ბრძანება N 11691
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 11691
29.05.2023
შპს „----------“ (ს/ნ ----------)
(მის.: ----------)
2022 წლის 21 იანვრის საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 4 მაისის სხდომაზე (ოქმი №48) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2022 წლის 3 ნოემბრის №17297/2/2022 გადაწყვეტილებით განსახილველად დაბრუნებული შპს „----------“ (ს/ნ ----------) 2022 წლის 21 იანვრის №66931/1/2022 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 23 დეკემბრის №007-524 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგებს შემდეგ გარემოებათა გამო:
1. მომჩივანი ეთანხმება შემოწმების მიერ კომპანიასა და მიწის მესაკუთრე პირებს შორის განხორციელებული ოპერაციის გრძელვადიან კოტრაქტად განხილვას, თუმცა არ ეთანხმება დასაბეგრი ბრუნვის დადგენის მიზნით შემოწმების მიერ გამოყენებულ გაანგარიშებებს;
2. არ ეთანხმება ურთიერთდამოკიდებულ პირებზე რეალიზებულ ფართებზე ფასის კორექტირებას და განმარტავს, რომ შემოწმებას უნდა გაეთვალისწინებინა მიწოდებული ფართის მოცულობა, გადახდის პირობები, ფართის მდგომარეობა მყიდველისთვის მიწოდებისას. ამასთან, მომჩივანი აღნიშნავს, რომ საბაზრო ფასის განსაზღვრა უნდა მოხდეს ბაზარზე იდენტური პროდუქტის მიხედვით, ხოლო განსახილველ შემთხვევაში გაუგებარია, რას დაეყრდნო შემოწმება ფასის განსაზღვრისას;
3. მომჩივანი აცხადებს, რომ შესამოწმებელ პერიოდში გამორჩენილი აქვს რამდენიმე საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა და ვერ ახორციელებს დღგ-ს ჩათვლას. მისი განმარტებით, აღნიშნული ფაქტურებით შეძენილია სამშენებლო მასალები და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებში ასახული დღგ-ის თანხა ექვემდებარება ჩათვლას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 16 აპრილის №11371 და 21 აპრილის №12042 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა შპს „----------“ (ს/ნ ----------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2018 წლის 1 ოქტომბრიდან 2021 წლის 1 მარტამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2021 წლის 14 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2021 წლის 22 დეკემბრის №40054 ბრძანება და 23 დეკემბრის №007-524 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 230 643 ლარი, მათ შორის, გადასახადი 104 700 ლარი, ჯარიმა 81 153 ლარი და საურავი 44 790 ლარი.
ზემოაღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გადამხდელის მიერ გასაჩივრებულ იქნა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 24 ივნისის №16090 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული ბრძანება გადამხდელის მიერ გასაჩივრებულ იქნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2022 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილებით გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 24 ივნისის №16090 ბრძანება და საჩივარი მომჩივნის მონაწილეობით ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2022 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილებაში მითითებულია შემდეგი:
„საბჭო ყურადღებას ამახვილებს მომჩივნის არგუმენტებზე და მიაჩნია, რომ მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, დავის საგნებთან მიმართებაში მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების მართლზომიერად განსაზღვრის საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას მომჩივნის მონაწილეობით. ამ მიზნით საჩივარი ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.“
საჩივარში დასმულ სადავო საკითხებთან დაკავშირებით საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:
„1. შპს „----------“ გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2016 წლის 10 მაისს. კომპანიის საქმიანობას წარმოადგენს მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის აშენება ---------- ში და ბინების რეალიზაცია. აღნიშნული კორპუსის აშენების მიზნით კომპანიას აღნაგობის ხელშეკრულების საფუძველზე, ორი ფიზიკური პირისგან მიღებული აქვს მიწის ნაკვეთი, რის სანაცვლოდაც განსაზღვრულია მშენებლობის დასრულების შემდეგ გარკვეული ფართების მიწის მესაკუთრეებისთვის გადაცემა. გადასახადის გადამხდელი მიწის მესაკუთრე ფიზიკურ პირებზე ბინების გადაცემას არ განიხილავს მიწოდებად. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 107-ე ნაწილის და 2018 წლის 1 იანვრამდე მოქმედი რედაქციის 161-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, კომპანიის მიერ ფიზიკურ პირებთან გაფორმებული ხელშეკრულებით მხარეთა შორის წარმოიშვა გაცვლის (ბარტერული) შინაარსის მქონე სამართლებრივი ურთიერთობა, რომლის ფარგლებშიც, კომპანია ფიზიკური პირის მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების შეძენის სანაცვლოდ, კისრულობს სამშენებლო მომსახურების გაწევის ვალდებულებას. ამასთან, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-10 ნაწილის გათვალისწინებით, მხარეთა შორის გაფორმებული დასაბეგრი ოპერაციის თანხა გაანგარიშებულ იქნა შემდეგნაირად: ფიზიკურ პირებზე გადასაცემი ფართების აშენებაზე გაწეულ/გასაწევ ხარჯებს (გარდა მიწის ღირებულებისა) დამატებული 10%-იანი ფასნამატი. შედეგად, გადასახადის გადამხდელს გაეზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა: 2018 წელს - 225 286 ლარით, 2019 წელს - 193 041 ლარით და 2020 წელს - 33 522 ლარის ოდენობით. კომპანიას დაერიცხა კუთვნილი დამატებული ღირებულების გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად.
2. შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელის მიერ ურთიერთდამოკიდებულ პირებზე რეალიზებულია ბინები, რომელთა კვადრატული მეტრის ფასი შეადგენს 500 ლარს. საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლის მე-11 ნაწილის გათვალისწინებით, ვინაიდან გარიგება მოხდა ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის, შემოწმებით აღნიშნული ბინები რეალიზებულ იქნა საბაზრო ფასად (465 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში). გადასახადის გადამხდელს დაერიცხა კუთვნილი დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
3. აღნიშნულ სადავო საკითხთან დაკავშირებით საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით საგადასახადო ვალდებულებები არ არის განსაზღვრული.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-14 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, მომსახურებად ითვლება საქმიანობა, რომელიც არ არის საქონლის მიწოდება. თუ საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, მომსახურებას მიეკუთვნება სამშენებლო-სამონტაჟო საქმიანობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, გრძელვადიანი კონტრაქტი არის კონტრაქტი წარმოებაზე, მონტაჟზე, მშენებლობაზე ან ასეთ საქმიანობასთან დაკავშირებული მომსახურების გაწევაზე, რომელიც არ დასრულებულა იმ კალენდარულ წელს, რომელშიც დაიწყო კონტრაქტით გათვალისწინებული მომსახურება, გარდა იმ კონტრაქტისა, რომელიც დასრულდა კონტრაქტით გათვალისწინებული მომსახურების გაწევის დაწყებიდან 6 თვის განმავლობაში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 107-ე ნაწილის თანახმად, 2018 წლის 1 იანვრამდე დადებული გრძელვადიანი კონტრაქტების მიმართ დღგ-ით დაბეგვრის მიზნებისათვის გამოიყენება 2018 წლის 1 იანვრამდე მოქმედი ნორმები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესაბამის პერიოდში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებზე, კერძოდ:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ა“, „ა.ბ“ და „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტების მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია: საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა, რომლის დროსაც:
ა.ა) დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა.
ა.ბ) დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი, მაგრამ:
ა.ბ.დ) არაუგვიანეს მისაწოდებელი საქონლის/გასაწევი მომსახურების საკომპენსაციო თანხის/თანხის ნაწილის გადახდის მომენტისა, თუ თანხის გადახდა ხორციელდება საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, გარდა ამ ნაწილის „ა.ბ.ბ“ და „ა.ბ.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
ამავე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, უძრავი ქონების მიწოდებისას, თუ არ დადგა ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობა, დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის თარიღი, ხოლო თუ საკუთრების უფლების რეგისტრაცია (გადაცემა) დამოკიდებულია ამ დოკუმენტის მხარის (მხარეების) მიერ გარკვეული ვალდებულების შესრულებაზე ან/და პირობის დადგომაზე − ასეთი ვალდებულების შესრულების/პირობის დადგომის თარიღი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 2018 წლის 17 ივნისამდე მოქმედი 161-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, გრძელვადიანი კონტრაქტის შემთხვევაში, თუ არ დადგა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პირობა:
ა) დასაბეგრი ოპერაციის თანხა კალენდარული წლისათვის განისაზღვრება ფაქტობრივი შესრულების მოცულობის მიხედვით, რომელიც გაიანგარიშება გაწეული ხარჯების კონტრაქტით გათვალისწინებულ ერთობლივ ხარჯებთან შეპირისპირებით. ამ მუხლის მიზნებისათვის ხარჯების გაწევის მომენტი განისაზღვრება ამ კოდექსის 142-ე მუხლის მე-4 ნაწილით დადგენილი შეზღუდვის გაუთვალისწინებლად;
ბ) დასაბეგრი ოპერაციის მომენტად ითვლება არაუგვიანეს ყოველი წლის დეკემბერი. ამასთანავე, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა გამოიწერება და ამ კოდექსის 174-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შეზღუდვის ვადა აითვლება ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პირობის დადგომის საანგარიშო პერიოდის დამთავრებიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსოს მე-18 მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერული) ოპერაცია საქონლის/მომსახურების მიმწოდებელი თითოეული მხარისათვის ითვლება საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასით რეალიზაციად, ხოლო საქონლის/მომსახურების თითოეული მიმღებისათვის – საქონლის/ მომსახურების იმავე საბაზრო ფასით შეძენად.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერული) ოპერაციის თითოეული მხარისათვის დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება ამ მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად.
ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის გარეშე თუ დღგ-ის გადამხდელი დასაბეგრი ოპერაციის სანაცვლოდ იღებს ან უფლება აქვს, მიიღოს საქონელი/მომსახურება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ გადასახადის გადამხდელს მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის აშენების მიზნით აღნაგობის ხელშეკრულების საფუძველზე, ორი ფიზიკური პირისგან მიღებული აქვს მიწის ნაკვეთი, რის სანაცვლოდაც განსაზღვრულია მშენებლობის დასრულების შემდეგ გარკვეული ფართების მიწის მესაკუთრეებისთვის გადაცემა. ამდენად, სახეზეა მხარეთა შორის გაცვლის (ბარტერული) შინაარსის მქონე სამართლებრივი ურთიერთობა, რომლის ფარგლებშიც, კომპანია ფიზიკური პირის მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების შეძენის სანაცვლოდ, კისრულობს სამშენებლო მომსახურების გაწევის ვალდებულებას. საგადასახადო შემოწმებით მხარეთა შორის განხორციელებული ოპერაციის თანხა გაანგარიშებულ იქნა შემდეგნაირად: ფიზიკურ პირებზე გადასაცემი ფართების აშენებაზე გაწეულ/გასაწევ ხარჯებს (გარდა მიწის ღირებულებისა) დამატებული 10%-იანი ფასნამატი, რის შედეგადაც, გადასახადის გადამხდელს გაეზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა.
გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში ეთანხმება საგადასახადო შემოწმების პოზიციას ოპერაციის გრძელვადიანი კონტრაქტად განხილვასთან დაკავშირებით, თუმცა არ ეთანხმება დასაბეგრი ბაზის დადგენის მიზნით შემოწმების მიერ გამოყენებულ გაანგარიშებებს და აღნიშნავს, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ კომპანიის ყველა დანახარჯს (მათ შორის, ყველა ადმინისტრაციულ ხარჯს) მივაკუთვნებთ ფიზიკურ პირებზე გადასაცემი ფართების აშენებაზე გასაწევ ხარჯებს, წლების მიხედვით დღგ-ით დასაბეგრი ბაზა (10%-იანი ფასნამატის გათვალისწინებით) გამოდის შემდეგი: 2018 წელს - 163 652 ლარი, 2019 წელს - 132 370 ლარი, 2020 წელს - 27 277 ლარი, ნაცვლად შემმოწმებლის მიერ განსაზღვრული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვისა: 2018 წელს - 225 286 ლარი, 2019 წელს - 193 041 ლარი, 2020 წელს - 33 522 ლარი. შესაბამისად, შემოწმების შედეგად ზედმეტად არასწორად დარიცხულია სულ მცირე 23 138 ლარი. ამასთან, მშენებლობის პროცესში მოხდა პროექტის კორექტირება (სამშენებლო ფართის გაზრდა), შესაბამისად, მშენებლობაზე გაწეული დანახარჯებით მოხდა თავდაპირველთან შედარებით მეტი ფართის აშენება, რაც არ არის გათვალისწინებული გრძელვადიანი კონტრაქტების მიზნებისთვის დასაბეგრი ბაზის გაანგარიშებისას. სამშენებლო ფართის კორექტირების გაზრდის მიუხედავად, არ მომხდარა მიწის მესაკუთრე ფიზიკური პირებისათვის გადასაცემი ფართის ზრდა. შესაბამისად, უნდა მოხდეს მიწის ნაკვეთის მესაკუთრე ფიზიკური პირებისათვის გადასაცემი ფართის თვითღირებულების გადაანგარიშება (შემცირება) და შესაბამისად, გრძელვადიანი კონტრაქტების ფარგლებში დასაბეგრი ბაზის შემცირება.
ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეზე არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით შემოსავლების სამსახური პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით მიუთითებს, რომ შემოწმების მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, გადასახადებით დაბეგვრის მიზნებისთვის, შინაარსიდან გამომდინარე მხარეთა შორის განხორციელებული ოპერაციის გრძელვადიანი კონტრაქტის ფარგლებში გაწეულ მომსახურებად განხილვა და შესაბამისი დაბეგვრა მართლზომიერია. ამასთან, გრძელვადიანი კონტრაქტის მიხედვით ფაქტობრივი შესრულების მოცულობისა და საგადასახადო ვალდებულებების გაანგარიშების მართლზომიერების საკითხის შესწავლის მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, ურთიერთდამოკიდებულ პირებად ითვლებიან ის პირები, რომელთა შორის განსაკუთრებულ ურთიერთობათა არსებობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს მათი ან მათ მიერ წარმოდგენილი პირების საქმიანობის პირობებზე ან ეკონომიკურ შედეგებზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლის მე-11 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, გადასახადებით დაბეგვრის მიზნებისათვის გამოიყენოს საბაზრო ფასი თუ გარიგება განხორციელდა ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მათი ურთიერთდამოკიდებულება გავლენას არ ახდენს ასეთი გარიგების შედეგებზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამის პერიოდში მოქმედ ნორმებზე, კერძოდ:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.
ამავე კოდექსის 161-ე მუხლის მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის გარეშე ამ კოდექსის მე-18 მუხლის მე-11 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
ხოლო ამავე მუხლის 21 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიზნისათვის ამ კოდექსის მე-18 მუხლის მე-11 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ითვლება, რომ პირთა ურთიერთდამოკიდებულება გავლენას ახდენს გარიგების შედეგებზე, თუ გადასახადის გადამხდელის მიერ დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის (გარდა გათავისუფლებული ოპერაციისა) განხორციელების შედეგად მიღებული/მისაღები საკომპენსაციო თანხა მის მიერ მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების საბაზრო ფასზე ნაკლებია.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 171-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირი ვალდებულია შესაბამის საგადასახადო ორგანოში წარადგინოს დღგ-ის დეკლარაცია ყოველ საანგარიშო პერიოდზე არა უგვიანეს ამ პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ამავე ვადაში გადაიხადოს დღგ.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელის მიერ ურთიერთდამოკიდებულ პირებზე (დამფუძნებელი და დირექტორი პირის ნათესავები) რეალიზებულია ბინები საბაზროზე ნაკლებ ფასად (კვადრატული მეტრის ფასი შეადგენს 500 ლარს).
გადასახადის გადამხდელის განმარტებით, გამომდინარე იქიდან, რომ ზემოაღნიშნულ შემთხვევაში ფართის მიწოდება მოხდა ე.წ. შავი კარკასის მდგომარეობაში, სახელშეკრულებო თანხის ერთიანი გადახდის პირობით ხელშეკრულების გაფორმებისთანავე (ერთ შემთხვევაში ერთიანად იქნა გადახდილი 102 015 ლარი, ხოლო მეორე შემთხვევაში 200 885 ლარი, მაშინ, როდესაც სხვა შემთხვევებში გადახდები ხორციელდება გრაფიკების მიხედვით), კომპანიამ მიზანშეწონილად მიიჩნია ფართების რეალიზაცია აღნიშნული პირობებით. თუმცა შემმოწმებელი არ ითვალისწინებს არც მიწოდებული ფართის მოცულობას, არც გადახდის პირობას და არც იმას, თუ რა კონდიციაში უნდა მოხდეს რეალიზებული ფართის მყიდველისათვის მიწოდება. ამასთან, მაშინ, როდესაც საბაზრო ფასის განსაზღვრა უნდა მოხდეს ბაზარზე არსებული იდენტური პროდუქტის მიხედვით, გაუგებარია, რომელი იდენტური პროდუქტის ფასზე დაყრდნობით განსაზღვრა შემმოწმებელმა საბაზრო ფასი. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული ოპერაციის შედეგად, კომპანიამ მოიზიდა მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსი, რომლითაც შეძლო მშენებლობის დაფინანსება და ვალდებულებების დროულად შესრულება, მაშინ, როდესაც დაფინანსების ალტერნატიული წყაროები პრაქტიკულად არ არსებობდა.
ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეზე არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით შემოსავლების სამსახურმა მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ ურთიერთდამოკიდებულ პირებზე მიწოდებული უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების დადგენის მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, მათ, შორის, კომპეტენტურ პირთან გაფორმებული ხელშეკრულება ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ (ექსპერტიზაზე დასმული შეკითხვის შინაარსი შეთანხმდეს აუდიტის დეპარტამენტთან). განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს შეისწავლოს გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, მათ შორის, ხელშეკრულების საფუძველზე მომზადებული ექსპერტიზის დასკვნა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამის პერიოდში მოქმედ ნორმებზე, კერძოდ:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 173-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა მიღებული ჩათვლის დოკუმენტების საფუძველზე, გარდა ამ კარით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ჩათვლის დოკუმენტია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.
ამავე კოდექსის 174-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ა.ა“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ის ჩათვლა ხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქონელი ან/და მომსახურება გამოიყენება ან გამოყენებული იქნება დასაბეგრ ოპერაციებში, გარდა ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციებისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის თანახმად:
1. საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა არის საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმის მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტი, გარდა ამ მუხლით დადგენილი გამონაკლისებისა, რომლის გამოწერისა და წარდგენის წესს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.
2. დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირი უფლებამოსილია საგადასახადო ანგარიშფაქტურა გამოწეროს და მიწოდებული/მისაწოდებელი საქონლის ან გაწეული/გასაწევი მომსახურების მიმღებს წარუდგინოს მხოლოდ დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროს.
გადასახადის გადამხდელის განმარტებით, შესამოწმებელ პერიოდში კომპანიას გამორჩენილი აქვს რამდენიმე საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, რომლითაც შეძენილია მშენებლობის პროცესში გამოყენებული სამშენებლო მასალები, ხოლო აღნიშნულ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებში დაფიქსირებული დღგ ექვემდებარება ჩათვლას. მომჩივანი ითხოვს გამორჩენილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების (ეა----------, ეა----------, ეა----------, ეა----------, ეა----------, ეა----------, ეა----------, ეა----------, ეა----------, ეა----------, ეა----------) საფუძველზე დღგ-ის ჩათვლის მიღების უფლებას.
ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეზე არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით შემოსავლების სამსახურმა მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და დღგ-ის ჩათვლის მიღებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „----------“ (ს/ნ ----------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, გრძელვადიანი კონტრაქტის მიხედვით ფაქტობრივი შესრულების მოცულობისა და საგადასახადო ვალდებულებების გაანგარიშების მართლზომიერების საკითხის შესწავლის მიზნით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, ურთიერთდამოკიდებულ პირებზე მიწოდებული უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების დადგენის მიზნით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, მათ, შორის, კომპეტენტურ პირთან გაფორმებული ხელშეკრულება ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ (ექსპერტიზაზე დასმული შეკითხვის შინაარსი შეთანხმდეს აუდიტის დეპარტამენტთან);
ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, მათ შორის, ხელშეკრულების საფუძველზე მომზადებული ექსპერტიზის დასკვნა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
4. მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დღგ-ის ჩასათვლელი თანხების დაზუსტების მიზნით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები;
ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და დღგ-ის ჩათვლის მიღებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
5. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
6. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქუჩა №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, მისი ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგებს შემდეგ გარემოებათა გამო:
1. მომჩივანი ეთანხმება შემოწმების მიერ კომპანიასა და მიწის მესაკუთრე პირებს შორის განხორციელებული ოპერაციის გრძელვადიან კოტრაქტად განხილვას, თუმცა არ ეთანხმება დასაბეგრი ბრუნვის დადგენის მიზნით შემოწმების მიერ გამოყენებულ გაანგარიშებებს;
2. არ ეთანხმება ურთიერთდამოკიდებულ პირებზე რეალიზებულ ფართებზე ფასის კორექტირებას და განმარტავს, რომ შემოწმებას უნდა გაეთვალისწინებინა მიწოდებული ფართის მოცულობა, გადახდის პირობები, ფართის მდგომარეობა მყიდველისთვის მიწოდებისას. ამასთან, მომჩივანი აღნიშნავს, რომ საბაზრო ფასის განსაზღვრა უნდა მოხდეს ბაზარზე იდენტური პროდუქტის მიხედვით, ხოლო განსახილველ შემთხვევაში გაუგებარია, რას დაეყრდნო შემოწმება ფასის განსაზღვრისას;
3. მომჩივანი აცხადებს, რომ შესამოწმებელ პერიოდში გამორჩენილი აქვს რამდენიმე საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა და ვერ ახორციელებს დღგ-ს ჩათვლას. მისი განმარტებით, აღნიშნული ფაქტურებით შეძენილია სამშენებლო მასალები და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებში ასახული დღგ-ის თანხა ექვემდებარება ჩათვლას.
ფაქტობრივი გარემოებები
1. გადასახადის გადამხდელს მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის აშენების მიზნით აღნაგობის ხელშეკრულების საფუძველზე, ორი ფიზიკური პირისგან მიღებული აქვს მიწის ნაკვეთი, რის სანაცვლოდაც განსაზღვრულია მშენებლობის დასრულების შემდეგ გარკვეული ფართების მიწის მესაკუთრეებისთვის გადაცემა. ამდენად, სახეზეა მხარეთა შორის გაცვლის (ბარტერული) შინაარსის მქონე სამართლებრივი ურთიერთობა, რომლის ფარგლებშიც, კომპანია ფიზიკური პირის მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების შეძენის სანაცვლოდ, კისრულობს სამშენებლო მომსახურების გაწევის ვალდებულებას. საგადასახადო შემოწმებით მხარეთა შორის განხორციელებული ოპერაციის თანხა გაანგარიშებულ იქნა შემდეგნაირად: ფიზიკურ პირებზე გადასაცემი ფართების აშენებაზე გაწეულ/გასაწევ ხარჯებს (გარდა მიწის ღირებულებისა) დამატებული 10%-იანი ფასნამატი, რის შედეგადაც, გადასახადის გადამხდელს გაეზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. ამასთან, მშენებლობის პროცესში მოხდა პროექტის კორექტირება (სამშენებლო ფართის გაზრდა), შესაბამისად, მშენებლობაზე გაწეული დანახარჯებით მოხდა თავდაპირველთან შედარებით მეტი ფართის აშენება, რაც არ არის გათვალისწინებული გრძელვადიანი კონტრაქტების მიზნებისთვის დასაბეგრი ბაზის გაანგარიშებისას. სამშენებლო ფართის კორექტირების გაზრდის მიუხედავად, არ მომხდარა მიწის მესაკუთრე ფიზიკური პირებისათვის გადასაცემი ფართის ზრდა. შესაბამისად, უნდა მოხდეს მიწის ნაკვეთის მესაკუთრე ფიზიკური პირებისათვის გადასაცემი ფართის თვითღირებულების გადაანგარიშება (შემცირება) და შესაბამისად, გრძელვადიანი კონტრაქტების ფარგლებში დასაბეგრი ბაზის შემცირება.
2. შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელის მიერ ურთიერთდამოკიდებულ პირებზე (დამფუძნებელი და დირექტორი პირის ნათესავები) რეალიზებულია ბინები საბაზროზე ნაკლებ ფასად (კვადრატული მეტრის ფასი შეადგენს 500 ლარს). ფართის მიწოდება მოხდა ე.წ. შავი კარკასის მდგომარეობაში, სახელშეკრულებო თანხის ერთიანი გადახდის პირობით ხელშეკრულების გაფორმებისთანავე.
3. შესამოწმებელ პერიოდში კომპანიას გამორჩენილი აქვს რამდენიმე საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, რომლითაც შეძენილია მშენებლობის პროცესში გამოყენებული სამშენებლო მასალები, ხოლო აღნიშნულ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებში დაფიქსირებული დღგ ექვემდებარება ჩათვლას. მომჩივანი ითხოვს გამორჩენილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე დღგ-ის ჩათვლის მიღების უფლებას.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით მიუთითებს, რომ შემოწმების მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, გადასახადებით დაბეგვრის მიზნებისთვის, შინაარსიდან გამომდინარე მხარეთა შორის განხორციელებული ოპერაციის გრძელვადიანი კონტრაქტის ფარგლებში გაწეულ მომსახურებად განხილვა და შესაბამისი დაბეგვრა მართლზომიერია. ამასთან, გრძელვადიანი კონტრაქტის მიხედვით ფაქტობრივი შესრულების მოცულობისა და საგადასახადო ვალდებულებების გაანგარიშების მართლზომიერების საკითხის შესწავლის მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ ურთიერთდამოკიდებულ პირებზე მიწოდებული უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების დადგენის მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, მათ, შორის, კომპეტენტურ პირთან გაფორმებული ხელშეკრულება ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ (ექსპერტიზაზე დასმული შეკითხვის შინაარსი შეთანხმდეს აუდიტის დეპარტამენტთან). განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს შეისწავლოს გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, მათ შორის, ხელშეკრულების საფუძველზე მომზადებული ექსპერტიზის დასკვნა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და დღგ-ის ჩათვლის მიღებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9); 275(2); 309(107)
(2021 წლამდე მოქმედი) 160(„ა“); 161(6„ბ“); 173(1); 174(2)