ბრძანება N 17936
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 17936
08 აგვისტო 2025
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „---ის” (ს/ნ ---)
(მის.: --- ) 2025 წლის 23 ივლისის
საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის პირველი აგვისტოს სხდომაზე (ოქმი №62), განიხილა შპს „---ის” (ს/ნ ---) №116454/21-10-19 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2025 წლის 8 ივლისის №EL289662, №EL289663 და №EL289665 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმებს.
მომჩივნის არგუმენტაცია:
საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ შპს „---ის” ტერმინალზე 2025 წლის 3 ივლისს შემოვიდა ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელიც დატვირთული იყო სხვადასხვა დასახელების ტვირთით. ნაწილი ტვირთი იყო განბაჟებული, ხოლო სხვა ნაწილი ტვირთი იყო წინასწარ დეკლარირებული C---. რადგან არანაირი შეზღუდვა არ იყო მითითებული მოწმობაში მანქანა გამოცხადდა ტერმინალზე ჩამოიღეს კონკრეტული ტვირთი და ავტომანქანა დალუქეს. აღმოჩნდა, რომ C--- დეკალრაცია იყო წითელ დერეფანში და კომპანია დაჯარიმდა საბაჟო კოდექსის შესაბამისი მუხლებით. აღნიშნულზე მითითებით ითხოვს სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმების გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2025 წლის 3 ივლისს გაფორმების ეკონომიკური ზონა „---ის“ გავლით საქართველოში შემოვიდა 14 მიმღების სხვადასხვა დასახელების საქონლით დატვირთული სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალება №---, რომელზეც უფლებამოსილი პირის მიერ დარეგისტრირდა №--- საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობა და დანიშნულების საბაჟო ორგანოდ განისაზღვრა გაფორმების ეკონომიკური ზონა „ფოთი“. 2025 წლის 4 ივლისს შპს „---ის“ წარმომადგენელმა საბაჟო დეპარტამენტს მიმართა №104921/21-10-19 განცხადებით და აცნობა, რომ ზემოაღნიშნული სატრანსპორტო საშუალება, ნაცვლად დანიშნულების ადგილისა, გამოცხადდა კომპანიის კუთვნილ საწყობში, სადაც განხორციელდა ნაწილი საქონლის გადმოტვირთვა. აღნიშნული განცხადების საფუძველზე, 2025 წლის 8 ივლისს, საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ საბაჟო ფორმალობების განხორციელებისას დადგინდა, რომ ზემოაღნიშნულ სატრანსპორტო საშუალებაში განთავსებული ერთ-ერთი მიმღების საქონელი №--- (02.07.2025) საქონლის საბაჟო დეკლარაციით თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში წინასწარ იყო დეკლარირებული.
აღნიშნული დეკლარაციისთვის კი მონაცემთა დამუშავების ელექტრონული საშუალება „eCustoms“-ის მიერ განსაზღვრული იყო „წითელი დერეფანი“. აღნიშნულის მიუხედავად, საბაჟო პროცედურების დასრულებამდე მოხდა საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალების მოხსნა და ნაწილი ტვირთის შპს „---ის“ საწყობში გადმოტვირთვა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე განხორციელდა №--- სატრანსპორტო საშუალებაში განთავსებული საქონლის დათვალიერება, რის შედეგადაც მოხდა საქონლის იდენტიფიცირება. ვინაიდან შპს „---ის“ მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალების მოხსნა/მოცილებას, ასევე საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის გადმოტვირთვასა და სანებართვო პირობების განმეორებით დარღვევას, გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტებზე 2025 წლის 8 ივლისს გაფორმების ეკონომიკური ზონა „ფოთის“ უფლებამოსილი პირის მიერ შედგენილი №EL289665, №EL289663 და №EL289662 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმებით შპს „---ს“ დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 166-ე და 170-ე მუხლების პირველი ნაწილებითა და 176-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა შეეფარდა ჯარიმები ჯამში 7500 ლარის ოდენობით.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-6 მუხლის მიხედვით: საბაჟო კონტროლი არის საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის, აგრეთვე საქართველოს საბაჟო ტერიტორიასა და უცხო ქვეყანას შორის გადაადგილებული საქონლის შემოტანის, ტრანზიტის, გადაადგილების, შენახვის, მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებისა და გატანის, აგრეთვე უცხოური საქონლის და მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე განთავსებისა და გადაადგილების მარეგულირებელი სხვა სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა დაცვის უზრუნველსაყოფად საბაჟო ორგანოს მიერ განსახორციელებელი ცალკეული ქმედებები; საბაჟო ზედამხედველობა გულისხმობს საბაჟო ორგანოს მიერ განსახორციელებელ ღონისძიებათა ერთობლიობას, რომლის მიზანია საქონლის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულებების შესრულება.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი შემოტანისთანავე ექვემდებარება საბაჟო ზედამხედველობას და შეიძლება დაექვემდებაროს საბაჟო კონტროლის პროცედურებს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, საქონელი მისი საბაჟო სტატუსის განსაზღვრამდე რჩება საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ და საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე მისი საბაჟო ზედამხედველობიდან გატანა ან განკარგვა არ შეიძლება. ამავე კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემომტანმა პირმა იგი საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრული მარშრუტით დაუყოვნებლივ უნდა გადაზიდოს/გადაიტანოს შესაბამის საბაჟო კონტროლის ზონაში ან საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრულ ან მასთან შეთანხმებულ ნებისმიერ სხვა ადგილზე.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ნებისმიერ პირს, რომელიც საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანის შემდეგ იღებს მისი გადაზიდვის პასუხისმგებლობას, ეკისრება ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ვალდებულება.
ამავე საკანონმდებლო აქტის მე-100 მუხლის მე-7 ნაწილის მიხედვით, დაუშვებელია საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალების მოხსნა/მოცილება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მისი მოხსნა/მოცილება აუცილებელია სატრანსპორტო საშუალებაში ან შენობა-ნაგებობაში შენახული საქონლის ხელშეუხებლობის ან/და განადგურებისგან დაცვის უზრუნველყოფისთვის და ეს აუცილებლობა ამ კოდექსით გათვალისწინებული დაუძლეველი ძალის შედეგად წარმოიშვა.
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ ინსტრუქციის“ (დანართი №3) პირველი მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მოქცეული საქონლის მიმართ შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ საბაჟო ორგანოსთან შეთანხმებული მოქმედებები და ოპერაციები, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 127-ე მუხლის მე-3 ნაწილი იმპერატიულად ადგენს, რომ საბაჟო საწყობის მფლობელი ვალდებულია დაიცვას საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვით გათვალისწინებული სანებართვო პირობები.
საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 სექტემბრის №455 დადგენილებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-8 მუხლის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების მიხედვით, საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელი ნებართვის მოქმედების მთელი ვადის განმავლობაში ვალდებულია დაიცვას საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მიღებისათვის დადგენილი პირობები და შეასრულოს საბაჟო ორგანოს მოთხოვნები, ხელი არ შეუშალოს საბაჟო კონტროლის განხორციელებას.
ამავე ინსტრუქციის მე-17 მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ საბაჟო საწყობის საქმიანობის ან თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვის მფლობელის მიერ „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს საბაჟო კოდექსით, საქართველოს საგადასახადო კოდექსითა და ამ ინსტრუქციით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობა ან მათი არაჯეროვნად შესრულება წარმოადგენს სანებართვო პირობების დარღვევას და გამოიწვევს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.
ამავე კოდექსის 166-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალების მოხსნა/მოცილება ან/და სხვაგვარად გაუვარგისება/განადგურება, ნიშანდებული სატრანსპორტო საშუალების, საბაჟო კონტროლის ზონაში არსებული შენობა-ნაგებობის ან ნიშანდებული ბარგის/ხელბარგის დაზიანება ანდა სატრანსპორტო საშუალების გადაადგილება იმგვარად დადებული საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალებით, რომელიც მასში ამ იდენტიფიკაციის საშუალების დაუზიანებლად შეღწევის შესაძლებლობას იძლევა – იწვევს მფლობელის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
ამავე საკანონმდებლო აქტის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების მიერ საბაჟო კონტროლის ზონის დატოვება, საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის სატრანსპორტო საშუალებაში გადატვირთვა ან სატრანსპორტო საშუალებიდან გადმოტვირთვა ან საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების მიერ მოძრაობისთვის განსაზღვრული საბაჟო მარშრუტიდან გადახვევა – იწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით. დასახელებული კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საბაჟო საწყობის საქმიანობის ან თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანებართვო პირობის დარღვევა - იწვევს ნებართვის მფლობელის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება (იმავე სანებართვო პირობის დარღვევა), ჩადენილი განმეორებით, იწვევს ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმის გასამმაგებას.
დადგენილია, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალების მოხსნის, საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის სატრანსპორტო საშუალებიდან გადმოტვირთვისა და ასევე საბაჟო საწყობის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანებართვო პირობების დარღვევის ფაქტებს. აღნიშნული წარმოადგენს პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედებას (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსის გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, სადავო ოქმებით მომჩივნისთვის საქართველოს საბაჟო კოდექსის 166-ე და 170-ე მუხლების პირველი ნაწილებითა და 176-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად დაკისრებული პასუხისმგებლობა მართლზომიერია.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტები და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „---ის” (ს/ნ ---) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
საჩივრის ავტორი ითხოვს სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმების გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები
დადგენილია, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალების მოხსნის, საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის სატრანსპორტო საშუალებიდან გადმოტვირთვისა და ასევე საბაჟო საწყობის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანებართვო პირობების დარღვევის ფაქტებს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე განხორციელდა სატრანსპორტო საშუალებაში განთავსებული საქონლის დათვალიერება, რის შედეგადაც მოხდა საქონლის იდენტიფიცირება. ვინაიდან მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალების მოხსნა/მოცილებას, ასევე საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის გადმოტვირთვასა და სანებართვო პირობების განმეორებით დარღვევას, გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტებზე გაფორმების ეკონომიკური ზონა „ფოთის“ უფლებამოსილი პირის მიერ შედგენილი საბაჟო სამართალდარღვევის ოქმებით საწარმოს დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 166-ე და 170-ე მუხლების პირველი ნაწილებითა და 176-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა შეეფარდა ჯარიმები ჯამში 7500 ლარის ოდენობით.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტები და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 166 (1); 170 (1); 176 (2).