დღგ-ის პროპორციული ჩათვლა N 11128
📄 სრული ტექსტი
სიტუაციური სახელმძღვანელო
დღგ-ის პროპორციული ჩათვლა N 11128
ფაქტობრივი გარემოებები
· დღგ-ის გადამხდელის მიერ საანგარიშო თვეში შეძენილი საქონელი/მომსახურება, რომლის დღგ შეადგენს 900 ლარს, ერთდროულად გამოიყენება ჩათვლის ულების მქონე და ჩათვლის უფლების გარეშე ოპერაციებში და მათი გამიჯვნა შეუძლებელია
· გადამხდელის მიერ საანგარიშო თვეში: -მიწოდებული საქონლის ღირებულებამ შეადგინა 80 ათასი ლარი, მ.შ ჩათვლის უფლების გარეშე დღგ-ისაგან გათავისუფლებული საქონლის ღირებულებამ - 40 ათასი ლარი. - მიღებულ იქნა კომპენსაცია მისაწოდებელი საქონლისათვის (ე.წ ავანსი) 35 ათასი ლარი, საიდანაც 5 ათასი დასაქონლებულ იქნა იმავე თვეში. შესაბამისად, საანგარიშო თვის ბოლოსათვის ავანსის თანხამ შეადგინა 30 ათასი ლარი, მ.შ 26 ათასი ლარი მიღებულია ჩათვლის უფლების გარეშე დღგისაგან გათავისუფლებული საქონლის მისაწოდებლად
· გადამხდელმა მხედველობაში არ მიიღო ავანსის თანხები და შესაბამისად, საანგარიშო თვეში დღგ-ის ჩასათვლელი თანხა განსაზღვრა 450 ლარის ოდენობით (900*40/80)
შეფასება
· სსკ-ის 174-ე მუხლის: - მე-6 ნაწილის თანახმად, თუ საქონელი ან მომსახურება ერთდროულად გამოიყენება ჩათვლის უფლების მქონე და ჩათვლის უფლების გარეშე ოპერაციებში და მათი გამიჯვნა შეუძლებელია, დღგ-ის ჩასათვლელი თანხა გაიანგარიშება საანგარიშო პერიოდში საერთო ბრუნვის თანხაში ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციების თანხის ხვედრითი წონის მიხედვით. ამასთან, ჩასათვლელი თანხის დაზუსტება ხდება მიმდინარე საგადასახადო წლის ბოლო საანგარიშო პერიოდის დეკლარაციაში წლის განმავლობაში საერთო ბრუნვის თანხაში ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციების თანხის ხვედრითი წონის მიხედვით - მე-12 ნაწილის შესაბამისად, საერთო ბრუნვა არის პირის მიერ საანგარიშო პერიოდში განხორციელებული საქონლის მიწოდებისა და მომსახურების გაწევის თანხათა ჯამით. სსკ-ის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა. ხოლო დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი, მაგრამ, არაუგვიანეს მისაწოდებელი საქონლის/გასაწევი მომსახურების საკომპენსაციო თანხის/თანხის ნაწილის გადახდის მომენტისა, თუ თანხის გადახდა ხორციელდება საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე
· გადამხდელს უფლება ჰქონდა ჩაეთვალა მხოლოდ 360 ლარი (900*44/110), რადგან საანგარიშო პერიოდის საერთო ბრუნვის თანხა შეადგენს 110 ათას ლარს (80000+30000), ხოლო დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების თანხა 44 ათასს ლარს (110000-40000-26000)
ღონისძიებები
· შემცირდება ჩათვლილი დღგ-ის თანხა
· დეკლარაციაში გადასახადის შემცირებისთვის პირი დაჯარიმდება სსკ-ის 275-ე მუხლის შესაბამისად
სიტუაციური სახელმძღვანელო დამტკიცებულია 2020 წლის 8 აპრილისთვის მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის მიხედვით.
*არ გაითვალისწინება სსკ-ის 161მუხლის პირველი ნაწილის „ა.ბ.ბ.“ და „ა.ბ.გ.“ ქვეპუნქტების შესაბამისად მიღებული თანხები - ავანსები
სიტუაციური სახელმძღვანელო არ ვრცელდება 2021 წლის შემდგომ წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. 2021 წლიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე იხელმძღვანელეთ დამატებული ღირებულების გადასახადის შესახებ მეთოდური მითითებით