N 4014-XIIIმს-Xმპ - 15/12/2023 - საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საკანონმდებლო აქტში ცვლილება 15.12.2023
№ დოკუმენტი 4014-XIIIმს-Xმპ
სტატუსი მოქმედი
მიმღები საქართველოს პარლამენტი

📄 სრული ტექსტი

საქართველოს კანონი

საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №54, 12.10.2010, მუხ. 343) 309-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 144-ე და 145-ე ნაწილები:

„144. საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია საქართველოს მთავრობის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი წესის შესაბამისად ჩამოწეროს იმ პირის მიერ გადასახდელი „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლით მიწისქვეშა მტკნარი წყლების ჩამოსხმის მიზნით გამოყენებისთვის გათვალისწინებული მოსაკრებლის გადაუხდელი ოდენობა და მასთან დაკავშირებული გადაუხდელი ჯარიმა და საურავი, რომელსაც 2023 წლის 1 დეკემბრამდე შესაბამისი ლიცენზიით (სათანადო დამტკიცებული ათვისების გეგმით ან მის გარეშე) არ უსარგებლია, კერძოდ, მიწისქვეშა მტკნარი წყალი არ ჩამოუსხამს. ამ ნაწილის მოქმედება პირზე ვრცელდება იმ შემთხვევაში, თუ დაკმაყოფილებულია ერთ-ერთი შემდეგი პირობა:

ა) შესაბამისი პირი 2023 წლის 1 დეკემბრის მდგომარეობით აღარ ფლობს მიწისქვეშა მტკნარი წყლების ჩამოსხმისთვის გაცემულ ლიცენზიას;

ბ) შესაბამისი პირი 2024 წლის 1 აპრილამდე მიწისქვეშა მტკნარი წყლების ჩამოსხმისთვის ლიცენზიის გამცემ ორგანოს მიმართავს ამ ლიცენზიის გაუქმების შესახებ და 2023 წლის 1 დეკემბრიდან 2024 წლის 1 აპრილის ჩათვლით არ ისარგებლებს აღნიშნული ლიცენზიით, კერძოდ, არ ჩამოასხამს მიწისქვეშა მტკნარ წყალს.

145. საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია დაადგინოს ამ მუხლის 144-ე ნაწილით გათვალისწინებული წესი.“.

 

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი

სალომე ზურაბიშვილი

თბილისი,15 დეკემბერი 2023 წ.

N4014-XIIIმს-Xმპ

 

წყარო: საქართვფელოს საკანაონმდებლო მაცნე