ერთობლივი შემოსავლის განსაზღვრა N 2134
📄 სრული ტექსტი
სიტუაციური სახელმძღვანელო
ერთობლივი შემოსავლის განსაზღვრა N 2134
ფაქტობრივი გარემოებები
· შპს ეწევა ზოგად საგანმანათლებლო საქმიანობას (საშუალო სკოლა), შემოსავლებს და ხარჯებს საზოგადოება აღრიცხავს საკასო მეთოდით. სწავლის საფასური ერთ მოსწავლეზე შეადგენს 400 ლარს.
· სკოლას შემოსავალში აღებული აქვს მხოლოდ განათლების სამინისტროს მიერ ჩარიცხული თანხები(ვაუჩერი), ხოლო მოსწავლეების მიერ სწავლის საფასურის გადახდა, საზოგადოების პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაციით ვერ დგინდება.
· შემოწმების პროცესში გამოიკითხა მოსწავლეების (მშობლების) ნაწილი შერჩევით, რომელთა 65%-ის განცხადებით სწავლის საფასურს იხდიდნენ სრულად, სკოლის დირექციაში (გადამხდელს საკონტროლო-სალარო აპარატი არ აქვს) ხოლო მოსწავლეთა 35 % საერთოდ არ იხდიდა სწავლის საფასურს
· საწარმოს დებიტორ-კრედიტორული დავალიანება არ გააჩნია
შეფასება
· სსკ-ის 136-ე მუხლის მე-2 (ძვ. 199-ე მუხლის პირველი) ნაწილის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელი შემოსავლებისა და ხარჯების აღსარიცხავად იყენებს საკასო ან დარიცხვის მეთოდს, იმის მიხედვით, თუ რომელ მეთოდს იყენებს ბუღალტრული აღრიცხვისათვის, ამასთან ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების რეგულირების შესახებ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მიხედვით კერძო სამართლის იურიდიული პირი (მცირე საწარმოსა და არაკომერციული იურიდიული პირის გარდა) ვალდებულია ბუღალტრული აღრიცხვა და ფინანსური ანგარიშგება აწარმოოს ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებისა და ბუღალტრული აღრიცხვის დროებითი სტანდარტების შესაბამისად, ხოლო ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტის მიხედვით ფინანსური ანგარიშგება უნდა მომზადდეს დარიცხვის მეთოდის გამოყენებით (სტანდარტი I ,,ფინანსური ანგარიშგების წარდგენა" პუნქტი 27), გამომდინარე აქედან, გადამხდელი ვალდებული იყო შემოსავლებისა და ხარჯების აღსარიცხავად გამოეყენებინა დარიცხვის მეთოდი.
· მომხმარებელთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას შესაბამისი მონაცემები აღირიცხება საკონტროლო-სალარო აპარატით.
· შემოწმებისას გამოკითხული მოსწავლეების პროცენტული წილის პროპორციულად ჩაითვლება, რომ სკოლის მოსწავლეთა 65-%-მა სრულად გადაიხადა სწავლის საფასური ნაღდი ანგარიშსწორებით, ხოლო დარჩენილ 35%-ს საწარმომ გაუწია უსასყიდლოდ მომსახურება.
· შესაბამისად მიღებული და მისაღები თანხები უნდა ჩაირთოს საზოგადოების ერთობლივ შემოსავალში.
· ვინაიდან ფულადი სახსრების მიღება დასტურდება (მოსწავლეთა 65%), მიღებული თანხები ჩაითვლება ხელფასის სახით განაცემად და დაიბეგრება სსკ-ით დადგენილი წესით.
ღონისძიებები
· გაიზრდება საწარმოს ერთობლივი შემოსავალი, საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი თანხა და გამოქვითვას დაქვემდებარებული ხარჯები (ხელფასად ჩათვლილი მიღებული თანხებით)
· დეკლარაციაში გადასახადის შემცირების შემთხვევაში საწარმო დაჯარიმდება სსკ-ის 275-ე (ძვ. 132-ე ) მუხლით
· პირი დაჯარიმდება მომხმარებელთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას საკონტროლო-სალარო აპარატის გარეშე მუშაობისთვის - სსკ-ის 281-ე (ძვ. 139-ე) მუხლით
2008 წლის პირველ იანვრამდე საანგარიშო პერიოდში საწარმოს დაერიცხება კუთვნილი სოციალური გადასახადი.
სახელმძღვანელო დამტკიცებულია 2011 წლის 5 სექტემბრისათვის მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის მიხედვით და ვრცელდება წინა საგადასახადო პერიოდებზეც
შემოსავლებისა და გამოქვითვების საკითხზე გამოცემული სიტუაციური სახელმძღვანელოები ვრცელდება მხოლოდ იმ პირებზე, რომლებიც მოგების გადასახადით არ იბეგრებიან სსკ-ის 97-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტების მიხედვით