გადაწყვეტილება №18286/2/2022

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება საჩივრის თაობაზე 02.02.2023
№ დოკუმენტი 18286/2/2022
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№18286/2/2022

2.02.2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ --------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 2.02.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ---------- 24.11.2022 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №18286/2/2022).

 

დავის საგანი:

1. საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით და შემოწმების შედეგად დადგენილი ფასნამატი;

2. არაპირდაპირი მეთოდით დადგენილი შემოსავლის დირექტორის ხელფასად ჩათვლა;

3. უარი საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლით დაკისრებული ჯარიმისგან გათავისუფლებაზე.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 6.04.2022 წლის №002-48 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 27.09.2022 წლის №24663 ბრძანება

 

დარიცხული თანხა: 22 257 ლარი.

მათ შორის: გადასახადი - 12 118

დღგ - 8 649

საშემოსავლო გადასახადი - 3 469

ჯარიმა - 6 159

საურავი - 3 980

 

პროცედურული გარემოებები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა საკვებით, სასმელებით და თამბაქოს ნაწარმით ვაჭრობა. აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2019 წლიდან 12.01.2022 წლამდე პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება. საგადასახადო შემოწმების შედეგები აისახა 31.03.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 6.04.2022 წლის №8649 ბრძანება და ამავე თარიღის №002-48 საგადასახადო მოთხოვნა.

აღნიშნული აქტები 5.05.2022 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 27.09.2022 წლის №24663 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით და შემოწმების შედეგად დადგენილი ფასნამატი

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელი არ ახორციელებს ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესით, კერძოდ, შეუძლებელია თითოეული ოპერაციის დაწყებისა და დასრულების მიმდინარეობაზე კონტროლი, არ იშიფრება საქონლის სახეობრივი ჩამოწერები და არ ხდება კონტროლი სასაქონლო მარაგების მოძრაობაზე.

2019 წლის საანგარიშო პერიოდში გადასახადის გადამხდელთან ჩატარებულია მიმდინარე კონტროლის ღონისძიებები, კერძოდ, საკონტროლო შესყიდვები და ერთ შემთხვევაში დაფიქსირებულია გაფრთხილება (საგადასახადო კოდექსის 281-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად). შემოწმების პროცესში საკონტროლო შესყიდვის მონაცემებით დაფიქსირებული საშუალო შეწონილი ფასნამატი 19%-ის ოდენობით, განსხვავდება დეკლარირებული ფასნამატისაგან, რომელიც შეადგენს 3%-ს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით და საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისთვის გამოყენებულია არაპირდაპირი მეთოდი. კერძოდ, შესამოწმებელ პერიოდში შეძენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები დაიყო 18 კატეგორიად, ხოლო გადამხდელის მიერ წარდგენილ ახსნა-განმარტებაში დაფიქსირებული საწყისისაბოლოო ნაშთები შეძენილი სმფ-ების პროპორციულად ჩაიშალა აღნიშნულ კატეგორიებად, შესაბამისად განისაზღვრა თითოეული კატეგორიის რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება და რპთ-ზე კატეგორიების მიხედვით გავრცელდა საკონტროლო შესყიდვის ფასნამატი. ხოლო ისეთ კატეგორიაზე, რაზეც საკონტროლო შესყიდვა არ ფიქსირდებოდა, გამოყენებულია მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირის აუდირებული ფასნამატი კატეგორიების მიხედვით (მერყეობს 7%-38%-ის ფარგლებში).

აღნიშნულის გათვალისწინებით განისაზღვრა საქონლის რეალიზაციიდან მიღებული დასაბეგრი ბრუნვა და გადანაწილებულ იქნა დეკლარირებული 18%-იანი დასაბეგრი ბრუნვების პროპორციულად.

ამასთან, გადასახადის გადამხდელს უფიქსირდება დოკუმენტურად დადასტურებული (გამოწერილია ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები) გაწეული მომსახურება 1 687 ლარის (დღგ-ის გარეშე) ოდენობით. ჯამურად, შემოწმების შედეგად განსაზღვრულმა დღგ-ით დასაბეგრმა 18%-იანმა ბრუნვამ შეადგინა 389 101 ლარი დღგ-ის გარეშე (2019 წელს 381 256 ლარი და 2020 წელს 7 844 ლარი). შესაბამისად, გამოვლენილ სხვაობას დაერიცხა დღგ და მომჩივანს დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ გადასახადის გადამხდელი შესამოწმებელ პერიოდში არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, კერძოდ, შეუძლებელია თითოეული ოპერაციის დაწყებისა და დასრულების მიმდინარეობაზე კონტროლი, არ იშიფრება საქონლის სახეობრივი ჩამოწერები და არ ხდება კონტროლი სასაქონლო მარაგების მოძრაობაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებათა განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განხორციელდა მართლზომიერად. ხოლო რაც შეეხება არაპირდაპირი მეთოდით საგადასახადო ვალდებულებების გაანგარიშებისას გამოყენებულ ფასნამატს, შემოწმების პროცესში საკონტროლო შესყიდვის მონაცემებით დაფიქსირებული საშუალო შეწონილი ფასნამატი შეადგენს 19%-ს, ხოლო დეკლარირებული ფასნამატი შეადგენს 3%-ს.

შესამოწმებელ პერიოდში შეძენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები შემოწმების მიერ დაიყო 18 კატეგორიად, ხოლო გადამხდელის მიერ წარდგენილ ახსნა-განმარტებაში დაფიქსირებული საწყისი-საბოლოო ნაშთები შეძენილი სმფ-ების პროპორციულად ჩაიშალა აღნიშნულ კატეგორიებად, შესაბამისად, განისაზღვრა თითოეული კატეგორიის რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება და რპთ-ზე კატეგორიების მიხედვით გავრცელდა საკონტროლო შესყიდვის ფასნამატი. ხოლო ისეთ კატეგორიაზე, რაზეც საკონტროლო შესყიდვა არ ფიქსირდებოდა, გამოყენებულია მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირის აუდირებული ფასნამატი კატეგორიების მიხედვით, რომელიც მერყეობს 7%-დან 38%-მდე. შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე მომჩივნის მხრიდან არ წარდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი რაიმე დოკუმენტაცია/მტკიცებულება (მათ შორის, ფასნამატის გაანგარიშების ცხრილი) რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

მომჩივნის არგუმენტაცია კომპანიის ერთპიროვნულმა დამფუძნებელმა და დირექტორმა გადაწყვიტა კომპანიის ლიკვიდაცია და ბოლო ორი წლის განმავლობაში ახორციელებდა მხოლოდ კომპანიაში არსებული საქონლის ამოყიდვას და არ ახორციელებდა საქონლის შესყიდვას, რაც გავლენას ახდენდა სარეალიზაციო ფასზე. კომპანია საქმიანობას არ ახორციელებდა და 2021 წელს ოფიციალურად დაწყებულია ლიკვიდაცია.

მიუხედავადა აღნიშნულისა აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა კომპანიის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება, როდესაც 2021 წელს განხორციელდა რეგისტრაცია და ოფიციალურად ცნობილი გახდა კომპანიის ლიკვიდაციის შესახებ შესამოწმებელი პერიოდად განისაზღვრა სწორედ ის პერიოდი რა პერიოდიც მიუთითა კომპანიამ რომ აღარ ფუნქციონირებდა და შესაბამისად, აღარ არსებობდა დაბეგვრის ობიექტი.

შემოსავლების სამსახურმა არასწორად და სრულიად უკანონოდ, არამართლზომიერად განსაზღვრა საგადასახადო ვალდებულება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. კომპანია არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას შემოწმების მიერ გამოყენებულ ფასნამატს და არ არსებობს საშუალო შეწონილი ფასნამატის გამოყენების აუცილებლობა, ვინაიდან წარდგენილი დოკუმენტაციით და საკონტროლო შესყიდვით დადგენილი იყო ყველა საქონლის ფასი, კომპანიის ლიკვიდაციის გამო ბოლო ორი წლის განმავლობაში ხორციელდებოდა მხოლოდ კომპანიაში არსებული საქონლის ამოყიდვა.

მომჩივანი წარმოადგენს იჯარის ხელშეკრულებას, რომლის თანახმად 2019 წლის დეკემბრიდან ჰქონდა დაკავებული 20 კვ.მ ფართი.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

ამავე კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

ამავე კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე):

ა) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა;

ბ) ერთზე მეტი ნებისმიერი შემდეგი პირობის არსებობისას:

ბ.ა) ადგილი აქვს პირის აქტივების დაუსაბუთებელ ზრდას;

ბ.ბ) პირის მიერ ეკონომიკური საქმიანობისათვის ან/და პირადი მოხმარებისათვის გაწეული ხარჯი აჭარბებს დეკლარირებულ შემოსავალს;

ბ.გ) მიმდინარე საგადასახადო კონტროლის ღონისძიებების შედეგად საგადასახადო შემოწმების დაწყების შესახებ საგადასახადო ორგანოს შესაბამისი აქტით განსაზღვრულ შესამოწმებელ პერიოდში გამოვლენილია პირის მიერ საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ორი ან მეტი შემთხვევა;

ბ.დ) გამოვლენილია არსებითი სხვაობა პირის მიერ საგადასახადო ორგანოსათვის წარდგენილ/დეკლარირებულ დაბეგვრასთან დაკავშირებულ მონაცემებსა და მიმდინარე საგადასახადო კონტროლის ღონისძიებების შედეგად ფაქტობრივად დაფიქსირებულ მონაცემებს შორის.

საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.

ამავე კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა, რომლის დროსაც დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა.

მოქმედი საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია:

ა) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება;

ბ) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა.

ამავე კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

დადგენილია, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით.

მომჩივანს მიაჩნია, რომ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენება არამართლზომიერია, არ ეთანხმება შემოწმებით დადგენილ ფასნამატს და აღნიშნავს, რომ არ არსებობს საშუალო შეწონილი ფასნამატის გამოყენების აუცილებლობა, ვინაიდან წარდგენილი დოკუმენტაციით და საკონტროლო შესყიდვით დადგენილი იყო ყველა საქონლის ფასი, კომპანიის ლიკვიდაციის გამო ბოლო ორი წლის განმავლობაში ხორციელდებოდა მხოლოდ კომპანიაში არსებული საქონლის ამოყიდვა.

აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა მომჩივნის არგუმენტზე განმარტა, რომ შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელის ძირითადი საქმიანობა დაკავშირებული იყო 2019 წლის განმავლობაში შეძენილი საქონლის რეალიზაციასთან, რომელიც 2020 წელს სრულად ამოიყიდა. გადამხდელი მის ხელთ არსებულ დოკუმენტებში გულისხმობს შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებულ და საგადასახადო ორგანოსთვის ხელმისაწვდომ ელექტრონულ სასაქონლო ზედნადებებს და საგადასახადო ანგარიშფაქტურებს. 2019 წლის საანგარიშო პერიოდში გადასახადის გადამხდელთან რამდენჯერმე ჩატარებულია საკონტროლო შესყიდვა, რომლის შედეგადაც დაფიქსირებული საშუალო შეწონილი ფასნამატი 19%-ის ოდენობით, განსხვავდება დეკლარირებული ფასნამატისაგან (3%). რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე კატეგორიების მიხედვით გავრცელდა საკონტროლო შესყიდვის ფასნამატი. ხოლო, ისეთ კატეგორიაზე (მთლიანი რეალიზებული ბრუნვის დაახლოებით 1%-ზე), რაზეც საკონტროლო შესყიდვა არ ფიქსირდებოდა, გამოყენებულია მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირის აუდირებული ფასნამატი კატეგორიების მიხედვით (რომელიც მერყეობს 7%-38%-ის ფარგლებში).

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან, მომჩივანი არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით, რის გამოც შეუძლებელი გახადა დაბეგვრის ობიექტის დადგენა, საბჭოს მიაჩნია, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა და შემოწმების შედეგად დადგენილი ფასნამატის გამოყენება მართებულია, არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის ამ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველი.

 

2. არაპირდაპირი მეთოდით დადგენილი შემოსავლის დირექტორის ხელფასად ჩათვლა

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელის წარდგენილი საბანკო ამონაწერისა და სხვა სააღრიცხვო ინფორმაციის დამუშავების შედეგად განხორციელდა ფულის ნაშთის გაანგარიშება, კერძოდ, შემოწმებით დადგენილ შემოსავალს გამოაკლდა გაწეული ხარჯები (მათ შორის, დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯები, გადახდილი ხელფასები და ბიუჯეტში გადახდილი გადასახადები, ასევე, გათვალისწინებულია კომპანიის მიერ ბანკიდან აღებულ სესხზე გადახდილი ძირი და პროცენტი) და გაანგარიშდა ფულის ნაშთი 12.01.2022 წლის მდგომარეობით (13 874 ლარი), რაც ჩაითვალა დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად და საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის საფუძველზე, 2022 წლის იანვრის თვეში, დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. საწარმოს ასევე დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებზე, სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

კომპანიის ერთპიროვნული დამფუძნებლის და დირექტორის მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი განეკუთვნება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-4 ნაწილის და მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად:

4. თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

9. საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

ამავე კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

მოპასუხე ორგანოს წარმომადგენლის განმარტებით, პირველ დავის საგანში მითითებული გარემოებების შედეგად დადგინდა 2019-2020 წელს საქონლის რეალიზაციის შედეგად განსაზღვრული შემოსავლები, რასაც გამოაკლდა გაწეული ხარჯები (მათ შორის, დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯები, გადახდილი ხელფასები და ბიუჯეტში გადახდილი გადასახადები, ასევე, გათვალისწინებულია კომპანიის მიერ ბანკიდან აღებულ სესხზე გადახდილი ძირი და პროცენტი), გადამხდელის მიერ წარდგენილი საიჯარო ხარჯის დოკუმენტები და მიღებული ნაშთი დაკვალიფიცირდა ხელფასად.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებული ფულის ნაშთის კორექტირების და საჩივრის ამ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველი.

 

3. უარი საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლით დაკისრებული ჯარიმისგან გათავისუფლებაზე

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

გადასახადის გადამხდელმა 28.12.2021 წელს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარადგინა განაცხადი ლიკვიდაციის პროცესის დაწყების რეგისტრაციასთან დაკავშირებით, ხოლო სალიკვიდაციო დეკლარაცია საგადასახადო კოდექსის 153-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად არ წარუდგენია, რის გამოც დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლის შესაბამისად 100 ლარის ოდენობით.

ასევე, მომჩივანს საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირებისათვის დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად 6 159 ლარის ოდენობით, მათ შორის დღგ-ში 4 324 ლარის და საშემოსავლო გადასახადში 1 734 ლარის ოდენობით.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური განმარტავს, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია, საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლით დაკისრებული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

კომპანია მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში, რის შესაბამისადაც უნდა გათავისუფლდეს დაკისრებული ჯარიმისგან.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით შეფარდებული ჯარიმისგან გათავისუფლების მოთხოვნის ნაწილში უნდა დარჩეს განუხილველი, ხოლო დანარჩენ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

მომჩივანი ითხოვს გათავისუფლდეს დაკისრებული ჯარიმისგან. საგადასახადო შემოწმების შედეგად მომჩივანს ჯარიმა შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 291-ე და 275-ე მუხლების შესაბამისად. შემოსავლების სამსახურში წარდგენილი საჩივრით გადამხდელი ითხოვდა მხოლოდ საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლით დაკისრებული ჯარიმისაგან გათავისუფლებას.

საბჭო მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დავების განხილვის საბჭო საჩივარს განიხილავს შემოსავლების სამსახურში გასაჩივრებული დავის საგნის ფარგლებში.

საბჭო ვერ განიხილავს მომჩივნის მოთხოვნას, საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით შეფარდებული ჯარიმისგან გათავისუფლებაზე, ვინაიდან იგი შემოსავლების სამსახურში 5.05.2022 წელს საჩივრის წარდგენისას მოითხოვდა მხოლოდ 291-ე მუხლით დაკისრებული ჯარიმისგან გათავისუფლებას, რომელიც შემოსავლების სამსახურის 27.09.2022 წლის №24663 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა.

ამდენად, საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-3 ნაწილის შინაარსის გათვალისწინებით, საბჭო მოკლებულია შესაძლებლობას, იმსჯელოს იმ საკითხზე, რომელიც სადავოდ არ გამხდარა შემოსავლების სამსახურში დავის წარმოებისას. აღნიშნულიდან გამომდინარე, საჩივარი საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით შეფარდებული ჯარიმისგან გათავისუფლების მოთხოვნის ნაწილში უნდა დარჩეს განუხილველი.

რაც შეეხება საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლით შეფარდებული ჯარიმისგან გათავისუფლებას, საბჭო მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლზე, რომლის თანახმად, პირის მიერ ამ კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა, რისთვისაც ამავე კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა, მაგრამ არ არის განსაზღვრული ჯარიმის ოდენობა, იწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

გადასახადი გადამხდელს სამეწარმეო საქმიანობაში აკისრია გულისხმიერების ვალდებულება და ეს ვალდებულება უნდა შეასრულოს ჯეროვნად და სრულად. ნებისმიერი შეცდომა არ წარმოადგენს სანქციისაგან გათავისუფლების საფუძველს. მხარემ უნდა დაამტკიცოს, რომ შეცდომა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობის და უხეში გაუფრთხილებლობით არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად.

საბჭო იზიარებს შემოსავლების სამსახურის პოზიციას სადავო საკითხთან მიმართებით და მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან სამართალდარღვევის ჩადენა გამოწვეულია მისი შეცდომით/არცოდნით.

ამგვარად, არ არსებობს საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლით დაკისრებული ჯარიმისგან საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით და

გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი, საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით შეფარდებული ჯარიმისგან გათავისუფლების მოთხოვნის ნაწილში, დარჩეს განუხილველი;

2. საჩივარი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდეს;

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.