საგანგებო მდგომარეობის მოქმედების პერიოდში უსასყიდლოდ გაწეული მომსახურების შესახებ N 2537

2537 საგანგებო მდგომარეობის მოქმედების პერიოდში უსასყიდლოდ გაწეული მომსახურების შესახებ 23.04.2020
№ დოკუმენტი 2537
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი

📄 სრული ტექსტი

სიტუაციური სახელმძღვანელო

საგანგებო მდგომარეობის მოქმედების პერიოდში უსასყიდლოდ გაწეული მომსახურების შესახებ N 2537

ფაქტობრივი გარემოებები

· პირს ბაზრობის ტერიტორიაზე, სავაჭრო ცენტრებსა და სხვა ობიექტებში იჯარით აქვს გაცემული კომერციული ფართები/სავაჭრო ადგილები სამეწარმეო საქმიანობის განმახორციელებელ პირებზე.

· საქართველოს ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობის დადგენილებით, როგორც მეიჯარეს, ასევე მოიჯარეებს შეუჩერდათ საქმიანობა, რის გამოც დაიხურა ობიექტები.

· საგანგებო მდგომარეობის არსებობის პერიოდში საიჯარო ხელშეკრულება არ გაუქმებულა, ამასთან, მოიჯარეს იჯარის თანხები ამ პერიოდზე არ გადაუხდია.

· საგანგებო მდგომარეობის არსებობის პერიოდზე, საიჯარო მომსახურება პირმა არ ჩათვალა მომსახურების გაწევად (მათ შორის უსასყიდლოდ) და შესაბამისად გადასახდებით დაბეგვრის ობიექტად.

შეფასება

· საქართველოს საგადასახადო კოდექსის:

- მე-9(3) მუხლის მიხედვით, უსასყიდლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა ეკონომიკურ საქმიანობად ითვლება, თუ იგი განახორციელა საწარმომ, მეწარმე ფიზიკურმა პირმა „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით განსაზღვრული საქმიანობის ფარგლებში.

- მე-16(2) მუხლის შესაბამისად, მომსახურების გაწევად ითვლება პირის მიერ სხვა პირისათვის მისივე ნებით, კომპენსაციის მიზნით ან უსასყიდლოდ ისეთი მოქმედების შესრულება, რომელიც არ არის საქონლის მიწოდება.

საქართველოს მთავრობის 23.03.2020 წლის N181 დადგენილების:

- მე-5 მუხლის თანახმად, იკრძალება საჯარო სივრცეში ფიზიკურ პირთა თავშეყრა 3 პირზე მეტი რაოდენობით. ამ მუხლის მიზნებისათვის, საჯარო სივრცე არის როგორც ჭერქვეშ, ისე გარეთ არსებული ნებისმიერი ადგილი, თუ იგი არ წარმოადგენს კერძო პირთა საცხოვრებელ მიზნებისთვის გამოსაყენებელ ადგილს.

- მე-7 მუხლის შესაბამისად, საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადით ჩერდება ნებისმიერი ეკონომიკური საქმიანობა, გარდა ამავე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

· იმის გათვალისწინებით, რომ ცალკეული სამეწარმეო საქმიანობა შეჩერებულ იქნა საქართველოს კანონმდებლობით (მთავრობის დადგენილებით) მხარეთა ნებისაგან დამოუკიდებლად, საგანგებო მდგომარეობის არსებობის პერიოდში მეიჯარის მიერ გაწეული მომსახურება არ განიხილება: - უსასყიდლო მომსახურებად და შესაბამისად გადასახადებით დაბეგვრის ობიექტად; - მოიჯარის სარგებლად.

ღონისძიებები

· პირის ქმედებაში საგადასახადო სამართალდარღვევა არ იკვეთება და დამატებით საგადასახადო ვალდებულებების დაკისრება არ ხდება.

შენიშვნა:

თუ საგანგებო მდგომარეობა მოიცავს არასრულ საანგარიშო პერიოდ(ებ)ს (თვე(ებ)ს), აღნიშნული მიდგომა ვრცელდება სრულ საანგარიშო პერიოდ(ებ)ზე (თვე(ებ)ზე).

სიტუაციული სახელმძღვანელო ასევე ვრცელდება იმ შემთხვევაზე, როდესაც ეკონომიკური საქმიანობა მთავრობის დადგენილებით საგანგებო მდგომარეობის პერიოდში შეუჩერდა ერთ-ერთ მხარეს.