გადაწყვეტილება №25158/2/2025

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 02.06.2025
№ დოკუმენტი 25158/2/2025
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№25158/2/2025

02 ივნისი 2025

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს ------- (ს/ნ -------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 16.05.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------- ყოფილი დირექტორის ------- 2.05.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №№25158/2/2025).

 

დავის საგანი:

შემოსავლების სამსახურის 29.03.2024 წლის №6984 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 17.06.2024 წლის №005-82 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 10.04.2025 წლის №6871 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 3 303 809,41 ლარი.

მათ შორის:

მოგების გადასახადი - 1 612 721

ჯარიმა - 806 361

საურავი - 884 727,41

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

აუდიტის დეპარტამენტის კამერალური საგადასახადო შემოწმების 23.04.2021 წლის აქტით შემოწმებულია შპს ------- საქმიანობის 1.01.2018 წლიდან 1.04.2021 წლამდე პერიოდის მოგების გადასახადის ყოველთვიური დეკლარაციების 22-ე გრაფაში მოგების გადასახადისგან გათავისუფლებულად დაფიქსირებულ განაწილებულ მოგებასთან დაკავშირებით, შესაბამისი საგადასახადო შეღავათით სარგებლობის სისწორე.

შემოწმების აქტის საფუძველზე შპს ------- (ს/ნ -------) წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 14.05.2021 წლის №005-84 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 21.06.2021 წლის №19997 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

საბჭოს 8.04.2021 წლის №61999/1/2021 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 21.06.2021 წლის №19997 ბრძანება და საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.

შემოსავლების სამსახურმა განიხილა დაბრუნებული საჩივარი და 29.06.2022 წლის №16728 ბრძანებით დააკმაყოფილა ნაწილობრივ.

შემოსავლების სამსახურის 29.06.2022 წლის №16728 ბრძანების აღსრულების შედეგებზე შედგენილი აუდიტის დეპარტამენტის 1.06.2023 წლის დასკვნის მიხედვით, აქტით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა შემცირებას.

აუდიტის დეპარტამენტის 1.06.2023 წლის დასკვნის საფუძველზე შპს ------- (ს/ნ -------) წარედგინა ამავე დეპარტამენტის 5.06.2023 წლის №005-69 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 20.02.2024 წლის №3496 ბრძანებით შპს ------- (ს/ნ -------) საჩივარი, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, დარჩა განუხილველი.

შპს ------- (ს/ნ -------) ყოფილმა დირექტორმა ------- (პ/ნ -------) 16.02.2024 წელს მიმართა შემოსავლების სამსახურს და გაასაჩივრა შპს ------- მიმართ გამოცემული აუდიტის დეპარტამენტის 5.06.2023 წლის №005-69 საგადასახადო მოთხოვნა.

შემოსავლების სამსახურის 29.03.2024 წლის №6984 ბრძანებით შპს ------- (ს/ნ -------) ყოფილი დირექტორი ------- (პ/ნ -------) საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს შემოსავლების სამსახურის უფროსის 29.12.2022 წლის №33544 ბრძანებით დამტკიცებული „ვირტუალური ზონის პირის მოგების გადასახადით დაბეგვრის თაობაზე“ მეთოდური მითითების და შემოსავლების სამსახურის 29.03.2024 წლის №6984 ბრძანების სამოტივაციო ნაწილში აღნიშნული განმარტების შესაბამისად, შეისწავლოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

შემოსავლების სამსახურის 29.03.2024 წლის №6984 ბრძანების აღსრულების შედეგებზე შედგენილი აუდიტის დეპარტამენტის 7.06.2024 წლის დასკვნის მიხედვით, აუდიტის დეპარტამენტის მიერ ზემოაღნიშნული ბრძანების აღსრულების მიზნით შემოსავლების სამსახურის უფროსის 29.12.2022 წლის №33544 ბრძანებით დამტკიცებული „ვირტუალური ზონის პირის მოგების გადასახადით დაბეგვრის თაობაზე“ მეთოდური მითითების და შემოსავლების სამსახურის 29.03.2024 წლის №6984 ბრძანების სამოტივაციო ნაწილში აღნიშნული განმარტების შესაბამისად სადავო საკითხის დამატებით შესწავლის შედეგად, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ როგორც შესწავლის მიმდინარეობისას, ასევე დავის წარმოების პროცესში არ არის წარმოდგენილი არანაირი დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტური მტკიცებულებები, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით (მათ შორის, 2022 წლის 29 ივნისის №15728 ბრძანების აღსრულების მიზნით, 2023 წლის 1 ივნისს შედგენილი დასკვნის გათვალისწინებით) დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა კორექტირებას (შემცირებას).

აუდიტის დეპარტამენტის 7.06.2024 წლის დასკვნის საფუძველზე გამოიცა ამავე დეპარტამენტის 17.06.2024 წლის №005-82 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 10.04.2025 წლის №6871 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 304-ე მუხლის 21 ნაწილზე და განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია, ვინაიდან სადავო საკითხთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს დავალებული ჰქონდა შემოსავლების სამსახურის უფროსის 29.12.2022 წლის №33544 ბრძანებით დამტკიცებული „ვირტუალური ზონის პირის მოგების გადასახადით დაბეგვრის თაობაზე“ მეთოდური მითითების და ბრძანების სამოტივაციო ნაწილში აღნიშნული განმარტების შესაბამისად, შეესწავლა სადავო საკითხი, რაც აუდიტის დეპარტამენტის მხრიდან შესრულდა, თუმცა დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა შემცირებას.

აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით დგინდება, რომ საგადასახადო შემოწმების დანიშვნამდე, გადასახადის გადამხდელთან მიმდინარეობდა ზოგადი ანალიტიკური პროცედურები (საგადასახადო დეკლარაციების კონტროლის პროცედურა), რომლის დროსაც გადამხდელის წარმომადგენელმა თავად განმარტა/დაადასტურა, რომ საქართველოში არ ჰყავდათ დაქირავებით მომუშავე პირები შესაბამისი პროფილური განხრით და არც აღნიშნულის შემდეგ არ მომხდარა შესაბამისი საგადასახადო დეკლარაციების დაზუსტება. ასევე, ვინაიდან აუდიტის დეპარტამენტის 20.04.2021 წლის №11887 ბრძანების საფუძველზე შემოწმება დაინიშნა მხოლოდ მოგების გადასახადის ყოველთვიური დეკლარაციების 22-ე გრაფაში დაფიქსირებულ მოგების გადასახადისგან გათავისუფლებულად განაწილებულ მოგებასთან დაკავშირებით, შესაბამისი საგადასახადო შეღავათით სარგებლობის სისწორის დადგენის მიზნით, შემოწმებით ვერ განხორციელდა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის გათვალისწინებით დარიცხული თანხების გადაანგარიშება.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელი საჩივარში ვერ უთითებს იმ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებს, თუ რა ნაწილში არ მოხდა შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება, ასევე არ აქვს წარმოდგენილი მისი არგუმენტაციის შესაბამისი მტკიცებულებები, რაც გახდებოდა განსაზღვრული ვალდებულებების კორექტირების საფუძველი.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნისა და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

შემმოწმებელს არ დასჭირდა პირველადი დოკუმენტაციის, საბუღალტრო ჩანაწერების, თანამშრომლებთან გაფორმებული ხელშეკრულებების, მომსახურე იურიდიულ თუ ფიზიკურ პირებთან გაფორმებული ხელშეკრულებების, გაწეულ მომსახურებაზე გაფორმებული ხელშეკრულებებისა და საბანკო ამონაწერის მოთხოვნა.

ეჭვს იწვევს შემმოწმებელს დავალებული, ხომ არ ჰქონდა გადაეხაზა ყოველთვიური მოგების დეკლარაციის 22-ე უჯრა, რაც ავტომატურად გამოიწვევდა მოგების გადასახადის დარიცხვას. თავის მხრივ გადასახადის გადამხდელზე გაუჩენდა არაკანონიერ ზეწოლის ბერკეტს და გამოძალავდა გადასახადს.

ყოველთვიური მოგების გადასახადის დეკლარაციების 22-ე უჯრაზე წინ დგას 21-ე უჯრა სახელწოდებით „მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტი“. მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტი:

მომჩივანი მიუთითებს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 43-ე ნაწილზე, 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტსა და 98-ე მუხლის პირველი ნაწილზე და აღნიშნავს, რომ შემმოწმებელს უნდა შეემოწმებინა თუ რამდენად სწორედ არის გაუნაწილებელი მოგება დათვლილი. ეს თავის მხრივ გამოიწვევდა სწორ, კანონთან შესაბამის შემოწმებას ანუ ჩარიცხული და გადარიცხული თანხების დადგენას, ხოლო დღევანდელი ვითარება არის ის, რომ შემმოწმებელი ვერ ადასტურებს ნამდვილად ჩაირიცხა ეს თანხა ან ნამდვილად გადაირიცხა თუ არა ამდენი დივიდენდი (არ არის მოძიებული შესაბამისი და შესაფერისი მტკიცებულებები, პირველადი დოკუმენტაცია), ეს ფაქტი აფიქრებინებს, ხომ არ არის შეცდომა დაშვებული, ხომ შეიძლება არასწორად იყო მოგების დეკლარაციების 21-ე უჯრა შევსებული? მხოლოდ 2 დღე დასჭირდა შემმოწმებელს იმისათვის, რომ გადასახადის გადამხდელისათვის დაერიცხა 2 775 208 ლარი და გაეწირა ადამიანი ციხისათვის და ქონების კონფისკაციისათვის.

23.04.2021 წლის №1293/1 დასკვნის ფაქტობრივ გარემოებაში მითითებულია, რომ ვირტუალური ზონის პირი არ იყენებს როგორც შესაბამისი პროფილური განხრით დაქირავებულ, ასევე მომსახურების ხელშეკრულების საფუძველზე აყვანილ პირებს, რომელთა მიმართებაშიც გადამხდელი ასრულებს საგადასახადო აგენტის ვალდებულების, რაც ვერ ჩაითვლება, რომ საინფორმაციო ტექნოლოგიები, რომლის მიწოდებაც მოხდა ქვეყნის გარეთ, არსებითად შექმნილია საქართველოს ტერიტორიაზე, ასევე არ გააჩნია საკუთრებაში არსებული ქონება არც იჯარით აღებული ფართი, სადაც შესაძლებელი იქნებოდა საქმიანობის განხორციელება.

მომჩივანი მიუთითებს „საინფორმაციო ტექნოლოგიური ზონის შესახებ“ 15.12.2010 წლის საქართველოს კანონის პირველ და მე-2 მუხლებზე და აღნიშნავს, რომ შპს ------- აქვს მინიჭებული ვირტუალური ზონის პირის სტატუსი.

2021 წლის 23 აპრილის №1293/1 დასკვნა წინააღმდეგობაში მოდის ამ კანონის პირველივე მუხლთან, ინვესტიციის მოზიდვა და მიმზიდველი გარემოს შექმნა ვერანაირად ვერ მოხდება ხარვეზიანი, საჯარიმო დასკვნით. დასკვნა პირდაპირ არღვევს კანონს იმის მაგივრად, რომ გადამხდელისთვის განესაზღვრათ ინვესტიციების ოდენობა, დრო და მიმართულება, შემმოწმებელმა განსჯის და რაიმე პირველადი დოკუმენტაციის მოძიების გარეშე დასაჯა გადამხდელი და დაარიცხა 2 775 208 ლარი.

შემმოწმებელი ადანაშაულებს გადამხდელს იმაში, რომ არ ჰყავს შესაბამისი პროფილური დარგის დაქირავებული თანამშრომლები. კანონში არსად არ წერია, რომ დაქირავებული თანამშრომელი უნდა ჰყავდეს კომპანიას და არ შეუძლია მომსახურების ხელშეკრულების გაფორმება ფიზიკურ პირებთან. გაუგებარია, თუ როგორ მსჯელობს და რა მტკიცებულება მოაქვს, რომ ფიზიკური პირები, რომლებიც მომსახურებას ეწევიან კომპანიაში არ არიან კვალიფიცირებულები.

შემმოწმებელმა უნდა წარმოადგინოს თავის კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში ან დოკუმენტურად დაასაბუთოს მისი მსჯელობა. შემმოწმებელმა დაადგინა, რომ შპს ------- საინფორმაციო ტექნოლოგიებს ნაცვლად ქმნიდა არასაინფორმაციო ტექნოლოგიებს. ჩამოთვლილი უნდა იქნას ასეთი სახის ტექნოლოგიები.

შპს ------- დამფუძნებელი და მომსახურების გამწევი ფიზიკური პირები დღემდე მოღვაწეობენ და ქმნიან ინფორმაციულ ტექნოლოგიებს. ამ ინფორმაციის გადამოწმება შესაძლებელია ვებ გვერდზე https://binary-studio.com/

მომჩივანი მიუთითებს „საინფორმაციო ტექნოლოგიური ზონის შესახებ“ საქართველოს კანონის მე3, მ-4 და მე-6 მუხლებზე და განმარტავს, რომ ვირტუალური ზონის პირი შპს ------- საქართველოს ტერიტორიაზე ქმნიდა საინფორმაციო ტექნოლოგიებს, რომლებსაც აწვდიდა საზღვარგარეთ არარეზიდენტ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირებს და ეს ხდება შემდეგნაირად:

კომპანია თანამშრომლებს/მომსახურების გამწევ ფიზიკურ პირებს (პირები, რომლებიც ქმნიან ინფორმაციული ტექნოლოგიურ პროდუქტს) სთხოვდა, რომ იმისდა მიუხედავად, თუ რომელ ქვეყენაში იმყოფებოდნენ უნდა ემუშავათ სერვერზე, რომელიც მდებარეობდა საქართველოს ტერიტორიაზე ე.წ. „რიმოუთი“ – remote desktop connection. რითიც მტკიცდება, რომ ინფორმაციულ ტექნოლოგიური პროდუქტი იქმნებოდა საქართველოს ტერიტორიაზე და შემდგომ მიეწოდებოდა საზღვარგარეთ.

ასეთ მაგალითად, შეუძლია მიუთითოს თვითონ შემოსავლების სამსახურის ვებ გვერდი https://eservice.rs.ge/. ანუ იმისდა მიუხედავად, თუ რომელ ქვეყანაში იმყოფება, შეუძლია ამ სერვერზე შევიდეს და გაეცნოს ინფორმაციას, შეავსოს დეკლარაცია და გააგზავნოს.

ამ კანონში ცალსახად წერია და თვითონ ტერმინიც განსაზღვრავს (ვირტუალური ნიშნავს - წარმოსახვითს, არარეალურს), რომ არ არის აუცილებელი კომპანიას ჰქონდეს ოფისი, ჰყავდეს დასაქმებული ინფორმაციული ტექნოლოგიების პროფესორი და დიპლომირებული საქართველოს მოქალაქე, რომელიც დილის 10 საათზე მივა სამსახურში და საღამოს 6 საათზე წავა სახლში.

შემმოწმებელმა გადააჭარბა უფლებამოსილებას, როდესაც ასეთ ვიწრო პროფესიულ მსჯელობაში არ ჰყავდა ჩართული ამ დარგის ექსპერტი და თავისი მსჯელობა არ აქვს გამყარებული ექსპერტის დასკვნით. გამოდის, რომ მან თავისი პირადი განსჯით დასაჯა კომპანია და უკანონოდ დაარიცხა გადასახადი.

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისთვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზე გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.

29.03.2024 წელს განხილულ იქნა საჩივარი და შემოსავლების სამსახურმა გამოსცა №6984 ბრძანება, რომლითაც საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და დაუბრუნდა აუდიტის დეპარტამენტს სადავო საკითხთან დაკავშირებით, სამსახურის უფროსის 2022 წლის 29 დეკემბრის №33544 ბრძანებით დამტკიცებული „ვირტუალური ზონის პირის მოგების გადასახადით დაბეგვრის თაობაზე“ მეთოდური მითითების და ბრძანების სამოტივაციო ნაწილში აღნიშნული განმარტების შესაბამისად, შეისწავლოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახდო შემოწმებით განსაზღვრული საგადასახდო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

ბრძანების საფუძველია 7.06.2024 წლის აუდიტის დეპარტამენტის საგადასახდო შემოწმების შედეგების გაანგარიშების №433 დასკვნა, სადაც წერია, რომ დავის წარმოების პროცესში არ არის წარმოდგენილი არანაირი დამატებითი ინფორმაცია აუდიტის დეპარტამენტმა 17.06.2024 წელს გამოსცა №14043 ბრძანება. შპს ------- (ს/ნ -------) 2021 წლის 23 აპრილის საგადასახდო შემოწმების აქტის საფუძველზე, დამატებით დარიცხული თანხები არ შეუმცირდა.

2024 წლის 17 ივნისს შპს ------- (ს/ნ -------) შემოსავლების სამსახურის გვერდზე გამოქვეყნდა მოთხოვნა №005-82 ბრძანება №17319, რომლის წერილობით და ელექტრონულად ჩაბარება ვერ მოხერხდა და 2024 წლის 23 ივლისს საჯაროდ გავრცელდა შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე. გამოქვეყნებიდან 20 დღის შემდეგ გამოცხადდა გადასახადის გადამხდელისთვის ჩაბარებულად და კიდევ მომდევნო 30 დღეში აღიარებულ გადასახადად.

2025 წლის 28 თებერვალს მიუვიდა №006-12587 და №006-12586 შეტყობინებები, რომლითაც გავრცელდა საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა, თანახმად საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის მე-4 ნაწილისა და 239-ე მუხლისა (სასამართლოში წარმოდგენილია შუამდგომლობა ცრუმაგიერ პირად აღიარებაზე).

2024 წლის 29 მარტს განხილულ იქნა საჩივარი და შემოსავლების სამსახურმა გამოსცა №6984 ბრძანება, რითაც აღიარა მხარედ და საქმის განხილვა განაახლა.

გამოდის, რომ აუდიტის დეპარტამენტმა განზრახ არ აცნობა 2024 წლის 17 ივნისის №005-82 საგადასახადო მოთხოვნა და №17319 ბრძანება, რამაც გამოიწვია დარიცხული გადასახადის აღიარებული სტატუსის მინიჭება.

აუდიტის დეპარტამენტის ასეთი სახის უკანონო ქმედებამ მიაყენა დამატებითი ფინანსური ზარალი და ახდენს უკანონო ზეწოლას, ყოფილი დირექტორის მთელ ქონებაზე იპოთეკა/გირავნობის დადებით.

ფინანსური ზეწოლის ერთ-ერთი მაგალითია წარმოქმნილი სასამართლო ხარჯები. ადვოკატის მომსახურების ღირებულება არის 10 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში, ხოლო საქმის მოგების შემთხვევაში მოგებული თანხის 5%. ასეთი თანხები მის ფინანსურ შესაძლებლობას აღემატება და თავი უნდა იმართლოს თავისი ძალებით, რაც ზრდის რისკებს, რადგან სასამართლო დავის არანაირი გამოცდილება არ გააჩნია.

2024 წლის 29 მარტის №6984 ბრძანებით, სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 29 დეკემბრის №33544 ბრძანებით დამტკიცებული „ვირტუალური ზონის პირის მოგების გადასახადით დაბეგვრის თაობაზე“ მეთოდური მითითების და ბრძანების სამოტივაციო ნაწილში აღნიშნული განმარტების შესაბამისად, შეისწავლოს სადავო საკითი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

აუდიტის დეპარტამენტის მზაკვრულ ქმედებებს არ უჩანს ბოლო, რადგან ვითომ და კეთილშობილური გადაწყვეტილების (გადასახადის კორექტირება/გაანგარიშება და შემცირება მოახდინონ) რეალური განზრახვა არის ის, რომ 2021 წლის 23 აპრილს შედგენილ №1293/1 დასკვნაზე გაავრცელოს 2022 წლის 29 დეკემბრის №33544 ბრძანებით დამტკიცებული „ვირტუალური ზონის პირის მოგების გადასახადით დაბეგვრის თაობაზე“ მეთოდური მითითებები. კანონის ძალის გავრცელება წინა პერიოდზე პირდაპირ ახდენს გადასახადის გადამხდელის უფლების და კანონის დარღვევას. მხოლოდ ეს ფაქტიც კი აშკარად მეტყველებს მასზედ, რომ შემოსავლების სამსახური არაკონსტრუქციულად უდგება გადამხდელს, ერთადერთი განზრახვა აქვს, რომ დააჯარიმოს, დასაჯოს და შეუქმნას არამიმზიდველი გარემო საინვესტიციოდ.

6) ფაქტობრივი გარემოება

შპს ------- წარმოდგენს ვირტუალური ზონის პირს თანახმად 2017 წლის 6 მარტს ფინანსთა სამინისტროს მიერ გაცემული სერთიფიკატისა NW75XQ19RF (დანართი №1).

ფინანსთა სამინისტრომ გასცა სერთიფიკატი, რითაც აღიარა გადამხდელი ვირტუალური ზონის პირად და მისცა უფლება, რომ ესარგებლა საგადასახადო კოდექსის 99-ე მუხლის პირველი ნაწილის „ჟ“ ქვეპუნქტით მინიჭებული შეღავათით.

რადგან კანონი შექმნილი იყო წინა ხელისუფლების მიერ, 2010 წლის 15 დეკემბრის №4064 საქართველოს კანონს (საინფორმაციო ტექნოლოგიური ზონის) და 2011 წლის 26 იანვრის №49 საქართველოს მთავრობის დადგენილებას (ვირტუალური ზონის პირის სტატუსის მინიჭების წესისა და პირობების და ვირტუალური ზონის პირის სტატუსის მინიჭებული პირის განსაზღვრის შესახებ) ხომ არ იყო სპეციალურად დაგებული ხაფანგი გადამხდელებისათვის?

სპეციალურად გაამარტივეს ვირტუალური ზონის სტატუსის მიღების წესი, რათა გადამხდელი შეეყვანათ შეცდომაში (მიდიოდა სახელმწიფოს მხრიდანაც სარეკლამო ღონისძიებები, რომ მოეზიდათ ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტები), შექმნოდა შთაბეჭდილება, რომ მართლაც მოქმედებს მოგების გადასახადისაგან გათავისუფლება (შეღავათი) და შემდეგ, როცა კომპანიები თავიანთ შემოსავლებს გადმოიტანდნენ ქართულ კომპანიებზე, მოეხდინათ ამ კომპანიების ერთიანად შემოწმება და დაჯარიმება, თუმცა დღევანდელი მთავრობა, რომელიც მოსულია ზუსტად იმ ტალღაზე, რომ დაიცვას ადამიანის, გადამხდელის უფლებები არ უნდა უშვებდეს ასეთი სახის ხარვეზს.

რამდენადაც ცნობილია 2017 წლის 6 მარტს ფინანსთა სამინისტროს მიერ გაცემული სერთიფიკატი NW75XQ19RF დღემდე ძალაშია.

აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 20 აპრილის №11887 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს ------- (ს/ნ -------) კამერალური საგადასახადო შემოწმება.

აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 20 აპრილის №11887 ბრძანებას მოყვება გადასახადის გადამხდელის უფლება-მოვალეობების განმარტებითი ბარათი, სადაც ღია ტექსტით წერია საგადასახდო კოდექსით განსაზღვრული გარემოებების არსებობისას დადგენილი წესით მოითხოვოს მის მიერ ჩადენილი საგადასახდო სამართალდარღვევის შესაბამისი პასუხისმგებლობის ზომის გამოყენება, პასუხისმგებლობის შემსუბუქება ან პასუხისმგებლობისგან გათავისუფლება - დამატებით დარიცხული საგადასახდო ვალდებულების შემცირების მიზნით, გადამხდელს შესაძლებელია გაუფორმდეს საგადასახადო შეთანხმება მის მიერ მითითებულ გადასახადების სანქციების სახეებზე.

მისი ხელზე ასაღები ხელფასი შეადგენდა თვეში 600 ლარს, რომელიც დაბეგრილია, გადასახადი გადახდილია და რაც მთავარია აქვს გამომუშავებული, ამიტომ საგადასახადო ორგანომ უნდა მიმართოს დამფუძნებელს.

ითხოვს გადასახადის გადამხდელის უფლებების დაცვას, სამართლიან და კანონშესაბამის მოპყრობას, სამართლიანი დავის უზრუნველყოფას ფინანსთა სამინისტროში თუ სასამართლოში. უნდა გაუქმდეს დარიცხული გადასახადი, ჯარიმა-საურავთან ერთად.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 35-ე ნაწილის თანახმად, ვირტუალური ზონის პირი არის იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს საინფორმაციო ტექნოლოგიურ საქმიანობას და მინიჭებული აქვს შესაბამისი სტატუსი.

„საინფორმაციო ტექნოლოგიური ზონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის თანახმად, ვირტუალურ ზონაში საქმიანობას მიეკუთვნება იურიდიული პირის მიერ განხორციელებული ეკონომიკური საქმიანობა, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე მიმართული იქნება საინფორმაციო ტექნოლოგიების შექმნასთან

საგადასახადო კოდექსის 99-ე მუხლის პირველი ნაწილის „ჟ“ ქვეპუნქტის მიხედვით, მოგების გადასახადისაგან თავისუფლდება ვირტუალური ზონის იურიდიული პირის მიერ შექმნილი საინფორმაციო ტექნოლოგიების საქართველოს ფარგლების გარეთ მიწოდებით მიღებული მოგება (მოგების განაწილება).

საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის უფროსი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის აღსრულების მიზნით გამოსცემს ბრძანებებს, შიდა ინსტრუქციებსა და მეთოდურ მითითებებს საგადასახადო ორგანოების მიერ საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის გამოყენების თაობაზე.

შემოსავლების სამსახურის 29.03.2024 წლის №6984 ბრძანებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა შემოსავლების სამსახურის უფროსის 29.12.2022 წლის №33544 ბრძანებით დამტკიცებული „ვირტუალური ზონის პირის მოგების გადასახადით დაბეგვრის თაობაზე“ მეთოდური მითითების და შემოსავლების სამსახურის 29.03.2024 წლის №6984 ბრძანების სამოტივაციო ნაწილში აღნიშნული განმარტების შესაბამისად, შეისწავლოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

აუდიტის დეპარტამენტის 7.06.2024 წლის დასკვნის მიხედვით, აუდიტის დეპარტამენტის მიერ ზემოაღნიშნული ბრძანების აღსრულების მიზნით შემოსავლების სამსახურის უფროსის 29.12.2022 წლის №33544 ბრძანებით დამტკიცებული „ვირტუალური ზონის პირის მოგების გადასახადით დაბეგვრის თაობაზე“ მეთოდური მითითების და შემოსავლების სამსახურის 29.03.2024 წლის №6984 ბრძანების სამოტივაციო ნაწილში აღნიშნული განმარტების შესაბამისად სადავო საკითხის დამატებით შესწავლის შედეგად, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ როგორც შესწავლის მიმდინარეობისას, ასევე დავის წარმოების პროცესში არ არის წარმოდგენილი არანაირი დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტური მტკიცებულებები, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით (მათ შორის, 2022 წლის 29 ივნისის №15728 ბრძანების აღსრულების მიზნით, 2023 წლის 1 ივნისს შედგენილი დასკვნის გათვალისწინებით) დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა კორექტირებას (შემცირებას).

საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ შპს -------- (ს/ნ -------) საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებისას სადავო საკითხი შესწავლილია საქმეში არსებული გარემოებების და შემოსავლების სამსახურის უფროსის 29.12.2022 წლის №33544 ბრძანებით დამტკიცებული „ვირტუალური ზონის პირის მოგების გადასახადით დაბეგვრის თაობაზე“ მეთოდური მითითების გათვალისწინებით.

აღნიშნულის გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი შემოსავლების სამსახურის 29.03.2024 წლის №6984 ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად შესწავლილია სრულყოფილად, აუდიტის დეპარტამენტის 7.06.2024 წლის დასკვნა გამოცემულია აღნიშნული გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს სადავო აქტების გაუქმების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

შემოსავლების სამსახურის 29.03.2024 წლის №6984 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

აუდიტის დეპარტამენტის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივანის საქმიანობის მოგების გადასახადის ყოველთვიური დეკლარაციების 22-ე გრაფაში მოგების გადასახადისგან გათავისუფლებულად დაფიქსირებულ განაწილებულ მოგებასთან დაკავშირებით, შესაბამისი საგადასახადო შეღავათით სარგებლობის სისწორე.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოცემული ბრძანება არაერთხელ გასაჩივრდა, როგორც შემოსავლების სამსახურში ასევე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

შემოსავლების სამსახურის 29.03.2024 წლის №6984 ბრძანებით მომჩივანის საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

აღნიშნული ბრძანების აღსრულების შედეგებზე შედგენილი აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის მიხედვით, შემოსავლების სამსახურის 29.03.2024 წლის №6984 ბრძანების სამოტივაციო ნაწილში აღნიშნული განმარტების შესაბამისად სადავო საკითხის დამატებით შესწავლის შედეგად, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ როგორც შესწავლის მიმდინარეობისას, ასევე დავის წარმოების პროცესში არ არის წარმოდგენილი არანაირი დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტური მტკიცებულებები, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა კორექტირებას (შემცირებას).

 

გადაწყვეტილება

საბჭო მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი შემოსავლების სამსახურის 29.03.2024 წლის №6984 ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად შესწავლილია სრულყოფილად, აუდიტის დეპარტამენტის 7.06.2024 წლის დასკვნა გამოცემულია აღნიშნული გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს სადავო აქტების გაუქმების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9); 99(ჟ); 981(1);