გადაწყვეტილება №21362/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№21362/2/2023
29 თებერვალი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „--------“ (ს/ნ ------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 28.12.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს --------ს 20.11.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №21362/2/2023).
დავის საგანი:
შემოსავლების სამსახურის 27.02.2023 წლის №3616 ბრძანების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 11.10.2023 წლის №002-237 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 7.11.2023 წლის №27476 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 613 305,55 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 384 662
დღგ - 325 084
მოგების გადასახადი - 59 578
ჯარიმა - 29 789
საურავი - 198 854,55
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
აუდიტის დეპარტამენტის 23.12.2021 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია 6.06.2019 წლიდან 1.06.2021 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 27.12.2021 წლის №002-440 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 9.02.2022 წლის №2941 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 8.04.2022 წლის №15691/2/2022 გადაწყვეტილებით ნაწილობრივ გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 9.02.2022 წლის №2941 ბრძანება. საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა საბჭოს 8.04.2022 წლის №15691/2/2022 გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული საჩივარი და 30.06.2022 №17115 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა. აუდიტის დეპარტამენტს დაევალა შემოსავლების სამსახურის უფროსის 25.03.2022 წლის №7547 ბრძანებით დამტკიცებული „ვირტუალური ზონის პირის მოგების გადასახადით დაბეგვრის თაობაზე“ მეთოდური მითითების მიხედვით შეისწავლოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 30.06.2022 №17115 ბრძანების აღსრულების შედეგებზე გამოცემული აუდიტის დეპარტამენტის 3.10.2022 წლის დასკვნის მიხედვით, შემოსავლების სამსახურის უფროსის 25.03.2022 წლის №7547 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების მიხედვით, მოგების გადასახადში საგადასახადო შეღავათის გავრცელების მიზნებისთვის არსებითია, რომ ვირტუალური ზონის პირი საქართველოს ტერიტორიაზე ახორციელებდეს საინფორმაციო ტექნოლოგიურ საქმიანობას. ხოლო იმისათვის, რომ პირის საქმიანობა ჩაითვალოს საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებულ საინფორმაციო ტექნოლოგიურ საქმიანობად, სხვა ფაქტობრივ გარემოებებთან ერთად დაბეგვრის მიზნებისთვის არსებითია, რომ ვირტუალური ზონის პირი საინფორმაციო ტექნოლოგიების შესაქმნელად იყენებდეს საქართველოში დაქირავებული პირ(ებ)ის შრომას, მათ შორის, აუცილებლად შესაბამისი პროფილური განხრით. საგადასახადო კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავალს განეკუთვნება საქართველოში დაქირავებით მუშაობით მიღებული შემოსავალი. ამ ქვეპუნქტის მიზნებისთვის დაქირავებულად მუშაობის პერიოდში საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნა დაბეგვრისთვის განმსაზღვრელი არ არის. შესაბამისად, შემოწმების მიერ ფიზიკურ პირებზე გადახდილი თანხების საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა არ წარმოადგენს მტკიცებულებას, რომ კომპანიას დაქირავებული თანამშრომლები საქართველოში ჰყავდა და საინფორმაციო ტექნოლოგიები საქართველოს ტერიტორიაზე იქმნებოდა. მეთოდური მითითების მაგალითებში მოყვანილი ფაქტობრივი გარემოებები, სადაც შესაძლებელია საინფორმაციო ტექნოლოგიების საქართველოში შექმნილად მიჩნევა, განსხვავდება მომჩივნის საქმიანობის პროცესში დამდგარი გარემოებისგან. საკითხის დამატებით შესწავლის შედეგად, განსხვავებული გარემოებები არ გამოვლენილა. შესაბამისად არ არსებობს საგადასახადო ვალდებულებების შემცირების საფუძველი.
აუდიტის დეპარტამენტის 3.10.2022 წლის დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის 7.10.2022 წლის №002-162 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 27.02.2023 წლის №3616 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. აუდიტის დეპარტამენტს დაევალა შემოსავლების სამსახურის უფროსის 29.12.2022 წლის №33544 ბრძანებით დამტკიცებული „ვირტუალური ზონის პირის მოგების გადასახადით დაბეგვრის თაობაზე“ მეთოდური მითითების მიხედვით, შეისწავლოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 27.02.2023 წლის №3616 ბრძანების აღსრულების შედეგებზე გამოცემული აუდიტის დეპარტამენტის 2.10.2023 წლის დასკვნის მიხედვით, შემოსავლების სამსახურის უფროსის 29.12.2022 წლის №33544 ბრძანებით დამტკიცებულ მეთოდურ მითითებაში წარმოდგენილი მაგალითების თანახმად, მოგების გადასახადში შეღავათის გამოყენებისათვის საჭიროა შემდეგი გარემოებები:
1) თუ კომპანიაში ადგილი აქვს საინფორმაციო ტექნოლოგიების სპეციალისტის დაქირავებით მუშაობას, მოგების გადასახადში შეღავათის გამოყენებისათვის უნდა ხორციელდებოდეს სახელფასო განაცემის გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა. აღნიშნულ შემთხვევაში დაქირავებული პირის რეზიდენტობის საკითხი აღარ არის გადამწყვეტი;
2) თუ დამფუძნებელი არის რეზიდენტი პირი, არის სპეციალისტი და შემოსავალი მიღებული აქვს დივიდენდის სახით, რომელიც დაბეგრილია წყაროსთან საშემოსავლო გადასახადის 5%-იანი განაკვეთით, შექმნილი პროგრამული პროდუქტი უნდა ჩაითვალოს საქართველოში შექმნილად.
შპს -------ს შემთხვევაში საინფორმაციო ტექნოლოგიების შექმნას, როგორც დაქირავებული პირი, ისე დამფუძნებელი ახორციელებდა. დაქირავებული პირი წარმოადგენდა არარეზიდენტს და მასზე გადახდილი ხელფასი კომპანიას არ ჰქონდა დაბეგრილი გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით 5%-იანი განაკვეთით. თუმცა ამ შემთხვევაში არ კმაყოფილდება დამფუძნებლის რეზიდენტობის კრიტერიუმი. ვინაიდან დამფუძნებელი პირიც წარმოადგენდა არარეზიდენტს, ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, მეთოდური მითითების მიხედვით კომპანია არ თავისუფლდება მოგების გადასახადისგან და დარიცხული თანხა არ ექვემდებარება შემცირებას.
აუდიტის დეპარტამენტის 2.10.2023 წლის დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის 11.10.2023 წლის №002-237 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 7.11.2023 წლის №27476 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, „საინფორმაციო ტექნოლოგიური ზონების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველ პუნქტზე, მე-3 მუხლის პირველ პუნქტზე და მე-6 მუხლზე, საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 35-ე ნაწილზე, 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 98-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 981 მუხლის პირველ ნაწილზე, 99-ე მუხლის პირველი ნაწილის „ჟ“ ქვეპუნქტზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, „ვირტუალური ზონის პირის სტატუსის მინიჭების წესისა და პირობების და ვირტუალური ზონის პირის სტატუსის მიმნიჭებელი პირის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 26.01.2011 წლის №49 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე საქართველოს მთავრობის №89 დადგენილების მე-5 მუხლის პირველ პუნქტზე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე.
საჩივარში გადასახადის გადამხდელი მიუთითებს, რომ შესამოწმებელ პერიოდში კომპანიას განაწილებული აქვს დივიდენდი დამფუძნებელ არარეზიდენტ ფიზიკურ პირზე (-------), რომელიც დაბეგრილია გადახდის წყაროსთან 5%-იანი განაკვეთით, ხოლო მოგების გადასახადის დაბეგვრის ნაწილში კომპანიამ ისარგებლა ვირტუალური ზონის პირებისათვის გათვალისწინებული საგადასახადო შეღავათით. მიუთითებს, რომ კომპანია ნამდვილად წარმოადგენს ვირტუალური ზონის პირს და ეს სადავო არ გამხდარა შემოწმების პროცესში (კომპანიას აქვს სერტიფიკატი, რომლის მისაღებად გავლილი აქვს კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურები). აღნიშნავს, რომ კომპანია წარმოადგენს საქართველოს რეზიდენტს და მათ მიერ შექმნილ საინფორმაციო ტექნოლოგიების მიწოდებას ახორციელებს საქართველოს ფარგლებს გარეთ.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს „ვირტუალური ზონის პირის მოგების გადასახადით დაბეგვრის თაობაზე მეთოდური მითითების დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 29.12.2022 წლის №33544 ბრძანებაზე და განმარტავს შემდეგს:
- თუ ადგილი აქვს საინფორმაციო ტექნოლოგიების სპეციალისტის დაქირავებით მუშაობას და ხორციელდება სახელფასო განაცემის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა, საგადასახადო ორგანოს მიერ სადავო არ უნდა გახდეს მოგების გადასახადში საგადასახადო შეღავათით სარგებლობის საკითხი, მიუხედავად იმისა რეზიდენტია თუ არა დაქირავებული;
- თუ დამფუძნებელი რეზიდენტია, არის სპეციალისტი და შემოსავალი მიღებული აქვს დივიდენდის სახით, რომელიც დაბეგრილია წყაროსთან საშემოსავლო გადასახადის 5%-იანი განაკვეთით, შექმნილი პროგრამული პროდუქტი უნდა ჩაითვალოს საქართველოში შექმნილად და შესაბამისად, ასევე სადავო არ უნდა გახდეს მოგების გადასახადში საგადასახადო შეღავათით სარგებლობის საკითხი.
ამასთან, იმ შემთხვევაში, თუ საგადასახადო ორგანოს მიერ საგადასახადო შემოწმებისას ან ზოგადი ანალიტიკური პროცედურების განხორციელებისას გადასახადის გადამხდელის მიერ მოხდება საგადასახადო ანგარიშგებაში ცვლილება ან/და დამატების შეტანა იმდაგვარად, რომ დაკმაყოფილდება ზემოთაღნიშნული პირობები, მოგების გადასახადში საგადასახადო შეღავათით სარგებლობისათვის დადგენილი ნორმები ჩაითვლება შესრულებულად.
ყოველივე ზემოხსენებულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 27.02.2023 წლის №3616 ბრძანების სრულყოფილად აღსრულების მიზნით, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შემოსავლების სამსახურის უფროსის 29.12.2022 წლის №33544 ბრძანებით დამტკიცებული „ვირტუალური ზონის პირის მოგების გადასახადით დაბეგვრის თაობაზე“ მეთოდური მითითების და ზემოაღნიშნული განმარტების შესაბამისად, შეისწავლოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მომჩივნის არგუმენტაცია
თუ საკითხს განვიხილავთ 2022 წლის დეკემბერში გამოცემული მეთოდური მითითების მიხედვით და ასევე ბოლო დასკვნაში გადმოცემული ინფორმაციის მიხედვით (2.10.2023 წ, №1033) გადამხდელის შესაბამისი ფაქტობრივი გარემოებებით შეიძლება იყოს პირველი და მე-2 მაგალითები, რომლის მიხედვითაც, მხოლოდ ერთი დაქირავებულის არსებობაც კი საკმარისია იმისათვის, რომ პირმა მართლზომიერად ისარგებლოს საგადასახადო შეღავათით. დაქირავებულის არსებობას ადასტურებს თავად აუდიტის დეპარტამენტი და ეს საკითხი სადავო არ გამხდარა. ამასთან, პირველ მაგალითში არსად არ არის მოცემული (და არც უნდა იყოს რადგან ამას კანონი არ ადგენს)ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დაქირავებული პირი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე ან რეზიდენტი და ა.შ. ასევე, არსად არის წარმოდგენილი ხელფასის ოდენობა, მეტიც, ხაზგასმულია, რომ დაქირავებული მხოლოდ ერთი პირია.
სადავო არ არის ის გარემოება, ფაქტი, რომ კომპანიას ჰყავდა დაქირავებული (ეს აღნიშნული დასკვნაშიც). თავდაპირველი შემოწმების აქტით პირს ხელფასზე დამატებით დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი, მაგრამ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებით თუ წარმოდგენილი იქნებოდა შესაბამისი რეზიდენტობის ცნობა აღნიშნული ხელფასი უნდა გათავისუფლებულიყო საშემოსავლო გადასახადისგან. შედეგად აღნიშნული საშემოსავლო გადასახადში დარიცხვა შემცირდა სრულად. შეიძლება ითქვას, რომ მხოლოდ ის ფაქტი, რომ დაქირავებულზე გადახდილი ხელფასი გათავისუფლდა საქართველოში საშემოსავლო გადასახადისგან -------თან გაფორმებული ორმაგი დაბეგვრის თავიდან არიდების საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე არ უნდა გახდეს პირის მოგების გადასახადით დაბეგვრის საფუძველი.
ამასთან, გაუგებარია შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებაში მითითებული შემდგომი საკითხი: „ამასთან, იმ შემთხვევაში, თუ საგადასახადო ორგანოს მიერ საგადასახადო შემოწმებისას ან ზოგადი ანალიტიკური პროცედურების განხორციელებისას გადასახადის გადამხდელის მიერ მოხდება საგადასახადო ანგარიშგებაში ცვლილება ან/და დამატების შეტანა იმდაგვარად, რომ დაკმაყოფილდება ზემოთაღნიშნული პირობები, მოგების გადასახადში საგადასახადო შეღავათით სარგებლობისათვის დადგენილი ნორმები ჩაითვლება შესრულებულად“.
ამ შემთხვევაში რატომ არის ეს საკითხი დასკვნაში მითითებული გაუგებარია. კომპანიასთან არც საგადასახადო შემოწმება მიმდინარეობს და არც ზოგადი ანალიტიკური პროცედურები ხორციელდება. მაგრამ, თუ ასეთ დაშვებას იძლევა ზოგადად მეთოდი, მაშინ საგადასახადო დავის საგანიც მოგების გარკვეული ნაწილის ხელფასად კვალიფიცირება უნდა იყოს და არა თავად მოგების გათავისუფლების საკითხი. კომპანიაზე დარიცხვა ხდება ისეთ პირობებში, როდესაც არ გვაქვს არანაირი მეთოდური მითითება და ეს მეთოდური მითითებაც უკვე 2-ჯერ შეიცვლა და აღნიშნული გადაწყვეტილებით კიდევ ერთი დამატებითი პირობა შემოვიდა. აქედან გამომდინარე, საერთოდ გაუგებარი და აბსურდული ხდება, რას ითხოვს შემოსავლების სამსახური გადამხდელისგან. ამასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა დამატებით უნდა წარმოადგინოს განმარტება.
ასევე აღსანიშნავია, რომ აუდიტის დეპარტამენტს უკვე 2-ჯერ დაუბრუნდა საკითხი განსახილველად და მან ვერ წარმოადგინა დამატებითი არგუმენტაცია მისი პოზიციის გასამყარებლად, მათ შორის ვერც მეთოდური მითითებების მიხედვით და ვერც შემოსავლების სამსახურის ბრძანებაში წარმოდგენილი საკითხების გათვალისწინებით. ახლა სახეზეა ერთი საგადასახადო შემოწმების აქტი და 2-ჯერ დამატებით გამოკვლეული საკითხი, რომლის არგუმენტები არსებითად არ განსხვავდება პირველად დოკუმენტაციაში მოცემული არგუმენტებისგან. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის მიერ კიდევ ერთხელ ამ საკითხის დამატებით გამოსაკვლევად დაბრუნება აუდიტის დეპარტამენტისთვის არ არის მიზანშეწონილი და მართლზომიერი ქმედება. შესაბამისად, თუ 2-ჯერ დაბრუნებული საკითხი აუდიტის დეპარტამენტის მიერ საკმარისად ვერ იქნა გამოკვლეული და ვერ იქნა წარმოდგენილი საკმარისი არგუმენტები პოზიციის საბოლოოდ გასამყარებლად, შემოსავლების სამსახურს პირდაპირ უნდა მიეღო გადაწყვეტილება საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ და მესამედ აღარ უნდა დაებრუნებინა საკითხი დამატებით განსახილველად.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურის და აუდიტის დეპარტამენტის მიერ არ მოხდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების საბჭოს გადაწყვეტილების აღსრულება, რომ მომხდარიყო საკითხის დეტალური მოკვლევა შემოსავლების სამსახურის მიერ გამოცემული მეთოდური მითითების მიხედვით, ვერ იქნა წარმოდგენილი დამატებითი არგუმენტაცია და აღნიშნული საგადასახადო ვალდებულებები სრულად უნდა შემცირდეს.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემობათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის 1.01.2022 წლამდე მოქმედი რედაქციით, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია განაწილებული მოგება.
საგადასახადო კოდექსის 99-ე მუხლის პირველი ნაწილის „ჟ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადისაგან თავისუფლდება ვირტუალური ზონის იურიდიული პირის მიერ შექმნილი საინფორმაციო ტექნოლოგიების საქართველოს ფარგლების გარეთ მიწოდებით მიღებული მოგება (მოგების განაწილება).
საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 35-ე და 36-ე ნაწილების თანახმად:
35. ვირტუალური ზონის პირი არის იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს საინფორმაციო ტექნოლოგიურ საქმიანობას და მინიჭებული აქვს შესაბამისი სტატუსი.
36. საინფორმაციო ტექნოლოგიები არის კომპიუტერული საინფორმაციო სისტემების შესწავლა, მხარდაჭერა, განვითარება, დიზაინი, წარმოება და დანერგვა, რის შედეგადაც მიიღება პროგრამული უზრუნველყოფის პროდუქტები.
საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის უფროსი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის აღსრულების მიზნით გამოსცემს ბრძანებებს, შიდა ინსტრუქციებსა და მეთოდურ მითითებებს საგადასახადო ორგანოების მიერ საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის გამოყენების თაობაზე.
„საინფორმაციო ტექნოლოგიური ზონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის თანახმად, ვირტუალურ ზონაში საქმიანობას მიეკუთვნება იურიდიული პირის მიერ განხორციელებული ეკონომიკური საქმიანობა, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე მიმართული იქნება საინფორმაციო ტექნოლოგიების შექმნასთან.
შემოსავლების სამსახურის 7.11.2023 წლის №27476 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, შემოსავლების სამსახურის უფროსის 29.12.2022 წლის №33544 ბრძანებით დამტკიცებული „ვირტუალური ზონის პირის მოგების გადასახადით დაბეგვრის თაობაზე“ მეთოდური მითითების და ამავე ბრძანებაში მითითებული განმარტების შესაბამისად, შეისწავლოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურის 7.11.2023 წლის №27476 ბრძანების შინაარსის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო გადაწყვეტილება მართლზომიერია და არ არსებობს აღნიშნული გადაწყვეტილებისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
შემოსავლების სამსახურის 27.02.2023 წლის №3616 ბრძანების აღსრულების შედეგები.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის 27.02.2023 წლის №3616 ბრძანების აღსრულების შედეგებზე გამოცემული აუდიტის დეპარტამენტის 2.10.2023 წლის დასკვნის მიხედვით, მომჩივნის შემთხვევაში საინფორმაციო ტექნოლოგიების შექმნას, როგორც დაქირავებული პირი, ისე დამფუძნებელი ახორციელებდა. დაქირავებული პირი წარმოადგენდა არარეზიდენტს და მასზე გადახდილი ხელფასი კომპანიას არ ჰქონდა დაბეგრილი გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით 5%-იანი განაკვეთით. თუმცა ამ შემთხვევაში არ კმაყოფილდება დამფუძნებლის რეზიდენტობის კრიტერიუმი. ვინაიდან დამფუძნებელი პირიც წარმოადგენდა არარეზიდენტს, ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, მეთოდური მითითების მიხედვით კომპანია არ თავისუფლდება მოგების გადასახადისგან და დარიცხული თანხა არ ექვემდებარება შემცირებას.
გადაწყვეტილება
საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო გადაწყვეტილება მართლზომიერია და არ არსებობს აღნიშნული გადაწყვეტილებისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 97(1"ა"), 99(1"ჟ").
საქართველოს კანონი "საინფორმაციო ტექნოლოგიური ზონების შესახებ".