ბრძანება N 5468

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 21.03.2023
№ დოკუმენტი 5468
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📜 საკანონმდებლო ნორმები

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 5468

21.03.2023

„----------“ (ს/ნ ----------)

(მის.: ---------------------------)

2023 წლის 22 თებერვლის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 10 მარტის სხდომაზე (ოქმი №24), განიხილა -------- ---------ის (ს/ნ ----------) №79265/1/2023 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2022 წლის 2 ივლისის №21-10-20/59913 გადაწყვეტილებას და საბაჟო დეკლარაცია - ფორმა 4-ებით დარიცხულ იმპორტის გადასახდელს.

მომჩივნის არგუმენტაცია:

საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ არის გერმანიის მოქალაქე, საქართველოს მუდმივი რეზიდენტი და თბილისში ცხოვრობს ოჯახთან ერთად. ქმარი არის -------ის მოქალაქე და ასევე საქართველოს რეზიდენტიც. იღებს ამანათებს და დღგ-ს 18 % იხდიდა მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ საქონლის ღირებულება 300 ლარს აღემატებოდა. კომპანია -------მა მიაწოდა ინფორმაცია, რომ ყველა ამანათზე, რასაც ამის მერე მიიღებდა, მიუხედავად იმისა ღირებულება გადააჭარბებს თუ არა 300 ლარს, უნდა გდაიხადოს იმპორტის გადასახდელი. ამის მიზეზი არის ის, რომ ამანათების რაოდენობიდან გამომდინარე მიიჩნიეს როგორც მეწარმე. მომჩივანი მიუთითებს, რომ არც ის და არც მისი ოჯახი არ აწარმოებს კომერციულ საქმიანობას და ყველა ამანათი არის ოჯახის საჭიროებისათვის განკუთვნილი.

აღნიშნულზე მითითებით, ითხოვს კომერციული სტატუსის მოხსნას და უკანონოდ დარიცხული დღგ-ის დაბრუნებას.

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, 2022 წლის 24 ივნისს ---------მა საბაჟო დეპარტამენტს მიმართა №--------/21-11 განცხადებით და ითხოვა საფოსტო გზავნილებით შემოტანილი 300 ლარზე ნაკლები ღირებულების საქონელზე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ვ.“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეღავათით სარგებლობა.

აღნიშნული განცხადების პასუხად, საბაჟო დეპარტამენტის 2022 წლის 2 ივლისის 21-10-20/-------- წერილით ----------ს ეცნობა, რომ მის მიერ საფოსტო გზავნილებით შემოტანილი საქონელი შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ბაზებში არსებული ინფორმაციის გათვალისწინებით, ჩაითვალა ეკონომიკური საქმიანობისათვის განკუთვნილად და მასზე ვერ გავრცელდებოდა მოთხოვნილი საგადასახადო შეღავათი.

ვინაიდან ----------ის კუთვნილი საფოსტო გზავნილებით შემოტანილ საქონელს განესაზღვრა ეკონომიკური საქმიანობისათვის განკუთვნილის სტატუსი, მასზე ვერ გავრცელდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეღავათი და საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ დარეგისტრირდა №---------, №---------,№---------, №---------, №---------, №---------, №---------, №---------, №---------, №---------, №--------- საბაჟო დეკლარაცია - ფორმა 4-ები.

მითითებული საბაჟო დეკლარაციებით დარიცხული მონაცემების სისწორეს ------------- დაეთანხმა ხელმოწერით, რის შემდეგაც საქონელი გაშვებულ იქნა თავისუფალ მიმოქცევაში და საფოსტო გზავნილებმა დატოვა საბაჟო კონტროლის ზონა.

------------ს 2021 წლის პირველი ივნისიდან 2022 წლის 24 ივნისის ჩათვლით უფიქსირდება 280 საფოსტო გზავნილის მიღება.

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

ამავე კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, იმპორტის გადასახადისაგან გათავისუფლებულია ფიზიკური პირის მიერ საფოსტო გზავნილის შემთხვევაში საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 28-ე–97-ე ჯგუფების შესაბამისი 300 ლარამდე ღირებულების, 30 კგ-მდე საერთო წონის საქონლის (საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 3824 90 980 01 კოდით გათვალისწინებული საქონლის გარდა) იმპორტი, რომელიც ეკონომიკური საქმიანობისათვის განკუთვნილი არ არის.

ამავე საკანონმდებლო აქტის 309-ე მუხლის 132-ე ნაწილით დადგენილია, რომ 2026 წლის 1 იანვრამდე დღგისგან გათავისუფლებულია საქონლის იმპორტი ამ კოდექსის 199-ე მუხლის „დ“ და „ო“ ქვეპუნქტების მოთხოვნების შესაბამისად, იმავე მუხლის შენიშვნის გათვალისწინებით, გარდა თავისუფალი ინდუსტრიული ზონიდან საქონლის იმპორტისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-9 მუხლის მიხედვით, ეკონომიკურ საქმიანობად განიხილება ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც ხორციელდება შემოსავლის ან კომპენსაციის მისაღებად, მიუხედავად ამ საქმიანობის შედეგისა, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამავე კოდექსის მე-60 მუხლის მე-5 ნაწილი ადგენს, რომ გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს, ისარგებლოს საგადასახადო შეღავათით შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის წარმოშობის მომენტიდან მისი მოქმედების მთელი პერიოდის განმავლობაში. საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-5 მუხლი ადგენს, რომ საბაჟო ორგანო ახორციელებს საბაჟო ზედამხედველობას, საბაჟო კონტროლს და საბაჟო ფორმალობებს.

ამავე კოდექსის მე-6 მუხლის მიხედვით, საბაჟო კონტროლი გულისხმობს საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის, აგრეთვე საქართველოს საბაჟო ტერიტორიასა და უცხო ქვეყანას შორის გადაადგილებული საქონლის შემოტანის, ტრანზიტის, გადაადგილების, შენახვის, მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებისა და გატანის, აგრეთვე უცხოური საქონლის და მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე განთავსებისა და გადაადგილების მარეგულირებელი სხვა სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა დაცვის უზრუნველსაყოფად საბაჟო ორგანოს მიერ განსახორციელებელ ცალკეულ ქმედებებს.

ამავე საკანონმდებლო აქტის 27-ე მუხლის შესაბამისად, საბაჟო ორგანო უფლებამოსილია განახორციელოს საბაჟო კონტროლი ნებისმიერი ფორმით. დადგენილია, რომ მომჩივნის მიერ საფოსტო გზავნილ(ებ)ით შემოტანილი საქონელი, შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ბაზებში არსებული ინფორმაციის გათვალისწინებით, ჩაითვალა ეკონომიკური საქმიანობისათვის განკუთვნილად. შესაბამისად, მომჩივნისთვის საგადასახადო შეღავათით სარგებლობისთვის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამართლებრივი საფუძველი არ არსეობს და საფოსტო გზავნილ(ებ)ით შემოტანილი საქონლის იმპორტი (მოცემულ შემთხვევაში №---------, №---------,№---------, №---------, №---------, №---------, №---------, №---------, №---------, №---------, №---------, №--------- საბაჟო დეკლარაცია - ფორმა 4-ებით.) დაექვემდებარება იმპორტის გადასახდელებით დაბეგვრას.

ამდენად, მომჩივანი ვერ ისარგებლებს მის მიერ საფოსტო გზავნილებით შემოტანილ საქონელზე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეღავათით და მისი კუთვნილი საფოსტო გზავნილებით შემოტანილი საქონლის სავალდებულო დეკლარირებას დაქვემდებარება მართლზომიერია. ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო საბაჟო დეკლარაცია - ფორმა 4- ებით დარიცხულ იმპორტის გადასახდელები შესაბამისობაშია მოქმედ კანონმდებლობასთან და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. ----------ის (ს/ნ ---------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

საჩივრის ავტორი ითხოვს საფოსტო გზავნილებზე კომერციული სტატუსის მოხსნას და დარიცხული დღგ-ის დაბრუნებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

მომჩივნის მიერ საფოსტო გზავნილ(ებ)ით შემოტანილი საქონელი, შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ბაზებში არსებული ინფორმაციის გათვალისწინებით, ჩაითვალა ეკონომიკური საქმიანობისათვის განკუთვნილად. შესაბამისად, მომჩივნისთვის საგადასახადო შეღავათით სარგებლობისთვის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამართლებრივი საფუძველი არ არსეობს და საფოსტო გზავნილ(ებ)ით შემოტანილი საქონლის იმპორტიდაექვემდებარება იმპორტის გადასახდელებით დაბეგვრას.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო საბაჟო დეკლარაცია - ფორმა 4- ებით დარიცხულ იმპორტის გადასახდელები შესაბამისობაშია მოქმედ კანონმდებლობასთან და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 199 („დ.ვ“ )