ბრძანება N 19188
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 19188
04 აგვისტო 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „---ს“ (ს/ნ ---)
(მის.:---)
2023 წლის 25 და 26 იანვრის საჩივრების
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 13 ივლისის სხდომაზე (ოქმი №74) განიხილა შპს „---ს“ (ს/ნ ---) 2023 წლის 25 იანვრის №78496/1/2023 და 26 იანვრის №13307/21 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 29 დეკემბრის №002-268 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადამხდელი არ ეთანხმება არარეზიდენტ დამფუძნებელ იურიდიულ პირზე გადახდილი სესხის პროცენტის დივიდენდად განხილვას და საშემოსავლო/მოგების გადასახადის დარიცხვას. განმარტავს, რომ შემოწმების მიერ დარიცხვის საფუძვლად მითითებულ იქნა ის გარემოება, რომ სესხის პროცენტი მიჩნეულ იქნა არაგონივრულ ხარჯად, ხოლო კომპანიის არარეზიდენტი პარტნიორის წილი კაპიტალში მიჩნეულ იქნა 50%-ზე ნაკლებ წილად. განმარტავს, რომ აქტში გამოთქმული მოსაზრებები და ციფრობრივი მაჩვენებლები არ შეესაბამება არსებულ ფაქტობრივ, იურიდიულ და ფინანსურ დოკუმენტაციას, საწარმოს მიერ არ განხორციელებულა არანაირი წილის გამოსყიდვა. საწარმოს კუთვნილი უძრავი ქონების (სავაჭრო ცენტრი ----) შექმნა და მშენებლობა უმეტეს წილად განხორციელდა კომპანიის დამფუძნებლების, მათ შორის ძირითადად ---ს რეზიდენტი კომპანიის „---ის“ მიერ უნაღდო ანგარიშსწორებით უცხოურ ვალუტაში (აშშ დოლარი) გადმორიცხული თანხებით, რომლის დიდი ნაწილიც მიმართული იქნა საწარმოს საწესდებო კაპიტალში. აღნიშნული თანხების ანგარიშში ---ის წილი კაპიტალში 2018 წლის დეკემბრის ბოლომდე განსაზღვრული იყო 76,5%. 2018 წლის დეკემბრის ბოლოს პარტნიორთა საერთო კრების ოქმის საფუძველზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება არარეზიდენტი პარტნიორის მიერ საწარმოს კაპიტალში შეტანილი 11 510 847 აშშ დოლარიდან ნაწილის 4 840 000 აშშ დოლარის უკან გატანაზე და ამავე ოდენობით საწესდებო კაპიტალის შემცირებაზე. აღნიშნულის პარალელურად განხორციელდა აშშ დოლარში ფაქტობრივად დარჩენილ კაპიტალში არარეზიდენტი პარტნიორის წილის შემცირება და სხვა პარტიორების მიერ უკვე შეტანილი და შესატანი თანხების ანგარიშში მათი წილების შესაბამისი პროპორციით გაზრდა, შედეგად, საწარმოს წილი პარტნიორთა კრების გადაწყვეტილებით და საჯარო რეესტრის ამონაწერებით განსაზღვრულია 58%-ის ოდენობით.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 28 დეკემბრის №33235 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს „---ს“ (ს/ნ ---) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება 2019 წლის 01 იანვრიდან 2021 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით საანგარიშო პერიოდებში საერთაშორისო კონტროლირებადი ოპერაციების დროს საწარმოს მიერ დადგენილი ფასის საბაზრო პრინციპებთან შესაბამისობის და ამ ოპერაციებთან მიმართებაში ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ საერთაშორისო შეთანხმებით განსაზღვრული ნორმების გამოყენების სისწორის დადგენის მიზნით. შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 28 დეკემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2022 წლის 29 დეკემბრის №33667 ბრძანება და ამავე თარიღის №002-268 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 174 789 ლარი, მათ შორის, გადასახადი 93 208 ლარი, ჯარიმა 39 882 ლარი, საურავი 41 699 ლარი.
საგადასახადო შემოწმებით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:
შპს „---“ (ს/ნ ---) დაფუძნდა 2006 წლის 20 დეკემბერს. კომპანია ფლობს სავაჭრო ცენტრს -----ში. საწარმოს ძირითადი საქმიანობაა სავაჭრო ცენტრში კომერციული ფართის გაყიდვა და გაქირავება. მისი უშუალო მშობელი კომპანიაა „---.“, რეგისტრირებული ----.
საწარმოს საოპერაციო მოგების შემოსავალთან შეფარდება საკმაოდ განსხვავებულია წლების მიხედვით, რაც გამოწვეულია 2018 წლის ბოლოდან ახალი სასესხო ვალდებულებების გაჩენით კომპანიაში. სესხის აღების მიზანი იყო წილის გამოსყიდვა არარეზიდენტი დამფუძნებლისაგან. ამას დაემთხვა 2019 წელს დაწყებული კოვიდ პანდემიაც (COVID19), რამაც მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ზოგადად, სავაჭრო ცენტრების ფუნქციონირებაზე. საწარმოს კაპიტალი ფორმირებულია როგორც არარეზიდენტი ასევე რეზიდენტი ფიზიკური და იურიდიული პირების შენატანებით.
საწარმოს ძირითადი დამფუძნებელი 2018 წლამდე პერიოდში იყო „---“ (---), რომელიც რეგისტრირებულია ---ში. გადამხდელის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, დამფუძნებლის საბოლოო ბენეფიციური მფლობელები არიან ---ს რეზიდენტი ფიზიკური პირები.
გადამხდელის მიერ წარმოდგენილი 2012 წლის 2 ოქტომბრის პარტნიორთა კრების ოქმის მიხედვით, საწარმოს კაპიტალი განსაზღვრულია 7,200,000 აშშ დოლარით. ამავე წლის 31 დეკემბერს შედგა სამეწარმეო საზოგადოების პარტნიორთა შეთანხმება (სანოტარო N----), რომლის მიხედვითაც, დამატებით გაიზარდა შპს „---ს“ საწესდებო კაპიტალი 8,147,797 აშშ დოლარით და სულ განისაზღვრა 15,347,796 აშშ დოლარით.
„---ის“ წილის გაზრდა მოხდა, მის მიერ შპს „---ზე“ გაცემული სესხისა და დარიცხული პროცენტების კაპიტალში შეტანით, სულ 7,190,847 დოლარი, მათ შორის 6,522,000 დოლარი ძირითადი სესხი, დარიცხული პროცენტი 668,857 დოლარი. ხოლო 1,200,000 დოლარი „---.“- მ გადაუხადა შპს „---“-ს და მისგან გამოისყიდა შპს „----ს“ წილი.
2018 წლის 21 დეკემბერს შედგა შპს „---ს“ პარტნიორთა კრების ოქმი (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი №---), რომლის მიხედვითაც გადაწყდა:
1. შემცირდეს შპს „---ს“ საწესდებო კაპიტალი შპს „---“-ს (---) წილის (რომელიც შეადგენს 76,50% და ნომინალური ღირებულებაა 11,541,847 აშშ დოლარი) შემცირების გზით, შემდეგნაირად:
2. შპს „---ს“ კაპიტალიდან გაიტანოს შენატანის ნაწილი 4,848,000 აშშ დოლარი, ხოლო 1,787,830 აშშ დოლარი დატოვოს შპს „---ს“ კაპიტალში და მისი შენატანი განისაზღვროს 4,883,017 აშშ დოლარით.
პარტნიორთა გადაწყვეტილება სამეწარმეო რეესტრში დარეგისტრირდა 2019 წლის იანვარში. გადამხდელმა, იმისთვის, რომ გაესტუმრებინა არარეზიდენტი მეწილის მიმართ წარმოშობილი ვალდებულებები, მიმართა „---“ ბანკს წილის გამოსასყიდად საჭირო ფულადი სახსრების სესხების თაობაზე. 2018 წლის 21 დეკემბერს, შედგა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება №---, რომლის მიხედვითაც საწარმომ აიღო 3,000,000 აშშ დოლარის ღირებულების სესხი, რომლის დაფარვის ვადა განისაზღვრა 2028 წლის 21 დეკემბრამდე, ხოლო საპროცენტო განაკვეთი - 6 თვიან LIBOR + 6.5%.
ამავე თარიღში, შპს „---მ“ 1,000,000 აშშ დოლარის ღირებულების სასესხო ხელშეკრულება გააფორმა ---თან, „---“ ბანკთან დადებული სესხის ხელშეკრულების მსგავსი პირობებით.
დამფუძნებელთან დადებულ სესხზე პროცენტის გადახდა მიმდინარეობდა სამი წლის განმავლობაში, ხოლო 2021 წლის ბოლოს იგი გადაიფარა „---“ ბანკისაგან აღებული სესხით. ამ პერიოდში საწარმოს გადახდილი აქვს 390,982 ლარის ოდენობის პროცენტი.
კონტროლირებული ოპერაციების მიმოხილვა:
წილის გამოსყიდვის ფარგლებში, ---ში რეგისტრირებულ „---“- სთან 2018 წლის 21 დეკემბერს გაფორმებულია A და B სასესხო ხელშეკრულება. მსესხებელი და კრედიტორები ასრულებენ ისეთ ფუნქციებს, რაც გამოიხატება სასესხო ტრანზაქციების შესრულების შემდეგ დეტალებში: მოლაპარაკებები სესხის ხელშეკრულებების გასაფორმებლად, სესხის ხელშეკრულებების დადება, ხელშეკრულებების განახლება და მათში ცვლილებების შეტანა, სხვადასხვა იურიდიული საკითხების მოგვარება და ბუღალტრული გატარებების წარმოება სესხების აღსარიცხად. აღნიშნული ფუნქციები სრულდება როგორც მსესხებლის ისე კრედიტორების მიერ.
მოცემულ ტრანზაქციებში კრედიტორები პასუხისმგებლები არიან ფინანსების გამოყოფაზე და თანხების მსესხებლისთვის ჩარიცხვაზე, ხოლო ტრანზაქციების ზოგად ადმინისტრირებას და რისკების ზოგად მონიტორინგს მსესხებელი და კრედიტორები ერთობლივად ახორციელებენ.
ოპერაციის ფარგლებში მხარეებს წარმოექმნებათ შემდეგი რისკები:
საკრედიტო რისკი - როდესაც კრედიტორი მსესხებელზე გასცემს სესხს, იგი იღებს რისკს რომ მსესხებელი სრულად და დროულად ვერ დაფარავს სესხთან დაკავშირებულ ყველა ვალდებულებას;
საპროცენტო განაკვეთის რისკი - საპროცენტო განაკვეთის რისკი დაკავშირებულია საბაზრო საპროცენტო განაკვეთის ცვლილებებთან, რამაც თავის მხრივ შესაძლოა უარყოფითი ასახვა ჰპოვოს როგორც კრედიტორების ისე მსესხებლის ფინანსურ მდგომარეობაზე (საბაზრო პროცენტის ზრდამ შესაძლოა გაზარდოს კონტროლირებული სესხების საპროცენტო განაკვეთები, რაც უარყოფითად აისახება მსესხებლის მდგომარეობაზე, საბაზრო საპროცენტო განაკვეთის შემცირებას კი ექნება პირუკუ შედეგი). ასე რომ, მხარეები თანაბრად ინაწილებენ მოცემულ რისკს.
ლიკვიდურობის რისკი - აღებული/გაცემული სესხების პროცენტული და მოცულობითი თანაფარდობა კომპანიის მფლობელობაში არსებულ აქტივებთან და კაპიტალთან განმსაზღვრელი ფაქტორია როგორც კრედიტორებისთვის ისე მსესხებლისთვის;
საბაზრო რისკი - ამ რისკს ინაწილებს ოპერაციის ორივე მხარე, ვინაიდან თუკი ადგილი ექნება ბაზარზე მნიშვნელოვან უარყოფით ძვრებს მოიმატებს მსესხებლის საოპერაციო შემოსავლების შემცირების ალბათობა და გაიზრდება კრედიტის ძირითადი და საპროცენტო გადასახდელების გადაუხდელობის ალბათობა;
სავალუტო რისკი - სავალუტო რისკს ასევე ინაწილებს ორივე მხარე. სავალუტო რისკი უკავშირდება იმ შესაძლო დანაკარგებს რაც კრედიტორებს შეიძლება მიადგეს სესხის ვალუტის გაუფასურებით ან მსესხებელს მიადგეს - სესხის ვალუტის გამყარებით. აღნიშნული ტრანზაქციის ფარგლებში გამოყენებულ მთავარ აქტივს წარმოადგენს ფულადი სახსრები, რაც წარმოადგენს კრედიტორების საკუთრებას.
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ საქართველოს კანონის მიხედვით შპს „---“ წარმოადგენს მესამე კატეგორიის საწარმოს. შესაბამისად ბუღალტრულ აღრიცხვასა და ფინანსურ ანგარიშგებას აწარმოებს მცირე და საშუალო საწარმოების ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების (IFRS for SMEs) შესაბამისად. ამასთანავე, მას უფლება აქვს, გამოიყენოს ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტები (IFRS).
ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტის (IFRS) 21-ე სტანდარტის, ასევე მცირე და საშუალო საწარმოების ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტის (IFRS for SMEs) შესაბამისად, კაპიტალი, თავისი შინაარსით წარმოადგენს არაფულად მუხლს და მისი კომპანიის საწესდებო კაპიტალში შემოტანისთანავე უნდა მოხდეს სამუშაო ვალუტაში კონვერტირება, ხოლო მისი გადაფასება დაუშვებელია. ამასთან, საწესდებო კაპიტალიდან წილის გატანის შემთხვევაში, წილის მფლობელის მიმართ განკუთვნილი ანაზღაურება იანგარიშება სამუშაო ვალუტიდან (ლარი).
შესაბამისად, შპს „---თან“ მიმართებაში, დამფუძნებლის კაპიტალზე, ამ შემთხვევაში არარეზიდენტი დამფუძნებელი „---.“-ს დარჩენილ კაპიტალზე (წილის შემცირების შემდეგ), მხედველობაში უნდა იყოს მიღებული ლარში არსებული ნაშთი - 1 626 736 ლარი. ხოლო შემდგომ პერიოდში წილის გატანის შემთხვევაში წილის რეალიზაციით მიღებული ნამეტი დაანგარიშებული უნდა იყოს ლარში არსებული კაპიტალის ნაშთიდან.
ამასთან, საქართველოს მთავრობასა და ნიდერლანდების სამეფოს მთავრობას შორის შემოსავლებზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ შეთანხმების მე-10 მუხლის შესაბამისად, კაპიტალის შემცირების შემდეგ, შპს „---ს“ არარეზიდენტი დამფუძნებელი ვეღარ აკმაყოფილებს ორმაგი დაბეგვრის მეორე ნაწილის „ბ“ პუნქტით გადმოცემული შეღავათის ზღვრულ ნორმებს, კერძოდ კი, მისი წილი საწარმოს კაპიტალში შეადგენს 50%-ზე ნაკლებს და ასევე განხორციელებული აქვს 2 მლნ აშშ დოლარზე ნაკლები ინვესტივია. შესაბამისად, არარეზიდენტ დამფუძნებელზე შემდგომ პერიოდებში გადახდილი დივიდენდი, დაიბეგრება საქართველოში გადახდის წყაროსთან.
წილის გამოსყიდვის მიზნით, 2018 წლის 21 დეკემბერს „---“ ბანკთან გაფორმდა საკრედიტო ხაზის ხელშეკრულება №---. რომლის მიხედვითაც დაფინანსების მოცულობა განისაზღვრა 4 მლნ აშშ დოლარის მოცულობით, დაფარვის ვადა 2028 წლის 21 დეკემბრამდე, ხოლო საპროცენტო განაკვეთი Libor 6 month +6,5%. საკრედიტო ხელშეკრულების 1,3 პუნქტში - ფინანსური შეზღუდვები (კოვენანტები), გადმოცემულია ფინანსური მაჩვენებლების ანალიზი, რომლის მიხედვითაც ბანკის მიერ განისაზღვრა დაფინანსების მოცულობა და ვადიანობა, ამას ადასტურებს გადამხდელიც შესწავლის დროს განხორციელებულ მიმოწერაშიც. შესაბამისად, დადგინდა, რომ პირველ ეტაპზე, მსესხებლის კრედიტუნარიანობიდან გამომდინარე, ასევე ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლიმიტების ფარგლებში, ---ს შეეძლო ნაწილის, 3 მლნ აშშ დოლარის კრედიტის ათვისებაზე უფლების მიცემა შპს „---თვის“.
ამავე თარიღში, 2018 წლის 21 დეკემბერს, შპს „---მ“ მის დამფუძნებელ „---.“-სთან გააფორმა ორი სასესხო ხელშეკრულება - Loan A და Loan B, ორივე ხელშეკრულება დაიდო სულ 1 000 000 აშშ დოლარის მოცულობაზე (წილის გამოსყიდვის დარჩენილ ნაწილზე) და მსგავსი პირობებით როგორც TBC ბანკთან დადებული ხელშეკრულება, საპროცენტო ხარჯი განისაზღვრა წლიური LIBOR 3 month + 6,5%.
2019 წლიდან 2021 წლის ბოლომდე მიმდინარეობდა აღნიშნულ სესხზე წარმოშობილი ვალდებულებების დაფარვა. კერძოდ კი, ამ ხელშეკრულების ფარგლებში გადახდილმა საპროცენტო ხარჯმა 2019-2021 წლების პერიოდში შეადგინა 390 982 ლარი.
აღსანიშნავია, რომ „---“ ბანკმა სესხის გაცემის მომენტში მოახდინა კომპანიის კრედიტუნარიანობის დათვლა და შეაფასა რამოდენიმე ფინანსური ინდიკატორი, რის შედეგადაც დაადგინა საწარმოზე გასაცემი სესხის მოცულობა და 4 მლნ-იანი საკრედიტო ხაზიდან კომპანიას ათვისების უფლება მისცა 3 მლნ-ის მოცულობაზე. ხოლო მოგვიანებით, კერძოდ 2021 წლის ბოლოდან, როდესაც მოხდა ამ ფინანსური ინდიკატორების გაუმჯობესება, დანარჩენი 1 მლნ დოლარიც აითვისა საწარმომ და დამფუძნებლის სესხი გადაიფარა.
ასევე, პარტნიორთა გადაწყვეტილებამ, შემცირებულ კაპიტალზე გაეფორმებინათ სასესხო ხელშეკრულება, დამატებითი ხარჯი დააკისრა საწარმოს, რაც შეიძლება ბიზნეს ერთეულის პერსპექტივიდან ჩაითვალოს არარაციონალურ გადაწყვეტილებად.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არარეზიდენტ დამფუძნებელთან გაფორმებული სასესხო ხელშეკრულების ძირითადი თანხის გადახდა, თავისი შინაარსით არის კაპიტალის შემცირება, ხოლო ამ სესხზე დარიცხული და გადახდილი პროცენტი კი - წარმოადგენს დივიდენდის განაწილებას.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან, ჩატარებული კვლევიდან და საკანონმდებლო ნორმებიდან გამომდინარე შემოწმებამ მიიჩნია, რომ მსესხებელსა და კრედიტორებს შორის არსებული სასესხო ურთიერთობა არ შეესაბამება ოპერაციის რაციონალურ შინაარსს, შესაბამისად, სასესხო ურთიერთობის ფარგლებში, საპროცენტო ხარჯის სახელწოდებით თანხის გადახდა დაკვალიფიცირდა გადახდილ დივიდენდად. აღნიშნული გაანგარიშება შეეხება 2019-2021 საანგარიშო პერიოდს. შედეგად, 2019-2021 წლის პერიოდში გადახდილ თანხებზე გაანგარიშდა კუთვნილი მოგების გადასახადი სულ 72 628 ლარის ოდენობით, ხოლო საშემოსავლო გადასახადი დივიდენდზე - 20 578 ლარი. დარიცხული ჯარიმა შეადგენს სულ - 39 882 ლარს.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
სადავო საკითხთან მიმართებით,შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 126-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის ნებისმიერი ოპერაცია კონტროლირებულია. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 127-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-7 ნაწილების თანახმად:
1. ამ კოდექსის მიზნებისათვის, თუ საქართველოს საწარმო ახორციელებს ერთ ან რამდენიმე ფინანსურ ან კომერციულ ოპერაციას ურთიერთდამოკიდებულ საწარმოსთან, რომელიც არ არის საქართველოს საწარმო, თითოეული ასეთი საწარმო განსაზღვრავს თავისი დასაბეგრი მოგების ოდენობას საბაზრო პრინციპის შესაბამისად.
2. საწარმოს, რომელიც ახორციელებს ერთ ან რამდენიმე ფინანსურ ან კომერციულ საერთაშორისო კონტროლირებულ ოპერაციას ურთიერთდამოკიდებულ საწარმოსთან, დასაბეგრი მოგების ოდენობა საბაზრო პრინციპის შესაბამისია, თუ ოპერაციის პირობები არ განსხვავდება დამოუკიდებელ საწარმოებს შორის შედარებად ვითარებაში განხორციელებული შედარებადი ოპერაციების დროს შესათანხმებელი პირობებისგან.
3. თუ ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ოპერაციის დადგენილი პირობები არ შეესაბამება საბაზრო პრინციპს, ნებისმიერი ოდენობის მოგება, რომელიც ოპერაციის დადგენილი პირობების საბაზრო პრინციპთან შესაბამისობის შემთხვევაში წარმოეშობოდა რომელიმე საწარმოს, მაგრამ საბაზრო პრინციპთან შეუსაბამობის გამო არ წარმოეშვა, შეიძლება ჩართულ იქნეს ამ საწარმოს დასაბეგრ მოგებაში და დაიბეგროს შესაბამისად.
4. დამოუკიდებელი ოპერაცია შედარებადია საერთაშორისო კონტროლირებულ ოპერაციასთან, თუ:
ა) მათ შორის არ არსებობს ისეთი მნიშვნელოვანი განსხვავება, რომელიც არსებით გავლენას მოახდენდა ფინანსურ მაჩვენებელზე, რომლის შემოწმებაც ხდება საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციების შეფასების შესაბამისი მეთოდით;
ბ) მათ შორის ამ ნაწილის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული განსხვავების არსებობის შემთხვევაში, შედარებისას აღნიშნული განსხვავების შედეგების გამორიცხვის მიზნით, განხორციელდა დამოუკიდებელი ოპერაციის ფინანსური მაჩვენებლის გონივრულად ზუსტი შესწორება.
7. ამ მუხლის მე-3 ნაწილის დებულებები ვრცელდება ისეთ შემთხვევაზედაც, როდესაც საწარმო ახორციელებს ერთ ან რამდენიმე ფინანსურ ან კომერციულ ოპერაციას თავის მუდმივ დაწესებულებასთან.
ამავე კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დასაბეგრი მოგების ოდენობის საბაზრო პრინციპთან შესაბამისობის განსაზღვრის მიზნით საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციების შეფასებისათვის მიღებულია შემდეგი მეთოდები:
ა) შედარებადი დამოუკიდებელი ფასის მეთოდი. აღნიშნული მეთოდით საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციით გადაცემულ საქონელსა და მომსახურებაზე დადებული ფასი უდარდება შედარებადი დამოუკიდებელი ოპერაციით გადაცემულ საქონელსა და მომსახურებაზე დადებულ ფასს;
ბ) გადაყიდვის ფასის მეთოდი. აღნიშნული მეთოდით საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციით შესყიდული საქონლის დამოუკიდებელი ოპერაციით გაყიდვისას მიღებული მარჟა უდარდება შედარებადი და დამოუკიდებელი ოპერაციებით შესყიდული საქონლის შედარებადი დამოუკიდებელი ოპერაციით გაყიდვისას მიღებულ მარჟას;
გ) ფასნამატის მეთოდი. აღნიშნული მეთოდით ფასნამატი, რომელიც დადებულია საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციის ფარგლებში საქონლის ან მომსახურების მიწოდებისას პირდაპირ და არაპირდაპირ გაწეულ ხარჯებზე, უდარდება ფასნამატს, რომელიც დადებულია შედარებადი დამოუკიდებელი ოპერაციის ფარგლებში საქონლის ან მომსახურების მიწოდებისას პირდაპირ და არაპირდაპირ გაწეულ ხარჯებზე;
დ) ოპერაციის სუფთა მარჟის მეთოდი. აღნიშნული მეთოდით საწარმოს მიერ საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციის ფარგლებში შესაბამისი მაჩვენებლის (მაგალითად: დანახარჯები, გაყიდვები, აქტივები) მიმართ მიღებული სუფთა მოგების მარჟა უდარდება შედარებადი დამოუკიდებელი ოპერაციის ფარგლებში მიღებული სუფთა მოგების მარჟას იმავე მაჩვენებლის მიმართ;
ე) ოპერაციის მოგების გაყოფის მეთოდი. აღნიშნული მეთოდით საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციის მონაწილე თითოეულ საწარმოს მიეკუთვნება ამ ოპერაციიდან მიღებული მოგების/ზარალის ის წილი, რომელსაც, სავარაუდოდ, მიიღებდა დამოუკიდებელი საწარმო შედარებადი დამოუკიდებელი ოპერაციის ფარგლებში.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციის საბაზრო პრინციპის შესაბამისი ფასი განისაზღვრება საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციის შეფასების შემთხვევის მიმართ ყველაზე უკეთ მისასადაგებელი მეთოდით.
„საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციების შეფასების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 18 დეკემბრის №423-ე ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-5 მუხლის თანახმად, იმის განსაზღვრისას შედარებადია თუ არა ორი ან რამდენიმე ოპერაცია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 127-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიზნებისათვის, გათვალისწინებულ უნდა იქნას ქვემოთ ჩამოთვლილი ფაქტორები, იმდენად, რამდენადაც ისინი ეკონომიკურად მნიშვნელოვანია ოპერაციების ფაქტებთან და გარემოებებთან მიმართებით:
ა) მიწოდებული ქონების ან მომსახურების მახასიათებლები;
ბ) თითოეული საწარმოს მიერ ოპერაციებთან დაკავშირებით განხორციელებული ფუნქციები, გამოყენებული აქტივები და ნაკისრი რისკები;
გ) ოპერაციებთან დაკავშირებული ხელშეკრულების პირობები შემდეგის გათვალისწინებით;
დ) ეკონომიკური გარემოებები, რომლებშიც ხორციელდება ოპერაცია, კერძოდ ის გარემოებები, რომლებიც მნიშვნელოვანია საბაზრო შედარებადობის განსასაზღვრად;
ე) ოპერაციის მხარეების მიერ გამოყენებული სამეწარმეო სტრატეგიები, მათ შორის სტრატეგიები, რომლებიც დაკავშირებულია ბაზარზე შეღწევასთან, დივერსიფიკაციასთან, ინოვაციებთან, პროდუქტის განვითარებასთან, რისკის აცილებასთან, პოლიტიკურ ცვლილებებთან და ა.შ.
ეგთოს სატრანსფერო ფასწარმოქმნის სახელმძღვანელოს მე-7 მუხლის „ბ“ ნაწილის მიხედვთ, არსებობს ორი ფაქტორი, რომელსაც ყურადღება უნდა მიექცეს შიდაჯგუფური მომსახურებებისთვის სატრანსფერო ფასწარმოქმნის ანალიზის დროს:
პირველი - რეალურად იყო თუ არა გაწეული მომსახურება და მეორე - რა შიდაჯგუფური ღირებულება უნდა მიესადაგოს ასეთ სერვისს გაშლილი ხელის პრინციპებთან შესაბამისად საგადასახადო მიზნებისათვის.
გაშლილი ხელის პრინციპის შესაბამისად, იყო თუ არა გაწეული მომსახურება ჯგუფის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ, დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად მიიღო ერთმა ან რამდენიმე შესაბამისმა ჯგუფმა ამ საქმიანობიდან რაიმე ეკონომიკური ან კომერციული სარგებელი, რაც მათ კომერციულ პოზიციებს გააუმჯობესებდა.
ამის დადგენა შესაძლებელია, თუ გაანალიზდება, რამდენს გადაიხდიდა დამოუკიდებელი კომპანია მსგავსი საქმიანობისათვის, რომელსაც მისთვის სხვა დამოუკიდებელი კომპანია შეასრულებდა ან თავად განახორციელებდა. თუ ხსენებული სიტუაცია ისეთია, რომ დამოუკიდებელი კომპანია არ გადაიხდიდა თანხას ან არ ექნებოდა მისი თავად შესრულების სურვილი, მაშინ, ის, გაშლილი ხელის პრინციპის შესაბამისად, არ უნდა ჩაითვალოს შიდა ჯგუფურ მომსახურებად.
შემოწმება მიუთითებს ეგთოს სატრანსფერო ფასწარმოქმნის სახელმძღვანელოს 1.64 და 1.65 პარაგრაფებზე, რომლებიც ითვალისწინებს ძირითადად ორ შემთხვევას, როდესაც საგადასახადო ორგანომ შესაძლოა არ გაითვალისწინოს არსებული სტრუქტურა:
1.64. მართებულია და ლეგიტიმურია, რომ საგადასახადო ორგანომ არ გაითვალისწინოს გადამხდელის მიერ გაკონტროლებულ ტრანზაქციაში გამოყენებული სტრუქტურა, პირველი შემთხვევაა, როდესაც ტრანზაქციის ეკონომიკური შინაარსი განსხვავადება, მისი ფორმისგან. ასეთ დროს, საგადასახადო ადმინისტრაციას შეუძლია, არ გაითვალისწინოს ტრანზაქციის მხარეების მიერ მოცემული დახასიათება და შინაარსის მიხედვით გადააწყოს ის.
1.65. როდესაც, ტრანზაქციის ფორმა და შინაარსი ერთმანეთს შეესაბამება, მაგრამ ამ ტრანზაქციასთან დაკავშირებით დადებული გარიგება, მთლიანობაში განხვავდება გარიგებისგან, რომელსაც დადებდა კომერციულად რაციონალურად მოქმედი დამოუკიდებელი კომპანია და რეალური სტრუქტურა პრაქტიკულად ხელს უშლის საგადასახადო ორგანოს სათანადო სატრანსფერო ფასის დადგენაში.
ეგთოს სატრანსფერო ფასწარმოქმნის სახელმძღვანელოს მე-10 თავი ეხება ფინანსურ ოპერაციებს, რომლის B ნაწილის მიხედვთ, ფინანსურ ტრანზაქციებში წარმოშობილი ურთიერთობები შესაძლოა განსხვავდებოდეს დამოუკიდებელ მხარეებს შორის განხორციელებული გარიგებების კომერციული მიზნებისაგან და მიუთითებს სახელმძღვანელოს პირველი თავის D.2. ნაწილზე (რეალურად განხორციელებული ტრანზაქციების აღიარება). პირველი თავის D.2. ნაწილის 1,65 პუნქტი გვეუბნება: „... როდესაც ტრანზაქციის ეკონომიკური შინაარსი განსხვავდება მისი ფორმისაგან, საგადასახადო ორგანოს შეუძლია არ გაითვალისწინოს ტრანზაქციის მხარეებს შორის მოცემული დახასიათება და შინაარსის მიხედვით გადააწყოს იგი. ასეთი შემთხვევის მაგალითია, როდესაც ასოცირებულ კომპანიაში კეთდება ინვესტიცია პროცენტიანი სესხის სახით, მაშინ, როცა მსესხებლის ეკონომიკური გარემოებების გათვალისწინებით, ინვესტიციას ასეთი სტრუქტურა არ ექნებოდა. ასეთ შემთხვევაში, მართებული იქნება, თუ საგადასახადო ორგანო ინვესტიციას ეკონომიკური შინაარსის შესაბამის კვალიფიკაციას მისცემს და კაპიტალდაბანდებად ჩათვლის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-7 ნაწილის მიხედვით, გადასახადით დაბეგვრასთან დაკავშირებულ საკითხზე საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებულ და ძალაში შესულ საერთაშორისო ხელშეკრულებას აქვს უპირატესი იურიდიული ძალა ამ კოდექსის მიმართ.
საქართველოს მთავრობასა და ნიდერლანდების სამეფოს მთავრობას შორის შემოსავლებზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ შეთანხმების მე10 მუხლის მიხედვით:
1. დივიდენდები, რომლებსაც ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი კომპანია გადაუხდის მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოს რეზიდენტს, შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში.
2. ამგვარი დივიდენდები შეიძლება აგრეთვე დაიბეგროს იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რომლის რეზიდენტსაც წარმოადგენს დივიდენდის გადამხდელი კომპანია, მაგრამ ამგვარად დარიცხული გადასახადი არ უნდა აღემატებოდეს:
ა) დივიდენდების მთლიანი რაოდენობის 0 პროცენტს თუ ბენეფიციარი კომპანია პირდაპირ ან არაპირდაპირ ფლობს დივიდენდების გადამხდელი კომპანიის კაპიტალის სულ მცირე 50%-ს და დივიდენდების გადამხდელი კომპანიის კაპიტალში დააბანდა 2 მილიონზე მეტი აშშ დოლარი, მისი ექვივალენტი ევროში ან საქართველოს ვალუტაში;
ბ) დივიდენდების მთლიანი რაოდენობის 5 პროცენტს, თუ ბენეფიციარი კომპანია პირდაპირ ან არაპირდაპირ ფლობს დივიდენდის გადამხდელი კომპანიის კაპიტალის სულ მცირე 10 პროცენტს;
გ) ყველა სხვა შემთხვევაში – დივიდენდების საერთო თანხის 15 პროცენტს.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი საწარმო. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია განაწილებული მოგება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 981 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, განაწილებული მოგება არის მოგება, რომელიც საწარმოს მიერ მის პარტნიორზე დივიდენდის სახით, ფულადი ან არაფულადი ფორმით ნაწილდება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 130-ე მუხლი პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს მიერ ფიზიკური პირისთვის, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისთვის ან არარეზიდენტი საწარმოსთვის გადახდილი დივიდენდები იბეგრება გადახდის წყაროსთან გადასახდელი თანხის 5- პროცენტიანი განაკვეთით. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 134-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არარეზიდენტის მიერ საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული შემოსავალი, რომელიც არ მიეკუთვნება საქართველოში საგადასახადო აღრიცხვაზე მყოფ არარეზიდენტის მუდმივ დაწესებულებას საქართველოში, იბეგრება გადახდის წყაროსთან გამოქვითვების გარეშე, დივიდენდები – ამ კოდექსის 130- ე მუხლის მიხედვით;
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ:
გ) პირი, რომელიც იხდის ამ კოდექსის 134-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ გადასახდელებს. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ გადამხდელის მიერ წარმოდგენილი 2012 წლის 2 ოქტომბრის პარტნიორთა კრების ოქმის მიხედვით, საწარმოს კაპიტალი განსაზღვრულია 7,200,000 აშშ დოლარით. ამავე წლის 31 დეკემბერს შედგა სამეწარმეო საზოგადოების პარტნიორთა შეთანხმება, რომლის მიხედვითაც, დამატებით გაიზარდა შპს „---ს“ საწესდებო კაპიტალი 8,147,797 აშშ დოლარით და სულ განისაზღვრა 15,347,796 აშშ დოლარით. ამასთან, 2018 წლის 21 დეკემბერს შედგა შპს „--ს“ პარტნიორთა კრების ოქმი, რომლის მიხედვითაც გადაწყდა შემცირდეს შპს „---ს“ საწესდებო კაპიტალი შპს „-“-ს (---) წილის (რომელიც შეადგენს 76,50% და ნომინალური ღირებულებაა 11,541,847 აშშ დოლარი) შემცირების გზით, შემდეგნაირად: შპს „---ს“ კაპიტალიდან გაიტანოს შენატანის ნაწილი 4,848,000 აშშ დოლარი, ხოლო 1,787,830 აშშ დოლარი დატოვოს შპს „---ს“ კაპიტალში და მისი შენატანი განისაზღვროს 4,883,017 აშშ დოლარით. ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ საქართველოს კანონის მიხედვით, შპს „---“ წარმოადგენს მესამე კატეგორიის საწარმოს. შესაბამისად, ბუღალტრულ აღრიცხვასა და ფინანსურ ანგარიშგებას აწარმოებს მცირე და საშუალო საწარმოების ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების (IFRS for SMEs) შესაბამისად. ამასთანავე, უფლება აქვს, გამოიყენოს ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტები (IFRS). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კაპიტალი, თავისი შინაარსით წარმოადგენს არაფულად მუხლს და მისი კომპანიის საწესდებო კაპიტალში შემოტანისთანავე უნდა მოხდეს სამუშაო ვალუტაში კონვერტირება, ხოლო მისი გადაფასება დაუშვებელია. ამასთან, საწესდებო კაპიტალიდან წილის გატანის შემთხვევაში, წილის მფლობელის მიმართ განკუთვნილი ანაზღაურება იანგარიშება სამუშაო ვალუტიდან (ლარი). შესაბამისად, შპს „---თან“ მიმართებაში, დამფუძნებლის კაპიტალზე, ამ შემთხვევაში არარეზიდენტი დამფუძნებელი „---''-ს დარჩენილ კაპიტალზე (წილის შემცირების შემდეგ), მხედველობაში უნდა იყოს მიღებული ლარში არსებული ნაშთი - 1 626 736 ლარი. ხოლო, შემდგომ პერიოდში წილის გატანის შემთხვევაში წილის რეალიზაციით მიღებული ნამეტი დაანგარიშებული უნდა იყოს ლარში არსებული კაპიტალის ნაშთიდან. შედეგად, კაპიტალის შემცირების შემდეგ, შპს „---ს“ არარეზიდენტი დამფუძნებლის წილი საწარმოს კაპიტალში შეადგენს 50%-ზე ნაკლებს.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რისთვისაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97–ე მუხლის თანახმად მტკიცებულებათა გამოკვლევისათვის უფლებამოსილია გამოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილების გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში მითითებულ არგუმენტებზე, რომ საწარმოს კაპიტალის 4 840 000 აშშ დოლარით შემცირების შესახებ გადაწყვეტილებით, საწარმოს ამავე ოდენობით წარმოეშვა დავალიანება არარეზიდენტი პარტნიორის მიმართ. აღნიშნული დავალიანების თანხის ნაწილი დაფარულ იქნა საწარმოს საკუთარი ფულადი სახსრებიდან, ხოლო----თან გაფორმებული იქნა საკრედიტო ხაზი 4,2 მლნ აშშ დოლარის ოდენობით, რომლის სრულად ათვისება არ მოხდა შემდეგ გარემოებათა გამო:
საწარმომ საკუთარი ფულადი სახსრებიდან შეძლო 840 000 აშშ დოლარის გადახდა, დარჩენილი 4 მლნ აშშ დოლარის საკრედიტო ხაზიდან ათვისებულ იქნა მხოლოდ 3 მლნ აშშ დოლარის სესხი, რომლის საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 6,5%, ხოლო დარჩენილ თანხაზე (1 მლნ აშშ დოლარი) გაფორმდა არაიპოთეკური სასესხო ხელშეკრულება თავად „---.“-ზე იდენტური პირობებით. გადამხდელი მიუთითებს, რომ გაუგებარია რა ნორმატიულ და ფაქტობრივ დოკუმენტებზე დაყრდნობით მიიჩნია შემმოწმებელმა, რომ საწარმოს მიერ გაწეულ იქნა არაგონივრული ხარჯი და შესაბამისად, არარეზიდენტზე გადახდილი სესხის პროცენტი წარმოადგენს დივიდენდს. განმარტავს, რომ თუ საწარმოს მიერ არარეზიდენტ დამფუძნებელთან გაფორმებული სესხის საპროცენტო განაკვეთი იქნებოდა გაცილებით მაღალი, ვიდრე --- ბანკთან გაფორმებული სასესხო ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული, მხოლოდ ამ საპროცენტო განაკვეთზე უფრო მეტი ოდენობით გადახდილი სესხის პროცენტი შეიძლებოდა გამხდარიყო ანალოგიური არაგონივრული ხარჯის კვალიფიკაციის ობიექტი, ხოლო აღნიშნულ შემთხვევაში ---ზე გადახდილი სესხის და არარეზიდენტ დამფუძნებელზე გადახდილი სესხის პროცენტები იდენტურია, რაც მოგების და საშემოსავლო გადასახადების ნაწილში განხორციელებული დარიცხვების უსაფუძვლობის ნათელი დადასტურებაა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ 2018 წლის 21 დეკემბერს შედგა შპს „---ს“ პარტნიორთა კრების ოქმი შპს „---“-ს (---) მიერ საწარმოს საწესდებო კაპიტალის შემცირების თაობაზე, რის საფუძველზეც საწარმოს დამფუძნებლის მიმართ წარმოეშვა ვალდებულება. ამასთან, ფულადი სახსრების მოზიდვის და აღნიშნული ვალდებულების დაფარვის მიზნით, საწარმომ აიღო „---“ ბანკიდან 3 000 000 აშშ დოლარის ღირებულების სესხი, ხოლო ამავე თარიღში საწარმომ 1 000 000 აშშ დოლარის ღირებულების სასესხო ხელშეკრულება გააფორმა --- დამფუძნებელთან, ბანკთან დადებული სესხის ხელშეკრულების მსგავსი პირობებით, რასთან დაკავშირებითაც შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საწარმოს შეეძლო წარმოშობილი ვალდებულების დაფარვის მიზნით ფულადი სახსრების მოზიდვა სხვა წყაროებიდან, მათ შორის ურთიერთდამოკიდებული პირისგან.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ არ არის დასაბუთებული საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის გამოყენებით, დამფუძნებელ იურიდიულ პირზე გადახდილი სესხის პროცენტზე კვალიფიკაციის შეცვლის და დივიდენდად განხილვის საფუძვლით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის საფუძველი.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დამფუძნებელ იურიდიულ პირზე გადახდილი სესხის პროცენტზე კვალიფიკაციის შეცვლის და დივიდენდად განხილვის საფუძვლით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაუქვემდებაროს კორექტირებას (შემცირებას).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „---ს“ (ს/ნ --) საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დამფუძნებელ იურიდიულ პირზე გადახდილი სესხის პროცენტზე კვალიფიკაციის შეცვლის და დივიდენდად განხილვის საფუძვლით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაუქვემდებაროს კორექტირებას (შემცირებას);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი არ ეთანხმება არარეზიდენტ დამფუძნებელ იურიდიულ პირზე გადახდილი სესხის პროცენტის დივიდენდად განხილვას და საშემოსავლო/მოგების გადასახადის დარიცხვას.
ფაქტობრივი გარემოებები
საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 28 დეკემბრის №33235 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა მომჩივნის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება 2019 წლის 01 იანვრიდან 2021 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით საანგარიშო პერიოდებში საერთაშორისო კონტროლირებადი ოპერაციების დროს საწარმოს მიერ დადგენილი ფასის საბაზრო პრინციპებთან შესაბამისობის და ამ ოპერაციებთან მიმართებაში ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ საერთაშორისო შეთანხმებით განსაზღვრული ნორმების გამოყენების სისწორის დადგენის მიზნით. შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 28 დეკემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2022 წლის 29 დეკემბრის №33667 ბრძანება და ამავე თარიღის №002-268 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 174 789 ლარი, მათ შორის, გადასახადი 93 208 ლარი, ჯარიმა 39 882 ლარი, საურავი 41 699 ლარი.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დამფუძნებელ იურიდიულ პირზე გადახდილი სესხის პროცენტზე კვალიფიკაციის შეცვლის და დივიდენდად განხილვის საფუძვლით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაუქვემდებაროს კორექტირებას (შემცირებას).
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 126; 127; 128; 2(7); 73 (9); 96; 97; 981; 130; 134; 154; 43 (4).