N 410 - 21/08/2026 - „ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო და ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 20 სექტემბრის №463 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მთავრობის დადგენილებაში ცვლილება 21.09.2026
№ დოკუმენტი 410
სტატუსი მოქმედი
მიმღები საქართველოს მთავრობა

📄 სრული ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №410

2026 წლის 21 აგვისტო

ქ. თბილისი

„ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო და ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 20 სექტემბრის №463 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო და ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 20 სექტემბრის №463 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 24/09/2019, 340170000.10.003.021483) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესის“:

1. მე-2 მუხლს „ჰ15“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჰ16“ და „ჰ17“ ქვეპუნქტები:

„ჰ16) Diva (დაინფიცირებული და ვაქცინირებული ცხოველის დიფერენცირება) − ვაქცინაცია ვაქცინის გამოყენებით, რომელიც შესაძლებელს ხდის დაინფიცირებული ცხოველის გამოვლენას ვაქცინირებულ პოპულაციაში, შესაბამისი სეროლოგიური დიაგნოსტიკური მეთოდებით;

ჰ17) DIVA ვაქცინირებული ცხოველი − DIVA ვაქცინაციის ფარგლებში ვაქცინირებული ცხოველი.“.

 

2. დანართ №8-ის „საქართველოში ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის იმპორტის ვეტერინარული მოთხოვნები“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოში შემოსაყვანად დაიშვება ექსპორტიორ ქვეყანაში დაბადებული და გამოზრდილი ჯანმრთელი სანაშენე მსხვილფეხა პირუტყვი არაუმეტეს 8 თვის მაკეობისა, რომელიც არ არის ვაქცინირებული ბრუცელოზის, თურქულისა და ლეპტოსპიროზის საწინააღმდეგოდ, ან ვაქცინირებულია მხოლოდ DIVA ვაქცინით და გამოდის მეურნეობიდან და ადმინისტრაციული ტერიტორიიდან, რომელიც თავისუფალია ცხოველთა გადამდები დაავადებების მიმართ, მათ შორის:

ა) მსხვილფეხა პირუტყვის ღრუბლისებური ენცეფალოპათიისა − ქვეყანა ბოლო 5 წლის განმავლობაში;

ბ) მსხვილფეხა პირუტყვის ჭირი, კონტაგიოზური პლევროპნევმონია, ვეზიკულური სტომატიტი – ქვეყანა ბოლო 24 თვის განმავლობაში;

გ) თურქული – ქვეყანა ბოლო 12 თვის განმავლობაში;

დ) ბრუცელოზი, ტუბერკულოზი, პარატუბერკულოზი − მეურნეობა ბოლო 6 თვის განმავლობაში;

ე) ლეიკოზი – მეურნეობა ბოლო 12 თვის განმავლობაში;

ვ) ლეპტოსპიროზი – მეურნეობა ბოლო 3 თვის განმავლობაში;

ზ) ჯილეხი – მეურნეობა ბოლო 20 დღის განმავლობაში.“.

 

მუხლი 2

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე

 

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე