ბრძანება N 31472
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 31472
13 დეკემბერი 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „---ის“ ( ს/ნ ----)
(ფაქტ. მის.: ---) 2023 წლის 24 მაისის საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 24 ნოემბრის სხდომაზე (ოქმი №122) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 26 ოქტომბრის №20163/2/2023 გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული შპს „---ს“ (ყოფ. შპს---ს; ს/ნ ---) 2023 წლის 24 მაისის №81248/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 26 აპრილის №094-33 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხი:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებს და განმარტავს, რომ აუდიტის დეპარტამენტმა არ შეამცირა კომპანიის მიერ ზედმეტად დეკლარირებული მოგების, დამატებული ღირებულების და ქონების გადასახადები და საგადასახადო შემოწმების შედეგები დატოვა უცვლელი იმ არგუმენტით, რომ კომპანიის მიერ არ იქნა წარდგენილი შემოწმებისას მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაციისგან განსხვავებული დამატებითი დოკუმენტაცია. მომჩივანი აცხადებს, რომ აუდიტის დეპარტამენტის პოზიცია ზედმეტად დეკლარირებულ გადასახადებთან მიმართებით მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს, ვინაიდან კომპანიას შემოწმების პროცესში წარდგენილი აქვს ბუღალტრული გატარებები, ბილინგის დეტალური რეპორტები, დეკლარირებული მონაცემების გაანგარიშებები, მისი სისწორის დამადასტურებელი ინვოისები და პირველადი საგადასახადო დოკუმენტაცია.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 11 აპრილის №9130 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „---ს“ (ს/ნ ---) 2022 წლის 24 იანვრის საჩივარი, კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:
„1. შპს „---ს“ (ს/ნ ----) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს პირველი სადავო საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, დღგ-ის ჩათვლასთან დაკავშირებით საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. მე-2 და მე-3 სადავო საკითხებთან დაკავშირებით,ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს წარმოდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
4. მე-4 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, უზრუნველყოს 2017 წლის დეკემბრის საანგარიშო პერიოდში განხორციელებული ოპერაციების (ურთიერთჩართვის მომსახურება) ფარგლებში გადახდილი აქციზის თანხის ჩათვლა შესაბამის საანგარიშო პერიოდში და აღნიშნულის გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების სათანადო კორექტირება (შემცირება);
5. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.“
შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 11 აპრილის №9130 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2023 წლის 31 მარტის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვით საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული ვალდებულებები შემცირდა სულ 106 332 ლარით, მათ შორის, გადასახადი 75 480 ლარით და ჯარიმა 30 852 ლარით. აღნიშნულზე გადამხდელს წარედგინა 2023 წლის 26 აპრილის №094-33 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა. ზემოაღნიშული კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 2023 წლის 27 ივნისის №14707 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2023 წლის 26 ოქტომბრის №20163/2/2023 გადაწყვეტილებით გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 27 ივნისის №14707 ბრძანება და საჩივარი მომჩივნის მონაწილეობით ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილებაში მითითებულია შემდეგი: „საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის საფუძველზე მომჩივნის მოწვევის გარეშე საჩივრის განხილვა შესაძლებელია, როდესაც საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, ამასთანავე, ფაქტობრივი გარემოებები, რომელსაც დარიცხვა (დასკვნა) ეფუძნება არ არის სადავო ან სადავოა თუმცა დადგენილია დავის განმხილველი ორგანოს მიერ საჩივრის განხილვის ეტაპზე. განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა. მომჩივნის განმარტებით, შემოსავლების სამსახურში საჩივრის განხილვისას მისი არგუმენტაციისა და მტკიცებულებების საფუძვლიანი შესწავლა და გაანალიზება არ მომხდარა. შესაბამისად, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული სადავო საკითხები, რის გამოც საჩივარი მომჩივნის მონაწილეობით ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.“
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:
გადამხდელმა დამატებით წარმოადგინა სადავო საკითხთან დაკავშირებული არგუმენტები, კერძოდ, უფლებამოსილი პირის განმარტებით, დღგ-ის დეკლარაციის რეესტრების მოცულობის გამო არსებული ტექნიკური ხარვეზების მიზეზით, ზოგიერთ შემთხვევაში ფაქტურების დაწყვილების გარეშე მექანიკურად მცირდებოდა დეკლარაციის დანართი „ა“ III ნაწილით ჩასათვლელი დღგ-ის მთლიანი თანხა ავანსის ფაქტურების მიხედვით უკვე ჩათვლილი დღგ-ის თანხების ოდენობით. ამ მიზეზით ჩათვლილი არ არის 2018 წლის ნოემბრის თვის დღგ-ის დეკლარაციაში 8 680,25 ლარი და 2019 წლის იანვრის თვის დღგ-ის დეკლარაციაში - 183,05 ლარი, რადგან ჩათვლას მექანიკურად გამოაკლდა წარსულში უკვე ჩათვლილი ავანსის დღგ. გადაანგარიშების ეტაპზე დამატებით იქნა შესწავლილი კომპანიის მიერ მიღებული და ჩათვლილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, დეკლარირებული და შემოწმებით განსაზღვრული მონაცემები და გადამხდელის მიერ მითითებული არგუმენტები არ დადასტურდა, შესაბამისად, შემოწმებით განსაზღვრული მონაცემები ამ ნაწილში დარჩა უცვლელი;
შემოსავლების სამსახურის ბრძანების შესაბამისად, გადამხდელმა დამატებით წარმოადგინა სადავო საკითხთან დაკავშირებული ინფორმაცია, რომლითაც დგინდება, რომ კომპანიას მიღებული აქვს სხვადასხვა სახის მომსახურება (საბაზისო სადგურების განთავსების, საკონფერენციო დარბაზით სარგებლობის, სარეკლამო და სხვა). აღნიშნული ინფორმაციის გათვალისწინებით, დაკორექტირდა (შემცირდა) შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები ამ ნაწილში;
საგადასახადო შემოწმების დროს გადამხდელისგან მოთხოვნილ იქნა შემოწმების ჩატარებისთვის აუცილებელი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, მათ შორის, ბუღალტრული ჩანაწერები, დეკლარირებული მონაცემების გაანგარიშებები, პირველადი საგადასახადო დოკუმენტები და სხვ. შემოწმების ეტაპზე წარმოდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაციისა და საგადასახადო ორგანოში წარმოდგენილი დეკლარაციების გათვალისწინებით შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი. ხოლო გადაანგარიშების ეტაპზე, შემოწმებისას მოწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაციისგან განსხვავებული დამატებითი დოკუმენტაცია წარმოდგენილი არ ყოფილა, შესაბამისად, შემოწმებით განსაზღვრული მონაცემები აღნიშნულ ნაწილში დარჩა უცვლელი;
შემოსავლების სამსახურის ბრძანების შესაბამისად, კორექტირებას (შემცირებას) დაექვემდებარა საგადასახადო შემოწმებით დარიცხული აქციზი და შესაბამისი ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა. შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, გადასახადის დარიცხვა გულისხმობს საგადასახადო ორგანოს მიერ კონკრეტული საგადასახადო პერიოდისათვის გადასახადის თანხის აღრიცხვასა და ასახვას გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე, რომლის წარმოების წესს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ პუნქტის თანახმად, გადასახადის დარიცხვის საფუძველია საგადასახადო დეკლარაცია/საბაჟო დეკლარაცია.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოები ვალდებული არიან თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში გააკონტროლონ გადასახადების გამოანგარიშების სისწორე და სისრულე და მათი დროულად გადახდა, ჩაატარონ საგადასახადო შემოწმებები ამ კოდექსით დადგენილი წესით და ამ შემოწმებათა ჩატარებისას გააცნონ გადასახადის გადამხდელს თავისი უფლებები და ვალდებულებები.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციაზე, რომლის მიხედვით: კომპანიის მიერ აუდიტის დეპარტამენტში წარდგენილ ინფორმაციაში დეტალურად იყო გამოანგარიშებული საგადასახადო ვალდებულებების ოდენობა, სადაც დასტურდებოდა ზედმეტად დარიცხული და გადახდილი გადასახადების ფაქტი, თუმცა აუდიტის დეპარტამენტმა ყოველგვარი არგუმენტირებული პოზიციის გარეშე უგულებელყო კომპანიის მოთხოვნა ზედმეტად დეკლარირებული თანხების შემცირებაზე. ბუღალტრული აღრიცხვის პრაქტიკამ და თავისებურებებმა აჩვენა, კომპანიის მხრიდან გარკვეული წინდახედულობის გამოჩენის საჭიროება, იმ მიზეზით, რომ გარკვეულ შემთხვევებში ადგილი ჰქონდა ინფორმაციის დაგვიანებით მიღებას და ბუღალტრულად აღრიცხული მონაცემების შემდგომ კორექტირებას. იმისთვის, რომ კომპანიას თავიდან აერიდებინა დეკლარაციების რამდენჯერმე დაზუსტება და ასევე, დაეზღვია გაუთვალისწინებელი საგადასახადო რისკები, ახდენდა დღგ-ის და მოგების გადასახადის ზედმეტად დეკლარირებას.
გადასახადების ზედმეტად დეკლარირების პოლიტიკა კომპანიისათვის ახალი არ იყო, ვინაიდან 2017 წლამდეც ასევე ხდებოდა დეკლარირება, რაც დასტურდება 2015-2016 წლის პერიოდზე ჩატარებული საგადასახადო შემოწმებით, სადაც იგივე საფუძვლით განხორციელდა ზედმეტად დეკლარირებული გადასახადების შემცირება. კომპანიის მიერ მოგების გადასახადის ზედმეტად დეკლარირების ერთ-ერთ მიზეზს წარმოადგენდა კონტროლირებად ოპერაციებზე სატრანსფერო ფასწარმოქმნის რეპორტების დაგვიანებით მიღება.
გამომდინარე იქიდან, რომ კომპანია ვერ ახდენდა წინასწარ განესაზღვრა საჭირო იქნებოდა თუ არა საბაზრო ფასთან მიმართებით კორექტირება, ამიტომ გარკვეული თანხის ზედმეტად დეკლარირებას ახდენდა ყოველთვე. შემოსავლების სამსახურს ვალდებულება ჰქონდა, შეესწავლა საქმისათვის მნიშვნელოვანი ყველა ფაქტობრივი გარემოება და მტკიცებულება, რომ სწორად განესაზღვრა კომპანიის საგადასახადო ვალდებულებები. შესაბამისად, აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოცემულ დასკვნაში დარღვეულია, როგორც საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ნორმები, ასევე, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნები. აუდიტის დეპარტამენტი ვალდებული იყო, როგორც საგადასახადო შემოწმების აქტში, ასევე, გამოცემულ დასკვნაში მიეთითებინა ყველა ის საკანონმდებლო აქტის ნორმა, რომლის საფუძველზეც არ მოხდინა ზედმეტად დეკლარირებული თანხების შემცირება. ზედმეტად დეკლარირებულ ქონების გადასახადთან დაკავშირებით მომჩივანი განმარტავს, რომ: აუდირებულ ფინანსურ ანგარიშგებას კომპანია ყოველწლიურად ამზადებს ფასს-ის მოთხოვნების შესაბამისად, რომლის აუდირებასაც ახორციელებს „---“. 2017, 2018 და 2019 წლების ფინანსურ ანგარიშგებებზე „---ს“ მიერ გამოცემულია არამოდიფიცირებული დასკვნები, რომელთა მიხედვით ფინანსური ანგარიშგებები, ყველა არსებითი ასპექტის გათვალისწინებით, სამართლიანად ასახავს კომპანიის ფინანსურ მდგომარეობას ფასს-ის და ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად.
გამომდინარე იქიდან, რომ ფინანსური ანგარიშგების აუდიტის ჩატარება წარმოადგენს ბასსთან შესაბამისობის შემოწმებას აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების (ასს) მოთხოვნების დაცვით, ხოლო არამოდიფიცირებული დასკვნის გამოცემა ნიშნავს, რომ აუდიტის ჩატარების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებებით ფინანსური ანგარიშგება ყველა არსებითი ასპექტის გათვალისწინებით მიჩნეულ იქნა ფასს-ის შესაბამისად, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ კომპანიის მიერ აღრიცხული ძირითადი საშუალებები შესაბამისობაშია ბასს-ით დადგენილ მოთხოვნებთან. აღნიშნულს ადასტურებს უმაღლესი რეპუტაციის მქონე დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ აუდირებული ფინანსური ანგარიშგება და მასზე გამოცემული არამოდიფიცირებული დასკვნები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იმ პირობებში, როდესაც დამოუკიდებელი და მაღალი რეპუტაციის მქონე აუდიტორის მიერ გაცემული აუდიტის დასკვნით უტყუარადაა დადგენილი კომპანიის ფინანსური ანგარიშგების მონაცემების და მათ შორის, ძირითადი საშუალებების საბალანსო ღირებულების სისწორე, აუდიტის დეპარტამენტს არ ჰქონდა სამართლებრივი საფუძველი, რომ არ ეხელმძღვანელა ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზის განსაზღვრისას და უარი ეთქვა კომპანიის მოთხოვნაზე ზედმეტად დეკლარირებული თანხის შემცირების თაობაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, გადამხდელი ითხოვს ზედმეტად დეკლარირებული დღგ-ის, მოგების და ქონების გადასახადების შემცირებას სულ 3 305 638 ლარის ოდენობით, მათ შორის დღგ - 1 312 528 ლარი, მოგების გადასახადი - 1 382 774 ლარი და ქონების გადასახადი - 610 336 ლარი.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილებაში ყურადღება გამახვილებულია აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლების განმარტებაზე, რომლის მიხედვით, საგადასახადო შემოწმება დაინიშნა 2019 წელს, გარკვეული მიზეზების გამო ორჯერ შეიცვალა შემოწმების ჯგუფი და საბოლოო ჯგუფს შემოწმების ჩატარებისთვის დარჩა 2 კვირა, შემოწმების შედეგად გადაწყდა, რომ ამ ნაწილში დარჩენილიყო დეკლარირებული მონაცემები.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეზე არსებული მასალების და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით და მისი არგუმენტაციის გათვალისწინებით, ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „---ს“ (ყოფ. შპს ---) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით და მისი არგუმენტაციის გათვალისწინებით, ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებსბას.
ფაქტობრივი გარემოებები
კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 2023 წლის 27 ივნისის №14707 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2023 წლის 26 ოქტომბრის №20163/2/2023 გადაწყვეტილებით გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 27 ივნისის №14707 ბრძანება და საჩივარი მომჩივნის მონაწილეობით ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით და მისი არგუმენტაციის გათვალისწინებით, ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 306 (2); 61; 51.