გადაწყვეტილება №20855/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 30.01.2024
№ დოკუმენტი 20855/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№20855/2/2023

30 იანვარი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს ------- (ს/ნ -------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 30.11.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------- 18.09.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20855/2/2023).

 

დავის საგანი:

1. ზღვრულ ოდენობაზე მეტი წარმომადგენლობითი ხარჯის მოგების გადასახადით დაბეგვრა;

2. სხვადასხვა პირებზე აკუმულირებული/ჩარიცხული თანხების დაბეგვრა მოგების გადასახადით და დღგ-ით;

3. დეკლარირებული დღგ-ის ჩასათვლელი თანხის კორექტირება;

4. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 28.03.2023 წლის №044-3 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 30.08.2023 წლის №21249 ბრძანება

 

დარიცხული თანხა: 1 845 548 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 1 078 621

დღგ - 537 780

მოგების გადასახადი - 404 270

საშემოსავლო გადასახადი - 100 571

ჯარიმა - 531 613

საურავი - 235 314

 

პროცედურული გარემოებები

კომპანიის საქმიანობაა უძრავი ქონების, მიწის ყიდვა-გაყიდვა და საბროკერო საქმიანობა მიწის ყიდვა-გაყიდვასთან დაკავშირებით

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წერილის და დადგენილების საფუძველზე აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 11.02.2021 წლიდან 1.11.2022 წლამდე პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 27.03.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 28.03.2023 წლის №6157 ბრძანება და ამავე თარიღის №044-3 საგადასახადო მოთხოვნა.

აღნიშნული აქტები 2023 წლის 26 აპრილს, 20 ივნისს და 7 აგვისტოს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 30.08.2023 წლის №21249 ბრძანებით საჩივრები ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სხვადასხვა პირებზე აკუმულირებული/ჩარიცხული თანხების საწარმოს მიერ მიღებულ ავანსად განხილვასთან და დღგ-ით დაბეგვრასთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა საჩივარში მითითებული არგუმენტებისა და გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი დოკუმენტების გათვალისწინებით, შეისწავლოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 30.08.2023 წლის №21249 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. ზღვრულ ოდენობაზე მეტი წარმომადგენლობითი ხარჯის მოგების გადასახადით დაბეგვრა

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

გადასახადის გადამხდელის სააღრიცხვო პროგრამის და პირველადი საგადასახადო დოკუმენტების ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ კომპანიას შესამოწმებელ პერიოდში უფიქსირდება საგადასახადო კოდექსის 984 მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ ზღვრულ ოდენობაზე მეტი რაოდენობის წარმომადგენლობითი ხარჯების გაწევა, რომელიც არ არის დაბეგრილი მოგების გადასახადით.

საგადასახადო კოდექსის 96-ე, 97-ე და 984 მუხლების გათვალისწინებით, შემოწმების შედეგად მოგების გადასახადით დაიბეგრა საგადასახადო კოდექსით დაწესებულ ზღვრულ ოდენობაზე მეტი ოდენობის წარმომადგენლობითი ხარჯი. მომჩივანს დაერიცხა მოგების გადასახადი და საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე და აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, საჩივრები ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

კომპანიის კლიენტებს ძირითადად წარმოადგენენ უცხო ქვეყნის მოქალაქეები და არარეზიდენტი კომპანიები. მოცემული პროფილის კომპანიების წარმატებას ძირითადად განაპირობებს სწორად დაგეგმილი და აქტიური მარკეტინგული აქტივობები. სწორედ აღნიშნული აქტივობების ფარგლებში 2021 წელს კომპანიის მიერ მომზადდა და განხორციელდა პროექტი „-------“. პროექტის ფარგლებში კომპანიამ უმასპინძლა ბიზნეს ჯგუფებს ჩეხეთიდან, რამდენიმე ევროპული ქვეყნიდან, ასევე აღმოსავლური ქვეყნებიდან. შეხვედრები ორგანიზებული იყო უმაღლეს დონეზე, გარდა უცხოელი სტუმრებისა მას ესწრებოდნენ საქართველოს მთავრობის წევრები, ეკონომიკის, სოფლის მეურნეობის და იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლები, ადგილობრივი ბიზნეს ასოციაციების წარმომადგენლები, მასმედიის წარმომადგენლები, ადგილობრივი ბიზნეს ჯგუფები და ა.შ. „-------“ მსგავსი პროექტების მეშვეობით ხდება ადგილობრივი ბიზნეს კლიმატის გაცნობა უცხოელი ინვესტორებისათვის. საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია, რომ საქართველოს მთავრობა წლიდან წლამდე ათეულობით მილიონ ლარს ხარჯავს საქართველოს ბიზნეს გარემოსა და ტურისტული პოტენციალის სათანადოდ წარმოჩენისთვის. მოცემულ შემთხვევაში კი ფაქტიურად იგივე მარკეტინგული აქტივობები აუდიტის დეპარტამენტის მიერ განხილულია წარმომადგენლობით ხარჯად და საგადასახადო კოდექსით დადგენილ ზღვრულ ოდენობაზე მეტი ოდენობით გაწეული წარმომადგენლობითი ხარჯის დაბეგვრა მოახდინა მოგების გადასახადით. სწორედ მსგავსი მარკეტინგული აქტივობები უკუკავშირია 2 წლის დაფუძნებული კომპანიის შთამბეჭდავი მაჩვენებლები. კომპანიის მიერ მოზიდული პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ჯამურად შეადგენს დაახლოებით 50 მილიონ ლარს, კომპანიაში დასაქმებული იყო 70-ზე მეტი ადამიანი, კომპანიის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილი თანხების ოდენობა შეადგენს 1 169 837.43 ლარს.

მოცემული მომენტისათვის მოზიდული ინვესტიციები უკავშირდება უძრავი ქონების შეძენასა და მასთან დაკავშირებულ მომსახურებებს, თუმცა პერსპექტივაში მოსალოდნელია არსებული და ახალი ტურისტული ცენტრების განვითარება და უძრავი ქონების ბაზრის კიდევ უფრო გააქტიურება, რაც თავის მხრივ ნიშნავს დამატებით კიდევ უფრო მეტი ინვესტიციების შემოდინებას და ახალი სამუშაო ადგილების გაჩენას. „-------“ სტუმრებიდან რამდენიმე ინვესტორმა შეიძინა კომპანიის მიერ მომზადებული საინვესტიციო პროექტი, რაც ცხადყოფს რომ ეს იყო სწორად დაგეგმილი და წარმატებული მარკეტინგული აქტივობა. დავის განხილვის პროცესში აღნიშნული ფაქტის დასადასტურებლად წარმოადგენს შესაბამის მტკიცებულებებს.

ამგვარად არ ეთანხმება აუდიტის დეპარტამენტის პოზიციას მოცემულ სადავო საკითხთან დაკავშირებით, კომპანიის მიერ გაწეული მარკეტინგული ხარჯები არ უნდა გადაკვალიფიცირდეს წარმომადგენლობით ხარჯებად, შესაბამისად ითხოვს დამატებით დარიცხული თანხების შემცირებას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას მომჩივნის წარმომადგენელმა განმარტა, რომ ამ ნაწილში სადავოა დაკისრებული ჯარიმისგან და საურავისგან გათავისუფლების საკითხი.

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

გადასახადი გადამხდელს სამეწარმეო საქმიანობაში აკისრია გულისხმიერების ვალდებულება და ეს ვალდებულება უნდა შეასრულოს ჯეროვნად და სრულად. ნებისმიერი შეცდომა არ წარმოადგენს სანქციისაგან გათავისუფლების საფუძველს. მხარემ უნდა დაამტკიცოს, რომ შეცდომა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობის და უხეში გაუფრთხილებლობით არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად.

საბჭო მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან სამართალდარღვევის ჩადენა გამოწვეულია მისი შეცდომით/არცოდნით. ამგვარად, საბჭოს მიაჩნია, რომ ამ ნაწილში არ არსებობს დაკისრებული სანქციებისგან საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.

 

2. სხვადასხვა პირებზე აკუმულირებული/ჩარიცხული თანხების დაბეგვრა მოგების გადასახადით და დღგ-ით

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

I. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ საგადასახადო ორგანოსთვის მიწოდებული საქმის მასალებითა და დოკუმენტაციით (მათ შორის მოწმეთა ჩვენებებით) დასტურდება, რომ საწარმოს ------- უნდა გაეწია სრული არქიტექტურული მომსახურება, რომლის ღირებულება შეადგენდა 707 449 აშშ დოლარს. აღნიშნული თანხების აკუმულირება აღნიშნული ინფორმაციით (მათ შორის მოწმეთა ჩვენებებით), მოხდა სხვადასხვა პირების საბანკო ანგარიშებზე (გარკვეული თანხის აღება სხვადასხვა პირების მიერ განხორციელდა ნაღდი ანგარიშსწორებით). საწარმოს წარმომადგენლის ოფიციალური განმარტებით, აღნიშნული თანხები წარმოადგენენ საწარმოს დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხს.

საგადასახადო კოდექსის 96-ე, 97-ე და 982 მუხლების გათვალისწინებით, აღნიშნული თანხები დაიბეგრა მოგების გადასახადით. გადამხდელს ასევე, დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

ამასთან, საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების გათვალისწინებით დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხზე გაანგარიშებული სარგებელი, ჩაითვალა საწარმოს დირექტორის მიერ ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

II. საგადასახადო კოდექსის 159-ე, 1601 და 163-ე მუხლების გათვალისწინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ მიწოდებული ინფორმაციით (საგადახდო დავალებებით და მოწმეთა ჩვენებებით) სხვადასხვა პირებზე აკუმულირებული/ჩარიცხული თანხები ჩაითვალა საწარმოს მიერ მიღებულ ავანსად და დაიბეგრა დამატებული ღირებულების გადასახადით. გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

I. შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, საჩივრები ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

II. გადასახადის გადამხდელი საჩივარში განმარტავს, რომ კომპანიას არ გაუწევია მომსახურება ------- და არ არის სახეზე საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლით განსაზღვრული დასაბეგრი ოპერაცია. კომპანიის მიერ 2021 წელს რეალიზებულია საგარეჯოს რაიონში არსებული მიწის ნაკვეთები -------. მიწის ნაკვეთების ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები ორივე მხარემ შეასრულა პირნათლად. მიწის შესყიდვის შემდეგ მყიდველმა გამოთქვა სურვილი ეთანამშრომლა კომპანიასთან და მიეღო ნებართვები აღნიშნულ მიწებზე სხვადასხვა დანიშნულების შენობა-ნაგებობის ასაშენებლად. კომპანიამ ------- გაუფორმა მომსახურების ხელშეკრულება, რომლის ღირებულებამაც შეადგინა 700 000 აშშ დოლარზე მეტი. ხელშეკრულებით გათვალისწინებულ თანხებს კომპანიის თანამშრომლები, მათ შორის კომპანიის დირექტორი ღებულობდნენ უშუალოდ დამკვეთისგან პირად საბანკო ანგარიშებზე. სხვადასხვა მიზეზების გამო კომპანიამ ვერ შეძლო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება. კომპანია აღიარებს და არ ხდის სადავოდ, რომ არ გაუწევია მომსახურება ------- და მომსახურების სანაცვლოდ მიღებული თანხის ნახევარი მოცემული მომენტისათვის დაუბრუნა უკან (დაახლოებით 350 000 აშშ დოლარი), ხოლო დარჩენილი თანხის დაბრუნება მოხდება უახლოეს მომავალში. ამგვარად, უდავოა რომ კომპანიას არ გაუწევია მომსახურება -------. ამასთან, გადამხდელმა დავის განხილვის პროცესში დამატებით წარადგინა ინფორმაცია/დოკუმენტაცია, კერძოდ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის განაჩენი და საბანკო ქვითრები, რომლის მიხედვით კომპანიის დირექტორი აღიარებს, რომ არ გაუწევია მომსახურება ------- და ნაწილ-ნაწილ თანხა დაუბრუნა უკან.

სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის წარდგენილი არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. კერძოდ, აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს საჩივარში მითითებული არგუმენტებისა და გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი დოკუმენტების გათვალისწინებით, შეისწავლოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).

 

მომჩივნის არგუმენტაცია

კომპანიამ 2021 წელს მოახდინა საგარეჯოს რაიონში არსებული მიწის ნაკვეთების რეალიზება -------. მიწის ნაკვეთების ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები ორივე მხარემ შეასრულა პირნათლად. მიწის შესყიდვის შემდეგ მყიდველმა გამოთქვა სურვილი ეთანამშრომლა კომპანიასთან და მიეღო ნებართვები აღნიშნულ მიწებზე სხვადასხვა დანიშნულების შენობა-ნაგებობის ასაშენებლად. კომპანიამ ------- გაუფორმა მომსახურების ხელშეკრულება, რომლის ღირებულებამაც შეადგინა 700 000 აშშ დოლარზე მეტი. ხელშეკრულებით გათვალისწინებულ თანხებს კომპანიის თანამშრომლები, მათ შორის კომპანიის დირექტორი ღებულობდნენ უშუალოდ დამკვეთისგან პირად საბანკო ანგარიშებზე. მთელი რიგი ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზების გამო კომპანიამ ვერ შეძლო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დაიწყო გამოძიება და კომპანიის დირექტორს წარედგინა ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და ამავე კოდექსის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით. გამოძიების მსვლელობის პროცესში კომპანიის დირექტორმა ------- სრულად აუნაზღაურა ვალდებულება დაზარალებულს, მომსახურების მიმღებს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლე ------- 18.07.2023 წლის განაჩენით დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება.

ზემოთ აღწერილი გარემოების გათვალისწინებით, ითხოვს გაუქმდეს მოცემულ სადავო საკითხში დარიცხული მოგების და საშემოსავლო გადასახადები.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-8−91 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.

საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის და მე-8 ნაწილის მიხედვით:

3. მოგების გადასახადით იბეგრება: ფიზიკურ პირზე ან არარეზიდენტზე სესხის გაცემა (გარდა უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე განთავსებული სასესხო ფასიანი ქაღალდის შეძენისა).

8. თუ მოხდა გაცემული სესხის/გადახდილი ავანსის თანხის დაბრუნება ან გადახდილი ავანსის სანაცვლოდ საქონლის/მომსახურების მიღება, პირი უფლებამოსილია სესხის/ავანსის თანხის დაბრუნების ან საქონლის/მომსახურების ფაქტობრივად მიღების საანგარიშო პერიოდში დაბრუნებული თანხის ან მიღებული საქონლის/მომსახურების საკომპენსაციო თანხის შესაბამისად გამოანგარიშებული მოგების გადასახადის ოდენობით ჩაითვალოს და ამ კოდექსით დადგენილი წესით დაიბრუნოს ადრე გადახდილი მოგების გადასახადის თანხა.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის და მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად:

1. ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილის მიზნებისათვის სარგებლის ღირებულებად ითვლება ქვემოთ მითითებული თანხა, რომელიც მცირდება დაქირავებულის მიერ ამ სარგებლის მიღებისას დამქირავებლისათვის გადახდილი თანხით: დამქირავებლის მიერ დაქირავებულისათვის საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრულ საპროცენტო განაკვეთზე დაბალი საპროცენტო განაკვეთით სესხის გაცემისას – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული საპროცენტო განაკვეთით გადასახდელი პროცენტის შესაბამისი თანხა.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის, მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად:

1. გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ: პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

2. გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას: გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს.

3. პირი, რომელიც ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად გადახდის წყაროსთან აკავებს გადასახადს, ვალდებულია: ბიუჯეტში გადარიცხოს გადასახადი პირისათვის თანხის გადახდისთანავე, ხოლო განაცემის არაფულადი ფორმით განხორციელების შემთხვევაში – შესაბამისი თვის ბოლო რიცხვში.

საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ − დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა.

საგადასახადო კოდექსის 1601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მომსახურების გაწევა არის ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც არ არის საქონლის მიწოდება.

საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული გადასახადების ადმინისტრირების შესახებ ინსტრუქციის 481 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე საკომპენსაციო თანხის/თანხის ნაწილის (შემდგომში - საკომპენსაციო თანხა) გადახდის შემთხვევაში, ოპერაცია მიღებული საკომპენსაციო თანხის ოდენობით ექვემდებარება დამატებული ღირებულების გადასახადით დაბეგვრას თანხის მიღების მომენტში.

საბჭოს სხდომაზე, საჩივრის ზეპირი განხილვისას, მომჩივნის წარმომადგენელმა განმარტა, რომ მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს გარემოება, რომელსაც საგადასახადო ორგანო დაეყრდნო, კერძოდ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ მიწოდებულ მასალებს. კომპანიის დირექტორს ბრალი წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და ამავე კოდექსის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, თაღლითობის გზით უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ დიდი ოდენობის, 700 000 აშშ დოლარზე მეტი, თანხის დაუფლებაზე. კომპანიის საქმიანობაა საკურორტო ქალაქებში უძრავი ქონების შეძენა და შემდგომ რეალიზაცია. ერთ შემთხვევაში კომპანიამ მიწა მიჰყიდა -------, რომელსაც შესთავაზეს არქიტექტურული მომსახურება, ასევე დაეხმარებოდნენ ნებართვის მიღებაში და ჩაერთვებოდნენ მშენებლობის ზედამხედველობაში. ამ მომსახურებისათვის ------- კომპანიის დირექტორს და არა კომპანიას, ასევე რამდენიმე ფიზიკურ პირს გადაუხადა ზემოთ ხსენებული თანხა, რაც დასტურდება საგამოძიებო სამსახურის მასალებიდან, მათ შორის მოწმეთა ჩვენებიდან. შემოწმების შედეგად ჩაითვალა, რომ ეს თანხები მიღებული აქვს კომპანიას, როგორც ავანსი და დაიბეგრა. აღსანიშნავია, რომ ბრალის წაყენების შემდგომ დირექტორი დაკავებულია, რომელმაც აღიარა დანაშაული, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლის 18.07.2023 წლის განაჩენით დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება და დადგინდა, რომ კომპანიის დირექტორმა ჩაიდინა თაღლითობა და მოტყუებით მიითვისა 700 000 აშშ დოლარი, რაც ეწინააღმდეგება შემოწმებით დადგენილ გარემოებებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, ამ ნაწილში დარიცხული გადასახადი ექვემდებარება სრულად გაუქმებას.

მომჩივნის არგუმენტზე მოპასუხე ორგანოს წარმომადგენელმა განმარტა, რომ შემოწმების ეტაპზე საგადასახადო ორგანო დაეყრდნენ საგამოძიებო სამსახურის მასალებს, მათ შორის მოწმეთა ჩვენებებს, გამოკითხული იყო კომპანიის დაახლოებით 25-30 თანამშრომელი, რომლებიც ასახელებდნენ რომ თანხის მცირე ნაწილი კომპანიას ჰქონდა მიღებული, ხოლო 704 000 აშშ დოლარი, კი ფიზიკური პირებისთვის იყო გადაცემული. შესაბამისად, შემოწმება განვითარდა იმ მიმართულებით, რომ თუ ამ თანხის დაბრუნება მოხდებოდა, აღნიშნული გახდებოდა საგადასახადო კოდექსით დასაბეგრი ოპერაციის კორექტირების საფუძველი და გადასახადის გადამხდელი შეიმცირებდა შემოწმების შედეგად დარიცხულ დღგ-ის და ჩაითვლიდა მოგების გადასახადს. ზემოთ ხსენებული საპროცესო შეთანხმება წარდგენილია მხოლოდ გადაანგარიშების ეტაპზე და მიმდინარეობს მსჯელობა შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად.

შემოსავლების სამსახურის 30.08.2023 წლის №21249 ბრძანებით სხვადასხვა პირებზე აკუმულირებული/ჩარიცხული თანხების საწარმოს მიერ მიღებულ ავანსად განხილვასთან და დღგ-ით დაბეგვრასთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა საჩივარში მითითებული არგუმენტებისა და გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი დოკუმენტების გათვალისწინებით, შეისწავლოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).

სადავო საკითხზე ზემოთ აღნიშნული გარემოებების, მხარეთა არგუმენტების და შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ ამ ნაწილში არ არსებობს შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილებისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი. ამდენად, საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

3. დეკლარირებული დღგ-ის ჩასათვლელი თანხის კორექტირება

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

გადამხდელის წარდგენილი ახსნა-განმარტების მიხედვით, საწარმოს საქმიანობაა უძრავი ქონებით (მიწებით) ვაჭრობა, ინვესტიციების მოზიდვა, პოტენციური კლიენტების მოძიება და მათთან სახელშეკრულებო (წინარე, ძირითადი და სხვა) ურთიერთობის დამყარება. საწარმო მიწებს შესყიდვის/საწესდებო კაპიტალში შეტანის შემდგომ ყოფს და აფორმებს ნასყიდობის ხელშეკრულებებს სხვადასხვა უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე. შემოწმების შედეგად განხორციელდა გადამხდელის მიერ მიღებული პირველადი საგადასახადო დოკუმენტების (საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, სპეც. საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა) და საგადასახადო დეკლარაციების ანალიზი, რომლის შედეგად დადგინდა, რომ შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს დღგ-ის ჩასათვლელ თანხაში ასახული ჰქონდა ისეთ შეძენილ საქონელზე/მომსახურებაზე გადახდილი დღგ, რომელსაც გადამხდელი იყენებდა დღგ-ისაგან ჩათვლის უფლების გარეშე (მიწების ყიდვა/გაყიდვა) გათავისუფლებულ ბრუნვაში.

საგადასახადო კოდექსის 174-ე და 169-ე მუხლების გათვალისწინებით, შემოწმების შედეგად განხორციელდა გადამხდელის პირველადი საგადასახადო დოკუმენტების (სააღრიცხვო პროგრამა, მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, მიღებული სპეც. საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები) ანალიზი და გაიმიჯნა ის ოპერაციები, რომლებზეც გადამხდელს არ ჰქონდა დღგ-ის ჩათვლის მიღების უფლება. აღნიშნულის შედეგად დაკორექტირდა გადამხდელის დეკლარირებული დღგ-ის ჩასათვლელი თანხა. შედეგად მომჩივანს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ საჩივრები აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით იზიარებს აუდიტის დეპარტამენტის პოზიციას, თუმცა ითხოვს კომპანიის შესაბამისი უფლებამოსილი პირების ჩართულობით მოხდეს დარიცხული გადასახადის ოდენობის გაანგარიშება, ვინაიდან კომპანიის გაანგარიშებული გადასახადის თანხა არ ემთხვევა საგადასახადო შემოწმებით დარიცხულ თანხას.

მოცემულ სადავო საკითხთან დაკავშირებითაც ითხოვს საბჭომ ისარგებლოს დისკრეციული უფლებით და საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე გაათავისუფლოს საწარმო საგადასახადო სანქციებისგან. კომპანიისათვის არ იყო ცნობილი რომ ამ ტიპის ოპერაციების განხორციელების დროს უნდა გაეუქმებინა მიღებული ჩათვლები.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას მომჩივნის წარმომადგენელმა განმარტა, რომ ამ ნაწილში ითხოვს დაკისრებული ჯარიმისგან და საურავისგან გათავისუფლებას.

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

გადასახადი გადამხდელს სამეწარმეო საქმიანობაში აკისრია გულისხმიერების ვალდებულება და ეს ვალდებულება უნდა შეასრულოს ჯეროვნად და სრულად. ნებისმიერი შეცდომა არ წარმოადგენს სანქციისაგან გათავისუფლების საფუძველს. მხარემ უნდა დაამტკიცოს, რომ შეცდომა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობის და უხეში გაუფრთხილებლობით არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად.

საბჭო მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან სამართალდარღვევის ჩადენა გამოწვეულია მისი შეცდომით/არცოდნით. ამგვარად, საბჭოს მიაჩნია, რომ ამ ნაწილში არ არსებობს დაკისრებული სანქციებისგან საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.

 

4. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

საგადასახადო შემოწმების შედეგად მომჩივანს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით შეეფარდა ჯარიმა სულ 531 613 ლარის ოდენობით, მათ შორის მოგების გადასახადში 203 051 ლარის ოდენობით, დღგ-ში 289 462 ლარის ოდენობით და საშემოსავლო გადასახადში 39 100 ლარის ოდენობით. ხოლო აუდიტის დეპარტამენტის 28.03.2023 წლის №044-3 საგადასახადო მოთხოვნით დაეკისრა საურავი 235 314 ლარი.

გარდა ზემოთ აღნიშნული სადავო საკითხებისა დარიცხვა გამოწვეული შემდეგ გარემოებათა გამო:

- გადამხდელის სააღრიცხვო პროგრამის ანალიზის შედეგად დგინდება, რომ საწარმოს უფიქსირდება სხვადასხვა პირებზე საქველმოქმედო დანიშნულების თანხების გადარიცხვა, რომელთაც არ ჰქონდათ საქველმოქმედო ორგანიზაციის სტატუსი. აღნიშნულის გათვალისწინებით, საწარმოს სააღრიცხვო პროგრამით დაფიქსირებული ფულადი სახსრების გასვლა დაიბეგრა მოგების გადასახადით. გადამხდელს დაერიცხა მოგების გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.

- გამოვლინდა სხვაობები საწარმოს სააღრიცხვო პროგრამაში დაფიქსირებულ სახელფასო განაცემებსა და საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციებით დეკლარირებულ სახელფასო განაცემებს შორის, რაც შემოწმების შედეგად დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.

- გადამხდელის სააღრიცხვო პროგრამის და პირველადი საგადასახადო დოკუმენტების ანალიზის შედეგად დგინდება, რომ შესამოწმებელ პერიოდში კომპანიას უფიქსირდება სამშენებლო მასალების და სხვადასხვა სახის მომსახურების შეძენა. გადამხდელს აღნიშნულ ოპერაციებზე მიღებული აქვს დღგ-ის ჩათვლები, თუმცა საქონლის მიწოდები/მომსახურების გაწევის ფაქტი საგადასახადო დეკლარაციებით და სააღრიცხვო პროგრამით არ დგინდება. გარდა ზემოთაღნიშნულისა, შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელს საკუთრებაში არ გააჩნია ისეთი უძრავი ქონება, რომელზეც გეგმავს ან აპირებს რაიმე ტიპის მშენებლობას და მისი საქმიანობა მხოლოდ შემოიფარგლება მიწების ყიდვა-გაყიდვით. გადამხდელმა შემოწმების პროცესში წარადგინა ახსნა-განმარტება აღნიშნულ ოპერაციებთან დაკავშირებით, რომელშიც აღნიშნავს, რომ თავისი ფორმით აღნიშნული შეძენილი მასალები/მომსახურება წარმოადგენს ურთიერთდაკავშირებულ პირზე შპს „-------" (ს/ნ -------) გაწეულ სამშენებლო მომსახურებას. შემოწმების შედეგად დაკორექტირდა გადამხდელის დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს. შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული ჯარიმის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

საქველმოქმედო დანიშნულებით სხვადასხვა პირებზე (გარდა საქველმოქმედო ორგანიზაციისა) თანხების გადარიცხვა მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია, თუმცა ოპერაციის კეთილშობილური შინაარსიდან გამომდინარე ითხოვს საბჭომ ისარგებლოს დისკრეციული უფლებით და საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე გათავისუფლდეს საგადასახადო სანქციებისგან. კომპანიისათვის არ იყო ცნობილი, რომ ამ ტიპის ოპერაციები იბეგრებოდა მოგების გადასახადით.

შემოწმების აქტში მოცემულ საკითხებთან დაკავშირებით იზიარებს აუდიტის დეპარტამენტის პოზიციას. რაც შეეხება სანქციებს, ითხოვს საბჭომ ისარგებლოს დისკრეციული უფლებით და საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე გათავისუფლდეს საგადასახადო სანქციებისგან.

ამასთან, ითხოვს მიეცეს უფლება შპს „-------“ გამოუწეროს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების მიხედვით:

1. საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

2. საურავი ერიცხება გადასახადის თანხას, რომელიც არის სხვაობა გადასახადის გადამხდელის მიერ შეუსრულებელ საგადასახადო ვალდებულებებსა და ზედმეტად გადახდილი გადასახადების ჯამს შორის. თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, საურავის დარიცხვა ხორციელდება თითოეული ვადაგადაცილებული დღისათვის, გადასახადის გადახდის ვადის ამოწურვის დღის მომდევნო დღიდან.

საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2, 21 და 22 ნაწილების თანახმად:

2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

21 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.

22 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით.

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

გადასახადი გადამხდელს სამეწარმეო საქმიანობაში აკისრია გულისხმიერების ვალდებულება და ეს ვალდებულება უნდა შეასრულოს ჯეროვნად და სრულად. ნებისმიერი შეცდომა არ წარმოადგენს სანქციისაგან გათავისუფლების საფუძველს. მხარემ უნდა დაამტკიცოს, რომ შეცდომა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობის და უხეში გაუფრთხილებლობით არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად.

საბჭო იზიარებს შემოსავლების სამსახურის პოზიციას სადავო საკითხთან მიმართებით და მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან სამართალდარღვევის ჩადენა გამოწვეულია მისი შეცდომით/არცოდნით.

ამგვარად, საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს დაკისრებული სანქციებისგან საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

დავის საგანს წარმოადგენს

1. ზღვრულ ოდენობაზე მეტი წარმომადგენლობითი ხარჯის მოგების გადასახადით დაბეგვრა;

2. სხვადასხვა პირებზე აკუმულირებული/ჩარიცხული თანხების დაბეგვრა მოგების გადასახადით და დღგ-ით;

3. დეკლარირებული დღგ-ის ჩასათვლელი თანხის კორექტირება;

4. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წერილის და დადგენილების საფუძველზე აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის ბრძანება და საგადასახადო მოთხოვნა.

აღნიშნული აქტები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. 30.08.2023 წლის №21249 ბრძანებით საჩივრები ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სხვადასხვა პირებზე აკუმულირებული/ჩარიცხული თანხების საწარმოს მიერ მიღებულ ავანსად განხილვასთან და დღგ-ით დაბეგვრასთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა საჩივარში მითითებული არგუმენტებისა და გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი დოკუმენტების გათვალისწინებით, შეისწავლოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).

შემოსავლების სამსახურის 30.08.2023 წლის №21249 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

მხარეთა არგუმენტების და შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილებისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი. ამდენად, საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9); 982(3-ზ); 984(3); 101; 154; 159; 174; 269(7)