ბრძანება N 5320
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 5320
11 მარტი 2026
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „----ს“ (ს/ნ ---)
(ფაქტ. მის.:---) 2026 წლის 26 თებერვლის
საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 6 მარტის სხდომაზე (ოქმი №21) განიხილა შპს „----ს“ (ს/ნ ----) №101030/1/2026 საჩივარი, რომლითაც გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2026 წლის 25 თებერვლის №CB1876958 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმს.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შერჩევითი ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილ აღურიცხავ სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობებს და განმარტავს, რომ კომპანიის მიერ შევსებული და წარდგენილ იქნა დანართი 224, სადაც სრულად არის მითითებული შერჩევითი ინვენტარიზაციის პროცესში აღრიცხული საქონლის შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივანი ითხოვს სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ფულადი ჯარიმის მოხსნას.
ფაქტების აღწერა:
სადავო ოქმითა და საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2026 წლის 17 თებერვლის №ბ-14818/2026 ბრძანების თანახმად, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ჩატარებულ იქნა შპს „---ის“ (ს/ნ ---) სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ცალკეულ სახეობათა (კოკა-კოლა 0.5 ლიტ, კაპიპალპი 0.5 ლიტ, წყალი მთის 0.5 ლიტ.) შერჩევითი ინვენტარიზაცია. ინვენტარიზაციის შედეგად შპს „---ს“ (ს/ნ ----) ფაქტობრივი აღწერით, 2026 წლის 17 თებერვლის მდგომარეობით დაუფიქსირდა 191 ლარის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები. გადასახადის გადამხდელმა შერჩევითი ინვენტარიზაციის ჩატარების თაობაზე ბრძანების ჩაბარებიდან 2 სამუშაო დღის ვადაში არ წარმოადგინა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთების სააღრიცხვო (საბუღალტრო) მონაცემები „სააღრიცხვო დოკუმენტებში აღრიცხული შერჩევითი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის შესახებ“ ოქმის (დანართი №224 ) მიხედვით და წარმოადგინა 2 სამუშაო დღის შემდგომ (დაგვიანებით). აღნიშნულიდან გამომდინარე საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 2026 წლის 25 თებერვალს შედგენილ იქნა №CB1876958 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-12 ნაწილის საფუძველზე, სამართალდამრღვევს შეეფარდა ჯარიმა 400 ლარის ოდენობით.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ, გამოიკვლიონ საწარმოთა, ორგანიზაციათა და მეწარმე ფიზიკურ პირთა საწარმოო, სასაწყობო, სავაჭრო და სხვა სათავსები, განახორციელონ საგადასახადო მონიტორინგი, ინვენტარიზაციით აღრიცხონ საქონლის მარაგები, ჩაატარონ დაკვირვება ქრონომეტრაჟის ან სხვა მეთოდის გამოყენებით და განსაზღვრონ დასაბეგრი ობიექტების რაოდენობა, ჩაატარონ საგადასახადო შემოწმება, უზრუნველყონ გადასახადის გადამხდელის მიერ საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვის კონტროლი და მათი დარღვევის შემთხვევაში, შესაბამისი პირების მიმართ გაატარონ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 22-ე ნაწილის თანახმად, სააღრიცხვო დოკუმენტაცია არის პირველადი დოკუმენტები (მათ შორის, პირველადი საგადასახადო დოკუმენტები), ბუღალტრული აღრიცხვის რეგისტრები და სხვა დოკუმენტები, რომელთა საფუძველზედაც განისაზღვრება გადასახადებით დაბეგვრის ობიექტები, დაბეგვრასთან დაკავშირებული ობიექტები და დგინდება საგადასახადო ვალდებულებები. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს პირს მოსთხოვოს მისი სააღრიცხვო დოკუმენტაციის ან/და მის დაბეგვრასთან დაკავშირებული ინფორმაციის (მათ შორის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე სხვა სახელმწიფოს კომპეტენტური (უფლებამოსილი) ორგანოს მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის) წარდგენა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას. საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერულ) ოპერაციაზე გამოწერილ პირველად საგადასახადო დოკუმენტში საქონლის ღირებულების (მათ შორის, საქონლის ერთეულის ფასის) მითითება სავალდებულო არ არის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელთან სააღრიცხვო დოკუმენტაციაში აღურიცხველი და პირველადი საგადასახადო დოკუმენტის გარეშე სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების გამოვლენა იწვევს პირის დაჯარიმებას გამოვლენის მომენტში ამ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულების 50 პროცენტის ოდენობით, ხოლო ამავე მუხლის მე-11 ნაწილის მიხედვით ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის გამოვლენა, თუ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულება არ აღემატება 1000 ლარს, იწვევს პირის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-12 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის მე-11 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, იწვევს პირის დაჯარიმებას ყოველ შემდგომ განმეორებაზე 400 ლარის ოდენობით.
ამასთან, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე, რომლის თანახმად ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რისთვისაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97–ე მუხლის თანახმად მტკიცებულებათა გამოკვლევისათვის უფლებამოსილია გამოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს. ამავე კოდექსის 96-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის არგუმენტზე, რომ კომპანიის მიერ შევსებული და წარდგენილი იქნა დანართი 224 , სადაც სრულად არის მითითებული შერჩევითი ინვენტარიზაციის პროცესში აღრიცხული საქონლის შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტები. შემოსავლების სამსახური, ასევე, მიუთითებს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ შერჩევითი ინვენტარიზაციის ჩატარების თაობაზე ბრძანების ჩაბარებიდან 2 სამუშაო დღის ვადაში არ იქნა წარმოდგენილი სასაქონლომატერიალურ ფასეულობების ნაშთების სააღრიცხვო (საბუღალტრო) მონაცემები „სააღრიცხვო დოკუმენტებში აღრიცხული შერჩევითი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის შესახებ“ ოქმის (დანართი №224) მიხედვით და აღნიშნული ინფორმაცია წარმოდგენილ იქნა 2 სამუშაო დღის შემდგომ (დაგვიანებით).
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, სადავო საკითხთან დაკავშირებით საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტების დამადასტურებელი მტკიცებულებები. ამ ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, უნდა დაევალოს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით დამატებით შეისწავლოს გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები (მათ შორის, 2026 წლის 17 თებერვლის №ბ-14818/2026 ბრძანებით განსაზღვრული 2 დღიანი ვადის დარღვევით საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტში წარდგენილი დოკუმენტები) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-12 ნაწილით დაკისრებული ჯარიმის კორექტირება (შემცირება).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „---ის“ (ს/ნ ---) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. სადავო საკითხთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, სადავო საკითხთან დაკავშირებით საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტების დამადასტურებელი მტკიცებულებები;
ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით დამატებით შეისწავლოს გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები (მათ შორის, 2026 წლის 17 თებერვლის №ბ-14818/2026 ბრძანებით განსაზღვრული 2 დღიანი ვადის დარღვევით საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტში წარდგენილი დოკუმენტები) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-12 ნაწილით დაკისრებული ჯარიმის კორექტირება (შემცირება);
3. ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მეორე პუნქტის შესრულების შედეგების გათვალისწინებით, დაევალოს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს შესაბამისი კორექტირების განხორციელება გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შერჩევითი ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილ აღურიცხავ სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობებს.
ფაქტობრივი გარემოებები
სადავო ოქმითა და საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ბრძანების თანახმად, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ჩატარებულ იქნა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ცალკეულ სახეობათა (კოკა-კოლა 0.5 ლიტ, კაპიპალპი 0.5 ლიტ, წყალი მთის 0.5 ლიტ.) შერჩევითი ინვენტარიზაცია. ინვენტარიზაციის შედეგად მომჩივანს ფაქტობრივი აღწერით, 2026 წლის 17 თებერვლის მდგომარეობით დაუფიქსირდა 191 ლარის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები. გადასახადის გადამხდელმა შერჩევითი ინვენტარიზაციის ჩატარების თაობაზე ბრძანების ჩაბარებიდან 2 სამუშაო დღის ვადაში არ წარმოადგინა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთების სააღრიცხვო (საბუღალტრო) მონაცემები „სააღრიცხვო დოკუმენტებში აღრიცხული შერჩევითი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის შესახებ“ ოქმის (დანართი №224 ) მიხედვით და წარმოადგინა 2 სამუშაო დღის შემდგომ (დაგვიანებით).
აღნიშნულიდან გამომდინარე საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ შედგენილ იქნა სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც სამართალდამრღვევს შეეფარდა ჯარიმა 400 ლარის ოდენობით.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, სადავო საკითხთან დაკავშირებით საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტების დამადასტურებელი მტკიცებულებები. ამ ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, უნდა დაევალოს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით დამატებით შეისწავლოს გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-12 ნაწილით დაკისრებული ჯარიმის კორექტირება (შემცირება).
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 286 (4, 12).