ბრძანება N 4085
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 4085
26 თებერვალი 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
ფ/პ „----------“ (პ/ნ ----------)
(ფაქტ. მის.: ----------;
იურ. მის.: ----------)
2024 წლის 18 იანვრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის პირველი თებერვლის სხდომაზე (ოქმი №9) განიხილა ფ/პ „----------“ (პ/ნ ----------) 2024 წლის 18 იანვრის №86889/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 26 დეკემბრის №021-113 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. აცხადებს, რომ მიღებული შემოსავალი დაბეგრილია გერმანიაში (დაბეგვრის დასტურად წარმოადგინა „----------“-სგან მიღებული დოკუმენტი) და აღარ ექვემდებარება საქართველოში მეორედ დაბეგვრას. განმარტავს, რომ „----------”-ში მისი საქმიანობა საგანმანათლებლო ხასიათისაა და პროფესიონალიზმის ამაღლებას ემსახურება. აღნიშნავს, რომ სახლიდან მუშაობდა და მხოლოდ საკუთარ რესურსს იყენებდა შემოსავლის მისაღებად. აცხადებს, რომ არასამართლიანი იქნება შემოსავლის დაბეგვრა გერმანიაშიც და საქართველოშიც. ითხოვს აღნიშნულის გათვალისწინებას, რათა არ მოხდეს შემოსავლის ორმაგად დაბეგვრა.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 20 ივნისის №13974 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა ფ/პ „----------“ (პ/ნ ----------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 1 ივნისამდე საანგარიშო პერიოდებში საქართველოს ტერიტორიიდან არარეზიდენტი პირისთვის დაქირავებით მუშაობით/მომსახურების გაწევის შედეგად მიღებული შემოსავლების დაბეგვრის სისწორის დადგენის მიზნით. შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 22 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2023 წლის 26 დეკემბრის №32835 ბრძანება და ამავე თარიღის №021-113 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 4 317 ლარი, მათ შორის, გადასახადი 2 159 ლარი, ჯარიმა 1 079 ლარი, საურავი 1 079 ლარი.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
ფ/პ „----------“ (პ/ნ ----------) შესამოწმებელ პერიოდში გაწეული აქვს მომსახურება გერმანული სამაუწყებლო კომპანია „----------”-სთვის. შემოწმებისთვის წარდგენილი საბანკო ამონაწერებით დგინდება, რომ შესამოწმებელ პერიოდში აღნიშნული კომპანიისგან ჩარიცხული თანხა შეადგენს 10 793 ლარს. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 104-ე და „საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგრვის თავიდან აცილების შესახებ“ შეთანხმების მე-15 მუხლების შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის მიერ მიღებული თანხები დაექვემდებარა საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას. შედეგად, შემოწმებით, ფ/პ „----------“ (პ/ნ ----------) დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 79-ე მუხლის „ა“ ნაწილის თანახმად, საშემოსავლო გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი ფიზიკური პირი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-80 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-81 მუხლის მიხედვით, ფიზიკური პირის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 20 პროცენტით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტის ერთობლივი შემოსავალი შედგება საქართველოში არსებული წყაროდან და საქართველოს ფარგლების გარეთ მიღებული შემოსავლებისაგან.
ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ნებისმიერი ფორმით ან/და საქმიანობით მიღებული შემოსავალი, კერძოდ:
ა) ხელფასის სახით მიღებული შემოსავლები;
ბ) ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან;
გ) სხვა შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან და ეკონომიკურ საქმიანობასთან
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-104 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, ამ კარის მიზნებისათვის საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავალს განეკუთვნება:
ა) საქართველოში დაქირავებით მუშაობით მიღებული შემოსავალი;
გ) საქართველოში მომსახურების გაწევით მიღებული შემოსავალი.
ამ მიზნით, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, მომსახურება საქართველოში გაწეულად ითვლება, თუ:
გ.ა) მომსახურება ფაქტობრივად გაიწევა საქართველოს ტერიტორიაზე;
გ.ზ) მომსახურების გამწევი და მომსახურების მიმღები სხვადასხვა სახელმწიფოში არიან და მომსახურების გამწევი საქართველოს რეზიდენტია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მომსახურების გამწევის მიერ მომსახურების გაწევა ხორციელდება სხვა ქვეყანაში მისი მუდმივი დაწესებულების მეშვეობით, რომელიც ადასტურებს, რომ მომსახურების გამწევმა სხვა ქვეყანაში (გარდა საქართველოსი) გასწია მომსახურება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 153-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საშემოსავლო გადასახადის/მოგების გადასახადის შესახებ დეკლარაციას საგადასახადო ორგანოს საანგარიშო წლის მომდევნო წლის 1 აპრილამდე წარუდგენს რეზიდენტი ფიზიკური პირი, რომლის შემოსავალიც არ იბეგრება საქართველოში გადახდის წყაროსთან (გარდა იმ პირისა, რომელიც საშემოსავლო გადასახადით იბეგრება ამ კოდექსის მე-80 მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტის მიხედვით);
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, გადასახადით დაბეგვრასთან დაკავშირებულ საკითხზე საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებულ და ძალაში შესულ საერთაშორისო ხელშეკრულებას აქვს უპირატესი იურიდიული ძალა ამ კოდექსის მიმართ.
„საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ“ შეთანხმების მე-15 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ შეთანმხების მე-16–მე-19 მუხლების დებულებათა გათვალისწინებით, ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ხელფასი, გასამრჯელო ან სხვა მსგავსი ანაზღაურება შეიძლება დაიბეგროს მხოლოდ ამ სახელმწიფოში, თუ მუშაობა არ ხორციელდება მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში. თუ მუშაობა ხორციელდება მეორე სახელმწიფოში, მაშინ ასეთ შემთხვევაში მიღებული ანაზღაურება შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ შეთანხმების თანახმად, თუ მუშაობა არ ხორციელდება მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რეზიდენტი პირის სახელმწიფო უფლებამოსილია დაბეგროს მისი შემოსავალი, შემოსავალის წარმოქმნის წყაროს მიუხედავად.
შემოსავლების სამსახური ეყრდნობა საგადასახადო შემოწმების აქტს და აუდიტის დეპარტამენტის განმარტებას, რომლის შესაბამისადაც გადასახადის გადამხდელი შესამოწმებელ პერიოდში წარმოადგენს საქართველოს რეზიდენტ ფიზიკურ პირს, ამასთან, უფიქსირდება გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში რეგისტრირებული საწარმოსგან მიღებული შემოსავალი, რომელიც არ არის დაბეგრილი საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად. აღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მართლზომიერად მიიჩნევს მიღებული შემოსავლის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაბეგვრას. ამასთან, გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად, ხოლო დავის წარმოების პროცესში არ აქვს წარმოდგენილი, იმგვარი მტკიცებულებები/არგუმენტები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ასევე „საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ“ შეთანხმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. ფ/პ „----------“ (პ/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ შეთანხმების თანახმად, თუ მუშაობა არ ხორციელდება მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რეზიდენტი პირის სახელმწიფო უფლებამოსილია დაბეგროს მისი შემოსავალი, შემოსავალის წარმოქმნის წყაროს მიუხედავად. შემოსავლების სამსახური ეყრდნობა საგადასახადო შემოწმების აქტს და აუდიტის დეპარტამენტის განმარტებას, რომლის შესაბამისადაც გადასახადის გადამხდელი შესამოწმებელ პერიოდში წარმოადგენს საქართველოს რეზიდენტ ფიზიკურ პირს, ამასთან, უფიქსირდება გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში რეგისტრირებული საწარმოსგან მიღებული შემოსავალი, რომელიც არ არის დაბეგრილი საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად. აღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მართლზომიერად მიიჩნევს მიღებული შემოსავლის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაბეგვრას. ამასთან, გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად, ხოლო დავის წარმოების პროცესში არ აქვს წარმოდგენილი, იმგვარი მტკიცებულებები/არგუმენტები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ასევე „საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ“ შეთანხმების გათვალისწინებით, აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 104(1); 153(1).