გადაწყვეტილება №4172/2/2017-3
📄 სრული ტექსტი
№4172/2/2017
12.01.2018
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „--------„ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულიმა დავების განხილვის საბჭომ 12.01.2018 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „--------„ 22.06.2017 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე.
დავის საგანი:
გემის მოცდენის გამო დაკისრებული ჯარიმის უკუდაბეგვრის დღგ-ით დაბეგვრა;
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 12.12.2016 წლის №094-317 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 6.06.2017 წლის №15436 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 3457891 ლარი;
მათ შორის:
დღგ - 244272 ლარი;
მოგების გადასახადი - 1352320 ლარი;
სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი - 3174 ლარი;
საშემოსავლო გადასახადი - (-22172 ლარი);
ჯარიმა - 1394306 ლარი;
საურავი - 485991 ლარი.
პროცედურული გარემოებები
გადამხდელის საქმიანობაა საწვავით საცალო-საბითუმო ვაჭრობა. აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადამხდელის საქმიანობის 1.10.2012 წლიდან 1.04.2016 წლამდე პერიოდის გასვლითი სრული საგადასახადო შემოწმება, შემოწმების შედეგები აისახა 9.12.2016 წლის აქტში, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 12.12.2016 წლის №35499 ბრძანება და 12.12.2016 წლის №094-317 საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც 22.12.2016 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 6.06.2017 წლის №15436 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: შპს „--------„ საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად გათავისუფლდა 2012 წლის მოგების გადასახადის დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირებისათვის 2016 წლის 12 დეკემბრის №094-317 საგადასახადო მოთხოვნით დაკისრებული ჯარიმისაგან, ასევე გათავისუფლდა დღგ-ს ჩასათვლელი თანხის გაუქმების შედეგად დღგ-ის დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირებისათვის 2016 წლის 12 დეკემბრის №094-317 საგადასახადო მოთხოვნით დაკისრებული ჯარიმისაგან და უკუდაბეგვრის დღგ-ს გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირებისათვის 2016 წლის 12 დეკემბრის №094-317 საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული ჯარიმისა და საურავისაგან; საჩივარი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
სადავო საკითხი:
გემის მოცდენის გამო დაკისრებული ჯარიმის უკუდაბეგვრის დღგ-ით დაბეგვრა
ფაქტების აღწერა
გადამხდელს გემით გადაზიდვის მომსახურებას უწევს უცხოური არარეზიდენტი კომპანია. გემიდან პროდუქციის გადმოტვირთვის ვალდებულებას იღებს შპს „-----------“. რიგ შემთხვევებში გამოვლინდა, რომ არარეზიდენტმა კომპანიამ შპს „---------“ დააკისრა გემის საზღვაო პორტში მოცდენის ჯარიმა. 2012 წელს აღნიშნული ჯარიმები არ არის დაბეგრილი უკუდაბეგვრის დღგ-ით. შემოწმება დაეყრდნო შემოსავლების სამსახურის სიტუაციურ სახელმძღვანელო №1110-ს ვინაიდან გემის მოცდენა ატარებს დამატებითი მომსახურების ნიშნებს, ხოლო მოცდენის ჯარიმა აღნიშნული მომსახურების კომპენსაციას, აღნიშნული წარმოადგენს არარეზიდენტის მიერ გაწეულ მომსახურებას, რომელიც ექვემდებარება უკუდაბეგვრის დღგ-ით დაბეგვრას.
შემოსავლების სამსახურის არგუმენტაცია
სსკ-ის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად დღგ-ით უკუდაბეგვრას ექვემდებარება არარეზიდენტი ფიზიკური პირის (გარდა საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირისა) ან არარეზიდენტი საწარმოს მიერ საგადასახადო აგენტისათვის საქართველოს ტერიტორიაზე გაწეული მომსახურება.
დავების განხილვის საბჭომ აღნიშნა, როგორც საქმესთან დაკავშირებით არსებული მასალებით დასტურდება შპს "--------" გემით გადაზიდვის მომსახურებას უწევს არარეზიდენტი კომპანია. გემის საზღვაო პორტში მოცდენა წარმოადგენს დამატებით მომსახურებას, ხოლო, მოცდენის ჯარიმა კი მომსახურების საკომპენსაციო თანხაა, რომელიც ექვემდებარება უკუდაბეგვრის დღგ-ით დაბეგვრას, როგორც არარეზიდენტის მიერ გაწეული მომსახურება, შესაბამისად, ამ ნაწილში საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
სსკ-ის 275-ე მუხლის თანახმად:
1.პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, თუ იგი გამოწვეულია საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით, იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
2.პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა,იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად: ,,საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს ან სასამართლოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით’’.
დავების განხილვის საბჭომ მიიჩნია, რომ სამართალდარღვევა, კერძოდ, უკუდაბეგვრის დღგ-ს გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება გამოწვეულია გადამხდელის შეცდომით/არცოდნით და მომჩივანი სსკ-ის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე უნდა გათავისუფლდეს ამ ნაწილში 2016 წლის 12 დეკემბრის N094-317 საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული ჯარიმისა და საურავისაგან.
მომჩივნის არგუმენტაცია
გემის მოცდენის ღირებულებას უხდიდნენ არარეზიდენტ კომპანიას საქონლის განმაჟებამდე. შემმოწმებელმა მოცდენის ღირებულება სიტუაციური სახელმძღვანელოს შესაბამისად ჩათვალა მომსახურების ღირებულების ნაწილად. გამომდონარე იქიდან რომ გემის მოცდენის მომსახურება წარმოადგენს საერთაშორისო ტრანსპორტირების ნაწილს, სსკ-ის 168-ე მუხლის მე-4 მაწილის „გ2“ ქვეპუნქტის მიხედვით საქონლის საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანამდე იმპორტის სასაქონლო რეჟიმში მოქცევამდე დაკავშირებული სატრანსპორტო მომსახურება გათავისუფლებულია დღგ-ის გადასახადისაგან ჩათვლის უფლებით.
ამასთნ, სსკ-ის 176-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით დღგ-ით უკუდაბეგვრას არ ექვემდებარება საქონლის მიწოდება ან მომსახურების გაწევა, რომელიც ამ კარით გათავისუფლებულია დღგ-საგან. გამომდინარე აქედან, გაუგებარია რატომ იქნა შემმოწმებლის მიერ აღნიშნული მოცდენის ღირებულება დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად. იმ შემთხვევაში თუ გემის მოცდენის ჯარიმა ჩაითვლება ჯარიმად დაკისრებული ერთი კომპანიის მიერ მეორის მიმართ სსკ-ის 161-ე მუხლის მიხედვით ეს ოპერაცია არ წარმოადგენს დღგ-ით დასაბეგრ ბაზას. გაუგებარია რა სახის მომსახურებას შეიძლება წარმოადგენდეს გემის მოცდენის ღირებულება, რადგან კომპანია აღნიშნული მოცდენით არა მარტო ჯარიმის ოდენობით იღებს ზარალს, არამედ საქონელს იღებს დაგვიანებით და რეზერვუარში ნავთობის შენახვის ღირებულება ბევრად მცირეა ვიდრე მოცდენის ჯარიმა. შემოსავლების სამსახურის №1110 სიტუაციური სახელმძღვანელოს დანიშნულებას წარმოადგენს, რომ არ მოხდეს ჯარიმის თანხით ძირითადი მომსახურების საფასურის ხელოვნურად შემცირება და ამით დღგ-ის დასაბეგრი ბაზის დამალვა. კონკრეტულ შემთხვევაში ჯარიმის თანხა ძირითადი მომსახურების ღირებულებასთან შედარებით საკმაოდ მცირეა. შესაბამისად, უნდა შემცირდეს ზედმეტად დარიცხული უკუდაბეგვრის დღგ 11044 ლარით.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 156-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, დამატებული ღირებულების გადასახადის (შემდგომში – დღგ) გადამხდელად ითვლება არარეზიდენტი (გარდა საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირისა), რომელიც ეწევა მომსახურებას საქართველოში დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციისა და საქართველოში საგადასახადო აღრიცხვაზე მყოფი არარეზიდენტის მუდმივი დაწესებულების გარეშე, მხოლოდ ამ მომსახურებაზე და ექვემდებარება უკუდაბეგვრას.
ამავე კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით უკუდაბეგვრას ექვემდებარება არარეზიდენტი ფიზიკური პირის (გარდა საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირისა) ან არარეზიდენტი საწარმოს მიერ საგადასახადო აგენტისათვის საქართველოს ტერიტორიაზე გაწეული მომსახურება.
ამავე კოდექსის 168-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“, „გ1“ და „გ2“ ქვეპუნქტების თანახმად, ჩათვლის უფლებით დღგ-ისგან გათავისუფლებულია:
გ) ექსპორტში, რეექსპორტში, გარე გადამუშავებაში ან ტრანზიტში მოქცეული საქონლის გადაზიდვა და ამ გადაზიდვასთან უშუალოდ დაკავშირებული მომსახურების გაწევა. ამასთანავე, ასეთ გადაზიდვასთან უშუალოდ დაკავშირებულ მომსახურებას განეკუთვნება:
გ.ა) გადაზიდვისას ტვირთის ან/და სატრანსპორტო და გადაზიდვის საშუალების გაგზავნასთან/მიღებასთან დაკავშირებული მომსახურება, აგრეთვე აეროპორტების, ნავსადგურების, სარკინიგზო და საავტომობილო ვაგზლების მიერ გაწეული მომსახურება;
გ.ბ) აერო ან საზღვაო სანავიგაციო, სადისპეტჩერო ან/და საინფორმაციო მომსახურება;
გ.გ) საექსპედიტორო მომსახურება;
გ.დ) ტვირთის დოკუმენტაციის მომზადების, ინსპექტირების, დათვალიერების, სატრანსპორტო დამუშავების (მათ შორის, დატვირთვისა და გადმოტვირთვის), ტრანსპორტირებისათვის შეფუთვისა და შენახვის მომსახურება;
გ.ე) ნავსადგურებში აგენტირების მომსახურება.
გ1) საქონლის იმპორტის, საწყობის, დროებითი შემოტანის, შიდა გადამუშავების ან თავისუფალი ზონის სასაქონლო ოპერაციაში მოქცევამდე საქართველოს ტერიტორიაზე მდებარე პუნქტებს შორის საქონლის გადაზიდვა და ამ გადაზიდვასთან უშუალოდ დაკავშირებული, ამ ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების გაწევა, გარდა ტვირთის შენახვის მომსახურებისა.
გ2) საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანამდე იმპორტის, საწყობის, დროებითი შემოტანის, შიდა გადამუშავების ან თავისუფალი ზონის სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული საქონლის საქართველოს საბაჟო საზღვრიდან საბაჟო დეკლარაციაში მითითებულ დანიშნულების პუნქტამდე გადაზიდვა და ამ გადაზიდვასთან უშუალოდ დაკავშირებული, ამ ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების გაწევა, გარდა ტვირთის შენახვის მომსახურებისა.
შემოწმების აქტის და აუდიტის დეპარტამენტის 3.07.2017 წლის №80419-21-14 წერილით წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად, გადამხდელს გემით გადაზიდვის მომსახურებას უწევს უცხოური არარეზიდენტი კომპანია. გემიდან პროდუქციის გადმოტვირთვის ვალდებულებას იღებს შპს „-----------“. რიგ შემთხვევებში გამოვლინდა, რომ არარეზიდენტმა კომპანიამ შპს „-------------“ დააკისრა გემის საზღვაო პორტში მოცდენის ჯარიმა. 2012 წელს აღნიშნული ჯარიმები არ არის დაბეგრილი უკუდაბეგვრის დღგ-ით. შემოწმება დაეყრდნო შემოსავლების სამსახურის სიტუაციურ სახელმძღვანელო №1110-ს.
აუდიტორის შეფასებით გემის მოცდენა ატარებს დამატებითი მომსახურების ნიშნებს, ხოლო მოცდენის ჯარიმა აღნიშნული მომსახურების კომპენსაციას, გემის მოცდენაში გადახდილი თანხა გათანაბრებულია შენახვის მომსახურების ღირებულებასთან. აღნიშნული წარმოადგენს არარეზიდენტის მიერ გაწეულ მომსახურებას, რომელიც ექვემდებარება უკუდაბეგვრის დღგ-ით დაბეგვრას.
ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს მომჩივნის არგუმენტის გათვალისწინების საფუძვლები და საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საბჭომ იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით, 305-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაგადაწყვიტა:
1. სადავო საკითხის ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.