N536 - 09/12/2016 - „ვირტუალური ზონის პირის სტატუსის მინიჭების წესისა და პირობების და ვირტუალური ზონის პირის სტატუსის მიმნიჭებელი პირის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 26 იანვრის №49 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
📄 სრული ტექსტი
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №536
2016 წლის 9 დეკემბერი
ქ. თბილისი
„ვირტუალური ზონის პირის სტატუსის მინიჭების წესისა და პირობების და ვირტუალური ზონის პირის სტატუსის მიმნიჭებელი პირის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 26 იანვრის №49 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ვირტუალური ზონის პირის სტატუსის მინიჭების წესისა და პირობების და ვირტუალური ზონის პირის სტატუსის მიმნიჭებელი პირის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 26 იანვრის №49 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 07/02/2011, 040030000.10.003.016221) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული − „ვირტუალური ზონის პირის სტატუსის მინიჭების წესისა და პირობების“:
1. მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ვირტუალური ზონის პირის სტატუსის მისაღებად კანდიდატმა განცხადებით უნდა მიმართოს საფინანსო-ანალიტიკურ სამსახურს. კანდიდატი ელექტრონულად ავსებს საფინანსო-ანალიტიკური სამსახურის ვებგვერდზე (www.fas.ge) განთავსებული განცხადების ფორმას, რომელსაც აგზავნის საფინანსო-ანალიტიკურ სამსახურში.“.
2. მე-4 და მე-5 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 4. სტატუსის მინიჭების ვადები
1. საფინანსო-ანალიტიკური სამსახური კანდიდატს სტატუსს ანიჭებს „საინფორმაციო ტექნოლოგიური ზონების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ვადაში.
2. სტატუსის მინიჭებიდან არაუგვიანეს 2 (ორი) სამუშაო დღისა საფინანსო-ანალიტიკური სამსახურის მიერ ვირტუალური ზონის პირზე გაიცემა ელექტრონული სერტიფიკატი, რომელიც ქვეყნდება საფინანსო-ანალიტიკური სამსახურის ვებგვერდზე (www.fas.ge).
3. ინფორმაცია კანდიდატისათვის ვირტუალური ზონის პირის სტატუსის მინიჭების თაობაზე სტატუსის მინიჭებიდან 2 (ორი) სამუშაო დღის ვადაში საფინანსო-ანალიტიკური სამსახურის მიერ წერილობით ეცნობება სსიპ − შემოსავლების სამსახურს.
4. სტატუსი გაიცემა უვადოდ.
მუხლი 5. სტატუსის გაუქმება
1. საფინანსო-ანალიტიკური სამსახური აუქმებს ვირტუალური ზონის პირის სტატუსს:
ა) თუ ვირტუალური ზონის პირის მიერ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მიღებული სტატუსი გამოყენებული იქნება გადასახადების გადახდისაგან თავის არიდების მიზნით;
ბ) ვირტუალური ზონის პირის ელექტრონული განცხადების საფუძველზე, რომელიც იგზავნება საფინანსო-ანალიტიკური სამსახურის ვებგვერდის (www.fas.ge) საშუალებით.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საფინანსო-ანალიტიკური სამსახური სტატუსს აუქმებს შესაბამისი ორგანოს მიერ მისთვის მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე.
3. ინფორმაცია კანდიდატისათვის ვირტუალური ზონის პირის სტატუსის გაუქმების თაობაზე სტატუსის გაუქმებიდან 2 (ორი) სამუშაო დღის ვადაში საფინანსო-ანალიტიკური სამსახურის მიერ წერილობით ეცნობება სსიპ − შემოსავლების სამსახურს.
4. ვირტუალური ზონის პირის სტატუსის გაუქმების შემთხვევაში უქმდება შესაბამისი ელექტრონული სერტიფიკატი, რის საფუძველზეც, საფინანსო-ანალიტიკური სამსახური სტატუსის გაუქმებიდან 2 (ორი) სამუშაო დღის ვადაში, უზრუნველყოფს აღნიშნული ელექტრონული სერტიფიკატის წაშლას საფინანსო-ანალიტიკური სამსახურის ვებგვერდიდან (www.fas.ge).“.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე