გადაწყვეტილება №26283/2/2025

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 09.02.2026
№ დოკუმენტი 26283/2/2025
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული მომსახურების დეპარტამენტი

📜 საკანონმდებლო ნორმები

📄 სრული ტექსტი

№26283/2/2025

09 თებერვალი 2026

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: ----- (ს/ნ -----)

მოპასუხე: მომსახურების დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 30.01.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ----- 08.12.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის N 26283/2/2025).

 

დავის საგანი:

ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის ლიცენზიით გათვალისწინებულ გეგმაში შეზღუდვის მოხსნა და დარიცხული მოსაკრებლის გაუქმება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. მომსახურების დეპარტამენტის 30.07.2025 წლის N 21-11/56019 გადაწყვეტილება;

2. შემოსავლების სამსახურის 05.11.2025 წლის N 24434 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა:

მათ შორის:

ბუნებ. რესურ. სარგებ. მოსაკრებელი – 159 600 ლარი.

საურავი - 74 103.91 ლარი. 19.08.2025 წლის მდგომარეობით.

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები:

მომჩივანი ფლობდა სასარგებლო წიაღისეულის (არალითონები/ანდეზიტ - ბაზალტი. ჯამური 266 000მ3 ) მოპოვების ლიცენზიებს N ----- და N -----, რომელთა მოქმედების ვადაა 23.09.2013 - 22.09.2018 და 23.09.2018 - 22.09.2023 წლები.

----- ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროდან მოწოდებული ინფორმაციით, მომჩივანზე ----- მუნიციპალიტეტის სოფელ ----- მიმდებარე ტერიტორიაზე, ----- ანდეზიტ - ბაზალტის გამოვლინებაზე, 5 წლის ვადით გაცემული სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების N ----- ლიცენზიით, მისი მოქმედების ვადაში გათვალისწინებული იყო 266 000 მ3 ანდეზიტ - ბაზალტის მოპოვება. მომჩივნის 2017 წლის 7 დეკემბრის N ----- განცხადების საფუძველზე, საქართველოს მთავრობის 2018 წლის 22 ოქტომბერს N ----- განკარგულებით, მომჩივანზე გაცემულ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების N ----- ლიცენზიაში შევიდა ცვლილება, (განხორციელდა სალიცენზიო არეალის ადგილმონაცვლეობა და ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელება) და ----- ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 2018 წლის 3 დეკემბრის N ----- ბრძანებით, ----- მუნიციპალიტეტის სოფელ ----- მიმდებარე ტერიტორიაზე 5 წლის ვადით გაიცა ახალი სალიცენზიო მოწმობა N -----(შესაბამისად ძალადაკარგულია N ----- ლიცენზია), ხოლო ლიცენზიით გათვალისწინებული მოსაპოვებელი რესურსის რაოდენობა დარჩა უცვლელი.

N ----- ლიცენზიაზე ათვისების გეგმა დამტკიცებულია 13.06.2019 წელს:

2019 - 2020 წლები - მოსამზადებელი სამუშაოები, 2021 წელი - 80 000 მ3 , 2022 წელი - 90 000 მ3 , 2023 წელი - 96 000 მ3 .

N ----- ლიცენზიის ფარგლებში ათვისების გეგმის მიხედვით დასარიცხი მოსაკრებლის ოდენობა შეადგენს:

1. 2021 წლის I ნახევარი- 40 000 მ3 . განაკვეთი მ3 - 0,6 ლარი. 24 000 ლარი;

2. 2021 წლის II ნახევარი- 40 000 მ3 . განაკვეთი მ3 - 0,6 ლარი. 24 000ლარი;

3. 2022 წლის I ნახევარი- 45 000 მ3 . განაკვეთი მ3 - 0,6 ლარი. 27 000ლარი;

4. 2022 წლის II ნახევარი- 45 000 მ3 . განაკვეთი მ3 - 0,6 ლარი. 27 000ლარი;

5. 2023 წლის I ნახევარი- 64 000 მ3 . განაკვეთი მ3 - 0,6 ლარი. 38 400ლარი;

6. 2023 წლის II ნახევარი- 32 000 მ3 . განაკვეთი მ3 - 0,6 ლარი 19 200ლარი.

აღნიშნული ოდენობის მოსაკრებელი (სულ 159 600 ლარი) N ----- ლიცენზიის ფარგლებში წარმოდგენილი გაანგარიშებებით დარიცხულია მომჩივნის ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის პირადი აღრიცხვის ბარათზე.

გადასახადის გადამხდელმა 2025 წლის 19 ივლისის N ----- წერილით მიმართა მომსახურების დეპარტამენტს და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის გაანგარიშებებში მოითხოვა შეზღუდვის მოხსნა.

ვინაიდან ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის I და II ნახევრის გაანგარიშებებში შეზღუდულია ათვისების შესაბამის გეგმაზე ნაკლები რაოდენობის მოსაკრებლის შეტანა, აღნიშნული შეზღუდვის მოხსნა ვერ განხორციელდა, რის შესახებაც პირს ეცნობა 2025 წლის 30 ივლისის N ------ გადაწყვეტილებით, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 05.11.2025 წლის N 24434 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი:

შემოსავლების სამსახური მიუთითებს „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3, მე-4, მე-6 მუხლებზე, „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N 996 ბრძანებაზე, ,,სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს N 136 დადგენილების მე-7 მუხლზე და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომსახურების დეპარტამენტის სადავო გადაწყვეტილება მართლზომიერია და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია:

----- რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 2018 წლის 3 დეკემბრის N ----- ბრძანებით, ----- მუნიციპალიტეტის სოფელ ----- მიმდებარე ტერიტორიაზე 5 წლის ვადით გაიცა სალიცენზიო მოწმობა N ----- ანდეზიტ - ბაზალტის გამოვლინებაზე ჯამური მოცულობით 226 000 კუბური მეტრი.

ლიცენზიით დაკისრებულ იქნა გარკვეული ვალდებულებები, რომლის შესრულების მიზნით დაიწყო მოსამზადებელი სამუშაოები. მიუხედავად იმისა, რომ ----- კანონით დადგენილი წესით მთავრობის განკარგულების საფუძველზე გაცემულია ლიცენზია, რომელსაც ვადა ამოეწურა 2023 წლის სექტემბერში, ასევე სატყეო სააგენტოს დასკვნა და მცირე გეო საინფორმაციო პაკეტი არის დადებითი, დღემდე სატყეო სააგენტოს მიერ არ გაცემულა თანხმობა ტყის ჭრაზე, რის გარეშეც ფაქტიურად შეუძლებელია წიაღისეულის მოპოვება, რადგან ლიცენზიით განსაზღვრული ტერიტორია დაფარულია ტყის საფარით, რომელიც აღრიცხულია როგორც სახელმწიფო ტყე, ანუ ----- დღემდე ვერ იწყებს წიაღისეულის მოპოვებას.

სატყეო სააგენტო არ იძლევა ნებართვას ტყის ჭრაზე, რადგან ----- რესპუბლიკის პროკურატურაში დაწყებულია გამოძიება ლიცენზიის გაცემის ფაქტზე. არაერთი მიმართვის შემდგომ მომჩივნისათვის ცნობილი გახდა, რომ გამოძიების დასრულებამდე ტყის ჭრის ნებართვა არ გაიცემოდა.

ფაქტობრივად არ მოუპოვებია ბუნებრივი რესურსი და არანაირი შემოსავალი არ მიუღია, მოსაკრებლის დარიცხვა არ უნდა განხორციელდეს. ამბობს, რომ წიაღისეულის მოპოვება არ მომხდარა ლიცენზიის მფლობელის ბრალით ან უმოქმედობით. ეს იყო ადმინისტრაციული ორგანოების მხრიდან უმოქმედობის და ნებართვების არ გაცემის შედეგი. არ ეთანხმება მომსახურების დეპარტამენტის სადავო გადაწყვეტილებას და ითხოვს დარიცხული მოსაკრებლის გაუქმებას.

 

დავების განხილვის საბჭო:

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

„ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის გადამხდელია პირი, რომლის საქმიანობა ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ექვემდებარება ლიცენზირებას.

„ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებლის ობიექტია საქართველოს ტერიტორიაზე (ტერიტორიული წყლების, საჰაერო სივრცის, კონტინენტური შელფისა და განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის ჩათვლით) არსებული ბუნებრივი რესურსების მოცულობა (რაოდენობა), კერძოდ სასარგებლო წიაღისეულის მოცულობა (რაოდენობა).

„ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებელი გადაიხდება სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობისათვის – სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების (ან წიაღით სარგებლობის) ლიცენზიის მიღების შემდეგ, სასარგებლო წიაღისეულის (გარდა მინერალური წყლებისა, მიწისქვეშა მტკნარი ჩამოსასხმელი წყლებისა და ნახშირორჟანგისა) შემთხვევაში − 6 თვეში ერთხელ, მაგრამ არა უგვიანეს მე-6 თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა, მინერალური წყლებისა და მიწისქვეშა მტკნარი ჩამოსასხმელი წყლების შემთხვევაში − არა უგვიანეს ყოველი კვარტალის მომდევნო თვის 15 რიცხვისა, ნახშირორჟანგის (გაზი CO2) შემთხვევაში − ყოველთვიურად, არა უგვიანეს მომდევნო თვის 15 რიცხვისა, სასარგებლო წიაღისეულის ათვისების შესაბამისი გეგმით გათვალისწინებული ყოველწლიურად ასათვისებელი მოცულობის მიხედვით, თანაბარ ნაწილებად, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის მოცულობა აღემატება სასარგებლო წიაღისეულის ათვისების შესაბამისი გეგმით გათვალისწინებულ ყოველწლიურ ასათვისებელ მოცულობას, − ფაქტობრივად მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის ოდენობის მიხედვით.

ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის გადამხდელი ამ მუხლის პირველი პუნქტით (გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“, „დ“, „დ1 “ და „ვ“ ქვეპუნქტებისა) და 11 პუნქტით გათვალისწინებული ბუნებრივი რესურსებისათვის გაანგარიშებას საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით, ამ მოსაკრებლის გადახდისათვის დადგენილ ვადაში წარუდგენს საგადასახადო ორგანოს.

სადავო საკითხთან დაკავშირებით წარმოდგენილია მომსახურების დეპარტამენტის 10.12.2025 წლის N ----- წერილი, სადაც აღნიშნულია შემდეგი:

საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით, გადასახადის გადამხდელი ფლობდა 23.09.2013 - 22.09.2018 წლების საანგარიშო პერიოდებზე მოქმედ სასარგებლო წიაღისეულის (არალითონები/ანდეზიტ - ბაზალტი. ჯამური 266000 მ3) მოპოვების ლიცენზიას N ----- და 23.09.2018 - 22.09.2023 წლის საანგარიშო პერიოდებზე მოქმედ სასარგებლო წიაღისეულის (არალითონები/ანდეზიტ - ბაზალტი, ჯამური 266000 მ3) მოპოვების ლიცენზიას N -----.

გადასახადის გადამხდელის განცხადების საფუძველზე, საქართველოს მთავრობის 2018 წლის 22 ოქტომბერს N 1935 განკარგულებით, მომჩივანზე გაცემულ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების N ----- ლიცენზიაში შევიდა ცვლილება (განხორციელდა სალიცენზიო არეალის ადგილმონაცვლეობა და ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელება) და ----- რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 2018 წლის 3 დეკემბრის N 01-01-3/474 ბრძანებით, ----- მუნიციპალიტეტის სოფელ ----- მიმდებარე ტერიტორიაზე 5 წლის ვადით გაიცა ახალი სალიცენზიო მოწმობა N ----- (შესაბამისად ძალადაკარგულია N ----- ლიცენზია), ხოლო ლიცენზიით გათვალისწინებული მოსაპოვებელი რესურსის რაოდენობა დარჩა უცვლელი.

N ----- ლიცენზიაზე ათვისების გეგმა დამტკიცებულია 13.06.2019 წელს: 2019 - 2020წ. მოსამზადებელი სამუშაოები, 2021წ - 80000 მ3 , 2022წ - 90000 მ3 , 2023წ - 96000 მ3 . აღნიშნული ოდენობის მოსაკრებელი (სულ 159 600 ლარი) N ----- ლიცენზიის ფარგლებში წარმოდგენილი გაანგარიშებებით დარიცხულია გადასახადის გადამხდელის ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის პირადი აღრიცხვის ბარათზე.

მომჩივნის არგუმენტთან დაკავშირებით, რომ მას ფაქტობრივად არ მოუპოვებია ბუნებრივი რესურსები, რის გამოც მოსაკრებლის დარიცხვა არ უნდა განხორციელდეს, საბჭო განმარტავს, რომ მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, სასარგებლო წიაღისეულის შემთხვევაში ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის დარიცხვა უკავშირდება არა ფაქტობრივ მოპოვებას, არამედ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის არსებობასა და დამტკიცებული ათვისების გეგმით განსაზღვრულ ასათვისებელ მოცულობას. შესაბამისად, მხოლოდ მოპოვების განუხორციელებლობა, მათ შორის პირისგან დამოუკიდებელი გარემოებების არსებობის შემთხვევაშიც, თავისთავად არ წარმოადგენს მოსაკრებლის დარიცხვის გაუქმების სამართლებრივ საფუძველს. ამავე დროს, ლიცენზიის ვადამდე შეწყვეტის, გაუქმების ან ათვისების გეგმაში ცვლილების შეტანის მიზნით, ლიცენზიის მფლობელი უფლებამოსილია კანონით დადგენილი წესით მიმართოს ლიცენზიის გამცემ ადმინისტრაციულ ორგანოს ლიცენზიის მოქმედების ვადის ამოწურვამდე, რაც მოცემულ შემთხვევაში არ განხორციელებულა.

საბჭო დამატებით განმარტავს, რომ ლიცენზიის მოქმედებასთან, კანონიერებასთან ან მის რეალურ გამოყენებასთან დაკავშირებული საკითხების შეფასება არ შედის საგადასახადო ორგანოს და დავების განხილვის საბჭოს კომპეტენციაში.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ განხილვის მომენტისთვის არსებული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების გათვალისწინებით, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებლის დარიცხვა განხორციელდა მართლზომიერად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

ამასთანავე, წინამდებარე გადაწყვეტილება არ ზღუდავს მომჩივნის უფლებას, კანონით დადგენილ შემთხვევაში (საგადასახადო კოდექსის 308-ე მუხლი) მოითხოვოს საქმის განახლება და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისთვის მოსაკრებლის კორექტირება იმ შემთხვევაში, თუ შემდგომში უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიიღება გადაწყვეტილება ლიცენზიის სამართლებრივი სტატუსის ცვლილების ან/და მისი ბათილად ცნობის შესახებ.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N 64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი:

ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის ლიცენზიით გათვალისწინებულ გეგმაში შეზღუდვის მოხსნა და დარიცხული მოსაკრებლის გაუქმება.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

მომჩივანს ჰქონდა სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზია და დამტკიცებული ათვისების გეგმა, რომლის საფუძველზეც დაერიცხა ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებელი. გადამხდელის მოთხოვნა გაანგარიშებებში შეზღუდვის მოხსნის შესახებ არ დაკმაყოფილდა, რადგან იგი არ შეესაბამებოდა ათვისების გეგმას. საგადასახადო ორგანომ გადაწყვეტილება კანონიერად მიიჩნია და დავა გადაეცა სადავო ორგანოს.

 

გადაწყვეტილება:

საბჭო მიიჩნევს, რომ განხილვის მომენტისთვის არსებული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების გათვალისწინებით, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებლის დარიცხვა განხორციელდა მართლზომიერად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

დასაბუთება:

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: https://infohub.rs.ge/ka/workspace/document/ca95c8f9-cd35-4013-9839-1b7cb6945af9?openFromSearch=true