N 609 - 14/12/2011 - „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ბრძანებაში ცვლილება 14.12.2011
№ დოკუმენტი 609
სტატუსი მოქმედი
მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი

📄 სრული ტექსტი

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №609

2011 წლის 14 დეკემბერი

ქ. თბილისი

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით (სსმ, 3.01.11) დამტკიცებული ინსტრუქციის მე-10 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 51, 52 და 53 პუნქტები:

„51. შემოსავლების სამსახურთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, ფიზიკური პირის მიერ გადაუხდელი გადასახადების ან/და სანქციების შესახებ იდენტიფიცირებული ინფორმაცია შეიძლება გადაეცეს საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ პირს, თუ ამ ფიზიკური პირის საგადასახადო დავალიანება არ აღემატება 1000 ლარს.

52. ამ მუხლის 51 პუნქტით გათვალისწინებული პირი უფლებამოსილია, შემოსავლების სამსახურიდან მიღებული ინფორმაცია გადასცეს კომერციულ ბანკს. კომერციულ ბანკს უფლება აქვს ფიზიკურ პირს, მისი თანხმობის შემთხვევაში, მიაწოდოს ინფორმაცია მისი საგადასახადო დავალიანების შესახებ.

53. კომერციულ ბანკს ეკრძალება ამ მუხლის 52 პუნქტის შესაბამისად მიღებული ინფორმაციის სხვა პირისათვის გადაცემა.“.

 

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2011 წლის 25 ივლისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

 

დ. გვინდაძე