (დანართი N 3) პირველი მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მოქცეული საქონლის მიმართ შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ საბაჟო ორგანოსთან შეთანხმებული მოქმედებები და ოპერაციები, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
„საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 სექტემბრის №455 დადგენილებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-8 მუხლის „ა“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტების თანახმად, საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელი ნებართვის მოქმედების მთელი ვადის განმავლობაში ვალდებულია დაიცვას საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მიღებისათვის დადგენილი პირობები და შეასრულოს საბაჟო ორგანოს მოთხოვნები, ხელი არ შეუშალოს საბაჟო კონტროლის განხორციელებას და მოაწყოს საბაჟო საწყობი ისე, რომ გამოირიცხოს საქონლის, სატრანსპორტო საშუალების შემოტანა ან/და გატანა კონტროლის გვერდის ავლით და დაიცვას საბაჟო საწყობში შენახვის სათანადო პირობები.
ამავე ინსტრუქციის მე-17 მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ საბაჟო საწყობის საქმიანობის ან თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვის მფლობელის მიერ „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს საბაჟო კოდექსით, საქართველოს საგადასახადო კოდექსითა და ამ ინსტრუქციით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობა ან მათი არაჯეროვნად შესრულება წარმოადგენს სანებართვო პირობების დარღვევას და გამოიწვევს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.
ამავე მუხლის მე-11 ნაწილის მიხედვით, საბაჟო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, პირი გაათავისუფლოს ამ კოდექსით გათვალისწინებული საბაჟო სანქციისგან, თუ შესაბამისი საბაჟო სამართალდარღვევა ჩადენილია შეცდომით/არცოდნით.
ამავე საკანონმდებლო აქტის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების მიერ საბაჟო კონტროლის ზონის დატოვება, საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის გადატვირთვა ან გადმოტვირთვა ან მოძრაობისთვის დადგენილი საბაჟო მარშრუტიდან გადახვევა იწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.
ამავე კოდექსის 171-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის პირობების დარღვევა – იწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით საბაჟო საწყობის საქმიანობის ან თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანებართვო პირობის დარღვევა - იწვევს ნებართვის მფლობელის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.
ხოლო მე-2 ნაწილის მიხედვით, ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება (იმავე სანებართვო პირობის დარღვევა), ჩადენილი განმეორებით, – იწვევს ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმის გასამმაგებას.
დადგენილია და სადავოდ არ არის გამხდარი, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის საბაჟო კონტროლის ზონიდან გატანას, საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის და ასევე საბაჟო საწყობის საქმიანობის სანებართვო პირობის დარღვევას (განმეორებით), რაც არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, მომჩივნისთვის სადავო აქტებით საქართველოს საბაჟო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი, 171-ე მუხლის პირველი და 176-ე მუხლების მეორე ნაწილებით გათვალისწინებული ჯარიმების დაკისრება მართლზომიერია.
მომჩივნის მოთხოვნაზე სადავო აქტის ბათილად ცობასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ხოლო მე-2 ნაწილის მიხედვით ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ან/და კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
სადავო აქტები არ ეწინააღმდეგება კანონს, არ არის დარღვეული მათი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, რომლის არსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
მომჩივნის არგუმენტთან დაკავშირებით აღსანიშნავია, რომ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მეშვეობით დასტურდება მომჩივნის მხრიდან წარსულში „საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 სექტემბრის N 455 დადგენილებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-8 მუხლის „ა“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტების დარღვევის ფაქტები.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი. ამასთან, შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის გამოყენება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. სს „-----“ (ს/ნ ----- ) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. N 16) ან ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. N 11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი:
საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის საფუძველზე მომჩივანი ითხოვს სადავო აქტების ბათილად ცნობას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოვიდა სატვირთო სატრანსპორტო საშუალება, რომლითაც გადაადგილდებოდა ორი ტრანზიტული საქონელი. აღნიშნულ სატრანსპორტო საშუალებაზე და მასზე განთავსებულ საქონელზე გამოიწერა აღრიცხვის მოწმობა, აღნიშნულის შესახებ ეცნობა განცხადებით საბაჟო დეპარტამენტს. დადგენილია და სადავოდ არ არის გამხდარი, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის საბაჟო კონტროლის ზონიდან გატანას, საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის და ასევე საბაჟო საწყობის საქმიანობის სანებართვო პირობის დარღვევას (განმეორებით). მომჩივანს დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილით, 171-ე მუხლის პირველი ნაწილით და 176-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
გადაწყვეტილება:
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი. ამასთან, შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის გამოყენება.
დასაბუთება:
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: მუხლი 170; 176 (1) (2);