გადაწყვეტილება №20361/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№20361/2/2023
20 ნოემბერი 2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 10.11.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----------“-ის 24.07.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20361/2/2023).
დავის საგანი:
დღგ-ის დარიცხვის მართლზომიერება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 26 აპრილის №001-66 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 27 ივნისის №14735 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 157 383 ლარი.
მათ შორის:
დღგ - 104 922
ჯარიმა - 52 461
ფაქტების აღწერა
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 29 დეკემბრის №33730 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის 2020 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 1 დეკემბრამდე პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2023 წლის 7 აპრილის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
2012 წლის 18 დეკემბერს საწარმომ სს „----------“ შეიძინა უძრავი ქონება - მიწა (4 540 კვ.მ. ----------), მასზე მდგომი ორი შენობა-ნაგებობით. პირველი შენობა-ნაგებობის ფართის მოცულობა შეადგენდა 1 576,10 კვ.მ-ს, რომლის დემონტაჟი განხორციელდა 2013 წელს, ხოლო მეორე შენობა-ნაგებობის ფართის (შენობა/ნაგებობის) მოცულობა შეადგენდა 48.7 კვ.მ-ს, რომლის სიმაღლე იყო დაახლოებით 65 მეტრი. მასზე განთავსებული იყო 2009 წლიდან 2019 წლამდე სატელეკომუნიკაციო ანძები და ანტენები. აღნიშნული შენობა-ნაგებობის დემონტაჟის ნებართვა შეთანხმდა ---------- მერიის არქიტექტურის სამსახურში შესაბამისი წესით და მისი დემონტაჟი დასრულდა 2019 წელს. აღნიშნულ ოპერაციაზე სს „----------“ 2012 წლის დეკემბრის საანგარიშო პერიოდზე გამოწერა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, რის საფუძველზეც გადასახადის გადამხდელმა 2013 წლის იანვარში ჩაითვალა დღგ - 348 991,61 ლარი.
მოცემულ მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით 2019 წლის 20 დეკემბერს შპს „----------“ (ს/ნ ----------) გაფორმდა ხელშეკრულება უძრავი ქონების გაცვლის (ბარტერის) შესახებ, რის მიხედვითაც საწარმომ გადასცა აღნიშნული მიწის ნაკვეთი, რომლის სანაცვლოდაც უნდა მიეღო ამავე მიწის ნაკვეთზე ასაშენებელი ფართის ნაწილი. 2021 წლის 19 იანვარს ხელშეკრულებაში შეტანილი ცვლილებით შემცირდა გადასაცემი ფართების ღირებულება და განისაზღვრა ფულადი სახით ანაზღაურება. 2022 წლის აგვისტოში ხელშეკრულებაში განხორციელებული ცვლილებებით შპს ----------" (იგივე 2022 წლის 9 დეკემბრამდე არსებული შპს „----------“) მიწის ნაკვეთის სანაცვლოდ სრულად განესაზღვრა ფულადი სახით ანაზღაურება 5 847 000 ლარის ოდენობით.
გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმებისთვის წარდგენილი ინფორმაციით, 2022 წლის 1 დეკემბრის მდგომარეობით ანაზღაურებულია 948 403 ლარი. ვინაიდან მოცემული პერიოდისთვის არსებულ მიწის ნაკვეთზე ყველა სახის შენობა-ნაგებობა დემონტაჟირებული იყო, მიწის ნაკვეთის რეალიზაციაზე გადასახადის გადამხდელის მიერ დღგ-ის დარიცხვა არ განხორციელებულა. საგადასახადო კოდექსის 177-ე მუხლის მე-5 და მე-6 ნაწილების მიხედვით, შესამოწმებელი პერიოდის გათვალისწინებით აღდგენას დაექვემდებარა ჩათვლილი დღგ-ის ერთი მეათედი ოდენობა 2020 წელს, ერთი მეათედი ოდენობა - 2021 წელს და ერთი მეათედი ოდენობა - 2022 წელს (საქონლის რეალიზაცისთან დაკავშირებით მხარეთა შორის გაფორმებული კორექტირებული ხელშეკრულების ბოლო თარიღის შესაბამისად 2022 წლის აგვისტოს თვის საანგარიშო პერიოდში). ასევე, მომჩივანს დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 26 აპრილის №9099 ბრძანება და №001-66 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 157 383 ლარი.
აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2023 წლის 22 მაისს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2023 წლის 27 ივნისის №14735 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, მე-2, 173-ე, 174-ე, 175-ე, 176-ე, 177-ე, 43-ე მუხლებზე, შემოწმებით დადგენილ გარემოებებზე და განმარტავს, რომ უძრავი ქონების გაცვლის (ბარტერის) შესახებ გაფორმებული ხელშეკრულებით/მასში განხორციელებული ცვლილებების გათვალისწინებით, რომლითაც ასაშენებელი ფართის სანაცვლოდ მიწოდებულ იქნა მიწის ნაკვეთი, რაზეც მდებარე ყველა სახის შენობა-ნაგებობა დემონტაჟირებული იყო, შემოწმებით მართლზომიერად განხორციელდა 2013 წელს სრულად ჩათვლილი დღგ-ის თანხის აღდგენა მეათედი ოდენობებით 2020, 2021 და 2022 წლებში.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია. მომჩივანი წარდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარდგენილი მისი არგუმენტების შესაბამისი რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
როგორც შემოწმების აქტშია აღნიშნული, მომჩივანმა შპს „----------“ გადასცა უძრავი ქონება 2019 წლის 20 დეკემბერს. შესაბამისად, გადასახადის გადამხდელს უნდა ემოქმედა 2019 წლის 20 დეკემბერს მოქმედი საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის შესაბამისად (ამასთან, გაუგებარია რატომ არის გამოყენებული საგადასახადო კოდექსის 177-ე მუხლი (დღგ-ის პროპორციული ჩათვლა), რომელიც ძალაში შევიდა 2020 წლის ივლისის თვეში).
მომჩივანი მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის მე-7, მე-8 ნაწილებზე და განმარტავს, რომ აღნიშნული მუხლი გამოიყენება იმ შემთხვევაში, როდესაც ხდება ძირითადი საშუალების გამოყენება ჩათვლის უფლების გარეშე განთავისუფლებულ ოპერაციებში და გაუგებარია რატომ გამოიყენა შემმოწმებელმა 174-ე მუხლი, რადგანაც 2019 წელს მოხდა იმ ძირითადი საშუალების დემონტაჟი, რომელზეც მიღებული იყო ჩათვლა 2012 წელს და შემდგომ მიწის ნაკვეთის რეალიზაცია, მიღებული დღგის ჩათვლა უნდა გაუქმებულიყო 2019 წელს. შესაბამისად, მომჩივნის მიერ განხორცილებული ოპერაცია არ რეგულირდება 174-ე მუხლის მე-7 ნაწილით.
მომჩივანი მიუთითებს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-6 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლით განისაზღვრება საგადასახადო კოდექსში გამოყენებული ტერმინების განმარტება. ექსპლუატაციასთან დაკავშირებით მითითებული არ არის განმარტება. შესაბამისად, გამოყენებული უნდა იქნას შესაბამისი კანონმდებლობა. შენობა ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების თაობაზე მოქმედებს საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 დეკემბრის დადგენილება №255, რომლის მე-2 მუხლით განიმარტება ტერმინები. „უ“ ქვეპუნქტის თანახმად, შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღებისთვის ვარგისად აღიარება – უფლებამოსილი ორგანოს მიერ სანებართვო პირობების შესაბამისად დასრულებულ მშენებლობაზე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. შესაბამისად, შენობის ექსპლუატაციაში მიღების წელი არის 2012 წელი (ნასყიდობის ხელშეკრულების დადება), როდესაც მოხდა შენობა-ნაგებობის მშენებლობა და შესაბამისი ორგანოს მიერ მისი ექსპლუატაციაში მიღება. ზემოაღნიშნული შენობა კი აშენებულია და ექსპლუატაციაში მიღებულია ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს.
რაც შეეხება პროპორციულად დღგ-ის ჩათვლის გაუქმებას, იმ შემთხვევაში თუ საგადასახადო ორგანოს პოზიციას გავიზიარებთ, მაშინ კანონმდებლობის შესაბამისად, უნდა მომხდარიყო 2022 წლის დეკემბერში და არა 2022 წლის აგვისტოს თვეში, როგორც ეს აქტში არის მითითებული.
მომჩივანი ითხოვს ბათილად იქნას ცნობილი გასაჩივრებული აქტები.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა მიღებული ჩათვლის დოკუმენტების საფუძველზე, გარდა ამ კარით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ჩათვლის დოკუმენტია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.
შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის მიხედვით:
1. ა) დღგ-ის ჩასათვლელი თანხა არის დღგ-ის თანხა, რომელიც გადახდილია ან გადასახდელია ჩათვლის დოკუმენტების მიხედვით, მათ შორის, დღგ-ის რეგისტრაციის ძალაში შესვლის მომენტისათვის არსებულ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ნაშთზე.
2. ა.ა) დღგ-ის ჩათვლა ხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქონელი ან/და მომსახურება გამოიყენება ან გამოყენებული იქნება დასაბეგრ ოპერაციებში, გარდა ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციებისა.
4. ამ მუხლის მე-5–მე-11 ნაწილების გათვალისწინებით, თუ საქონელი/მომსახურება, რომლის მიხედვითაც დღგ-ის გადამხდელმა მიიღო დღგ-ის ჩათვლა, გამოყენებულ იქნა ისეთ ოპერაციებში, რომელთა დროსაც დღგ-ის გადამხდელს არ აქვს ჩათვლის მიღების უფლება, ჩათვლილი დღგ-ის თანხა ექვემდებარება გაუქმებას იმ საანგარიშო პერიოდში, როდესაც ის ამგვარ ოპერაციებში იქნა გამოყენებული.
7. ძირითადი საშუალების მიხედვით, თუ იგი გამოყენებულ იქნა ან/და იქნება:
ა) მხოლოდ ისეთ ოპერაციაში, რომლის დროსაც დღგ-ის გადამხდელს აქვს ჩათვლის მიღების უფლება, პირს უფლება აქვს, ძირითად საშუალებაზე პირველივე საანგარიშო პერიოდში სრულად მიიღოს ჩათვლა, და ჩათვლილი დღგ-ის თანხა არ ექვემდებარება გაუქმებას;
ბ) მხოლოდ ისეთ ოპერაციაში, რომლის დროსაც დღგ-ის გადამხდელს არ აქვს ჩათვლის მიღების უფლება, პირს უფლება არ აქვს, ძირითად საშუალებაზე მიიღოს ჩათვლა;
გ) ერთდროულად ჩათვლის უფლების მქონე და ჩათვლის უფლების გარეშე ოპერაციებში და მათი გამიჯვნა შეუძლებელია, მაშინ:
გ.ა) თუ დღგ-ის გადამხდელის მიერ წინა საგადასახადო წლის მიხედვით ჩათვლის უფლების გარეშე დასაბეგრი ოპერაციების თანხა საერთო ბრუნვის 20 პროცენტზე ნაკლებია, პირს უფლება აქვს, ძირითად საშუალებაზე პირველივე საანგარიშო პერიოდში სრულად მიიღოს ჩათვლა, ამასთანავე, ყოველი კალენდარული წლის ბოლოს გასაუქმებელი დღგ-ის თანხა განსაზღვროს კალენდარული წლის საერთო ბრუნვის თანხაში ჩათვლის უფლების გარეშე დასაბეგრი ოპერაციების თანხის ხვედრითი წონის პროპორციულად;
გ.ბ) დღგ-ის გადამხდელს, გარდა ამ ნაწილის „გ.ა“ ქვეპუნქტში აღნიშნულისა, უფლება აქვს, ძირითად საშუალებაზე მიიღოს ჩათვლა მხოლოდ ყოველი კალენდარული წლის ბოლო საანგარიშო პერიოდის დეკლარაციაში წლის განმავლობაში საერთო ბრუნვაში ჩათვლის უფლების მქონე დასაბეგრი ოპერაციების თანხის ხვედრითი წონის პროპორციულად.
8. ამ მუხლის მე-7 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის მიზნებისათვის, ყოველწლიურად გასაუქმებელი („გ.ა“ ქვეპუნქტის შემთხვევაში) ან ჩასათვლელი („გ.ბ“ ქვეპუნქტის შემთხვევაში) დღგ-ის თანხა გაიანგარიშება:
ა) შენობა-ნაგებობებზე – ექსპლუატაციაში მიღების წლიდან 10 კალენდარული წლის განმავლობაში, დღგ-ის თანხის ერთი მეათედის ოდენობით;
ბ) სხვა ძირითად საშუალებებზე – ექსპლუატაციაში მიღების წლიდან 5 კალენდარული წლის განმავლობაში, დღგ-ის თანხის ერთი მეხუთედის ოდენობით.
10. ამ მუხლით განსაზღვრული დღგ-ის ჩასათვლელი თანხის გადაანგარიშება ან/და გაუქმება სავალდებულო არ არის, თუ კალენდარული წლის განმავლობაში ჩათვლის უფლების გარეშე დასაბეგრი ოპერაციების თანხა საერთო ბრუნვის თანხის 5 პროცენტზე ნაკლებია.
12. ამ მუხლის მიზნებისათვის საერთო ბრუნვა არის პირის მიერ საანგარიშო პერიოდში განხორციელებული საქონლის მიწოდებისა და მომსახურების გაწევის თანხათა ჯამი. ამასთანავე, არარეზიდენტის მუდმივი დაწესებულებისათვის მხედველობაში მიიღება მხოლოდ მუდმივი დაწესებულების მიერ განხორციელებული საქონლის მიწოდება და მომსახურების გაწევა.
საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დღგ-ის ჩათვლის უფლება წარმოიშობა ჩასათვლელი დღგის თანხის დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის (შესაბამისი ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის) მომენტიდან.
საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, დღგ-ის ჩათვლის უფლება აქვს მხოლოდ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ დასაბეგრ პირს.
საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ.
საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.
საგადასახადო კოდექსის 177-ე მუხლის მიხედვით:
5. თუ ძირითადი საშუალება დასაბეგრი პირის მიერ გამოიყენება ან გამიზნულია გამოსაყენებლად ისეთი ოპერაციებისთვის, რომელზეც აქვს დღგ-ის ჩათვლის მიღების უფლება, ასევე ოპერაციებისთვის, რომელზეც ეს უფლება არ აქვს და ამ ოპერაციების გამიჯვნა შეუძლებელია, დღგ-ის ჩათვლა ხორციელდება შემდეგი წესით:
ა) თუ დასაბეგრი პირის მიერ წინა საგადასახადო წლის მიხედვით ოპერაციების თანხა, რომელზეც მას არ აქვს დღგ-ის ჩათვლის მიღების უფლება, საერთო ბრუნვის (საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ჯამური თანხა, დღგ-ის გარეშე) 20 პროცენტზე ნაკლებია, პირს უფლება აქვს, ძირითად საშუალებაზე პირველივე საანგარიშო პერიოდში სრულად მიიღოს დღგ-ის ჩათვლა, ამასთანავე, ყოველი კალენდარული წლის ბოლოს გასაუქმებელი დღგ-ის თანხა განსაზღვროს კალენდარული წლის საერთო ბრუნვის თანხაში იმ დასაბეგრი ოპერაციების თანხის ხვედრითი წილის პროპორციულად, რომელზეც მას არ აქვს დღგ-ის ჩათვლის მიღების უფლება;
ბ) დასაბეგრ პირს, გარდა ამ ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, უფლება აქვს ძირითად საშუალებაზე მიიღოს დღგ-ის ჩათვლა მხოლოდ ყოველი კალენდარული წლის ბოლო საანგარიშო პერიოდის დეკლარაციაში წლის განმავლობაში საერთო ბრუნვაში იმ დასაბეგრი ოპერაციების თანხის ხვედრითი წილის პროპორციულად, რომელზეც მას აქვს დღგ-ის ჩათვლის მიღების უფლება.
6. ამ მუხლის მე-5 ნაწილის მიზნებისთვის ყოველწლიურად გასაუქმებელი (ამ მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შემთხვევაში) ან ჩასათვლელი (ამ მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შემთხვევაში) დღგ-ის თანხა გაიანგარიშება:
ა) უძრავ ნივთზე – ექსპლუატაციაში მიღების წლიდან 10 კალენდარული წლის განმავლობაში, დღგის თანხის ერთი მეათედის ოდენობით;
ბ) სხვა ძირითად საშუალებებზე – ექსპლუატაციაში მიღების წლიდან 5 კალენდარული წლის განმავლობაში, დღგ-ის თანხის ერთი მეხუთედის ოდენობით.
7. ამ მუხლის პირველი−მე-6 ნაწილები არ გამოიყენება, თუ კალენდარული წლის განმავლობაში გაუმიჯნავ ოპერაციებში (ოპერაციებში, რომელზეც პირს აქვს დღგ-ის ჩათვლის მიღების უფლება და ოპერაციებში, რომელზეც ეს უფლება არ აქვს და ამ ოპერაციების გამიჯვნა შეუძლებელია) ოპერაციების თანხა, რომელზეც მას არ აქვს დღგ-ის ჩათვლის მიღების უფლება, საერთო ბრუნვის თანხის 5 პროცენტზე ნაკლებია. ასეთ შემთხვევაში დასაბეგრ პირს უფლება აქვს სრულად მიიღოს დღგ-ის ჩათვლა.
10. დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის/რეგისტრაციის გაუქმების ან ძირითადი საშუალებების მიწოდების დროს, ძირითად საშუალებებზე ჩასათვლელი/გასაუქმებელი დღგ-ის თანხა განისაზღვრება საგადასახადო წლების მიხედვით ამ ძირითადი საშუალებების დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციებში გამოყენების პროპორციულად. ამ ნაწილის გამოყენების წესს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.
სადავო საკითხზე წარმოდგენილია აუდიტის დეპარტამენტის 2.08.2023 წლის №---------- წერილი, სადაც მითითებულია შემდეგი:
2012 წლის 18 დეკემბერს მომჩივანმა სს „----------“ შეიძინა უძრავი ქონება - მიწა (4 540 კვ.მ. ----------), მასზე მდგომი ორი შენობა-ნაგებობით. ერთი ფართის მოცულობა შეადგენდა 1 576,10 კვ.მ-ს, რომლის დემონტაჟი განხორციელდა 2013 წელს, ხოლო მეორე ფართის (შენობა/ნაგებობის) მოცულობა შეადგენდა 48.7 კვ/მ-ს, რომლის სიმაღლე იყო დაახლოებით 65 მეტრი, სადაც განთავსებული იყო, 2009 წლიდან 2019 წლის დემონტაჟამდე, ---------- სატელეკომუნიკაციო ანძები და ანტენები. აღნიშნული შენობა/ნაგებობის დემონტაჟის ნებართვა შეთანხმდა ---------- მერიის არქიტექტურის სამსახურში შესაბამისი წესით და დემონტაჟი დასრულდა 2019 წელს. აღნიშნულ ოპერაციაზე სს „----------“ 2012 წლის დეკემბრის საანგარიშო პერიოდზე გამოწერა ანგარიშ-ფაქტურა, რის საფუძველზეც მომჩივანმა 2013 წლის იანვარში ჩაითვალა დღგ - 348 991.61 ლარი. მოცემულ მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით 2019 წლის 20 დეკემბერს შპს „----------“ (ს/ნ ----------) გაფორმდა ხელშეკრულება უძრავი ქონების გაცვლის (ბარტერის) შესახებ, რის მიხედვითაც გადასახადის გადამხდელმა გადასცა აღნიშნული მიწის ნაკვეთი, რის სანაცვლოდაც უნდა მიეღო ამავე მიწის ნაკვეთზე ასაშენებელი ფართის ნაწილი. 2021 წლის 19 იანვარს ხელშეკრულებაში შეტანილი ცვლილებით შემცირდა გადასაცემი ფართების ღირებულება და განისაზღვრა ფულადი სახით ანაზღაურება. 2022 წლის აგვისტოში ხელშეკრულებაში განხორციელებული ცვლილებებით შპს „----------“ (9.12.2022 წლამდე შპს „----------“) მიწის ნაკვეთის სანაცვლოდ სრულად განესაზღვრა ფულადი სახით ანაზღაურება 5 847 000 ლარი. გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმებისთვის წარდგენილი ინფორმაციით, 1.12.2022 წლის მდგომარეობით ანაზღაურებულია 948 403 ლარი. ვინაიდან მოცემული პერიოდისთვის არსებულ მიწის ნაკვეთზე ყველა სახის შენობა-ნაგებობა დემონტაჟირებული იყო, მიწის ნაკვეთის რეალიზაციაზე გადასახადის გადამხდელის მიერ დღგ-ის დარიცხვა არ განხორციელებულა. აღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 177-ე მუხლის მე-5 და მე-6 ნაწილების შესაბამისად, შესამოწმებელი პერიოდის გათვალისწინებით აღდგენას ექვემდებარება ჩათვლილი დღგ-ის ერთი მეათედი ოდენობა 2020 წელს, ერთი მეათედი ოდენობა 2021 წელს და ერთი მეათედი ოდენობა 2022 წელს (საქონლის რეალიზაცისთან დაკავშირებით მხარეთა შორის გაფორმებული კორექტირებული ხელშეკრულების ბოლო თარიღის შესაბამისად - 2022 წლის აგვისტოს თვის საანგარიშო პერიოდში). შესაბამისად, მომჩივანს დაერიცხა დღგ.
საწარმოს წარმომადგენელმა საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომ დღგ-ის ჩათვლების გაუქმება უნდა მომხდარიყო 2019 წელს სრულად.
„დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 დეკემბრის №473 დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, „დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.“
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებების და მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ არ არის სათანადოდ გამოკვლეული/შეფასებული საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე სამართლებრივი და ფაქტობრივი გარემოებები.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭომ მიიჩნია, რომ უნდა გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება და საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 27 ივნისის №14735 ბრძანება;
3. საჩივარი დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
დღგ-ის დარიცხვის მართლზომიერება.
ფაქტობრივი გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის წერილის მიხედვით: 2012 წლის 18 დეკემბერს მომჩივანმა ბანკისგან შეიძინა უძრავი ქონება - მიწა (4 540 კვ.მ.), მასზე მდგომი ორი შენობა-ნაგებობით. ერთი ფართის მოცულობა შეადგენდა 1 576,10 კვ.მ-ს, რომლის დემონტაჟი განხორციელდა 2013 წელს, ხოლო მეორე ფართის (შენობა/ნაგებობის) მოცულობა შეადგენდა 48.7 კვ/მ-ს, რომლის სიმაღლე იყო დაახლოებით 65 მეტრი, სადაც განთავსებული იყო, 2009 წლიდან 2019 წლის დემონტაჟამდე, სატელეკომუნიკაციო ანძები და ანტენები. აღნიშნული შენობა/ნაგებობის დემონტაჟის ნებართვა შეთანხმდა მერიის არქიტექტურის სამსახურში შესაბამისი წესით და დემონტაჟი დასრულდა 2019 წელს. აღნიშნულ ოპერაციაზე ბანკმა 2012 წლის დეკემბრის საანგარიშო პერიოდზე გამოწერა ანგარიშ-ფაქტურა, რის საფუძველზეც მომჩივანმა 2013 წლის იანვარში ჩაითვალა დღგ - 348 991.61 ლარი. მოცემულ მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით 2019 წლის 20 დეკემბერს კომპანიასთან გაფორმდა ხელშეკრულება უძრავი ქონების გაცვლის (ბარტერის) შესახებ, რის მიხედვითაც გადასახადის გადამხდელმა გადასცა აღნიშნული მიწის ნაკვეთი, რის სანაცვლოდაც უნდა მიეღო ამავე მიწის ნაკვეთზე ასაშენებელი ფართის ნაწილი. 2021 წლის 19 იანვარს ხელშეკრულებაში შეტანილი ცვლილებით შემცირდა გადასაცემი ფართების ღირებულება და განისაზღვრა ფულადი სახით ანაზღაურება. 2022 წლის აგვისტოში ხელშეკრულებაში განხორციელებული ცვლილებებით კომპანიას მიწის ნაკვეთის სანაცვლოდ სრულად განესაზღვრა ფულადი სახით ანაზღაურება 5 847 000 ლარი. გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმებისთვის წარდგენილი ინფორმაციით, 1.12.2022 წლის მდგომარეობით 6 ანაზღაურებულია 948 403 ლარი. ვინაიდან მოცემული პერიოდისთვის არსებულ მიწის ნაკვეთზე ყველა სახის შენობა-ნაგებობა დემონტაჟირებული იყო, მიწის ნაკვეთის რეალიზაციაზე გადასახადის გადამხდელის მიერ დღგ-ის დარიცხვა არ განხორციელებულა. აღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივანს დაერიცხა დღგ. საწარმოს წარმომადგენელმა საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომ დღგ-ის ჩათვლების გაუქმება უნდა მომხდარიყო 2019 წელს სრულად.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურის მიერ არ არის სათანადოდ გამოკვლეული/შეფასებული საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე სამართლებრივი და ფაქტობრივი გარემოებები. აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭომ მიიჩნია, რომ უნდა გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება და საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.
დასაბუთება
ფინანსტა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 177(5,6).
(2021 წლამდე მოქმედი): 173(1); 174(1,2).