საქართველოში რეგისტრირებული ორგანიზაციის მიერ შემოწირულების გაცემა N 2534
📄 სრული ტექსტი
სიტუაციური სახელმძღვანელო
საქართველოში რეგისტრირებული ორგანიზაციის მიერ შემოწირულების გაცემა N 2534
ფაქტობრივი გარემოებები
· საქართველოში რეგისტრირებული ორგანიზაცია (ა(ა)იპ), ახორციელებს ორგანიზაციებზე შემოწირულების (ფულადი სახსრების) გაცემას (მათ შორის უმაღლესი განათლების განვითარების ხელშეწყობისათვის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საქართველოს მოქალაქე სტუდენტზე შემდგომში სწავლის საფასურის ასანაზღაურებლად გრანტის გაცემის მიზნით).
· ვარიანტი I: შემოწირულება (ფულადი სახსრები) გაცემულ იქნა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირზე, რომელსაც მინიჭებული აქვს საქველმოქმედო ორგანიზაციის სტატუსი.
· ვარიანტი II: შემოწირულება (ფულადი სახსრები) გაცემულ იქნა უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირზე, რომელსაც საქართველოში არ აქვს ფილიალი და ასევე, მინიჭებული არ აქვს საქველმოქმედო ორგანიზაციის სტატუსი.
· გადასახადის გადამხდელს მოგების გადასახადის ნაწილში საგადასახადო ანგარიშგება არ განუხორციელებია.
შეფასება
· სსკ-ის 30-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა"ქვეპუნქტის შესაბამისად, ორგანიზაციად ითვლება როგორც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი, ასევე უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი. სსკ-ის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ეკონომიკურ საქმიანობად ითვლება ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც ხორციელდება მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მისაღებად, მიუხედავად ასეთი საქმიანობის შედეგებისა, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. სსკ-ის მე-8 მუხლის მე-40 ნაწილის მიხედვით, შემოწირულება არის ორგანიზაციის მიერ უსასყიდლოდ მიღებული საქონელი/მომსახურება, მათ შორის, ფულადი სახსრები. სსკ-ის მე-9 მუხლის მე-2 ნაწილის"ბ" ქვეპუნქტის თანახმად, ეკონომიკურ საქმიანობას არ მიეკუთვნება საქველმოქმედო საქმიანობა. სსკ-ის მე-10 მუხლის პირველი ნაწილის "ა.გ" ქვეპუნქტის შესაბამისად, საქველმოქმედო საქმიანობად ითვლება საქველმოქმედო ორგანიზაციებისათვის დახმარების უშუალოდ ან მესამე პირის მეშვეობით, ნებაყოფლობით და უანგაროდ გაწევა. სსკ-ის 30-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ ორგანიზაცია ახორციელებს ეკონომიკურ საქმიანობას, მისი ქონებისა და საქმიანობის ნაწილი, რომელიც უშუალოდ დაკავშირებულია მის ეკონომიკურ საქმიანობასთან, ითვლება საწარმოს ქონებად და საქმიანობად, ხოლო იმ ნაწილში, სადაც ამის გამიჯვნა შეუძლებელია, ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული ქონებისა და საქმიანობის გამოანგარიშების მიზნით გამოიყენება ორგანიზაციის მიერ მიღებულ შემოსავალში ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლის ხვედრითი წილი. სსკ-ის 96-ე მუხლის „ა" ქვეპუნქტის შესაბამისად, მოგების გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი საწარმო.
· ორივე ვარიანტში: იმის გათვალისწინებით, რომ ორგანიზაციებზე ფულადი სახსრების გაცემის მიზანი არ არის მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მიღება, ორგანიზაციის (ა(ა)იპ) მიერ შემოწირულების გაცემა არ წარმოადგენს ეკონომიკურ საქმიანობას. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, საქართველოში რეგისტრირებული ორგანიზაცია (ა(ა)იპ) არ განიხილება საწარმოდ და მოგების გადასახადის ნაწილში საგადასახადო ვალდებულება არ წარმოეშობა.
ღონისძიებები
· ორივე ვარიანტში: პირის ქმედებაში საგადასახადო სამართალდარღვე ვა არ იკვეთება და საგადასახადო ვალდებულების დაკისრება არ ხდება.
სიტუაციური სახელმძღვანელო დამტკიცებულია 2018 წლის 12 თებერვლისთვის მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის მიხედვით