გადაწყვეტილება №73708/1/2022

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 31.03.2023
№ დოკუმენტი 73708/1/2022
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№73708/1/2022

31.03.2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 31.03.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----------“ 17.08.2022 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №73708/1/2022).

 

დავის საგანი:

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 10.06.2022 წლის №16425/2/2022 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

აუდიტის დეპარტამენტის 5.08.2022 წლის №094-74 საგადასახადო მოთხოვნა.

 

დარიცხული თანხა: 449 842 ლარი.

მათ შორის:

ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისთვის მოსაკრებელი - 424 616

საურავი - 25 226

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

შემოწმების აქტის მიხედვით, მომჩივანს სსიპ ბუნებრივი რესურსების სააგენტოსგან აღებული აქვს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიები ქვიშა-ხრეშის, მიწისქვეშა მტკნარი წყლების სამეწარმეო მიზნით, დოლომიტის, სხვა საშენი მასალისა და საღორღე ნედლეულის მოპოვებაზე. სულ შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში პირი სარგებლობდა 51 ლიცენზიით.

ვინაიდან პირი სარგებლობს სასარგებლო წიაღისეულით და მისი საქმიანობა ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ექვემდებარება ლიცენზირებას, მომჩივნის ვალდებულებები ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისთვის მოსაკრებლის ნაწილში განისაზღვრა „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისთვის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3, მე-5 და მე-6 მუხლების გათვალისწინებით, შედეგად გამოვლინდა სხვაობები გადამხდელის მიერ წარმოდგენილ და შემოწმებით დადგენილ მონაცემებს შორის. სხვაობები ძირითადად გამოწვეულია შემდეგი გარემოებების გამო:

- გადამხდელის წარმომადგენლის ზეპირი განმარტებით, გაანგარიშებებში მოსაკრებლის ასახვა ხდებოდა ფაქტობრივად მოპოვებული რესურსების მოცულობის მიხედვით და არ გაითვალისწინებოდა ათვისების შესაბამისი გეგმებით გათვალისწინებული ოდენობები, ამასთან, საქმიანობის სპეციფიკის გათვალისწინებით, რესურსები უმეტესად მოიპოვებოდა ლიცენზიის საწყის წლებში გეგმით გათვალისწინებულ წლიურ ოდენობაზე მეტი ოდენობით. იმის გამო, რომ შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელის მიერ წარმოდგენილია მოსაკრებლის ყოველთვიური გაანგარიშებები ნაცვლად ექვს თვიანი გაანგარიშებებისა, სადაც მონაცემები აისახება კონკრეტული ლიცენზიების მიხედვით, ზუსტი იდენტიფიცირება, თუ რომელ ლიცენზიებს მიეკუთვნება ასახული მონაცემები, ვერ ხერხდება;

- ზოგიერთ შემთხვევაში არსებული ლიცენზიის ფარგლებში წიაღის ეროვნული სააგენტოს მიერ პირზე გაცემულია ახალი ლიცენზია (მაგალითად, ნაწილობრივი გასხვისების მიზეზით), რის შედეგადაც რესურსის ოდენობა, რომელიც გათვალისწინებული იყო პირველადი ლიცენზიის შესაბამის ათვისების გეგმაში, თუმცა ფაქტობრივად არ იყო მოპოვებული, გაწერილ იქნა ახალი ლიცენზიის შესაბამის ათვისების გეგმაში მომდევნო წლებში მოსაპოვებლად. გადამხდელის წარმომადგენლის ზეპირი განმარტებით, წარმოდგენილ გაანგარიშებებში არ არის ასახული ათვისების გეგმებით გათვალისწინებული რესურსების ოდენობები;

- პირს აღებული აქვს 2 ლიცენზია „კონგლომერატით“ სარგებლობაზე №---------- და №----------.

ვინაიდან „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით კონგლომერატისათვის არ არის განსაზღვრული ცალკე განაკვეთი, აღნიშნული ლიცენზიების გეოსაინფორმაციო პაკეტებში მითითებულია „სამშენებლო“ დანიშნულება და პირს აღებული აქვს „კონგლომერატის“ სხვა ლიცენზიებიც, სადაც ლიცენზიაშივე „კონგლომერატთან“ ერთად დაფიქსირებულია ჩანაწერი „სხვა საშენი მასალა“, შემოწმებით რესურსი მიკუთვნებულ იქნა „სხვა საშენი მასალის“ კატეგორიაზე და მოსაკრებლის გაანგარიშება მოხდა შესაბამისი განაკვეთით (0,7 ლარი). გადამხდელის განმარტებით რესურსები წარმოადგენდა ქვიშა-ხრეშს, თუმცა შემოწმებისთვის არ არის ცნობილი გარემოებების შესახებ, რომელიც დაადასტურებდა აღნიშნულს.

შემოწმების აქტის საფუძველზე გადამხდელს განესაზღვრა მოსაკრებლის თანხა და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით. აღნიშნულზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 28.12.2021 წლის №094-181 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 8.04.2022 წლის №8906 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 10.06.2022 წლის №16425/2/2022 გადაწყვეტილებით ნაწილობრივ გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 8.04.2022 წლის №8906 ბრძანება. მომჩივანს მიეცა წინადადება ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს კომპანიის სარგებლობაში არსებული №----------, №----------, №---------- და №---------- ლიცენზიების ფარგლებში, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისთვის მოსაკრებლის გაანგარიშების საკითხთან დაკავშირებით საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. აუდიტის დეპარტამენტს დაევალა გადასახადის გადამხდელის მიერ დამატებით წარდგენილი დოკუმენტაციის შესწავლა მომჩივნის მონაწილეობით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისთვის მოსაკრებლის კორექტირება (შემცირება) და შედეგების ასახვა გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

საბჭოს 10.06.2022 წლის №16425/2/2022 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგებზე გამოცემული აუდიტის დეპარტამენტის 27.07.2022 წლის დასკვნით:

- საჩივრის წარმოდგენის შემდგომ, შემოსავლების სამსახურის 8.04.2022 წლის ბრძანების შესაბამისად, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილია 30.05.2022 წლის დასკვნა, რომლის საფუძველზეც გადაანგარიშებას (შემცირებას) დაექვემდებარა აქტით განსაზღვრული ვალდებულებები №2546 სიტუაციური სახელმძღვანელოს შესაბამისად გათვალისწინებულ შემთხვევებში;

- გადასახადის გადამხდელმა გადაწყვეტილების შესაბამისად წარადგინა დამატებითი ინფორმაცია №---------- ლიცენზიასთან დაკავშირებით. კერძოდ, წარმოდგენილია მონაცემები №---------- ლიცენზიის საფუძველზე მოპოვებული რესურსების ოდენობის შესახებ, მათ შორის შესამოწმებელ პერიოდამდე (სსიპ წიაღის ეროვნულ სააგენტოში წარდგენილი სტატისტიკური ფორმები), ლიცენზიის ნაწილობრივ გასხვისების მასალები და სხვა. აღნიშნულით დგინდება, რომ 2016-2019 წლებში ფაქტობრივად მოპოვებული რესურსების ოდენობამ ჯამურად შეადგინა 250 400 მ3 ,რაც ნაკლებია ამავე პერიოდში ათვისების გეგმის შესაბამისად მოსაპოვებელ ოდენობაზე. სსიპ წიაღის ეროვნულ სააგენტოში ლიცენზიის გასხვისებასთან დაკავშირებით პირის მიერ წარდგენილ განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ ვინაიდან ლიცენზიის ფარგლებში მოპოვებული რესურსი შეადგენდა 250 400 მ3 -ს, ლიცენზია კვლავ ითვალისწინებდა 812 500 მ3 -ის მოპოვებას, საიდანაც სურდა 67 800 მ3 -ის გასხვისება. სსიპ წიაღის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული ლიცენზიების საფუძველზე მოსაპოვებელი რესურსების ოდენობა ჯამში შეადგენს 812 500 მ3 -ს, რაც წარმოადგენს სხვაობას №---------- ლიცენზიის საფუძველზე განსაზღვრულ რესურსების მოსაპოვებელ ოდენობასა და ფაქტობრივად მოპოვებულ ოდენობას შორის. შესაბამისად №---------- ლიცენზიის გეგმით გათვალისწინებული და ფაქტობრივად აუთვისებელი რესურსების სააგენტოს მიერ გათვალისწინებულია №---------- ლიცენზიით მოსაპოვებელი რესურსების ოდენობაში. წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით შემოწმებამ მიიჩნია: იმის გათვალისწინებით, რომ №---------- ლიცენზიის საფუძველზე შესაბამისი ათვისების გეგმით გათვალისწინებული და ფაქტობრივად აუთვისებელი რესურსების ოდენობა სრულად გადანაწილდა ახალი ლიცენზიებით მოსაპოვებელი რესურსების ჯამურ ოდენობაში (სსიპ წიაღის ეროვნულ სააგენტოს მიერ 11.12.2019 წელს გაცემული №---------- და №---------- ლიცენზიების საფუძველზე განსაზღვრული მოსაპოვებელი რესურსების ოდენობა არის სხვაობა თავდაპირველად გაცემული №---------- ლიცენზიის საფუძველზე განსაზღვრულ რესურსების მოსაპოვებელ ოდენობასა და ფაქტობრივად მოპოვებულ ოდენობას შორის), ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისთვის მოსაკრებლის გაანგარიშების მიზნებისათვის, მიჩნეულ უნდა იქნას, რომ წიაღის ეროვნული სააგენტოს მიერ განხორციელდა №---------- ლიცენზიის ათვისების გეგმის ცვლილება გასხვისებამდე პერიოდისთვის (2016-2019 წლები) და გეგმა გაუტოლდა ფაქტობრივად მოპოვებული რესურსების ოდენობას. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ლიცენზიის გასხვისებამდე პერიოდებში ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებელი გადაანგარიშებით განისაზღვრა ფაქტობრივი მოპოვების ოდენობიდან გამომდინარე, შედეგად შემცირებას ექვემდებარება მოსაკრებლის თანხა 95 721 ლარის ოდენობით, ამასთან აქტით განსაზღვრული სანქციებისგან პირი გათავისუფლებულია 30.05.2022 წლის დასკვნით;

- გადასახადის გადამხდელმა გადაწყვეტილების შესაბამისად წარადგინა დამატებითი ინფორმაცია, კერძოდ, წერილი სსიპ მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოდან განსახილველი ლიცენზიების საფუძველზე მოსაპოვებელ რესურსებთან დაკავშირებით. წარმოდგენილი წერილით სააგენტო ადასტურებს, რომ №---------- და №---------- ლიცენზიების ფარგლებში მოსაპოვებელი რესურსები წარმოადგენს კონგლომერატს, რომელიც გამოიყენება სამშენებლო საქმეში და მიეკუთვნება „სხვა საშენი მასალის“ კატეგორიას, შესაბამისად აქტით განსაზღვრული ვალდებულებების ცვლილების საფუძველი არ გამოვლენილა.

აუდიტის დეპარტამენტის 27.07.2022 წლის დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის 5.08.2022 წლის №094-74 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

კომპანიაში შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული იქნა ბუნებრივი რესურსების სარგებლობის მოსაკრებლის ბიუჯეტთან ანგარიშსწორების სისწორის შემოწმება, 28.12.2021 წელს შედგენილი იქნა შემოწმების აქტი, რომლის თანახმადაც კომპანიას დამატებით ბიუჯეტის სასარგებლოდ დაერიცხა, ბუნებრივი რესურსების მოსაკრებელი - 716 628 ლარი, ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით - 430 065 ლარი და საურავი - 280 405,2 ლარი.

არსებითად არასწორია აუდიტის დეპარტამენტის მიერ დარიცხვის გაანგარიშების პრინციპი. დარიცხული თანხა, 716 628 ლარი წარმოადგენს 1.01.2018 წლიდან 1.05.2021 წლამდე პერიოდში, კომპანიის სარგებლობაში არსებული ლიცენზიების, ათვისების გეგმებით განსაზღვრული, გეგმიური მოსაკრებლის, ჯამური თანხით 1 225 445 ლარი და აღნიშნულ პერიოდში, გადახდილი მოსაკრებლის, ჯამური თანხით 508 817 ლარი, არითმეტიკულ სხვაობას, რაც ფუნდამენტურად არასწორია.

კერძოდ, აღნიშნულის მიზეზს წარმოადგენდა მოსაკრებლის დარიცხვის და გადახდის ადმინისტრირების პროცედურის ხარვეზი. კერძოდ, დეკლარაცია არ ითვალისწინებს ლიცენზიის ფარგლებში გეგმა/ფაქტის ჩათვლას, რაც თავის მხრივ იწვევს, გარკვეულ მოცულობებზე, კანონით განსაზღვრული მოსაკრებლის გაორმაგებას.

არაერთხელ იყო წიაღის ეროვნულ სააგენტოსთან და შემოსავლების სამსახურთან აღნიშნული პრობლემის განხილვა, თუმცა დღეის მდგომარეობით, კონკრეტული გადაწყვეტილებები, პრობლემის მოგვარების მიზნით, არ არის მიღებული.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით და ასევე, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ფაქტობრივი მოპოვება, უმეტეს შემთხვევაში აღემატება ათვისების გეგმით გათვალისწინებულ ოდენობას, მოსაკრებლის აღრიცხვა და გადახდა ხორციელდებოდა, ფაქტობრივად მოპოვებული მოცულობების შესაბამისად.

აღნიშნული პრობლემა წარმოდგენილია 28.12.2021 წლის აქტის საფუძველზე, რის შედეგად გეგმიური მოსაკრებლის დარიცხვის დროს ლიცენზიის ფარგლებში, ფაქტიურად გადახდილი მოსაკრებლის ოდენობის არ გათვალისწინებამ გამოიწვია, კანონით გათვალისწინებული მოსაკრებლების გაორმაგება. აღნიშნულ თანხებს, სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია.

წარმოდგენილია ლიცენზიების შესაბამისად დარიცხული გეგმიური მოსაკრებლის, ფაქტიურად გადახდილი მოსაკრებლის და გაორმაგებული მოცულობების შემაჯამებელი ცხრილი.

საწარმოს შესამოწმებელ პერიოდში ბუნებრივი რესურსების გამოყენების ლიცენზია აღებული აქვს 51 ერთეული, აღნიშნულ ლიცენზიებზე მოსაკრებლის გაანგარიშება და დეკლარირება ხდებოდა ფაქტიურად მოპოვებული რესურსების მიხედვით, აქტში გაკეთებული გაანგარიშებების მიხედვით, ლიცენზიების იმ ნაწილზე, რომლებზეც ხდებოდა მოსაკრებლის გაანგარიშება ფაქტიურად მოპოვების მიხედვით და მოპოვება ასწრებდა გეგმიურ მოპოვებას, აუდიტმა მოსაკრებელი გაიანგარიშა გეგმიური მოპოვების მიხედვით და გამოვიდა ისე, რომ მოსაკრებელი გაანგარიშდა ლიცენზიით გათვალიწინებულზე მეტ რაოდენობაზე, შესაბამისად მოსაკრებლის თანხაც გამოვიდა მეტი, საჩივარზე თანდართულია შემაჯამებელი ცხრილი (ექსელის ფაილი), სადაც დეტალურად, კონკრეტული ლიცენზიების მიხედვით არის მოცემული თუ რამდენით გაზარდა აუდიტის დეპარტამენტმა მოპოვების რაოდენობა, მოსაკრებელი, რომლის მოპოვების უფლება ლიცენზიით საწარმოს არ ჰქონია. გამოდის, რომ მოსაკრებელი გადახდილი იქნეს ისეთ რესურსებზე, რომლის მოპოვების უფლება კომპანიას არ აქვს, ხოლო ასეთი სახის გადასახადის გაანგარიშება არც ერთი კანონმდებლობით გათვალისწინებული არ არის, ხოლო ჯამური მონაცემებით რესურსების მოპოვება ლიცენზიით (კანონით) დადგენილთან შედარებით გაზრდილია - 1 073 006 კუბური მეტრით, შესაბამისად მოსაკრებლის ძირითადი თანხა გაზრდილია - 400 316 ლარით, აქედან გამომდინარე მოთხოვნა მდგომარეობს იმაში, რომ აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს მოახდინოს მოსაკრებლის გაანგარიშება ისე, რომ ლიცენზიით დადგენილ ბუნებრივი რესურსების მოპოვების რაოდენობას არ უნდა გასცდეს მოსაკრებლის გადასახადი.

კომპანიის სარგებლობაში არსებული №---------- (მოპოვების ლიმიტი - 1 062 900 მ3 , ლიცენზიის მოქმედების პერიოდი 16.08.2016-17.08.2021 წწ), ლიცენზიის ნაწილი, კერძოდ, 67 505 მ3 , 11.12.2019 წლის №1559/ს ბრძანების შესაბამისად, გადაეცა ი/მ „----------“-ს (თანდართულია ბრძანება №1559/ს). შესაბამისად, კომპანიის მოპოვების ლიმიტმა შეადგინა, 995 395 მ3 2016-2017 წლებში №---------- ლიცენზიის ფარგლებში, ფაქტობრივმა მოპოვებამ შეადგინა 250 695 მ3 (№---------- ლიცენზიის გარემოს დეკლარაციები 2016-2017 წწ). ლიცენზიის ნაწილის მესამე პირზე გადაცემის პროცედურების ფარგლებში, არსებულ ლიცენზიას შეეცვალა ნომერი (ლიცენზიის ახალი ნომერი №----------), ხოლო მოპოვების ლიმიტი, ფაქტიურად მოპოვებული და მესამე პირზე გადაცემული მოცულობების გათვალისწინებით, განისაზღვრა 744 700 მ3 -ით. შემოსავლების სამსახურის მიერ, 28.12.2021 წლის შემოწმების აქტით, №---------- ლიცენზიის ფარგლებში გეგმიური მოსაკრებელი დაერიცხა 510 328 მ3 -ს, ხოლო №---------- ლიცენზიის ფარგლებში - 281 967 მ3 -ს. 2021 წელს კომპანიის მიერ აღიარებულია და გადახდილია №---------- ლიცენზიის ფარგლებში დარჩენილი გეგმიური მოსაკრებელი 444 700 მ3 -ის ოდენობით (დეკლარაცია №---------- და დეკლარაცია №---------- ) შესაბამისად, ჯამში გეგმიური მოსაკრებელი დაერიცხა, 1 236 995 მ3 -ს და ლიცენზიის ფარგლებში, ათვისების დასაშვებ ლიმიტს (995 395 მ3 ), გეგმიური მოსაკრებლის ნაწილში 241 600 მ3 -ით გადააჭარბა.

ამავე დროს, 250 695 მ3 მასალის ფაქტობრივი მოპოვება დეკლარირებულია 2016-2017 წლებში და აღნიშნულ მოცულობაზე გადახდილია მოსაკრებელი. ზემოაღნიშნულის შედეგად, 492 295 მ3 -ზე გაორმაგდა კანონით განსაზღვრული მოსაკრებლის ოდენობა და ზედმეტად დარიცხული მოსაკრებლის თანხა შეადგენს 98 459 ლარს. შესაბამისად, ზედმეტად დარიცხული მოსაკრებელი 98 459 ლარი უნდა გაუქმებას, შესაბამის სანქცია-საურავთან ერთად.

№---------- და №---------- ლიცენზიების ფარგლებში შემოწმების აქტით მოსაკრებლის განაკვეთი 0,2 ლარი შეიცვალა 0,7 ლარით იმ არგუმენტაციით, რომ ლიცენზიაში დაფიქსირებულია „კონგლომერატი სხვა საშენი მასალა“ და ამ შემთხვევაში გამოყენებულ უნდა იქნას „სხვა საშენი მასალის“ განაკვეთი 0,7 ლარი. აღნიშნული არ შეესაბამება რეალობას, რადგან ორივე ლიცენზიაში მითითებულია, მხოლოდ კონგლომერატი, სხვა საშენი მასალების გარეშე. სხვა საშენი მასალები ვერ იქნებოდა მითითებული, რადგან აღნიშნული კონგლომერატი წარმოადგენს ქვიშა-ხრეშოვან მასალას. №---------- ლიცენზიით გათვალისწინებული მოცულობა, კომპანიის მიერ შესყიდულ იქნა, შპს „----------“-სგან, №---------- ლიცენზიის ფარგლებში, ხოლო №---------- ლიცენზია, ასევე შესყიდული იყო შპს „----------“-სგან, №---------- (№---------- ლიცენზიის ნაშთი) ლიცენზიის ფარგლებში. მტკიცებულების სახით წარმოდგენილია შპს „----------“-ს №---------- (ბრძანება №239/ს) ლიცენზია. №239/ს ბრძანების პირველი მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი აზუსტებს ქვიშა-ხრეშოვანი მასალის მოპოვების ჯამურ მოცულობას.

კომპანია ფლობს №---------- და №---------- ლიცენზიებს, სადაც მითითებულია, კონგლომერანტი (სხვა საშენი მასალა). აღნიშნულ ლიცენზიებზე კომპანიის მიერ გაანგარიშებული და გადახდილია 0,7 ლარი. №---------- ლიცენზიის ფარგლებში აქტით ზედმეტად დარიცხულია 17 178,3 ლარი, ხოლო №---------- ლიცენზიის ფარგლებში, ზედმეტად დარიცხულია 403,5 ლარი. შესაბამისად, უნდა მოხდეს ზედმეტად დარიცხული მოსაკრებლის 17 581,8 ლარის ოდენობით გაუქმება, შესაბამის სანქციასაურავთან ერთად.

კომპანია ფუნქციონირების მთელ პერიოდში წარმოადგენს კეთილსინდისიერ და პატიოსან გადამხდელს, აქედან გამომდინარე საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად უნდა გაუქმდეს შემოწმების შედეგად დამატებით დარიცხული ჯარიმა და საურავი.

კომპანიას გააჩნია ლიცენზიები, რომლებითაც არც ერთი მეტრ კუბი წიაღისეული არ მოგვიპოვებია. „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის და მე-4 მუხლის გათვალისწინებით, იმ ლიცენზიებით, რომლითაც კომპანიას ბუნებრივი რესურსები არ ამოუღია გარემოდან, მას არ განუხორციელებია ბუნებრივი რესურსებით სარგებლობა, ხოლო მოსაკრებლის ობიექტია ბუნებრივი რესურსების სარგებლობით მოპოვებული წიაღისეულის მოცულობა-რაოდენობა.

ვინაიდან კომპანიას არ მოუპოვებია ბუნებრივი რესურსები, არ გააჩნია მოსაკრებლის ობიექტი და შესაბამისად, იმ ლიცენზიებზე, რომლებზეც არ მოუპოვებია ბუნებრივი რესურსები, მთლიანად უნდა გაუქმდეს შემოწმების აქტით დამატებით დარიცხული მოსაკრებელი და მასზე დარიცხული სანქცია-საურავი.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

„ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებლის ობიექტია საქართველოს ტერიტორიაზე (ტერიტორიული წყლების, საჰაერო სივრცის, კონტინენტური შელფისა და განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის ჩათვლით) არსებული ბუნებრივი რესურსების მოცულობა (რაოდენობა), კერძოდ სასარგებლო წიაღისეულის მოცულობა (რაოდენობა).

ამავე კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის თანხმად, სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობისათვის მოსაკრებელი გადაიხდება სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების (ან წიაღით სარგებლობის) ლიცენზიის მიღების შემდეგ, სასარგებლო წიაღისეულის (გარდა მინერალური წყლებისა, მიწისქვეშა მტკნარი ჩამოსასხმელი წყლებისა და ნახშირორჟანგისა) შემთხვევაში − 6 თვეში ერთხელ, მაგრამ არა უგვიანეს მე-6 თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა, მინერალური წყლებისა და მიწისქვეშა მტკნარი ჩამოსასხმელი წყლების შემთხვევაში − არა უგვიანეს ყოველი კვარტალის მომდევნო თვის 15 რიცხვისა, ნახშირორჟანგის (გაზი CO2 ) შემთხვევაში − ყოველთვიურად, არა უგვიანეს მომდევნო თვის 15 რიცხვისა, სასარგებლო წიაღისეულის ათვისების შესაბამისი გეგმით გათვალისწინებული ყოველწლიურად ასათვისებელი მოცულობის მიხედვით, თანაბარ ნაწილებად, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის მოცულობა აღემატება სასარგებლო წიაღისეულის ათვისების შესაბამისი გეგმით გათვალისწინებულ ყოველწლიურ ასათვისებელ მოცულობას, − ფაქტობრივად მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის ოდენობის მიხედვით.

ამავე კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სასარგებლო წიაღისეულისათვის მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვრება საშენი მასალებისთვის „ქვიშა, ხრეში“ 1 მ3 - ზე 0,2 ლარი და „სხვა საშენი მასალები“ 1 მ3 -ზე 0,7 ლარი.

საქართველოს მთავრობის 11.08.2005 წლის №136 დადგენილებით დამტკიცებული „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ“ დებულების მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ ლიცენზიის ვადის გასვლამდე ლიცენზიის მფლობელმა აითვისა ლიცენზიით გათვალისწინებული სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ჯამური მოცულობა, იგი ვალდებულია ლიცენზიის გამცემს მიმართოს განცხადებით ლიცენზიის გაუქმების თაობაზე.

საბჭოს 10.06.2022 წლის №16425/2/2022 გადაწყვეტილებით მომჩივანს მიეცა წინადადება ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს კომპანიის სარგებლობაში არსებული №----------, №----------, №---------- და №---------- ლიცენზიების ფარგლებში, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისთვის მოსაკრებლის გაანგარიშების საკითხთან დაკავშირებით საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. აუდიტის დეპარტამენტს დაევალა გადასახადის გადამხდელის მიერ დამატებით წარდგენილი დოკუმენტაციის შესწავლა მომჩივნის მონაწილეობით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისთვის მოსაკრებლის კორექტირება (შემცირება).

აუდიტის დეპარტამენტის 27.07.2022 წლის დასკვნაში აღნიშნულია, რომ ამავე დეპარტამენტის 30.05.2022 წლის დასკვნის საფუძველზე გადაანგარიშებულია (შემცირებულია) აქტით განსაზღვრული ვალდებულებები №2546 სიტუაციური სახელმძღვანელოს შესაბამისად გათვალისწინებულ შემთხვევებში. გადასახადის გადამხდელმა გადაწყვეტილების შესაბამისად წარადგინა დამატებითი ინფორმაცია №---------- ლიცენზიასთან დაკავშირებით. ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისთვის მოსაკრებლის გაანგარიშების მიზნებისათვის, მიჩნეულ იქნა, რომ წიაღის ეროვნული სააგენტოს მიერ განხორციელდა №---------- ლიცენზიის ათვისების გეგმის ცვლილება გასხვისებამდე პერიოდისთვის (2016-2019 წლები) და გეგმა გაუტოლდა ფაქტობრივად მოპოვებული რესურსების ოდენობას. ლიცენზიის გასხვისებამდე პერიოდებში ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებელი გადაანგარიშებით განისაზღვრა ფაქტობრივი მოპოვების ოდენობიდან გამომდინარე, შედეგად შემცირებას ექვემდებარება მოსაკრებლის თანხა 95 721 ლარის ოდენობით. გადასახადის გადამხდელმა წარადგინა წერილი სსიპ მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოდან განსახილველი ლიცენზიების საფუძველზე მოსაპოვებელ რესურსებთან დაკავშირებით, რომლითაც სააგენტო ადასტურებს, რომ №---------- და №---------- ლიცენზიების ფარგლებში მოსაპოვებელი რესურსები წარმოადგენს კონგლომერატს, რომელიც გამოიყენება სამშენებლო საქმეში და მიეკუთვნება „სხვა საშენი მასალის“ კატეგორიას, შესაბამისად აქტით განსაზღვრული ვალდებულებების ცვლილების საფუძველი არ გამოვლენილა.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებისას გათვალისწინებული იქნა მომჩივნის მიერ წარდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია და მიუთითებს, რომ აუდიტის დეპარტამენტის 27.07.2022 წლის დასკვნით სადავო საკითხი შესწავლილია საბჭოს 10.06.2022 წლის №16425/2/2022 გადაწყვეტილების შესაბამისად.

ამასთან, მომჩივანი მიუთითებს, რომ არსებითად არასწორია აუდიტის დეპარტამენტის მიერ დარიცხვის გაანგარიშების პრინციპი. დეკლარაცია არ ითვალისწინებს ლიცენზიის ფარგლებში გეგმა/ფაქტის ჩათვლას, რაც თავის მხრივ იწვევს, გარკვეულ მოცულობებზე, კანონით განსაზღვრული მოსაკრებლის გაორმაგებას. კომპანიას გააჩნია ლიცენზიები, რომლებითაც არ მოუპოვებია ბუნებრივი რესურსები და შესაბამისად, არ გააჩნია მოსაკრებლის ობიექტი. კომპანია წარმოადგენს კეთილსინდისიერ და პატიოსან გადამხდელს და საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად უნდა გაუქმდეს შემოწმების შედეგად დამატებით დარიცხული ჯარიმა და საურავი.

საბჭო მიუთითებს, რომ ვერ იმსჯელებს აღნიშნულ საკითხზე, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში სადავოა (გასაჩივრებულია) საბჭოს 10.06.2022 წლის №16425/2/2022 გადაწყვეტილების აღსრულების საკითხი - რამდენად სწორად და სრულად აღსრულდა აღნიშნული გადაწყვეტილება აუდიტის დეპარტამენტის მიერ. შესაბამისად, საბჭო ვერ გასცდება აღნიშნულ ფარგლებს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ არ არსებობს სადავო აქტების გაუქმების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

 

გადამხდელი არ ეთანხმება საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 10.06.2022 წლის №16425/2/2022 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგებს.

 

ფაქტობრივი გარემოებები

 

მომჩივანს სსიპ ბუნებრივი რესურსების სააგენტოსგან აღებული აქვს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიები ქვიშა-ხრეშის, მიწისქვეშა მტკნარი წყლების სამეწარმეო მიზნით, დოლომიტის, სხვა საშენი მასალისა და საღორღე ნედლეულის მოპოვებაზე. სულ შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში პირი სარგებლობდა 51 ლიცენზიით.მომჩივანი მიუთითებს, რომ არსებითად არასწორია აუდიტის დეპარტამენტის მიერ დარიცხვის გაანგარიშების პრინციპი. დეკლარაცია არ ითვალისწინებს ლიცენზიის ფარგლებში გეგმა/ფაქტის ჩათვლას, რაც თავის მხრივ იწვევს, გარკვეულ მოცულობებზე, კანონით განსაზღვრული მოსაკრებლის გაორმაგებას. კომპანიას გააჩნია ლიცენზიები, რომლებითაც არ მოუპოვებია ბუნებრივი რესურსები და შესაბამისად, არ გააჩნია მოსაკრებლის ობიექტი.

 

გადაწყვეტილება

 

საბჭო მიუთითებს, რომ ვერ იმსჯელებს აღნიშნულ საკითხზე, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში სადავოა (გასაჩივრებულია) საბჭოს 10.06.2022 წლის №16425/2/2022 გადაწყვეტილების აღსრულების საკითხი - რამდენად სწორად და სრულად აღსრულდა აღნიშნული გადაწყვეტილება აუდიტის დეპარტამენტის მიერ. შესაბამისად, საბჭო ვერ გასცდება აღნიშნულ ფარგლებს.

საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, არ არსებობს სადავო აქტების გაუქმების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

 

ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 275,