ძირითად საშუალებებზე გადახდილი დღგ-ის ხარჯად აღიარება N 0240
📄 სრული ტექსტი
სიტუაციური სახელმძღვანელო
ძირითად საშუალებებზე გადახდილი დღგ-ის ხარჯად აღიარება N 0240
ფაქტობრივი გარემოებები
•საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით შეძენილია გრძელვადიანი აქტივი (ძირითადი საშუალება), რომლის გამოყენება გათვალისწინებულია ჩათვლის უფლების გარეშე დღგ-საგან გათავისუფლებულ ოპერაციებში, თუმცა ტექნიკურად შესაძლებელია მისი გამოყენება ჩათვლის უფლებით დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციებშიც
•I ვარიანტი: პირი დღგ-ის გადამხდელია, მან ანგარიშ-ფაქტურის მიხედვით ჩათვლა არ განახორციელა და აქტივის შეძენის წელსვე დღგ-ის თანხა მთლიანად გამოქვითა ერთობლივი შემოსავლიდან (სხვა ხარჯების სახით)
•II ვარიანტი: პირი დღგ-ის გადამხდელია, მან ანგარიშ-ფაქტურის მიხედვით ჩათვლა არ განახორციელა, დღგ-ის თანხა დაუმატა აქტივის თვითღირებულებას და გამოქვითა ამორტიზაციის დარიცხვის გზით (პირის ასეთ ქმედებას არ გამოუწვევია ჯამური საგადასახადო ვალდებულების შემცირება)
•III ვარიანტი: პირი დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული არ არის და მან აქტივის შეძენის წელსვე დღგ-ის თანხა მთლიანად გამოქვითა ერთობლივი შემოსავლიდან
შეფასება
•I ვარიანტში დღგ, როგორც შესაბამის შემთხვევაში ბიუჯეტთან ანგარიშსწორებისას ჩასათვლელი (დაბრუნებადი) თანხა, უპირობოდ არ განიხილება აქტივის ღირებულებაში შესატან დანახარჯად, ასეთად იგი მიიჩნევა იმ პირთან მიმართებაში, რომლისთვისაც გადახდილი (გადასახდელი) დღგ არ წარმოშობს ჩათვლის (დაბრუნების)უფლებას ბიუჯეტთან ანგარიშსწორებისას. ვინაიდან გადამხდელს შესაძლოა წარმოეშვას დღგ-ის ჩათვლის უფლება შესაბამისად გადახდილი დღგ ძირითადი საშუალებების ღირებულებაში არ შეიტანება და მისი გამოქვითვა შეძენის წელსვე მართლზომიერია
•II ვარიანტში ისევე როგორც პირველ ვარიანტში, დღგ უპირობოდ არ განიხილება აქტივის ღირებულებაში შესატან დანახარჯად, მაგრამ ვინაიდან პირის ქმედება არ ყოფილა მოტივირებული და არ გამოუწვევია ჯამური საგადასახადო ვალდებულებების შემცირება, ასეთ შემთხვევაშიც პირის ქმედება არ უნდა ჩაითვალოს საგადასახადო სამართალდარღვევად
•III ვარიანტში ვინაიდან პირი დღგ-ის გადამხდელი არ არის, დღგ უნდა დაემატოს ძირითადი საშუალებების ღირებულებას და ხარჯად აღიარდეს სსკ-ის 111-ე ან 112-ე (ძვ. 183-ე) მუხლებით განსაზღვრული ამორტიზაციის ნორმების შესაბამისად
ღონისძიებები
•I და II ვარიანტში პირის ქმედებაში საგადასახადო სამართალდარღვევა არ იკვეთება და დამატებითი საგადასახადო ვალდებულებების დაკისრება არ ხდება
•III ვარიანტში თუ პირი არ იყენებს სრულად გამოქვითვის მეთოდს, მაშინ უნდა გადაანგარიშდეს (შემცირდეს) გამოსაქვითი ხარჯი
•III ვარიანტში დეკლარაციაში გადასახადის შემცირების შემთხვევაში, პირი დაჯარიმდება სსკ-ის 275-ე (ძვ.132-ე) მუხლის შესაბამისად
III ვარიანტში დღგ არ ექვემდებარება ჩათვლას იმ შემთხვევაშიც, თუ პირს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის შემთხვევაში ნაშთად ექნება აღნიშნული ძირითადი საშუალება
სახელმძღვანელო დამტკიცებულია 2011 წლის ივნისისათვის მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის მიხედვით და ვრცელდება წინა საგადასახადო პერიოდებზეც
შემოსავლებისა და გამოქვითვების საკითხზე გამოცემული სიტუაციური სახელმძღვანელოები ვრცელდება მხოლოდ იმ პირებზე, რომლებიც მოგების გადასახადით არ იბეგრებიან სსკ-ის 97-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტების მიხედვით