ბრძანება N 12803

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 08.06.2023
№ დოკუმენტი 12803
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 12803

08.06.2023

შპს „---“-ს (ს/ნ ---)

(მის.: ---) 2023 წლის 24 აპრილის

საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 11 მაისის სხდომაზე (ოქმი №52) განიხილა შპს „---“-ს (ს/ნ ---) №80546/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 5 აპრილის №259-12 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

მომჩივნის პოზიცია:

1. გადასახადის გადამხდელი აცხადებს, რომ კანონმდებლობის ნორმათა დარღვევით იქნა გამოცემული აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 24 მარტის №5910 ბრძანება შპს „---“-ს (ს/ნ ---) კამერალური საგადასახადო შემოწმების ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე და ითხოვს მის სრულად გაუქმებას. მომჩივანი აღნიშნავს, რომ ინვენტარიზაციის შედეგები გამოყვანილ იქნა აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო შემოწმების ფარგლებში და აღნიშნულის უფლება აუდიტის დეპარტამენტს მიენიჭა ინვენტარიზაციის დასრულების შემდეგ, 2023 წლის 24 მარტის N5910 ბრძანებით, რაც წარმოადგენს საგადასახადო ორგანოს მიერ ერთხელ უკვე შემოწმებული საკითხის გადამოწმებას, რომელიც არ განხორციელებულა შესაბამისი პროცედურების დაცვით, კერძოდ არ არსებობს აღნიშნულზე მოსამართლის ბრძანება. ასევე მიუთითებს, რომ ინვენტარიზაციის შედეგებზე უნდა შედგენილიყო სამართალდარღვევის ოქმი.

2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებას და მის საფუძველზე განსაზღვრულ ფასნამატს. მიუთითებს რომ საგადასახადო შემოწმების აქტის თანახმად, შემოწმებისას გამოყენებულია დოკუმენტური ფასნამატი, თუმცა რეალურად გამოყენებულია ინვენტარიზაციისას ფიქსირებული სარეალიზაციო ფასები, რადგან გადამხდელის დოკუმენტური ფასნამატი შეადგენს 4-5 %-ს, შემოწმებით კი განისაზღვრა - 10%.

მომჩივანი ასევე მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ გაუთვალისწინებელი მიზეზების გამო, მოახდინა მის მიერ დროებით სარგებლობაში არსებული მაცივრების დაცლა და რადგან აქვს გაყინული პროდუქცია მოახდინა საქონლის დაბალ ფასში რეალიზება იანვრის თვეში, მაგრამ შემოწმებამ არ გაითვალისწინა აღნიშნული გარემოება და საქონელი მიწოდებულად ჩათვალა 2022 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდში.

გადამხდელი ასევე ყურადღებას ამახვილებს ხარჯების განსაზღვრის საკითხზე და მიაჩნია, რომ კომპანიის მიერ გაწეული ხარჯები უნდა დაანგარიშებულიყო არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით და მხოლოდ ამის შემდგომ მიღებული შემოსავალი დაკვალიფიცირებულიყო დირექტორზე გაცემულ ხელფასად. ხელფასთან დაკავშირებით, ასევე მიუთითებს, რომ საშემოსავლო გადასახადით დაბეგრილი თანხა შეიცავს დამატებული ღირებულების გადასახადს რაც არასწოია.

3. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების აქტით მოგების გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. განმარტავს, რომ კომპანიის მიერ შეძენილია ავტომობილი და მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ შემოწმებისთვის ვერ იქნა წარდგენილი ავტომობილის შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, ავტომობილის შესყიდვისთვის გაწეული ხარჯი შემოწმებას უნდა განესაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, რადგან აღნიშნული ავტომობილი კომპანიის საკუთრებაშია, რაც დგინდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში არსებული მონაცემებითაც.

4. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ინვენტარიზაციის შედეგად დადგენილ დანაკლისზე განსაზღვრულ ჯარიმას და აცხადებს, რომ ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი დანაკლისის ნაწილი ჩაითვალა შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებულად, ხოლო დანაკლისის ნაწილზე შეფარდებულ იქნა ჯარიმა, რაც უკანონოა და არ შეესაბამება საგადასახადო კანონმდებლობის მოქმედ ნორმებს.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 10 თებერვლის №2503 და 24 მარტის № 5910 ბრძანებების საფუძველზე განხორციელდა შპს „--“-ს (ს/ნ ---) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2021 წლის 16 სექტემბრიდან 2023 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდები, ხოლო სასაქონლო მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის მიზნებისთვის 2023 წლის 9 თებერვლის ჩათვლით. შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 31 მარტს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2023 წლის 5 აპრილის №7408 ბრძანება და ამავე თარიღის №259-12 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 209 330 ლარი, მათ შორის, გადასახადი 133 656 ლარი, ჯარიმა 66 738 ლარი, საურავი 8 936 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებით:

შპს „---“ გადასახადის გადამხდელად დარეგისტრირდა 2021 წლის 16 სექტემბერს. გადამხდელი ადგილობრივ ბაზარზე იძენს გაყინულ პროდუქტებს და აწვდის დამკვეთებს. შესამოწმებელ პერიოდში პირს განხორციელებული აქვს შეძენები სულ 1 422 963 ლარის ოდენობით (დღგ-ის ჩათვლით), ხოლო დეკლარირებული აქვს დღგ-ის 18%-იანი ბრუნვა სულ 782 852 ლარის ოდენობით. გადამხდელმა შემოწმებას წარუდგინა საბუღალტრო პროგრამა სადაც ასახულია მხოლოდ დოკუმენტით რეალიზებული საქონლის მოძრაობის შესახებ ინფორმაცია, ამასთან არასწორად იყო ასახული კრედიტორული დავალიანება ერთ-ერთ მსხვილ მომწოდებელთან, რომელთანაც რეალურად გადახდილი იყო თანხა (456 676 ლარი), ამასთან საბოლოო ნაშთში 2022 წლის 31 დეკემბერს დაფიქსირებულ აქვს დიდი სასაქონლო მატერიალური ფასეულობების ნაშთი 484 122 ლარის ოდენობით, თუმცა გადამხდელს არ გააჩნდა არც საკუთრებაში და არც იჯარის სახით მფლობელობაში რაიმე სახის მაცივრები ან კონტეინერები. ამასთან ინვენტარიზაცია ჩატარდა 2023 წლის 9 თებერვალს რომლის შესაბამისადაც ფაქტიურმა ნაშთმა შეადგინა სულ 2 634 ლარი (გადამხდელმა შესამოწმებელი პერიოდის შემდგომ ერთიანი თანხა დაადეკლარირა დღგ-ის 2023 წლის იანვრის თვეში).

ზემოაღწერილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილით და შპს „ ---“-ს მიღებული/მისაღების შემოსავლები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. შესწავლილ იქნა საქონლის მოძრაობა ინვენტარიზაციის ჩატარების თარიღამდე და აღნიშნულის გათვალისწინებით 2021-2022 წლებში დოკუმენტის გარეშე რეალიზებულად ჩაითვალა 470 348 ლარის თვითღირებულების საქონელი (2022 წლის დეკემბრის ბუღალტრულ ნაშთზე დაკლებულ იქნა შესამოწმებელი პერიოდის შემდგომ ინვენტარიზაციის თარიღამდე დოკუმენტებით რეალიზებული საქონელი და ინვენტარიზაციაში დაფიქსირებული ფაქტობრივი ნაშთი). სხვადასხვა ჯგუფების მიხედვით განისაზღვრა დოკუმენტური ფასნამატი, რაც გავრცელდა დოკუმენტის გარეშე რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე შესაბამისი ჯგუფების მიხედვით, აღნიშნულის გათვალისწინებით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის შესაბამისად გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა 513 492 ლარის ოდენობით, დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების საფუძველზე აღნიშნული ოპერაციით მიღებული/მისაღები შემოსავალი შემოწმების მიერ ჩაითვალა გადამხდელის მიერ მიღებულად და დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯის გათვალისწინებით ჩაითვალა ანგარიშვალდებულ პირზე (დირექტორზე - ----) გაცემულ ხელფასად, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს. გადამხდელს ასევე დაერიცხა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში შეძენილი აქვს ავტომობილი ფიზიკური პირისგან რაზეც საბუღალტრო მონაცემებით სალაროდან ჩამოწერილია 12 000 ლარი. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით ავტომობილი შპს „---“-ს საკუთრებაშია თუმცა, შემოწმების პროცესში, თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი გადამხდელის მხრიდან ვერ იქნა წარდგენილი. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის შესაბამისად გადამხდელს დაერიცხა მოგების გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 9 თებერვლის №2305 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „---"-ს კუთვნილ ობიექტში სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია 2023 წლის 09 თებერვლის მდგომარეობით, რომლის შესაბამისადაც დათვლილ იქნა სასაქონლო მატერიალური ფასეულობების ნაშთი 2 634 ლარის ოდენობით. შემოწმებით შესწავლილ იქნა საქონლის მოძრაობა გადამხდელის პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტებით, რომლის შესაბამისადაც გამოვლინდა დანაკლისი 2 971 ლარის საბაზრო ღირებულებით, რაც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად დაექვემდებარა საბაზრო ღირებულების 10 %-ით დაჯარიმებას.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში.

 

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანოები ვალდებული არიან თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში გააკონტროლონ გადასახადების გამოანგარიშების სისწორე და სისრულე და მათი დროულად გადახდა, ჩაატარონ საგადასახადო შემოწმებები ამ კოდექსით დადგენილი წესით და ამ შემოწმებათა ჩატარებისას გააცნონ გადასახადის გადამხდელს თავისი უფლებები და ვალდებულებები.

ამავე კოდექსის 262-ე მუხლის შესაბამისად, საგადასახადო შემოწმება შეიძლება იყოს კამერალური და გასვლითი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 263-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კამერალური საგადასახადო შემოწმება ტარდება საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირის ბრძანების საფუძველზე, ამ ბრძანებით განსაზღვრულ კონკრეტულ საკითხზე.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის „მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ №994 ბრძანების მე-6 მუხლის პირველი და მე-6 ნაწილების თანახმად:

1. მიმდინარე კონტროლის პროცედურების შედეგების შესახებ (გარდა ამ წესის 22-ე მუხლის მე6 პუნქტისა და 236 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული პროცედურისა) დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ მიმდინარე კონტროლის პროცედურების განმახორციელებელი საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი და გადასახადის გადამხდელი/მისი წარმომადგენელი, აგრეთვე პროცედურებში მონაწილე სხვა პირი, რომლებსაც უფლება აქვთ ოქმის შენიშვნის გრაფაში დააფიქსირონ გამოვლენილი განსაკუთრებული ფაქტები და გარემოებები.

6. საგადასახადო შემოწმებისას, ამ კარით განსაზღვრული მიმდინარე კონტროლის პროცედურების შედეგად გამოვლენილი საგადასახადო სამართალდარღვევა აისახება შემოწმების აქტში, ამ შემთხვევაში ცალკე საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი არ შედგება.

შემოწმებით და აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით დადგენილი გარემოება, რომ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 09 თებერვლის №2305 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს „---“-ს (ს/ნ ---) კუთვნილი სასაქონლომატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია, რომლის მიხედვითაც ინვენტარიზაციის მასალები გაეგზავნა შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტს, მასალების მიხედვით არ იყო გამოყვანილი ინვენტარიზაციის შედეგი, სხვაობა ფაქტობრივ და საბუღალტრო ნაშთს შორის. იქიდან გამომდინარე, რომ აღნიშნულ პერიოდში მიმდინარეობა კამერალური საგადასახადო შემოწმება და შედეგების გამოყვანა დაევალა აუდიტის დეპარტამენტს.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 24 მარტის № 5910 ბრძანება, რომლითაც ცვლილება შევიდა შპს „---“-ს (ს/ნ ---) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმების 2023 წლის 10 თებერვლის № 2503 ბრძანებაში და აუდიტის დეპარტამენტს უფლება მიენიჭა შესამოწმებელ პერიოდში შესულიყო 2023 წლის 9 თებერვალს განხორციელებული სასაქონლო მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგები, ვერ ჩაითვლება უკვე შემოწმებული პერიოდის გადამოწმებად.

საქმეში არსებულ მასალებსა და ზემოაღნიშნულ ნორმებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ შპს „---“-ს (ს/ნ ---) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმების 2023 წლის 10 თებერვლის № 2503 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე გამოცემული აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 24 მარტის № 5910 ბრძანება შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან და არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

 

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველ ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოწმებით დადგენილი გარემოებაა, რომ შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელს განხორციელებული აქვს შეძენები სულ 1 422 963 ლარის ოდენობით (დღგ-ის ჩათვლით), ხოლო დეკლარირებული აქვს დღგ-ის 18%-იანი ბრუნვა სულ 782 852 ლარის ოდენობით. გადასახადის გადამხდელს მიღებულ შემოსავლად 2022 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით ასახული და დადეკლარირებული აქვს მხოლოდ დოკუმენტურად რეალიზებული საქონლის ღირებულება, ხოლო არადოკუმენტური რეალიზაციები არ იყო ასახული შესაბამისი პერიოდის დეკლარაციებში.

ზემოხსენებულიდან გამომდინარე, შპს „---“-ს მიღებული/მისაღების შემოსავლები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. შესწავლილ იქნა საქონლის მოძრაობა ინვენტარიზაციის ჩატარების თარიღამდე და აღნიშნულის გათვალისწინებით, 2021-2022 წლებში დოკუმენტის გარეშე რეალიზებულად ჩაითვალა 470 348 ლარის თვითღირებულების საქონელი.

შემოწმების მიერ დოკუმენტურად რეალიზებული საქონლის ფასნამატი, საშუალო შეწონილი მეთოდის მიხედვით, დადგინდა - 9,17%, სხვადასხვა სასაქონლო ჯგუფის მიხედვით, რაც გავრცელდა დოკუმენტის გარეშე რეალიზებული საქონლის თვითღირებულებაზე აღნიშნული ჯგუფების მიხედვით.

გადამხდელის არგუმენტთან დაკავშირებით, რომ მის მიერ მოხდა დიდი ოდენობის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების რეალიზაცია იანვრის თვეში, მინიმალურ ფასად და აღნიშნული საქონელი შემოწმების მიერ არ უნდა ჩათვლილიყო 2022 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდში განხორციელებულ მიწოდებად, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლითაც დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელისთვის არა ერთხელ იქნა მოთხოვნილი აღნიშნული ბრუნვის გაშიფვრა, რაც შემოწმებისთვის არ იქნა წარდგენილი, ამასთან, გადამხდელის მიერ საინვენტარიზაციო კომისიისთვის წარდგენილ 2023 იანვრის თვის სმფ-ს რეალიზაცია საბაზრო ღირებულებით შეადგენს - 34 234 ლარს, მაგრამ საკონტროლო-სალარო აპარატის მონაცემების მიხედვით აღნიშნული თანხა, იანვრის თვეში, შემოსავალში არ უფიქსირდება. ამასთან, ინვენტარიზაციის ბრძანება გამოიცა 2023 წლის 09 თებერვალს, ხოლო იანვრის საანგარიშო პერიოდის დეკლარაცია გადასახადის გადამხდელმა წარადგინა შემდგომ, 2023 წლის 16 თებერვალს.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და იმის გათვალისწინებით რომ გადამხდელს ოფიციალურად არ გააჩნდა სასაწყობე/სამაცივრე ფართი სადაც შენახული იქნებოდა აღნიშნული საქონელი შემოწმების მიერ აღნიშნული დეკლარირებული ბრუნვა არ იქნა მიჩნეული სარწმუნოდ.

გადამხდელის პოზიციასთან დაკავშირებით, რომ კომპანიის მიერ გაწეული ხარჯები უნდა დაანგარიშებულიყო არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით და მხოლოდ ამის შემდგომ დაანგარიშებულიყო მიღებული შემოსავალი, რომელიც დაკვალიფიცირდა დირექტორზე გაცემულ ხელფასად, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების რეალიზაციის შედეგად მიღებული/მისაღები შემოსავალი ჩაითვალა გადამხდელის მიერ მიღებულად და ყველა არსებული, დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯის გათვალისწინებით ჩაითვალა ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად, ხოლო გადამხდელის მიერ, ხარჯის განსაზღვრის მიზნით, შემოწმების/დავის წარმოების ეტაპზე არ ყოფილა წარმოდგენილი სხვა დამატებითი მტკიცებულებები/დოკუმენტები, რაც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებას.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ არაპირდაპირი მეთოდით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა, კერძოდ, დოკუმენტური ფასნამატის გამოყენება დოკუმენტის გარეშე რეალიზებულ სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობებზე, განხორციელდა მართლზომიერად. ამდენად, წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში, დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.

ამავე კოდექსის 982 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ხარჯს, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის, მიეკუთვნება ხარჯი, რომელიც დოკუმენტურად დადასტურებული არ არის, თუ ეს ვალდებულება დადგენილია ამ კოდექსის შესაბამისად;

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რისთვისაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97–ე მუხლის თანახმად, მტკიცებულებათა გამოკვლევისათვის უფლებამოსილია გამოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის არგუმენტზე, რომ ავტომობილის შესყიდვისთვის გაწეული ხარჯი უნდა განსაზღვრულიყო არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, რადგან კომპანიის მიერ შეძენილი ავტომობილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემების შესაბამისად რეგისტრირებულია შპს “---”-ზე და გამოიყენება კომპანიის საქმიანობის განხორციელებისთვის.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). ხოლო მტკიცებულებათა წარუდგენლობის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადამხდელის მიერ ავტომობილის შეძენისთვის გაწეული ხარჯის ოდენობა განსაზღვროს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).

 

მე-4 სადავო საკითხთან დაკავშირებით,შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 145-ე მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის შემადგენლობაში შეიტანოს თავის საკუთრებაში არსებული დამუშავებული ან ნაწილობრივ დამუშავებული საქონელი, მისი ადგილმდებარეობის მიუხედავად, კერძოდ, ნედლეული ან/და მასალები (გარდა კაპიტალიზებადი ხარჯებისა), რომლებიც შეძენილია შემდგომი რეალიზაციისათვის ან საქონლის წარმოებისათვის/ მომსახურების გაწევისათვის.

ამავე კოდექსის მე-8 მუხლის მე-11 ნაწილის თანახმად, დანაკლისი არის გადასახადის გადამხდელის ბუღალტრულ ჩანაწერებთან შედარებისას გამოვლენილი (მათ შორის, ინვენტარიზაციის საშუალებით) სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ან/და ძირითადი საშუალებების ნაკლებობა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.

საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელთან ამ კოდექსით გათვალისწინებული დანაკლისის გამოვლენა ითვლება მისი აღმოჩენის მომენტში საბაზრო ფასით განხორციელებულ მიწოდებად. ამასთანავე, თუ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისი საგადასახადო ორგანოს მიერ ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა, პირი დამატებით ჯარიმდება ამ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულების 10 პროცენტის ოდენობით.

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლითაც დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმებისთვის წარდგენილი საბუღალტრო პროგრამა არ იძლეოდა სასაქონლომატერიალური ფასეულობების ზუსტი ნაშთის განსაზღვრის შესაძლებლობას. შესაბამისად 2022 წლის 31 დეკემბრის მონაცემების საფუძველზე შემოწმების მიერ 2023 წლის 09 თებერვლისთვის გაანგარიშდა სმფ-ს ნაშთები, კერძოდ, საქონელი, რომელიც ინვენტარიზაციის ფაქტობრივ ნაშთად დაფიქსირდა, არ ჩაირთო არაპირდაპირი მეთოდით შემოსავლების გაანგარიშების ცხრილში და 2022 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით სმფ-ის ნაშთი არ განულდა. ასევე, ჩატარდა 2023 წლის იანვარსა და თებერვალში შეძენილი/რეალიზებული საქონლის ანალიზი და მხოლოდ აღნიშნული ოპერაციების განხორციელების შედეგად გაანგარიშდა დანაკლისი.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივ გარემოებებსა და სამართლებრივი ნორმებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ ინვენტარიზაციის შედეგად დადგენილ დანაკლისზე ჯარიმის განსაზღვრა განხორციელდა მართლზომიერად.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად, ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მტკიცებულებები/დოკუმენტაცია, რაც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნებთან, წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში, დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „---“-ს (ს/ნ ---) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);

გ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარუდგენლობის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადამხდელის მიერ ავტომობილის შეძენისთვის გაწეული ხარჯის ოდენობა განსაზღვროს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

 

 

სადავო საკითხი

1. გადასახადის გადამხდელი ითხოვს საგადასახადო შემოწმების ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ბრძანების გაუქმებას.

2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებას და მის საფუძველზე განსაზღვრულ ფასნამატს.

3. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების აქტით მოგების გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.

4. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ინვენტარიზაციის შედეგად დადგენილ დანაკლისზე განსაზღვრულ ჯარიმას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შესწავლილ იქნა საქონლის მოძრაობა ინვენტარიზაციის ჩატარების თარიღამდე და საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის გათვალისწინებით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის შესაბამისად გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების საფუძველზე აღნიშნული ოპერაციით მიღებული/მისაღები შემოსავალი შემოწმების მიერ ჩაითვალა ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად. ავტომობილის თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოუდგენლობის გამო საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის შესაბამისად გადამხდელს დაერიცხა მოგების გადასახადი.

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ გამოვლინდა სმფ-ების დანაკლისი 2 971 ლარის საბაზრო ღირებულებით, რაც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად დაექვემდებარა საბაზრო ღირებულების 10 %-ით დაჯარიმებას.

 

გადაწყვეტილება

მესამე სადავო საკითხთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები; მტკიცებულებების წარუდგენლობის შემთხვევაში, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს გადამხდელის მიერ ავტომობილის შეძენისთვის გაწეული ხარჯის ოდენობა განსაზღვროს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად;

დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 159; 101; 154; 302 (2); 51; 262; 263; 136; 49; 61(3); 73 (4,5,9); 159; 163; 164; 43 (4); 97; 982; 43 (4); 145; 8 (11); 286 (9).

„მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ №994 ბრძანების მე-6 მუხლის პირველი და მე-6 ნაწილი.