იჯარით აღებული ქონების სარემონტო და კეთილმოწყობის სამუშაოებზე გაწეული ხარჯების კაპიტალიზება და ქონების გადასახადის განსაზღვრა N 1431

1431 იჯარით აღებული ქონების სარემონტო და კეთილმოწყობის სამუშაოებზე გაწეული ხარჯების კაპიტალიზება და ქონების გადასახადის განსაზღვრა 28.09.2023
№ დოკუმენტი 1431
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი

📄 სრული ტექსტი

სიტუაციური სახელმძღვანელო

იჯარით აღებული ქონების სარემონტო და კეთილმოწყობის სამუშაოებზე გაწეული ხარჯების

კაპიტალიზება და ქონების გადასახადის განსაზღვრა N 1431

ფაქტობრივი გარემოებები

- საწარმომ საქმიანობის დასაწყებად განახორციელა იჯარით აღებული ფართის სარემონტო და კეთილმოწყობის სამუშაოები.

- ჩატარებული სამუშაოები წარმოადგენს როგორც ფართის არსებით გაუმჯობესებას, რაც სსკის მე-8 მუხლის 32-ე ნაწილის შესაბამისად განიხილება ძირითადი საშუალების რემონტის ხარჯად, ასევე ფასადის და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობას: დასუფთავებას, გამწვანებას, გარე განათების უზრუნველყოფას და ა.შ

- საწარმომ აღნიშნული ხარჯები დაუქვემდებარა კაპიტალიზებას, რომელსაც ქონების გადასახადის გაანგარიშებაში არ ითვალისწინებდა.

შეფასება

- საგადასახადო კოდექსის: -201 მუხლის პირველი ნაწილის ა.ა) ქვეპუნქტის თანახმად: „ქონების გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი საწარმო/ორგანიზაცია მის ბალანსზე ძირითად საშუალებად ან/და საინვესტიციო ქონებად აღრიცხულ აქტივებზე, დაუმონტაჟებელ მოწყობილობებზე, დაუმთავრებელ მშენებლობაზე, აგრეთვე მის მიერ ლიზინგით გაცემულ ქონებაზე". ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტი 16 (იჯარა)-ს დანართი ბ-ს: -ბ43-ე, ბ44-ე პუნქტების თანახმად ზოგიერთი იჯარის დროს შეიძლება აუცილებელი იყოს საიჯარო აქტივის მშენებლობა ან მისი კონსტრუქციის შეცვლა იმისათვის, რომ მოიჯარემ გამოიყენოს. თუ მოიჯარე დანახარჯებს გასწევს აქტივის მშენებლობასთან ან დაპროექტებასთან დაკავშირებით, მან ეს დანახარჯები უნდა აღრიცხოს სხვა შესაფერისი სტანდარტების გამოყენებით, როგორიცაა, მაგალითად ბასს 16(ძირითადი საშუალებები),ანგ. N2190(იჯარით აღებული ქონების კეთილმოწყობა). აღნიშნული დანახარჯები არ მოიცავს იმ გადახდებს, რომლებსაც მოიჯარე იხდის საიჯარო აქტივის გამოყენების უფლებისთვის.

- საწარმო ვალდებული იყო საიჯარო ქონების სარემონტო და კეთილმოწყობის სამუშაოების კაპიტალიზებული ხარჯები და შესაბამისად შექმნილი ძირითადი საშუალება გაეთვალისწინებინა ქონების გადასახადის გაანგარიშებაში.

ღონისძიებები

- საგადასახადო წლების მიხედვით საწარმოს დაერიცხება ქონების გადასახადი

- დეკლარაციაში ქონების გადასახადის შემცირების შემთხვევაში საწარმო დაჯარიმდება სსკ-ის 275-ე მუხლის საფუძველზე.

სიტუაციური სახელმძღვანელო დამტკიცებულია 2023 წლის პირველი ივნისისთვის მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად.