არარეზიდენტი საწარმოსგან უცხოურ ვალუტაში შეძენილი წილის რეალიზაცია N 2638

2638 არარეზიდენტი საწარმოსგან უცხოურ ვალუტაში შეძენილი წილის რეალიზაცია 23.02.2017
№ დოკუმენტი 2638
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი

📄 სრული ტექსტი

სიტუაციური სახელმძღვანელო

არარეზიდენტი საწარმოსგან უცხოურ ვალუტაში შეძენილი წილის რეალიზაცია N 2638

ფაქტობრივი გარემოებები

· შპს „X“-მა 2017 წლის სექტემბრის თვეში შეიძინა არარეზიდენტი კომპანიის 50%-იანი წილი 50 000 აშშ დოლარად. საწარმომ საბანკო გადარიცხვა 50 000 აშშ დოლარის ოდენობით განახორციელა 2017 წლის ოქტომბრის თვეში. 2017 წლის სექტემბრის თვეში აშშ დოლარის ლართან მიმართებაში გაცვლითი კურსი შეადგენდა 2,0-ს, ხოლო 2017 წლის ოქტომბრის თვეში - 1,9-ს. საწარმომ საქართველოს რეზიდენტ კომპანიაზე 2017 წლის დეკემბრის თვეში 50 000 აშშ დოლარად გაყიდა შეძენილი წილის 25% . თანხის ანაზღაურება მოხდა იმავე დღეს, გაცვლითი კურსი შეადგენდა 2,1-ს. შესაბამისად, ანაზღაურებულ იქნა 105 000 ლარი (50000$* 2,1).

· საწარმოს აღნიშნულ ოპერაციებზე მოგების გადასახადში არ მოუხდენია საგადასახადო ანგარიშგება.

შეფასება

· სსკ-ის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მოგების გადასახადით იბეგრება არარეზიდენტის, აგრეთვე ამ კოდექსის შესაბამისად, მოგების გადასახადისაგან გათავისუფლებული პირის კაპიტალში შენატანის ან აქციის/წილის შესაძენად განხორციელებული გადახდა. ამავე მუხლის მე-7 ნაწილის მიხედვით, თუ შეძენილი სასესხო ფასიანი ქაღალდის, კაპიტალში მონაწილეობის უფლების (აქციის/წილის) ან მოთხოვნის მიწოდების შედეგად განხორციელდა ანაზღაურება (თანხის ფაქტობრივად მიღება), პირი უფლებამოსილია თანხის ფაქტობრივად მიღების საანგარიშო პერიოდში ანაზღაურებული თანხის შესაბამისად გამოანგარიშებული მოგების გადასახადის ოდენობით ჩაითვალოს და ამ კოდექსით დადგენილი წესით დაიბრუნოს ადრე გადახდილი მოგების გადასახადის თანხა. სსკ-ის 73-ე მუხლის მე-10 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, უცხოური ვალუტით განხორციელებული ოპერაცია, რომელიც ექვემდებარება დაბეგვრას უცხოური ვალუტა გადაიანგარიშება ლარებში ოპერაციის დღისათვის არსებული საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსით ასეთის არსებობის შემთხვევაში.

· შპს „X“ 2017 წლის ოქტომბრის თვის საანგარიშო პერიოდზე ვალდებული იყო, არარეზიდენტი კომპანიის 50%-იანი წილის შესაძენად განხორციელებული გადახდა 95 000 ლარი (50 000 აშშ დოლარი*1,9) დაებეგრა მოგების გადასახადით და ბიუჯეტში გადაეხადა 16 764 ლარი (95 000/0,85*15%). იმის გათვალისწინებით, რომ საწარმომ გაყიდა არარეზიდენტი კომპანიის შეძენილი წილის ნახევარი - 25%, შპს „X“ -ს უფლება აქვს სსკ-ის 982 მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, დეკემბრის თვეში ჩაითვალოს წილის შეძენისას გადახდილი მოგების გადასახადი, მხოლოდ 8 382 (16764/2) ლარის ოდენობით.

ღონისძიებები

· პირს დაერიცხება კუთვნილი მოგების გადასახადი და დეკლარაციაში თანხის შემცირებისათვის, დაეკისრება ჯარიმა სსკ-ის 275- ე მუხლის შესაბამისად.

სიტუაციური სახელმძღვანელო ეხება შემთხვევას, როდესაც შპს „X“ მოგების გადასახადით იბეგრება სსკ-ის 97-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტების მიხედვით

სიტუაციურ სახელმძღვანელოში შესაბამისი დღისთვის მითითებული ვალუტა და შესაბამისი კურსები პირობითია