ბრძანება N 17712-2

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 30.06.2020
№ დოკუმენტი 17712-2
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 17712

30/06/2020

შპს ----- ს

(მის.: ქ. -------)

სადავო საკითხთან დაკავშირებით საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2020 წლის 12 ივნისს გამართულ სხდომაზე (ოქმი №39) განიხილა შპს ----- ს 2019 წლის 23 დეკემბრის №48159/1/2019 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2019 წლის 25 ნოემბრის №021-149 „საგადასახადო მოთხოვნასთან“ დაკავშირებით.

სადავო საკითხი :

არ ეთანხმება ჩასათვლელი მოგების გადასახადის შემცირებას, C სიდიდის გაზრდას და მიუთითებს, რომ მთელი რიგი შეცდომებით არის გაანგარიშებული წმინდა მოგების ოდენობა.

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2019 წლის 12 ივლისის №23366 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს ----- ს საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება ბიუჯეტთან ანგარიშსწორების კუთხით. შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვრა 2016 წლის 01 იანვრიდან 2019 წლის 01 ივნისამდე საანგარიშო პერიოდი. შემოწმების შედეგებზე, 2019 წლის 20 ნოემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რის საფუძველზეც გამოიცა 2019 წლის 22 ნოემბრის №40636 ბრძანება და გადამხდელს წარედგინა 2019 წლის 25 ნოემბრის №021-149 „საგადასახადო მოთხოვნა“, რომლის მიხედვით გადამხდელის საგადასახადო ვალდებულება დამატებით განისაზღვრა სულ 802 496 ლარით, მათ შორის: გადასახადი 401 583 ლარი, ჯარიმა 244 058 ლარი, ხოლო საურავი 156 855 ლარი.

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, სადავო საკითხთან დაკავშირებით დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

სადავო საკითხთან დაკავშირებით, საწარმო შესამოწმებელ პერიოდში გასცემს დივიდენდებს დამფუძნებელ ფიზიკურ პირებზე, რასაც 2016 წლის შემდგომ საანგარიშო პერიოდებზე ადეკლარირებს შესაბამისი პერიოდის მოგების გადასახადის დეკლარაციით და პარალელურად ახორციელებს წინა პერიოდებში დარიცხული და გადახდილი მოგების გადასახადის ჩათვლას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 93-ე ნაწილის საფუძველზე. გადასახადის გადამხდელი 2008 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდებში მიღებულ წმინდა მოგებას (ცვლადი „C“) ადეკლარირებს 2 591 005 ლარის ოდენობით, თუმცა აღნიშნული ციფრი შეუსაბამობაშია შემოწმების მიერ ფინანსურ მოგებასა და საგადასახადო მოგებას შორის განსხვავების განმაპირობებელი იდენტიფიცირებადი მიზეზების გათვალისწინებით განსაზღვრულ ციფრებთან. შემოწმებით 2008 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდებში მიღებული წმინდა მოგების გაანგარიშება განხორციელდა შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზების მონაცემებისა და გადამხდელის პირველადი საგადასახადო დოკუმენტაციის ანალიზით. აღნიშნული სიდიდე, შემოწმებით შეადგენს 3 795 059 ლარს. ამასთან, გადასახადის გადამხდელს არ წარმოუდგენია არგუმენტაცია და შებამისი მტკიცებულებითი ხასიათის დოკუმენტაცია/ინფორმაცია დეკლარირებული ციფრის ნამდვილობასთან დაკავშირებით. ასევე, გადასახადის გადამხდელს დეკლარირებული აქვს 2008 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდების მიხედვით დარიცხული და გადახდილი მოგების გადასახადის თანხა 457 236 ლარის ოდენობით, რაც წარმოადგენს მხოლოდ დეკლარაციებით დარიცხულ და გადახდილ მოგების გადასახადს და არ მოიცავს შემოწმებით დარიცხულ და გადახდილ გადასახადს. წინა შემოწმებით დარიცხული და გადახდილი გადასახადის ჩათვლით აღნიშნული მონაცემი შეადგენს 484 967 ლარს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე, 981 მუხლების, 309-ე მუხლის 92-ე და 93-ე ნაწილების გათვალისწინებით, შემოწმების მიერ გამოვლენილი სხვაობებით მოხდა ჩასათვლელი თანხის ფორმულის შესაბამისი მონაცემების კორექტირება, რამაც გამოიწვია ჩასათვლელი თანხების კორექტირება. საწარმოს დაერიცხა კუთვნილი მოგების გადასახადი.

შემოსავლების სამსახურმა განიხილა საჩივარი და მიიჩნია, რომ სადავო საკითხთან დაკავშირეით საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია განაწილებული მოგება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 981 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განაწილებული მოგება არის მოგება, რომელიც საწარმოს მიერ მის პარტნიორზე დივიდენდის სახით, ფულადი ან არაფულადი ფორმით ნაწილდება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 43-ე ნაწილის თანახმად, წმინდა მოგება არის მოგება, რომელიც შესაძლებელია განაწილდეს დივიდენდის სახით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-12 ნაწილის თანახმად, დივიდენდი არის აქციონერის/მოწილის მიერ აქციებიდან ან უფლებებიდან (წილებიდან) მიღებული (მათ შორის, პრივილეგირებული აქციებიდან პროცენტის სახით მიღებული) ნებისმიერი შემოსავალი, რომელიც მიიღება მოგების განაწილების შედეგად და რომელსაც იურიდიული პირი უნაწილებს აქციონერებს/მოწილეებს, კაპიტალში მათი კუთვნილი აქციების/უფლებების პროპორციულად ან პროპორციის დაცვის გარეშე; რეპო შეთანხმების, ფასიანი ქაღალდების გასესხებისა და ფინანსური გირავნობის შემთხვევაში გამყიდველის/გამსესხებლის მიერ მყიდველისგან/მსესხებლისგან მიღებული საკომპენსაციო თანხა, რომელიც არის ასეთი გარიგების მოქმედების პერიოდში ფასიანი ქაღალდებიდან რეალურად მიღებული დივიდენდი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 92-ე ნაწილის თანახმად, თუ რეზიდენტი საწარმო დივიდენდს გაანაწილებს 2008 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდებში მიღებული წმინდა მოგებიდან, მას უფლება აქვს, ჩაითვალოს ამ პერიოდების მიხედვით დარიცხული და გადახდილი მოგების გადასახადის თანხა, მაგრამ არაუმეტეს ამ კოდექსის 981 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტის მიხედვით გადასახდელი თანხისა.

ამავე მუხლის 93-ე ნაწილის თანახმად, ამ მუხლის 92-ე ნაწილით გათვალისწინებული ჩასათვლელი თანხა გამოიანგარიშება ფორმულით − A×B / (C-D), სადაც: A არის დივიდენდის სახით გასანაწილებელი თანხის ოდენობა; B არის 2008 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდების მიხედვით დარიცხული და გადახდილი მოგების გადასახადის თანხა; C არის 2008 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდებში მიღებული წმინდა მოგების ოდენობა; D არის 2008 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდებში მიღებული წმინდა მოგების ხარჯზე დივიდენდის სანაცვლოდ საწარმოს მიერ პარტნიორისთვის გადაცემული ამ საწარმოს აქციების/წილის ღირებულება.

აღნიშნულის გათვალისწინებით, საგადასახადო შემოწმების აქტში მითითებული დარიცხვის საფუძვლები, საჩივარში დასმულ სადავო საკითხთან დაკავშირებით საჭიროებს დამატებით შესწავლას/გამოკვლევას. ამდენად, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 სამუშაო დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დამადასტურებელი დოკუმენტური მტკიცებულებები. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტმა გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).

ამასთანავე, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში გადასახადის გადამხდელი მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე უნდა გათავისუფლდეს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 92-ე და 93-ე ნაწილების შესაბამისად, ჩასათვლელი მოგების გადასახადის არასწორად განსაზღვრის საფუძვლით, მოგების გადასახადის დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირებისთვის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად დაკისრებული ჯარიმისგან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

1. შპს ----- ს საჩივარი სადავო საკითხთან დაკავშირებით დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. სადავო საკითხთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 სამუშაო დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დამადასტურებელი დოკუმენტური მტკიცებულებები.

ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტმა გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);

გ) გადასახადის გადამხდელი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე გათავისუფლდეს, ამავე კოდექსის 309-ე მუხლის 92-ე და 93-ე ნაწილების შესაბამისად, ჩასათვლელი მოგების გადასახადის არასწორად განსაზღვრის საფუძვლით, მოგების გადასახადის დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირებისთვის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად დაკისრებული ჯარიმისგან.

3.დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

4. აღნიშნული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვ. გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

 

გადამხდელი არ ეთანხმება ჩასათვლელი მოგების გადასახადის შემცირებას, C სიდიდის გაზრდას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

 

შემოწმების აქტის მიხედვით: საწარმო გასცემს დივიდენდებს, სსკ-ს 309-ე მუხლის 93-ე ნაწილის საფუძველზე. გადამხდელი 2008 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდებში მიღებულ წმინდა მოგებას (ცვლადი „C“) ადეკლარირებს 2 591 005 ლარის ოდენობით, შემოწმებით აღნიშნული სიდიდე შეადგენს 3 795 059 ლარს. ასევე, გადამხდელს აღნიშნული პერიოდების მიხედვით დეკლარირებული აქვს დარიცხული და გადახდილი მოგების გადასახადის თანხა, რაც არ მოიცავს წინა შემოწმებით დარიცხულ და გადახდილ გადასახადს.

შემოწმების მიერ გამოვლენილი სხვაობებით მოხდა ჩასათვლელი თანხის ფორმულის შესაბამისი მონაცემების კორექტირება, რამაც გამოიწვია ჩასათვლელი თანხების კორექტირება. საწარმოს დაერიცხა კუთვნილი მოგების გადასახადი და ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

 

აუდიტის დეპარტამენტს დაევალა დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს დარიცხული თანხების კორექტირება;.

ამასთანე, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ გადამხდელი მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში და სსკ-ს 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე უნდა გათავისუფლდეს, სსკ-275-ე მუხლის შესაბამისად დაკისრებული ჯარიმისგან.

 

დასაბუთება

 

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 97(1,,ა“); 983(1); 269(7); 309(92); 309(93)