საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება N3/598-26
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
საქმე N3/598-26
09 მარტი, 2026 წელი
ქუთაისი
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - მაია ყუშიტაშვილი
სხდომის მდივანი - ელისო ჟორჟოლიანი
მოსარჩელე – შპს „---“
წარმომადგენლები - ---, ---
მოპასუხე - საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო
წარმომადგენელი - ---
მოპასუხე - სსიპ შემოსავლების სამსახური
წარმომადგენელი - ---
დავის საგანი - ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
აღწერილობითი ნაწილი
1.სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 2020 წლის 17 ნოემბრის N34126 ბრძანება;
1.2. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2020 წლის 29 დეკემბრის N11806/2/2020 გადაწყვეტილება;
1.3. სსიპ შემოსავლების სამსახურს დაევალოს მოახდინოს შპს „---ს“ საჩივრის არსებითი განხილვა. (სასარჩელო მოთხოვნები დაზუსტდა 2025 წლის 12 თებერვლის სასამართლოს სხდომაზე, იხ.: 2025 წლის 12 თებერვლის სხდომის ოქმი).
2. მოპასუხეთა პოზიცია
2.1. მოპასუხე - სსიპ შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა წერილობით წარმოდგენილ შესაგებელს და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა;
2.2. მოპასუხე სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა წერილობით წარმოდგენილ შესაგებელს და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
3. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერით, შპს „---“ (ს/კ: ---) - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ რეგისტრირებულია 2017 წლის 03 ივლისს, დირექტორი და ამასთან ერთად 100 % წილის მესაკუთრეა ----. ამონაწერის თანახმად, სუბიექტის იურიდიული მისამართია: ----.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან
3.2. აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება, 2019 წლის 1 აპრილიდან 2019 წლის 1 მაისამდე საანგარიშო პერიოდზე.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2020 წლის 07 აგვისტოს N23075 ბრძანება და N086-46 საგადასახადო მოთხოვნა, რაც 2023 წლის 26 ივნისს გადასახადის გადამხდელის შპს „---ს“ მიერ გასაჩივრდა სსიპ შემოსავლების სამსახურში.
სსიპ – შემოსავლების სამსახურის 2020 წლის 17 ნოემბრის N34126 ბრძანებით, შპს „---ს“ საჩივარი დარჩა განუხილველი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2020 წლის 30 ივლისის საგადასახადო შემოწმების აქტი (ს.ფ. 74-94);
-N 54347/1/2020 საჩივარი (ს.ფ. 102-104);
-აუდიტის დეპარტამენტის 2020 წლის 07 აგვისტოს N23075 ბრძანება (ს.ფ. 18);
-აუდიტის დეპარტამენტის 2020 წლის 07 აგვისტოს N086-46 საგადასახადო მოთხოვნა (ს.ფ. 99-100);
- სსიპ შემოსავლების სამსახურის 2020 წლის 17 ნოემბრის N34126 ბრძანება (ს.ფ. 30-31).
3.3. სსიპ შემოსავლების სამსახურის 2020 წლის 17 ნოემბრის N34126 ბრძანება გადასახადის გადამხდელის შპს „---ს“ მიერ 2020 წლის 27 ნოემბერს გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2020 წლის 29 დეკემბრის N11806/2/2020 გადაწყვეტილებით, არ დაკმაყოფილდა შპს „---ს“ 2020 წლის 27 ნოემბრის ადმინისტრაციული საჩივარი.
შემოსავლების სამსახურის ერთიანი საინფორმაციო ბაზის მონაცემებით და აუდიტის დეპარტამენტის 1.12.2020 წლის N123698-21-14 წერილით წარმოდგენილი ინფორმაციით შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2020 წლის 30 ივლისის საგადასახადო შემოწმების აქტი, მის საფუძველზე გამოცემული 2020 წლის 7 აგვისტოს N23075 ბრძანება და N086-46 საგადასახადო მოთხოვნა, 2020 წლის 24 სექტემბერს გაიგზავნა საფოსტო დაწესებულების საშუალებით და ჩაბარდა 2020 წლის 25 სექტემბერს დირექტორს - ----ს, გასაჩივრების ბოლო დღე იყო 26 ოქტომბერი (30-ე დღე - 25 ოქტომბერი კვირა), ხოლო საჩივარი ელექტრონულად შემოსავლების სამსახურში წარდგენილია 2020 წლის 27 ოქტომბერს. ამასთან, გადამხდელი გასაჩივრებულ აქტებს ელექტრონულად გაეცნო შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებ-გვერდის საშუალებით 2020 წლის 29 სექტემბერს.
შპს „---ს“ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2020 წლის 30 ივლისის საგადასახადო შემოწმების აქტი, 2020 წლის 7 აგვისტოს N23075 ბრძანება და 2020 წლის 7 აგვისტოს N086-46 საგადასახადო მოთხოვნა, 2020 წლის 24 სექტემბერს გაეგზავნა ფოსტის საშუალებით, რომელიც ჩაბარდა 2020 წლის 25 სექტემბერს „---ს“ უფლებამოსილ პირს (დირექტორი) ---ს, ხოლო ელექტრონული საჩივარი გადასახადის გადამხდელის მიერ შემოსავლების სამსახურში წარმოდგენილია 2020 წლის 27 ოქტომბერს.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ მომჩივნის წარმომადგენელმა საბჭოს სხდომაზე ვერ წარმოადგინა ისეთი პოზიცია, მტკიცებულება საპატიო მიზეზთან დაკავშირებით რაც შეცვლიდა მანამდე დადგენილ გარემოებებს. ვინაიდან დგინდება, რომ საჩივარი შემოსავლების სამსახურში წარდგენილია საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი ვადის დარღვევით, ხოლო მომჩივანი არ წარმოადგენს მტკიცებულებას გასაჩივრების ვადის დარღვევის მისგან დამოუკიდებელი მიზეზით გამოწვევასთან დაკავშირებით. შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე” ქვეპუნქტის საფუძველზე, საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საჩივარი (ს.ფ. 111-116);
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2020 წლის 29 დეკემბრის N11806/2/2020 გადაწყვეტილება (ს.ფ. 38-41);
-ამონაწერი შემოსავლების სამსახურის ვებ გვერდიდან და ფოსტის უკუგზავნილის დეტალები (ს.ფ. 105-106);
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ შპს „---ს“ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს საგადასახადო კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ამ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
სადავო სსიპ შემოსავლების სამსახურის 2020 წლის 17 ნოემბრის N34126 ბრძანება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2020 წლის 29 დეკემბრის N118062-2020 გადაწყვეტილება, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წარმოადგენს ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, რომელთა კანონშესაბამისობა უნდა შეამოწმოს სასამართლომ განსახილველი დავის ფარგლებში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად.
ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სარჩელი შეიძლება აღიძრას ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.
სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, შესაფასებელია შპს „---ს“ საჩივრის განუხილველად დატოვების კანონშესაბამისობა. საგადასახადო ორგანომ საჩივრის განუხილველად დატოვების მოტივად საჩივრის ავტორის მიერ გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი 30-დღიანი ვადის დარღვევა მიუთითა. ამდენად, სადავო საკითხის მართებული გადაწყვეტისათვის არსებითია დადგინდეს კანონმდებლობით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ჩაბარებულად მიჩნევის ფაქტობრივ-სამართლებრივი წინაპირობები და განისაზღვროს, განხორციელდა თუ არა ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან გადასახადის გადამხდელისათვის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონით დადგენილი წესით ჩაბარება.
შესაბამისად, განსახილველი საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს აუდიტის დეპარტამენტის 2020 წლის 7 აგვისტოს N086-46 საგადასახადო მოთხოვნისა და მისი საფუძველი დოკუმენტების შპს „----თვის“ ჩაბარების საკითხის განსაზღვრა, ვინაიდან გასაჩივრების ვადის დარღვევის არსებობა-არარსებობის დადგენისათვის მნიშვნელოვანია აღნიშნული ვადის დინების დაწყების ზუსტი თარიღის დადგენა.
სარჩელის მიხედვით, ადმინისტრციულმა ორგანომ არ გამოიკვლია გარემოებები სრულყოფილად და განუხილველი დატოვა საჩივარი. კერძოდ, მსოფლიოში გავრცელებული პანდემიის გამო შეფერხებულია გარკვეული მოქმედების განხორციელება. ასევე ადმინისტრაციულ ორგანოს არ გამოუკვლევია, რომ კომპანიის დირექტორი, რომელსაც ჩაბარდა საფოსტო გზავნილი – გარკვეული პერიოდის განმავლობაში იმყოფებოდა თვითიზოლაციის რეჟიმში. ვინაიდან მის უშუალო კონტაქტს - დაუდასტურდა კოვიდა ინფექცია. შესაბამისად, არ მიეცა შესაძლებლობა საჩივრის განმხილველი ორგანოსთვის წარგვედგინა უტყუარი მტკიცებულებები საპატიო მიზეზთან დაკავშირებით. ამასთან მოსარჩელე მიუთითებს, რომ გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ გადამხდელის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (WWW.RS.GE) გადამხდელის საგადასახადო მოთხოვნის, რომელსაც ვასაჩივრებდით, გაცნობის თარიღად დაფიქსირებულია 2020 წლის 29 სექტემბერი. შესაბამისად, ამ მოცემულობით გასაჩივრების ვადა გასულიც კი არ არის. მიღებულმა გადაწყვეტილებამ გამოიწვია პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა.
6.2. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „ი“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს კანონით დადგენილი წესით გაასაჩივროს საგადასახადო ორგანოს ქმედება ან გადაწყვეტილება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის „ნ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოები ვალდებული არიან თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში დადგენილი წესით განიხილონ გადასახადის გადამხდელის წერილები, საჩივრები და შეკითხვები, საჭიროების შემთხვევაში უსასყიდლოდ მიაწოდონ მას ინფორმაცია მოქმედი გადასახადების, მათი გამოანგარიშებისა და გადახდის წესის შესახებ, აგრეთვე გადასახადის გადამხდელის უფლებებისა და ვალდებულებების თაობაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 296-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო დავა შესაძლებელია, განხილულ იქნეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემასა და სასამართლოში .
ამავე კოდექსის 297–ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საგადასახადო დავის განმხილველი ორგანოები არიან შემოსავლების სამსახური და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო (შემდგომში დავის განმხილველი ორგანოები).
სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 28 მაისის განჩინებაზე ადმინისტრაციულ საქმეზე Nბს-122-115(2კ-13), სადაც „საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ პირის უფლება - მიმართოს სახელმწიფოს ნებისმიერ საჯარო დაწესებულებას მისი ინტერესების დასაცავად, განეკუთვნება კონსტიტუციურ უფლებათა სისტემას. ადამიანის უფლებები იყოფა ორ ჯგუფად: მატერიალური და პროცედურული უფლებები. პირის პროცედურულ უფლებათა რიგს მიეკუთვნება ადმინისტრაციული ორგანოსათვის მიმართვის უფლება, შუამდგომლობათა აღძვრის უფლება, მტკიცებულებათა წარდგენის უფლება, სხდომაზე დასწრების და მონაწილეობის უფლება, მოსაზრებათა წარდგენის უფლება, გასაჩივრების უფლება და ა.შ. სწორედ, პროცედურული უფლებების კანონით დადგენილი ფორმებით რეალიზაცია აძლევს პირს შესაძლებლობას, დაიცვას ან აღიდგინოს თავისი მატერიალური უფლებები. სამართლებრივი სახელმწიფოს ფუნქციონირების პრინციპი გულისხმობს პროცედურული უფლებების შეუფერხებლად და დაუბრკოლებლად განხორციელებას, წინააღმდეგ შემთხვევაში, საფრთხე ექმნება მატერიალური უფლებების ჯეროვან რეალიზაციასა და დაცვას.
ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, რომელიც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობების მონაწილეთა პროცედურული უფლება-მოვალეობების საზოგადო წესებს დეტალურად განსაზღვრავს, მიზნად ისახავს ადმინისტრაციულ ორგანოთა მიერ ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების, საჯარო ინტერესებისა და კანონის უზენაესობის დაცვის უზრუნველყოფას.
ზემოთ მითითებულ კონსტიტუციურ პრინციპს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის სპეციალური მუხლი ეძღვნება, კერძოდ, მე-12 მუხლი ადმინისტრაციული ორგანოსათვის მიმართვის უფლება, რომლის მიხედვით გარანტირებულია:
1. ნებისმიერი პირის უფლება მიმართოს ადმინისტრაციულ ორგანოს ამ უკანასკნელის უფლებამოსილებას მიკუთვნებული იმ საკითხის გადასაწყვეტად, რომელიც უშუალოდ და პირდაპირ ეხება პირის უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს;
2. ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება - განიხილოს მის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხზე შეტანილი განცხადება და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება. აღნიშნული ნორმის სტრუქტურული შინაარსი გულისხმობს, რომ პირის უფლების დადგენა მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას განახორციელოს რეალიზებული საპროცესო უფლების კანონით რეგლამენტირებული, ადეკვატური პროცედურული ხასიათის მოქმედება.“
სასამართლო განმარტავს, რომ საგადასახადო ორგანოებში დავის განხილვა იწყება საჩივრის წარდგენის გზით. ამასთან, საჩივრების უფლება არის პირის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროცესუალური უფლება, რომელიც უზრუნველყოფს მისი კანონიერი უფლებების და ინტერესების კანონის უზენაესობის დაცვას, რამეთუ საჩივრის თუ სარჩელის წარდგენისას დავის განმხილველი ორგანო ამოწმებს გადაწყვეტილების კანონიერებას და მისი კანონშეუსაბამობისას აუქმებს მას, რაც გარანტირებულს ხდის, ერთი მხრივ, კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვასა და აღსრულებას და, მეორე მხრივ, ხელს უშლის პირის უფლებათა დაუსაბუთებელ და უკანონო შეზღუდვას. ამასთან, პირის მიერ საჩივრის წარდგენას უკავშირდება ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება, რომ კანონით დადგენილი წესითა და ვადაში განიხილოს და გადაწყვიტოს წარდგენილი საჩივარი. საჩივრის წარდგენის უფლებას სწორედ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ აღნიშნული ვალდებულების შესრულება ხდის ქმედითს, ხოლო პირის უფლებების დაცვას გარანტირებულს, რამეთუ რომ არა ადმინისტრაციული ორგანოს მოვალეობა საჩივრის განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ, გასაჩივრების უფლება იქნებოდა მხოლოდ დეკლარაციული ხასიათის. ვინაიდან გასაჩივრების უფლება პირდაპირ არის დაკავშირებული გადასახადის გადამხდელის კანონით დაცული ინტერესების უზრუნველყოფასა და უფლებების დაცვასთან, კანონი ამომწურავად აწესრიგებს იმ შემთხვევებს, როდესაც საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია, წარდგენილი საჩივარი დატოვოს განუხილველი. აღნიშნული გამოწვეულია სამართლებრივი ურთიერთობის გარკვეულ ჩარჩოებში მოქცევით, რათა არ მოხდეს უფლების ბოროტად გამოყენება, საჩივრების მუდმივად წარდგენა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონიერ ძალაში შესვლის თავიდან ასაცილებლად, ამასთან, აღნიშნული იძლევა შესაძლებლობას თვიდან იქნას აცილებული ადმინისტრაციულ ორგანოთა გადატვირთულობა, რომ დაუსრულებლად არ მოხდეს ერთსა და იმავე საკითხზე მსჯელობა. საჩივრის განუნილველად დატოვების საფუძვლები მოწესრიგებულია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლით. მათ შორის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ გასულია საჩივრის წარდგენის ვადა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო განმარტავს, რომ გასაჩივრების უფლება გამოყენებულ უნდა იქნეს კანონით გათვალისწინებულ ვადაში. გასაჩივრების ვადის შემოღება მიზნად ისახავს რა სამართალსუბიექტების მიერ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების სადავოდ ქცევის ვადის გარკვეულ საზღვრებში მოქცევას, გასაჩივრების ვადის გასვლის შემდგომ, თუკი სახეზე არ არის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარად აღიარების საფუძვლები, რომელზეც საჩივრის წარდგენის ვადა არ ვრცელდება, აქტი იძენს შესასრულებლად სავალდებულო ძალას და მისით განსაზღვრული მოწესრიგება ძალაში შედის. ამასთან, გასაჩივრების უფლების ჯეროვანი გამოყენება პირდაპირაა დაკავშირებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ადრესატისათვის ჩაბარებასთან, კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცნობასთან, რაც უკავშირდება როგორც გასაჩივრების ვადის დენის დაწყებას, ისე მხოლოდ აქტის გაცნობის შემდეგ ხდება პირისთვის ცნობილი, რა ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე და რომელი სამართლებრივი ნორმებით იხელმძღვანელა ადმინისტრაციულმა ორგანომ აქტის გამოცემისას.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 6 ოქტომბრის განჩინებაზე საქმე Nბს-770-762(კ-15), სადაც საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ „ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის იმ პირისათვის ოფიციალური გაცნობის მოთხოვნა, რომლის მიმართაც არის იგი გამოცემული, კანონმდებლობის კატეგორიული იმპერატივია, ვინაიდან აქტის გამოქვეყნება, მისი ადრესატისთვის გაცნობა არის ადმინისტრაციული წარმოების ფინალი და მისი ნაყოფი წარმოების შედეგად გამოცემული გადაწყვეტილება ძალაში შედის მხარისათვის ოფიციალური გაცნობით (სზაკ-ის 54-ე მუხ.). აქტის ძალაში შესვლის მომენტის დადგენა მნიშვნელოვანია აქტის გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადების დაცულობის გარკვევისათვის. სწორედ აქტის ძალაში შესვლით ანუ მხარისათვის კანონით დადგენილი წესით გაცნობით იწყება მისი გასაჩივრების ვადის ათვლა, გაცნობის შემდეგ ხდება შესაბამისი ადრესატის უფლება-მოვალეობების წარმოშობა, შეცვლა ან შეწყვეტა. შესაბამისად, სწორედ ამ მომენტიდან პირს ეძლევა გასაჩივრების შესაძლებლობა. აქტის ოფიციალური გაცნობის სამართლებრივი მნიშვნელობა მდგომარეობს იმაში, რომ მხარე ადასტურებს მისი შინაარსის გაცნობას. გასაჩივრების ვადის დინება არ იწყება მაშინაც კი, როდესაც პირისთვის აქტის შინაარსი ცნობილი გახდა არაოფიციალური წყაროდან ან თუნდაც აქტის პროექტის ან იმ მასალების გაცნობიდან, რომლის საფუძველზე შემდგომში გამოიცა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. საჩივრის უფლება წარმოიშობა გამოცემული აქტით უფლების ან კანონიერი ინტერესის დარღვევით, რომელიც მხოლოდ ძალაში შესული აქტით და არა აქტის პროექტით არის შესაძლებელი. შეუძლებელია პირს მოეთხოვოს მისთვის ჯერ კიდევ უცნობი აქტის შესრულება, პირის უფლების ან კანონიერი ინტერესის დარღვევა უმოქმედო აქტით, შესაბამისად არ დაიშვება აქტის გაცნობამდე გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის ათვლა. ამდენად, აქტის გაცნობა არის საჩივრის უფლების წარმოშობის პირობა, აქტის გაცნობამდე საჩივრის შეტანის შესაძლებლობა ადმინისტრაციულ საჩივარს ორგანოს თვითკონტროლის, ადმინისტრაციულ ორგანოთა სისტემის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილების კანონიერების გადამოწმების მექანიზმის ნაცვლად აქცევს ორგანოზე ზედამხედველობის საშუალებად, რაც ეწინააღმდეგება ადმინისტრაციული საჩივრის ბუნებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, დაუშვებელია აქტის გაცნობამდე მისი გასაჩივრების ვადის ათვლა.“ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო ორგანო დოკუმენტს პირს უგზავნის ან/და წარუდგენს წერილობითი ან ელექტრონული ფორმით, ხოლო, ამავე მუხლის მე-7 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, წერილობითი დოკუმენტი გადასახადის გადამხდელისთვის (გარდა ფიზიკური პირისა) ჩაბარებულად ითვლება, თუ დოკუმენტი ჩაჰბარდა უფლებამოსილ პირს.
ამასთან, საგადასახადო კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის „ჟ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოები ვალდებული არიან თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ამ კოდექსითა და საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის სხვა აქტებით გათვალისწინებული წესით და დადგენილ ვადებში გადასცენ (გაუგზავნონ) გადასახადის გადამხდელს ან მის წარმომადგენელს საგადასახადო შემოწმების აქტები, აგრეთვე საგადასახადო ორგანოთა სხვა გადაწყვეტილებები და შეტყობინებები, ხოლო 268-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი იღებს საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადების ან/და სანქციების დარიცხვის ან არდარიცხვის შესახებ გადაწყვეტილებას, რომლის ასლი წარედგინება გადასახადის გადამხდელს შესაბამის საგადასახადო მოთხოვნასთან ერთად. შემოწმების აქტი იძლევა გადაწყვეტილების ფორმალური მართებულობის შემოწმების შესაძლებლობას, მასში აისახება შემოწმების დროს გამოვლენილი გარემოებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, პირს უფლება აქვს გაასაჩივროს საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ პუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს თუ გასულია საჩივრის წარდგენის ვადა.
შემოსავლების სამსახურის ერთიანი საინფორმაციო ბაზის მონაცემებით და აუდიტის დეპარტამენტის 1.12.2020 წლის N123698-21-14 წერილით წარმოდგენილი ინფორმაციით შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2020 წლის 30 ივლისის საგადასახადო შემოწმების აქტი, მის საფუძველზე გამოცემული 2020 წლის 7 აგვისტოს N23075 ბრძანება და N086-46 საგადასახადო მოთხოვნა, 2020 წლის 24 სექტემბერს გაიგზავნა საფოსტო დაწესებულების საშუალებით და ჩაბარდა 2020 წლის 25 სექტემბერს დირექტორს - ----ს, გასაჩივრების ბოლო დღე იყო 26 ოქტომბერი (30-ე დღე 25 ოქტომბერი კვირა), ხოლო საჩივარი ელექტრონულად შემოსავლების სამსახურში წარდგენილია 2020 წლის 27 ოქტომბერს. ამასთან, გადამხდელი გასაჩივრებულ აქტებს ელექტრონულად გაეცნო შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებ გვერდის საშუალებით 2020 წლის 29 სექტემბერს.
შპს „---ს“ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2020 წლის 30 ივლისის საგადასახადო შემოწმების აქტი, 2020 წლის 7 აგვისტოს N23075 ბრძანება და 2020 წლის 7 აგვისტოს N086-46 საგადასახადო მოთხოვნა, 2020 წლის 24 სექტემბერს გაეგზავნა ფოსტის საშუალებით, რომელიც ჩაბარდა 2020 წლის 25 სექტემბერს „----ს“ უფლებამოსილ პირს (დირექტორი) ----ს, ხოლო ელექტრონული საჩივარი გადასახადის გადამხდელის მიერ შემოსავლების სამსახურში წარმოდგენილია 2020 წლის 27 ოქტომბერს.
განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის არგუმენტაციას დაუსაბუთებლობის გამო. ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტები კანონით დადგენილი წესით ჩაბარებული აქვს კომპანიის დირექტორს, რაც დასტურდება საქმეში არსებული მტკიცებულებით, ჩაბარების დასტურით. გასაჩივრების ვადის დარღვევასთან დაკავშირებით, იმგვარი მტკიცებულება რაც დაადასტურებდა აღნიშნულის საპატიო გარემოებად მიჩნევას არც ადმინისტრაციულ ორგანოში და არც საქმის სასამართლოში განხილვისას შპს „---ს“ არ წარმოუდგენია. შპს „----ს“ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2020 წლის 30 ივლისის საგადასახადო შემოწმების აქტი, 2020 წლის 7 აგვისტოს N23075 ბრძანება და 2020 წლის 7 აგვისტოს N086-46 საგადასახადო მოთხოვნა, 2020 წლის 24 სექტემბერს გაეგზავნა ფოსტის საშუალებით, რომელიც ჩაბარდა 2020 წლის 25 სექტემბერს „---ს“ უფლებამოსილ პირს (დირექტორი) ---ს. აღნიშნულის გათვალისწინებით, გასაჩივრების ბოლო ვადას წარმოადგენდა 2020 წლის 26 ოქტომბერი.
ამასთან, სასამართლო მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, პირს უფლება აქვს, გაასაჩივროს საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში, ხოლო 301-ე მუხლის „ე“ პუნქტის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო - საჩივარს არ განიხილავს თუ გასულია საჩივრის წარდგენის ვადა. მოცემულ შემთხვევაში შემოსავლების სამსახურს მოსარჩელის საჩივარი წარედგინა საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული ვადის დარღვევით - ელექტრონული საჩივარი გადასახადის გადამხდელის მიერ შემოსავლების სამსახურში წარმოდგენილია 2020 წლის 27 ოქტომბერს, გასაჩივრებისათვის კანონმდებლობით დადგენილი ვადის ამოწურვის შემდეგ, რაც საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე” ქვეპუნქტის თანახმად, საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს ქმნის.
სასამართლო დამატებით მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე–10 ნაწილზე, რომლის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საჩივრის წარდგენის ვადის გასვლის შემდეგაც, თუ მომჩივანი დაამტკიცებს, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით იყო გამოწვეული.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 94-ე მუხლის მე-3 ნაწილით, ასევე, დადგენილია გაშვებული ვადის აღდგენის შესაძლებლობა, თუ დაინტერესებულმა მხარემ კანონით ან ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადგენილი ვადა გაუშვა არაბრალეულად დაუძლეველი ძალის, ავადმყოფობის, ადმინისტრაციული ორგანოს მიზეზით ან სხვა საპატიო მიზეზით. იმავე კოდექსის 180-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის გაშვების შემთხვევაში იგი უნდა აღდგეს, თუ ამ ვადის გაშვება მოხდა დაუძლეველი ძალის ან სხვა საპატიო მიზეზით. ამდენად, გაშვებული ვადის აღდგენისთვის უნდა არსებობდეს ვადის გაშვების ობიექტური მიზეზები, რომლებიც დაადასტურებს გადამხდელის არაბრალეულობას გასაჩივრების ვადის გაშვებაში. განსახილველ შემთხვევაში კი, მოსარჩელე მხარის განმარტება პანდემიის დროს დირექტორის თვითიზოლაციაში ყოფნის თაობაზე არ წარმოადგენს ისეთ საპატიო მიზეზს, რაც გასაჩივრების ვადის აღდგენის საფუძველი შეიძლება გამხდარიყო, აღნიშნული განმარტება არ გამორიცხავს შესაძლებლობას საჩივარი წარდგენილი იქნას ელექტრონული ფორმით, მინდობილი პირის მეშვეობით და ა.შ. წესით შესაბამისად, არსებობდა საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ გადაწყვეტილების მიღების საფუძველი, ვინაიდან პირს შესაბამისი წესის დაცვით ჩაბარდა სსიპ შემოსავლების სამსახურის აქტი, ხოლო საჩივრის წარდგენის ვადის დარღვევის შედეგად მან შეიძინა შესასრულებლად სავალდებულო ძალა. ამდენად, კანონშესაბამისია სსიპ შემოსავლების სამსახურის 2020 წლის 17 ნოემბრის N34126 ბრძანება. ამასთანავე საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2020 წლის 29 დეკემბრის N11806/2/2020 გადაწყვეტილება შეესაბამება კანონმდებლობით გათვალისწინებულ შესაბამის ნორმებს. შესაბამისად, სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
6.4. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.
ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე და 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
ამდენად, ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს „---ს“ სარჩელი უსაფუძვლოა, რადგან ადგილი არა აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან. შესაბამისად, გასაჩივრებული სადავო აქტი მიღებულია კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა გათვალისწინებით და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის და შესაბამისად, სსიპ შემოსავლების სამსახურისთვის მოსარჩელის მიერ წარდგენილი საჩივრის არსებითი განხილვის დავალების სამრთლებრივი საფუძველი, რის გამოც სასარჩელო მოთხოვნები უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელმწიფო ბაჟი. ამავე კოდექსის 55-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 100 (ასი) ლარის ოდენობით, რაც უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-12, მე-17, 22-ე, 32-ე, 34-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 55-ე, 102-ე, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 250-ე, 257 - ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. შპს „---ს“ (ს/ნ ---) სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
2. შპს „---ს“ მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 (ასი) ლარი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა N32) ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მისამართი: ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქუჩა N11) მეშვეობით 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის დღიდან.
მოსამართლე
მაია ყუშიტაშვილი
სადავო საკითხი:
ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
ფაქტობრივი გარემოებები:
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ საჩივარი შემოსავლების სამსახურში წარდგენილია საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი ვადის დარღვევით, ხოლო მომჩივანი არ წარმოადგენს მტკიცებულებას გასაჩივრების ვადის დარღვევის მისგან დამოუკიდებელი მიზეზით გამოწვევასთან დაკავშირებით, ხოლო შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე” ქვეპუნქტის საფუძველზე, საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.
სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, შესაფასებელია მოსარჩელის საჩივრის განუხილველად დატოვების კანონშესაბამისობა. შესაბამისად, განსახილველი საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო მოთხოვნისა და მისი საფუძველი დოკუმენტების მომჩივნისთვის ჩაბარების საკითხის განსაზღვრა, ვინაიდან გასაჩივრების ვადის დარღვევის არსებობა-არარსებობის დადგენისათვის მნიშვნელოვანია აღნიშნული ვადის დინების დაწყების ზუსტი თარიღის დადგენა.
გადაწყვეტილება:
სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული სადავო აქტი მიღებულია კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა გათვალისწინებით და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის და შესაბამისად, სსიპ შემოსავლების სამსახურისთვის მოსარჩელის მიერ წარდგენილი საჩივრის არსებითი განხილვის დავალების სამრთლებრივი საფუძველი, რის გამოც სასარჩელო მოთხოვნები უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-12, მე-17, 22-ე, 32-ე, 34-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 55-ე, 102-ე, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 250-ე, 257 - ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით;
საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგი ნორმებით: 44 (1); 299 (4,10); 301 (ე).