გადაწყვეტილება №20201/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№20201/2/2023
21 სექტემბერი 2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „---“ (ს/ნ ---)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 4.09.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ---ს 8.07.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20201/2/2023).
დავის საგანი:
1. ნაღდი ფულის ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა;
2. შემოსავლების სამსახურის 6.04.2023 წლის №7518 ბრძანების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 30.09.2022 წლის №007-247 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 6.04.2023 წლის №7518 ბრძანება;
3. აუდიტის დეპარტამენტის 16.05.2023 წლის №007-114 საგადასახადო მოთხოვნა;
4. შემოსავლების სამსახურის 20.06.2023 წლის №14200 ბრძანება.
დარიცხული თანხა:
30.09.2022 წლის №007-247 საგადასახადო მოთხოვნა - 159 673,72 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 70 870
საშემოსავლო გადასახადი - 70 796
ქონების გადასახადი - 74
ჯარიმა - 48 712
საურავი - 40 091,72
16.05.2023 წლის №007-114 საგადასახადო მოთხოვნა - 166 789,38 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 70 870
საშემოსავლო გადასახადი - 70 796
ქონების გადასახადი - 74
ჯარიმა - 48 712
საურავი - 47 207,38
პროცედურული გარემოებები
კომპანიის საქმიანობაა საბითუმო ვაჭრობა ხე-ტყის მასალით (გადასახადის განმარტებით ამჟამად იგი აღნიშნულ სამეწარმეო საქმიანობას აღარ ახორციელებს). აუდიტის დეპარტამენტის 23.09.2021 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია 1.01.2019 წლიდან 1.09.2022 წლამდე პერიოდი. საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 30.09.2022 წლის №007-247 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 6.04.2023 წლის №7518 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.
შემოსავლების სამსახურის 6.04.2023 წლის №7518 ბრძანების აღსრულების შედეგად გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 11.05.2023 წლის დასკვნა და გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის 16.05.2023 წლის №007-114 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 20.06.2023 წლის №14200 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შემოსავლების სამსახურის 6.04.2023 წლის №7518 და 20.06.2023 წლის №14200 ბრძანებები გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. ნაღდი ფულის ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
გადასახადის გადამხდელს გარდა საბანკო ამონაწერებისა, ბუღალტრული აღრიცხვა, ჩგდ-ები, ხელშეკრულებები და სხვა ინფორმაცია/დოკუმენტაცია არ წარმოუდგენია, ვინაიდან უფლებამოსილი პირის განმარტებით აღნიშნული დოკუმენტაცია განადგურდა. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების, გადასახადის გადამხდელის წარმოდგენილი საბანკო ამონაწერების დამუშავების შედეგად განხორციელდა ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზი.
შედეგად, ნაღდი ფულის ნაშთი (მეთოდური მითითების გათვალისწინებით) საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ჩაითვალა დირექტორზე ---ზე (პ/ნ ---) გაცემულ ხელფასად და საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით დაიბეგრა გადახდის წყაროსთან 20%-იანი განაკვეთით (ერთიანი ელექტრონული ბაზების მონაცემებით გადასახადის გადამხდელს საქმიანობა აღარ უფიქსირდება 2020 წლის აპრილის თვიდან). აღნიშნულიდან გამომდინარე, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილით.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 305-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შემოსავლების სამსახურის მიერ მომჩივნისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ამ მომჩივანს უფლება აქვს, გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში გაასაჩივროს დავების განხილვის საბჭოში.
საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს მიერ პირისათვის ელექტრონული ფორმით გაგზავნილი დოკუმენტი ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ მისი გაცნობისთანავე.
საგადასახადო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 და მე-5 ნაწილების თანახმად:
2. ამ კოდექსით დადგენილი ვადის ათვლა იწყება შესაბამისი მოქმედების განხორციელების მომდევნო დღიდან. დღე შეიძლება იყოს სამუშაო ან კალენდარული. თუ არ არის მითითებული, დღე არის კალენდარული დღე. სამუშაო დღე ემთხვევა კალენდარულ დღეს, გარდა შაბათისა, კვირისა და საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს შრომის კოდექსი“ განსაზღვრული უქმე დღისა, თუ საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
5. მოქმედება, რომლის განხორციელებისათვის დადგენილია ვადა, შეიძლება განხორციელდეს ამ ვადის ბოლო სამუშაო დღის დამთავრებამდე, ხოლო თუ მოქმედება ხორციელდება საბანკო გადარიცხვით, საფოსტო გზავნილით ან/და ელექტრონული ფორმით − ამ ვადის ბოლო დღის 24 საათამდე.
საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ გასულია საჩივრის წარდგენის ვადა.
საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საჩივრის წარდგენის ვადის გასვლის შემდეგაც, თუ მომჩივანი დაამტკიცებს, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით იყო გამოწვეული.
შემოსავლების სამსახურის 11.07.2023 წლის №67298-21-04 წერილის მიხედვით, შემოსავლების სამსახურის 6.04.2023 წლის №7518 ბრძანება გაგზავნილია გადასახადის გადამხდელის ელექტრონულ პორტალზე 6.04.2023 წელს, რომელსაც გადასახადის გადამხდელი გაეცნო 10.04.2023 წელს. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურის 6.04.2023 წლის №7518 ბრძანების გასაჩივრება მომჩივანს შეეძლო 1.05.2023 წლის ჩათვლით (გასაჩივრების ვადის მე-20 დღე, 30.04.2023 წელი ემთხვევა არასამუშაო, კვირა დღეს). საჩივარი (№20201/2/2023) დავების განხილვის საბჭოში წარმოდგენილია ელექტრონულად 8.07.2023 წელს, მისი გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ.
მომჩივანს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება/არგუმენტაცია სადავო აქტის გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის მისგან დამოუკიდებელი მიზეზით დარღვევასთან დაკავშირებით. ამგვარად, ვინაიდან გასულია შემოსავლების სამსახურის 6.04.2023 წლის №7518 ბრძანების გასაჩივრების კანონმდებლობით დადგენილი ვადა და მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება სადავო აქტის გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის აღდგენის საფუძველი, საბჭოს მიაჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, უნდა დარჩეს განუხილველი.
2. შემოსავლების სამსახურის 6.04.2023 წლის №7518 ბრძანების აღსრულების შედეგები
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
აუდიტის დეპარტამენტის 11.05.2023 წლის დასკვნის მიხედვით, გადასახადის გადამხდელის მიერ გაანგარიშებულ ფულად სახსრებსა და შემოწმების მიერ გაანგარიშებულს შორის სხვაობა გამოწვეულია შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისისთვის არსებული დებიტორული დავალიანების საწყისი ნაშთის შესამოწმებელ პერიოდში ანაზღაურებით, რაც გადასახადის გადამხდელს გათვალისწინებული არ აქვს. გადასახადის გადამხდელი შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებას გაეცნო 10.04.2023 წელს, თუმცა რაიმე სახის დოკუმენტი, რაც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების შედეგებს ამ დრომდე არ არის წარმოდგენილი, შესაბამისად საგადასახადო ვალდებულებების ცვლილება აღნიშნულ ნაწილში არ მოხდა.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 304-ე მუხლის 21 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელის პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია, ვინაიდან სალაროში არსებული ნაღდი ფულის ნაშთის ოდენობის დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს დაევალა გაწეული ხარჯის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებების წარდგენა, რაც გადამხდელის მხრიდან არ შესრულებულა, კერძოდ გადამხდელს არ წარუდგენია რაიმე სახის დოკუმენტი, რაც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების შედეგებს. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა შემცირებას. ამასთან, გადამხდელს მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რაც შემოსავლების სამსახურის ბრძანებით არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული აუდიტის დეპარტამენტისთვის შესასრულებლად.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნისა და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
შესამოწმებელ პერიოდში კომპანიის ეკონომიკურ საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი ნავაჭრი შეადგენს 1 043 992 ლარს დღგ-ის გარეშე, შეძენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ღირებულება გადახდილი აქვს 894 265 ლარი, ასევე იჯარა შპს ---ზე გადახდილია 7 500 ლარი, იჯარა გადახდილი --- 5 500 ლარი. ბიუჯეტში გადახდილია 40 150 ლარი. 1 043 992-894 265-7 500-5 500-40 150=96 577 ლარი, ანუ მარტივი გათვლით ფულადი ნაშთი სალაროში შეადგენდა 96 577 ლარს და არა 355 210 ლარს. რაც შეეხება აღებული კრედიტის სესხად ჩათვლას, არასწორია, ვინაიდან აღნიშნული კრედიტით მიღებული თანხა მოხმარდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების შეძენას და ვადაზე ადრე იქნა კრედიტი უკან დაბრუნებული.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად:
1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.
3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე. საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
შემოსავლების სამსახურის 6.04.2023 წლის №7518 ბრძანებით, სალაროში არსებული ნაღდი ფულის ნაშთის ოდენობის დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს გაწეული ხარჯის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა შეისწავლოს/გამოიკვლიოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
აუდიტის დეპარტამენტის 11.05.2023 წლის დასკვნის მიხედვით, დოკუმენტი, რაც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების შედეგებს, გადასახადის გადამხდელს არ წარუდგენია. შესაბამისად, საგადასახადო ვალდებულებების ცვლილება აღნიშნულ ნაწილში არ მოხდა. ვინაიდან საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებისას მომჩივნის მიერ არ იქნა წარდგენილი დამატებით ინფორმაცია/დოკუმენტაცია, საბჭო აღნიშნავს, რომ აუდიტის დეპარტამენტის 5 11.05.2023 წლის დასკვნა გამოცემულია შემოსავლების სამსახურის 6.04.2023 წლის №7518 ბრძანების შესაბამისად და მიიჩნევს, რომ არ არსებობს სადავო აქტების გაუქმების და ამ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი პირველი დავის საგნის (ნაღდი ფულის ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა) ნაწილში დარჩეს განუხილველი;
2. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი:
1. ნაღდი ფულის ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა;
2. შემოსავლების სამსახურის 6.04.2023 წლის №7518 ბრძანების აღსრულების შედეგები.
ფაქტობრივი გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის 23.09.2021 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია 1.01.2019 წლიდან 1.09.2022 წლამდე პერიოდი. საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 30.09.2022 წლის №007-247 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 6.04.2023 წლის №7518 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. შემოსავლების სამსახურის 6.04.2023 წლის №7518 ბრძანების აღსრულების შედეგად გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 11.05.2023 წლის დასკვნა და გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის 16.05.2023 წლის №007-114 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 20.06.2023 წლის №14200 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 6.04.2023 წლის №7518 და 20.06.2023 წლის №14200 ბრძანებები გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
პირველი სადავო საკითხის ნაწილში საჩივარი საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე დარჩა განუხილველი.
მეორე სადავო საკითხის ნაწილში, ვინაიდან საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებისას მომჩივნის მიერ არ იქნა წარდგენილი დამატებით ინფორმაცია/დოკუმენტაცია, საბჭო აღნიშნავს, რომ აუდიტის დეპარტამენტის 5 11.05.2023 წლის დასკვნა გამოცემულია შემოსავლების სამსახურის 6.04.2023 წლის №7518 ბრძანების შესაბამისად და მიიჩნევს, რომ არ არსებობს სადავო აქტების გაუქმების და ამ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 305 (1); 44 (9); 3 (2, 5); 301 (ე); 299 (10); 136; 101; 154.