საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სისტემაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ

ბრძანება 16.05.2024
№ დოკუმენტი 11293
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი

📄 სრული ტექსტი

სსიპ – შემოსავლების სამსახურის უფროსის

ბრძანება №11293

2024 წლის 16 მაისი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სისტემაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ლ1“ და „უ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სისტემაში სტაჟირების გავლის წესი“.

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სისტემაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2014 წლის 10 აპრილის №20440 ბრძანება.

3. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

 

სამსახურის უფროსი

ლევან კაკავა

 

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის

სისტემაში სტაჟირების გავლის წესი

თავი I. ზოგადი დებულებანი

 

მუხლი 1.

1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სისტემაში სტაჟირების გავლის წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის (შემდგომში – სამსახური) სტრუქტურულ ერთეულებში სტაჟირების გავლის წესსა და პირობებს.

2. სამსახურის სისტემაში სტაჟირების მიზანია:

ა) ადამიანური რესურსების მართვის ერთიანი პოლიტიკის გასატარებლად, ადამიანური რესურსის რეზერვის შექმნის ხელშეწყობა;

ბ) სამსახურისთვის კვალიფიციური ადამიანური რესურსის მომზადება;

გ) სტაჟიორის მიერ პროფესიული ცოდნის და გამოცდილების შეძენა;

დ) სტაჟიორის მიერ პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება;

ე) სამსახურში არსებული ეთიკური ნორმებისა და პრინციპების გაზიარება სტაჟიორისთვის;

ვ) პროფესიული გამოცდილების შეძენის გზით სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობა საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების იმ წარმომადგენლებისთვის, რომლებსაც ბაკალავრიატის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო, ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამით სწავლის გასაგრძელებლად გავლილი აქვთ ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა.

3. სამსახურის სისტემაში სტაჟირება ემყარება შემდეგ პრინციპებს:

ა) სტაჟიორისათვის სამსახურის მუშაობის პროცესში მონაწილეობის თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;

ბ) ცოდნისა და გამოცდილების შეძენის, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებისა და პროფესიული განვითარების მაქსიმალური ხელშეწყობა;

გ) სტაჟიორისათვის დამოუკიდებელი მუშაობისა და შემოქმედებითი ინიციატივების გამოვლენისათვის საჭირო პირობების შექმნა;

დ) სტაჟიორისათვის დასაქმების შესაძლებლობის შექმნა.

4. ამ წესის მიზნებისათვის გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) სტაჟირება – სამსახურის სისტემაში სამუშაოს შესრულება შრომის ანაზღაურების სანაცვლოდ, რომლის მიზანია პროფესიული ცოდნისა და გამოცდილების შეძენა, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება და კვალიფიკაციის ამაღლება, სამსახურისთვის კვალიფიციური ადამიანური რესურსის მოსამზადებლად;

ბ) სტაჟიორი – პირი, რომელიც ამ წესის საფუძველზე სამსახურის სისტემაში ასრულებს სამუშაოს შრომის ანაზღაურების სანაცვლოდ, პროფესიული ცოდნისა და გამოცდილების შეძენის, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებისა და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით;

გ) სტაჟირების მსურველი პირი – პირი, რომელსაც სურს სტაჟირების გავლა ამ წესის შესაბამისად და სამსახურში წარმოდგენილი აქვს განაცხადება სტაჟირების გავლის მიზნით;

დ) სტაჟიორის კონკურსი - სამსახურის ხელმძღვანელის გადაწყვეტილების საფუძველზე, ამ წესის შესაბამისად, სტაჟიორის შესარჩევად გამოცხადებული კონკურსი;

ე) ცნობა − დოკუმენტი, რომელიც გაიცემა სამსახურის მიერ სტაჟირების შეწყვეტის ან დასრულების შემთხვევაში და ასახავს სტაჟიორის მიერ ფაქტობრივად გავლილი სტაჟირების ხანგრძლივობას ან/და ინფორმაციას სტაჟირების გავლის თაობაზე;

ვ) სტაჟიორის მენტორი − სამსახურის სისტემაში სტაჟიორისთვის სამსახურის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მიერ განსაზღვრული თანამშრომელი, რომელიც ხელს უწყობს სტაჟიორს პროფესიული ცოდნისა და გამოცდილების შეძენასა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებაში;

ზ) სტაჟიორის შრომის ანაზღაურება – ანაზღაურება, რომელსაც სამსახურის უფროსის გადაწყვეტილებით, სტაჟიორი იღებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სტაჟირების გავლის პერიოდში.

5. სტაჟირების პროცესის კოორდინაციასა და საორგანიზაციო საკითხების უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელია სამსახურის ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტი.

 

თავი II. სტაჟიორის მიღების წესი

 

მუხლი 2.

1. სამსახურში პირი სტაჟიორად მიიღება მხოლოდ კონკურსის წესით, რაც გულისხმობს სტაჟირების მსურველი პირებისგან საუკეთესოს შერჩევას განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის გზით, კომპეტენციების, ცოდნისა და მოტივაციის შეფასების საფუძველზე.

2. სამსახურის სისტემაში სტაჟირებაზე მიიღება საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:

ა) იცის სახელმწიფო ენა;

ბ) სწავლობს უმაღლესი განათლების პირველ (დამამთავრებელი სასწავლო წლის შემთხვევაში) ან მე-2 ან მე-3 საფეხურზე ან/და დასრულებული აქვს უმაღლესი განათლების ერთ ერთი საფეხური.

3. პირი სტაჟიორად არ მიიღება, თუ:

ა) ნასამართლევია განზრახი დანაშაულისთვის;

ბ) საჯარო სამსახურიდან გათავისუფლდა დისციპლინური გადაცდომის ჩადენისთვის და გათავისუფლებიდან 1 წელი არ გასულა;

გ) სტაჟიორად მიღებისას არ წარადგინა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ფორმის ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა ან წარდგენილი ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა ადასტურებს მის მიერ ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტს;

დ) საბაჟო დეპარტამენტში სტაჟიორად მიღებისას არ წარადგინა სამედიცინო დასკვნა ჯანმრთელობის (მათ შორის ფსიქიკური ჯანმრთელობის) მდგომარეობის შესახებ;

ე) სასამართლომ მხარდაჭერის მიმღებად ცნო, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;

ვ) თუ მის მიერ სამსახურის სისტემაში 2022 წლის პირველი ნოემბრიდან გავლილი სტაჟირების საერთო ვადა შეადგენს 12 თვეს.

 

მუხლი 3.

1. სამსახურში სტაჟიორის მიღების საფუძველია სამსახურის სტრუქტურულ ერთეულებში სტაჟიორის კონკურსის გამოცხადება.

2. სამსახურის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოთხოვნის საფუძველზე, სამსახურის სტრატეგიით/სამოქმედო გეგმით განსაზღვრული ამოცანებიდან გამომდინარე აგრეთვე, წინა წლების სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით განხორციელებული საჭიროების კვლევის შედეგების მიხედვით, სამსახურის ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტი უზრუნველყოფს სტაჟიორის კონკურსის გამოცხადებას და სამსახურის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულთან ერთად შესაბამისი სასწავლო პროგრამების შემუშავებას.

3. სამსახურის სისტემაში სტაჟიორის კონკურსი ცხადდება სსიპ − საჯარო სამსახურის ბიუროს (შემდგომში − ბიურო) მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის (www.hr.gov.ge) მეშვეობით. სამსახურის სისტემაში სტაჟიორის კონკურსის თაობაზე ინფორმაცია შესაძლებელია გამოქვეყნდეს სამსახურის ოფიცილურ ვებგვერდზე.

4. სტაჟიორის კონკურსი ეფუძნება კანონიერების, კანონის წინაშე თანასწორობის, ეკონომიურობისა და ეფექტიანობის, მიუკერძოებლობის, საქართველოს მოქალაქეთათვის საჯარო სამსახურის თანაბარი ხელმისაწვდომობის, ანგარიშვალდებულების, პოლიტიკური ნეიტრალიტეტის, გამჭვირვალობისა და ღიაობისა და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით აღიარებულ სხვა პრინციპებს.

 

მუხლი 4.

სტაჟიორის კონკურსის ეტაპებია:

ა) სტაჟირების მსურველი პირის მიერ წარდგენილი განაცხადის განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა;

ბ) სტაჟირების მსურველი პირის შეფასება;

გ) შედეგების გამოცხადება.

 

მუხლი 5.

1. სტაჟიორის კონკურსის გამოცხადების შესახებ შეტყობინებაში მიეთითება:

ა) სამსახურის/შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის დასახელება და მისამართი, სადაც ცხადდება სტაჟიორის კონკურსი;

ბ) ინფორმაცია შრომის ანაზღაურების და სტაჟირების ხანგრძლივობის შესახებ;

გ) სტაჟიორის კონკურსის საფუძველზე შესარჩევი სტაჟიორების რაოდენობა;

დ) სტაჟიორისთვის განსაზღვრული ფუნქციები;

ე) სტაჟირების მსურველი პირის მიმართ მოთხოვნები;

ვ) განაცხადების და სხვა აუცილებელი დოკუმენტების ჩამონათვალი და წარდგენის ვადა;

ზ) საკონკურსო თემატიკა;

თ) სტაჟიორის კონკურსის ეტაპები (აპლიკაციების გადარჩევა, წერითი ან/და ზეპირი დავალება, გასაუბრება).

2. სამსახური უფლებამოსილია, სტაჟიორის კონკურსის შესახებ შეტყობინებაში შეიტანოს ტექნიკური ხასიათის შესწორება ან/და არსებითი ხასიათის ცვლილება.

3. სტაჟიორის კონკურსის შესახებ შეტყობინებაში არსებითი ხასიათის ცვლილების შეტანის შემთხვევაში, სამსახურის მიერ ცხადდება სტაჟიორის ახალი კონკურსი.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სამსახური ვალდებულია, ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, არსებითი ხასიათის ცვლილებისა და სტაჟიორის კონკურსის ახალი ვადების შესახებ ინფორმაცია, გაუგზავნოს სტაჟირების მსურველ იმ პირს რომელსაც გაკეთებული აქვს განაცხადი სტაჟიორის კონკურსის გამოცხადების შესახებ შეტყობინებაში არსებითი ხასიათის ცვლილების შეტანამდე.

 

მუხლი 6.

1. სტაჟიორის კონკურსში მონაწილეობისათვის, სტაჟირების მსურველი პირი განაცხადს წარადგენს მხოლოდ ელექტრონული ფორმით, ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის მეშვეობით.

2. სტაჟირების მსურველი პირი ვალდებულია, სამსახურს მიაწოდოს უტყუარი ინფორმაცია და დოკუმენტები საკონკურსო მოთხოვნებთან შესაბამისობის შესახებ.

3. სტაჟირების მსურველ პირს სტაჟირების კონკურსში მონაწილეობისათვის განაცხადის წარსადგენად ეძლევა არანაკლებ 3, მაგრამ არაუმეტეს 15 კალენდარული დღისა.

4. სტაჟირების მსურველი პირი უფლებამოსილია, განაცხადში შეიტანოს ცვლილება სამსახურის მიერ განაცხადის წარდგენისთვის გათვალისწინებული ვადის ამოწურვამდე.

 

მუხლი 7.

სტაჟირების მსურველი პირის მიერ წარდგენილი განაცხადის განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენას უზრუნველყოფს სამსახურის ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტი განაცხადის მიღების ვადის ამოწურვიდან არაუგვიანეს 10 კალენდარული დღისა. განაცხადების განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის შესახებ ინფორმაცია წარედგინება სტაჟირების მსურველი პირის შეფასებაზე უფლებამოსილ კომისიას (შემდგომში - საკონკურსო კომისია).

 

მუხლი 8.

1. თუ სტაჟირების მსურველი პირის მიერ წარდგენილი განაცხადი განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისია, ექვემდებარება საკონკურსო კომისიის მიერ შეფასებას.

2. სტაჟირების მსურველი პირის შეფასება შესაძლებელია მოიცავდეს შემდეგ ეტაპებს:

ა) წერითი დავალება;

ბ) სხვადასხვა სახის ტესტირება;

გ) ზეპირი დავალება;

დ) გასაუბრება.

 

მუხლი 9.

1. სტაჟირების მსურველი პირის შეფასებას ახორციელებს საკონკურსო კომისია. 2. საკონკურსო კომისიის შემადგენლობაში შედიან:

ა) საკონკურსო კომისიის თავმჯდომარე - სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე/მოადგილე (სტაჟიორის კონკურსის გამოცხადების შესახებ შეტყობინებაში მითითებული, სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის კურატორი მოადგილე), სტუქტურული ერთეულის უფროსი (თუ სამსახურის სტრუქტურულ ერთეულს არ ჰყავს კურატორი სამსახურის უფროსის მოადგილე);

ბ) საკონკურსო კომისიის წევრები - სამსახურის იმ სტრუქტურული ერთეულის უფროსი/ უფროსის მოადგილე/მოადგილეები, რომელიც მითითებულია სტაჟიორის კონკურსის გამოცხადების შესახებ შეტყობინებაში;

გ) სამსახურის ადამიანური რესურსების მართვის და განვითარების დეპარტამენტის უფროსი/მოადგილე.

3. საკონკურსო კომისია, როგორც წესი, გადაწყვეტილებას იღებს ქულათა სისტემის საფუძველზე.

4. საკონკურსო კომისია უფლებამოსილია:

ა) მიიღოს გადაწყვეტილება, თუ სხდომას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი, მაგრამ არანაკლებ 3 წევრისა;

ბ) გადაწყვეტილება მიიღოს კენჭისყრის საფუძველზე;

გ) სტაჟირების მსურველი პირის შეფასება განახორციელოს ელექტრონული კომუნიკაციების საშუალებებით.

5. ამ მუხლის მე-3 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს სხდომაზე დამსწრე საკონკურსო კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტად ითვლება საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის ხმა.

6. საკონკურსო კომისია აფასებს სტაჟირების მსურველი პირის შესაბამისობას დადგენილ მოთხოვნებთან.

7. საკონკურსო კომისიის მიერ, სტაჟირების მსურველი პირის მიმართ:

ა) შეფასება უნდა იყოს ობიექტური, მიუკერძოებელი, თანმიმდევრულად და თანაბრად გამოყენებული სტაჟირების მსურველი ყველა პირისადმი;

ბ) შეფასება უნდა ეფუძნებოდეს სტაჟირების მსურველი პირის მიერ წარდგენილი დოკუმენტებს, წერით დავალებას/ტესტირებას და გასაუბრების შედეგებს, ასევე, სტაჟირების მსურველი პირის განათლებას და მოტივაციას შეფასებას.

8. საკონკურსო კომისიის მიერ სტაჟირების მსურველი პირის შეფასების დასაბუთებული შედეგი აისახება ამავე კომისიის სხდომის ოქმში, რომელსაც ხელს აწერს საკონკურსო კომისიის თავმჯდომარე და წევრები. საკონკურსო კომისიის წევრს უფლება აქვს, თავისი განსხვავებული აზრი დაურთოს სხდომის ოქმს, რის შესახებაც ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი.

9. საკონკურსო კომისია ვალდებულია საბოლოო გადაწყვეტილება მიიღოს განაცხადის წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.

 

მუხლი 10.

1. საკონკურსო კომისია სამსახურის უფროსს სტაჟიორად დასანიშნად წარუდგენს შერჩეულ კანდიდატს.

2. სტაჟიორად პირი ინიშნება სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტით და სტაჟიორსა და სამსახურს შორის ფორმდება სტაჟირების ხელშეკრულება.

3. სტაჟიორის კონკურსის შედეგები აისახება ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის შესაბამის მოდულში, მისი დასრულებიდან (შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებიდან) არაუგვიანეს 7 კალენდალური დღისა.

4. სტაჟიორის კონკურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში, შერჩეული სტაჟირების მსურველი პირი სამსახურის ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტში წარადგენს:

ა) პირადობის მოწმობის ასლს;

ბ) ფოტოსურათს ელექტრონულ ვერსიასთან ერთად;

გ) დიპლომის ასლს ან ცნობას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან;

დ) ცნობას ნასამართლეობის შესახებ;

ე) ცნობას ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ.

5. შერჩული სტაჟირების მსურველი პირი საბაჟო დეპარტამენტში სტაჟიორად დანიშვნისას, ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულ დოკუმენტებთან ერთად წარადგენს სამედიცინო დასკვნას ჯანმრთელობის (მათ შორის, ფსიქიკური ჯანმრთელობის) მდგომარეობის შესახებ.

6. ამ მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებით მოთხოვნილი დოკუმენტების წარუდგენლობის ან არასრულად წარდგენის შემთხვევაში, შერჩეული სტაჟირების მსურველი პირის სტაჟიორად დანიშვნის საკითხი არ განიხილება.

 

მუხლი 11.

თუ სტაჟირების მსურველი პირი, რომელიც შეირჩა სტაჟიორის კონკურსის შედეგად, უარს განაცხადებს სტაჟიორად დანიშვნაზე, საკონკურსო კომისია უფლებამისილია იმსჯელოს სტაჟირების მსურველი სხვა პირის სტაჟიორად დანიშვნის საკითხზე ან მიიღოს გადაწყვეტილება სტაჟიორის კონკურსის ჩაშლილად გამოცხადების შესახებ. სტაჟიორის კონკურსის ჩაშლის შემთხვევაში, ფორმდება შესაბამისი ოქმი.

 

მუხლი 12.

1. სტაჟიორის კონკურსი ჩაშლილად ცხადდება, თუ:

ა) სტაჟიორის კონკურსში მონაწილეობისათვის წარდგენილ არ იქნა განაცხადი;

ბ) შეფასების შედეგად ვერ შეირჩა სტაჟიორი;

გ) სტაჟირების მსურველმა პირმა უარი განაცხადა სტაჟიორად მიღებაზე და საკონკურსო კომისიის მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება კონკურსის ჩაშლილად გამოცხადების შესახებ.

2. სამსახურის რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის, სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის ან/და სხვა გაუთვალისწინებელი ობიექტური მიზეზის არსებობის შემთხვევაში, სამსახური უფლებამოსილია, შეწყვიტოს სტაჟიორის გამოცხადებული კონკურსი ნებისმიერ ეტაპზე, სტაჟირების მსურველი პირისათვის საბოლოო გადაწყვეტილების გაცნობამდე.

3. სამსახური ვალდებულია, კონკურსის შეწყვეტის შესახებ დასაბუთებული გადაწყვეტილება შეატყობინოს სტაჟირების მსურველ პირს და ბიუროს.

 

თავი III. სტაჟირების მსურველი პირისა და

სტაჟიორის უფლებება-მოვალეობები

 

მუხლი 13.

სტაჟირების მსურველი პირის უფლება-მოვალეობებია:

ა) გაეცნოს სტაჟიორის კონკურსის შესაბამის შეტყობინებაში მითითებულ ინფორმაციას/მოთხოვნებს და კონკურსში მონაწილეობის მიზნით, წარადგინოს ელექტრონული განაცხადი ბიუროს მიერ ადმინისტრირებულ ვებგვერდზე;

ბ) შეიტანოს ცვლილება გაკეთებულ განაცხადში სამსახურის მიერ განაცხადის წარდგენისთვის განსაზღვრული ვადის ამოწურვამდე;

გ) სამსახურს მიაწოდოს უტყუარი ინფორმაცია და დოკუმენტები საკონკურსო მოთხოვნებთან შესაბამისობის შესახებ;

დ) გაასაჩივროს სტაჟირების კონკურსის შედეგები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ე) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლება მოვალეობები.

 

მუხლი 14.

1. სტაჟიორის უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება ამ წესით და სტაჟირების ხელშეკრულებით.

2. სტაჟიორის მენტორის თანხმობით, სტაჟიორს უფლება აქვს;:

ა) გაეცნოს სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის და მთლიანად, სამსახურის მუშაობის სპეციფიკას. კომპეტენციის ფარგლებში, მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა საკითხზე გადაწყვეტილებების მომზადების პროცესში;

ბ) გაეცნოს სამსახურებრივ დოკუმენტაციას, ისარგებლოს სათანადო ინფორმაციით (ელექტრონული საშუალებებითა და სხვა), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

გ) დაესწროს და მონაწილეობა მიიღოს სამსახურის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში.

3. სტაჟიორი უფლებამოსილია:

ა) მოითხოვოს უსაფრთხო გარემოსა და სათანადო პირობების შექმნა პროფესიული უნარ ჩვევებისა და პრაქტიკული გამოცდილების შესაძენად;

ბ) შეატყობინოს სამსახურის/სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელებს, სამსახურის ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტს სტაჟირების მიმდინარეობისას გამოვლენილი ხარვეზების შესახებ, დასაბუთებული წერილობითი ფორმით;

გ) პირადი განცხადების საფუძველზე, მოითხოვოს სტაჟირების შეწყვეტა;

დ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებები.

4. სტაჟიორი ვალდებულია:

ა) დადგენილ ვადებში შეასრულოს ყველა ის დავალება, რომელიც მას დაეკისრება სტაჟიორის მენტორის მიერ და რომელიც გამომდინარეობს სამსახურის დებულებითა და სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის დებულებით გათვალისწინებული საქმიანობის სპეციფიკიდან;

ბ) დაიცვას სამსახურის შინაგანაწესით და ამ წესით დადგენილი მოთხოვნები;

გ) დაიცვას „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პრინციპები;

დ) არ გაავრცელოს საქართველოს კანონმდებლობით საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაცია, რაც მისთვის ცნობილი გახდა სტაჟირების გავლის პროცესში, მათ შორის სტაჟირების დასრულების შემდეგ, შესაბამისი ინფორმაციის გასაიდუმლოების მარეგულირებელი საკანონმდებლო ნორმების მოქმედების ვადით, ანუ იმ ვადით, რა ვადითაც ინფორმაცია წარმოადგენს საიდუმლო ინფორმაციას, საქართველოს კანონმდებლობის (მათ შორის, საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობის) შესაბამისად;

ე) შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებები.

5. სამსახურის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით და მენტორის ზედამხედველობით, სტაჟიორი შესაძლებელია უშუალოდ იქნეს ჩართული საქართველოს საგადასახადო/საბაჟო კანონმდებლობით გათვალისწინებულ საგადასახადო/საბაჟო ორგანოს კომპეტენციას მიკუთვნებული პროცედურების განხორციელებაში.

 

თავი IV. სამსახურის, სამსახურის სტრუქტურული ერთეულისა და სტაჟიორის მენტორის უფლებები და მოვალეობები

 

მუხლი 15.

სამსახურის უფლება-მოვალეობებია:

ა) შეუქმნას სტაჟიორს უსაფრთხო გარემო და სათანადო პირობები პროფესიული უნარ ჩვევებისა და პრაქტიკული გამოცდილების შესაძენად;

ბ) განუსაზღვროს სტაჟიორს სტაჟიორის მენტორი;

გ) სტაჟირების მიმდინარეობისას გამოვლენილი ხარვეზების შესახებ სტაჟიორის წერილობითი მიმართვის შემთხვევაში, მიიღოს შესაბამისი ზომები ხარვეზის შესწავლისა და გადაწყვეტის მიზნით;

დ) სტუდენტის აქტიური სტატუსის მქონე სტაჟიორს, მოთხოვნის შემთხვევაში, სასწავლო პროცესთან სტაჟირების ინტეგრირების მიზნით, დაუდგინოს სტაჟირების სპეციალური გრაფიკი;

ე) დაადგინოს სტაჟიორის სხვა მოთხოვნები, გარდა ამ წესის მე-2 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნებისა;

ვ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლება მოვალეობები.

 

მუხლი 16.

სამსახურის ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის უფლება-მოვალეობებია:

ა) გამოაცხადოს სტაჟიორის კონკურსი ბიუროს მიერ ადმინისტრირებულ ვებგვერდზე;

ბ) დაადგინოს სტაჟირების მსურველი პირის მიერ წარდგენილი განაცხადების განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობა;

გ) ორგანიზება გაუწიოს საკონკურსო კომისიის მიერ სტაჟირების მსურველი პირის შეფასების პროცესს;

დ) ასახოს სტაჟიორის კონკურსის შედეგების შესახებ ინფორმაცია ბიუროს მიერ ადმინისტრირებულ ვებგვერდზე;

ე) უზრუნველყოს სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელების ინფორმირება სტაჟირების მნიშვნელობისა და ამ პროცესში თითოეული მათგანის ფუნქციის შესახებ;

ვ) უზრუნველყოს სტაჟიორის ადაპტაციის პროცესი და სამსახურის საქმიანობის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტების გაცნობა;

ზ) გაეცნოს რეკომენდაციებს სტაჟირების პროცესის განვითარებასთან, გაუმჯობესებასთან დაკავშირებით და ითანამშრომლოს ბიუროსთან საჯარო დაწესებულებებში სტაჟირების ერთიანი პრაქტიკის დანერგვის მიმართულებით;

თ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლება მოვალეობები.

 

მუხლი 17.

1. სტაჟიორის მენტორის უფლება-მოვალეობებია:

ა) გაუწიოს კოორდინაცია სტაჟიორს/სტაჟიორების ჯგუფს;

ბ) გაუნაწილოს/განუსაზღვროს სტაჟიორს დავალებები, გააცნოს აღნიშნული დავალებების შესრულების სპეციფიკა, მნიშვნელობა, მოსალოდნელი შედეგები;

გ) განახორციელოს სტაჟიორის მიერ სამუშაოს შესრულების პროცესის მონიტორინგი;

დ) გაუზიაროს რეკომენდაციები/ინსტრუქციები, მისცეს უკუკავშირი და იზრუნოს სტაჟიორის პროფესიულ განვითარებაზე, საჭიროებისამებრ, ასევე მიაწოდოს თეორიული მასალა;

ე) შეუქმნას სტაჟიორს შესაბამისი გარემო, სათანადო პროფესიული გამოცდილების მიღების მიზნით;

ვ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლება მოვალეობები.

2. სტაჟიორის მენტორი უფლებამოსილია, შეფასების წესის ან დასაბუთებული წერილობითი არგუმენტაციის საფუძველზე, შეაფასოს სტაჟიორის მიერ შესრულებული სამუშაო;

 

თავი V სტაჟიორის შრომის

ანაზღაურება

 

მუხლი 18.

1. სტაჟიორს სტაჟირების გავლის პერიოდში მიეცემა შრომის ანაზრაურება, ,,საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

2. ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სტაჟიორის შრომის ანაზღაურება განისაზღვრება სტაჟირების ხელშეკრულებით, ,,საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ზღვრული ოდენობის ფარგლებში.

3. შრომის ანაზღაურება გაიცემა უნაღდო ანგარიშსწორებით.

 

თავი VI. სტაჟიორთა სავალდებულო კვოტა და სტაჟირების ვადა

 

მუხლი 19.

სამსახურში სტაჟიორთა რიცხოვნობას განსაზრვრავს სამსახურის უფროსი, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს სამსახურის მთლიანი საშტატო რიცხოვნობის 10%-ს.

 

მუხლი 20.

1. ამ წესის შესაბამისად, სამსახურში სტაჟირება ცხადდება საჭიროებიდან გამომდინარე, მაგრამ არანაკლებ წელიწადში ერთხელ.

2. სამსახურის სისტემაში სტაჟირების საერთო ვადა განისაზღვრება 3 თვიდან - ერთ წლამდე.

3. სტაჟიორს უფლება აქვს სამსახურში სტაჟირება რამდენჯერმე გაიაროს, თუმცა სტაჟირების გავლის საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 12 თვეს.

4. სტაჟიორისა და სამსახურის შეთანხმებით, შესაძლებელია სტაჟირების გაგრძელება, თუმცა სტაჟირების საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 12 თვეს.

 

თავი VII. სტაჟირების პროცესი

 

მუხლი 21.

1. სტაჟიორად დანიშვნამდე, სტაჟირების მსურველი პირი ვალდებულია გაეცნოს ამ წესს, სამსახურის შინაგანაწესს და აღნიშნული წესების გაცნობა და პირობების შესრულების ვალდებულება დაადასტუროს ხელწერილით, რომელიც თან ერთვის სტაჟიორის პირად საქმეს.

2. სტაჟირება ხორციელდება სამსახურის ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის მიერ შემუშავებული სასწავლო პროგრამით, თეორიული სწავლების ან/და პრაქტიკული მეცადინეობის ფორმით.

3. თეორიული სწავლებისას, შესასრულებელი მოვალეობების შესაბამისი სასწავლო პროგრამის უზრუნველყოფის მიზნით, სამსახური უფლებამოსილია გააფორმოს შესაბამისი ხელშეკრულება სპეციალიზირებულ საკონსულტაციო ან/და სასწავლო დაწესებულებასთან.

4. თეორიული სწავლების პროცესის კოორდინაციას უზრუნველყოფს სამსახურის ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტი.

5. სტაჟიორის მენტორს, რომელიც უზრუნველყოფს სტაჟიორის პრქტიკული სწავლების პროცესს განსაზღვრავს სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის უფროსი და ინფორმაციას აწვდის სამსახურის ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტს.

 

თავი VIII. სტაჟირების შეჩერება, შეწყვეტა და დასრულება

 

მუხლი 21.

1. სამსახურის გადაწყვეტილებით, საპატიო მიზეზის არსებობის შემთხვევაში, შესაძლებელია სტაჟირების ვადის შეჩერება.

2. სტაჟირების გაგრძელება შესაძლებელია შეჩერებული ვადით, თუმცა არაუმეტეს სტაჟირების საერთო 12 თვიანი ვადისა.

3. სტაჟირების დროებით შეჩერების საფუძველია:

ა) სტაჟიორის პირადი განცხადება;

ბ) სტაჟიორის დროებითი შრომისუუნარობა;

გ) სტაჟიორის მიმართ სისხლის სამართლის საქმის წარმოება – საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე;

დ) სამხედრო სარეზერვო სამსახურში გაწვევა.

4. სტაჟირების დროებით შეჩერების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სამსახურის უფროსი,რის შესახებაც გამოიცემა სამსახურის უფროსის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი.

 

მუხლი 22.

1. სტაჟიორთან დადებული ხელშეკრულება წყდება:

ა) სტაჟიორის პირადი განცხადების საფუძველზე;

ბ) ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლისას;

გ) სამსახურის რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატების შემცირებისას;

დ) საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის საფუძველზე;

ე) სასამართლოს საბოლოო გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის საფუძველზე;

ვ) გარდაცვალებისას;

ზ) სტაჟიორის სამსახურში სხვა თანამდებობაზე დანიშვნისას;

თ) საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესით შეზღუდულქმედუნარიანად აღიარების საფუძველზე;

ი) სასამართლოს მიერ უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარების, გარდაცვლილად გამოცხადების ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობის საფუძველზე, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;

კ) მძიმე დისციპლინური გადაცდომის ჩადენის საფუძველზე, თუ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომად სტაჟირების შეწყვეტა განისაზღვრება;

ლ) ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტის დადასტურებისას, გარდა სამკურნალო მიზნით მისი მოხმარების შემთხვევისა.

 

მუხლი 23.

სტაჟირების შეწყვეტის შემთხვევაში, სამსახური გასცემს ცნობას, სადაც აისახება ფაქტობრივად გავლილი სტაჟირების პერიოდი, რაც ითვლება სტაჟიორის საერთო სტაჟში/სამუშაო გამოცდილებაში.

 

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე